ბერბერები (ბერბერ. ⵎⵣⵗⵏ / ⵉⵎⴰⵣⵉⵖⴻⵏ, Imazighen) — მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნილოსის ხეობის დასავლეთით. ისინი უწყვეტად სახლობენ ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტეში მდებარე სივას ოაზისამდე, ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე. ისტორიულად, ისინი ბერბერულ ენაზე ან მის სახესხვაობებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც აფრაზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი განშტოებაა. დღეისათვის, ბერბერების დიდი ნაწილი ბერბერულთან ერთად არაბულ ენაზე საუბრობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში ბერბერები განათლებას ფრანგულ ენაზე იღებენ. მაროკოსა და მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ საჰარაში მცხოვრებთა გარკვეუულმა ნაწილმა ასევე იცის ესპანური, ლიბიაში კი იტალიური. ევროპული ენების ასეთი მდგომარეობა ბერბერული სამყაროს ევროპული ოკუპაციისა და კოლონიზაციის შედეგია. ამჟამად, ბერბერულზე მოლაპარაკე ხალხის უდიდესი ნაწილი მაროკოსა და ალჟირში სახლობს, მცირე ნაწილი კი მიმოფანტულია ტუნისში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მალისა და ნიგერში, ასევე ევროპაში არსებულ დიასპორებში.[21]

ბერბერები

ბერბერები ასრულებენ ტრადიციულ ცეკვას
საერთო მოსახლეობა
23 053 000 [1][2][3][4][5][6]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
მაროკოს დროშა მაროკო ≈13 მლნ.-დან[7] ≈20 მლნ.-მდე[8][9]
ალჟირის დროშა ალჟირი 9 მლნ.-დან[7] ≈13 მლნ.-მდე[10]
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2 მლნ.-ზე მეტი[11]
ნიგერის დროშა ნიგერი 1 620 000[12]
მალის დროშა მალი 850 000[13]
ლიბიის დროშა ლიბია >385 000[14]
მავრიტანიის დროშა მავრიტანია 114 000[15]
ტუნისის დროშა ტუნისი 110 000[16]
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო 50 000[17]
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 34 000[18]
კანადის დროშა კანადა 25 885[19]
ისრაელის დროშა ისრაელი 3 500[20]
ენები ბერბერული, არაბული, ფრანგული, ესპანური

ბერბერებს შორის არაბული ენისა და მისი დიალექტების გავრცელება საუკუნეების წინ რეგიონში ისლამის გავრცელებისა და სხვადასხვა არაბული ტომების იმიგრაციის შედეგია. ბერბერული იდენტობა როგორც წესი, უფრო ფართოა ვიდრე ენა და ეთნიკურობა; იგი მთლიანი ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიასა და გეოგრაფიას გასდევს. ბერბერები არ არიან ერთგვაროვანი ეთნიკური ჯგუფი და ის მოიცავს ფენოტიპების მთელ რიგს, კულტურასა და წარმომავლობას. მთავარი გამაერთიანებელი ძალაა ბერბერული ენა, ბერბერული მიწა და ბერბერულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან იდენტიფიცირება.

ბევრი ბერბერი საკუთარ თავს imazighen-ს უწოდებს, რაც შესაძლოა „თავისუფალ ხალხს“ ან „თავისუფალ და დიდსულოვან კაცს“ ნიშნავდეს.

ძველ, სახელგანთქმულ ბერბერებს შორის არიან ნუმიდიის მეფე მასინისა, მეფე იუგურტა, ბერბერ-რომაელი მწერალი აპულეიუსი, ნეტარი ავგუსტინე და ბერბერ-რომაელი გენერალი ლუსიუს კვიეტუსი, რომელმაც 115–117 წლებში ებრაელთა ამბოხებების მთავარი ტალღები ჩაახშო. შუა საუკუნეების ცნობილ ბერბერებს შორის არიან ბერბერების ალმორავიდული იმპერიის მეფე იუსუფ იბნ ტაშფინი, ტარიქ იბნ ზიადი — გენერალი, რომელმაც ესპანეთი დაიპყრო, მკვლევარი იბნ ბატუტა, ამერიკის ადრეული მკვლევარი ესტანვანსიო და ა. შ. თანამედროვე ცნობილ ბერბერთაგან შეიძლება დასახელდეს ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი — საფრანგეთში დაბადებული, ალჟირელი კაბილების შთამომავალი, ლორინიშვედეთში დაბადებული, ევროვიზიის 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული მომღერალი, ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი — გერმანიაში დაბადებული, მაროკოელი რიფიანების შთამომავალი.

ქრისტეშობამდე 2000 წლით ადრე ბერბერული ენები გავრცელებული იყო ნილოსიდან ჩრდილოეთ საჰარამდე. ქრისტეშობიდან ბერბერები ძირითადად რომის, საბერძნეთისა და კართაგენის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

VII საუკუნემდე, ანუ მუსლიმების მიერ ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობამდე, ბერბერების უმეტესობა ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტიანი იყო, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი — იუდეველი. მიუხედავად იმისა, რომ ბერბერების ისლამიზაცია საკმაოდ სწრაფად მოხდა და ერთ საუკუნეზე ნაკლები დასჭირდა, ისინი ეტაპობრივად მუსლიმთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგალითად, IX საუკუნეში მათ ფატიმიანთა დინასტიის მხარე დაიჭირეს ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობისას. იქამდე კი 739–740 წლებში ბერბერები პირველად აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ და მოკლე დროით გამოეყვნენ კიდეც.

ბერბერული წარმოშობის სამეფოები, მაგალითად ნუმიდია და მავრიტანია ძვ. წ. II საუკუნეში რომის იმპერიის ნაწილი გახდა, მაგრამ სხვები შედარებით გვიან წარმოიქმნენ. არაბები ამ ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეებში გამოჩნდნენ. სწორედ მათს ჯარში იბრძოდნენ ბერბერები ესპანეთის ასაღებად. ამ პერიოდში იწყება ბერბერების ისლამიზაცია. დასაწყისიდანვე ისლამი იყო ერთგვარი იდეოლოგიური სტიმულის მიმცემი ბერბერების ახალი დინასტიების წარმოშობისათვის. XI და XIII საუკუნეებში ყველაზე დიდმა და ძლიერმა ბერბერულმა დინასტიებმა, ალმორავიდებმა და ალმოჰადებმა დაიპყრეს ისლამური ესპანეთი და ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი. ბერბერების მემკვიდრეები, მარინიდები და ზიანიდები ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ტერიტორიაზე XVI საუკუნემდე ბატონოდნენ.[22]

ზირიდების ბერბერული დინასტია

რედაქტირება

ზირიდების დინასტია ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გავლენიანი ბერბერული დინასტია იყო. ის მოქმედებდა ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. მათი მმართველობის პერიოდად სახელდება 973–1184 წლები. თავდაპირველად, ეს დინასტია ფატიმიანთა „ქვეშემრდომი“ იყო და სრულად ემორჩილებოდა მას, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ დინასტიის წარმოშობის ადგილად ალჟირის ტერიტორია ითვლება, თუმცა თანდათანობით ისინი მთელ ჩრდილოეთ აფრიკას მოედნენ. XI საუკუნის მეორე ნახევრამდე ფატიმიანთა სახალიფოს ექვემდებარებოდნენ. როდესაც ფატიმიანთა ცენტრი ეგვიპტე გახდა, ბერბერები აჯანყდნენ. 1049 წლიდან ზირიდები მთლიანად დამოუკიდებლები არიან. სწორედ ამ პერიოდში გახდნენ ისინი სუნიტები.

გარდა ალჟირისა, ისინი აკონტროლებდნენ მაროკოსა და ტუნისის ტერიტორიას. ტუნისში მათი მოღვაწეობა განსაკუთრებით წარმატებულად ითვლება. ამ პერიოდში აყვავდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. 1152 წლისთვის კი ისინი ალმოჰადების დინასტიამ შეცვალა.

ალმორავიდების დინასტია

რედაქტირება

ალმორავიდების დინასტია XI-XII საუკუნეების მანძილზე არსებობდა. ის აერთიანებდა რამდენიმე ბერბერულ კლანს, რომლებიც, ძირითადად, საჰარის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. დინასტიის როგორც სულიერი და იდეოლოგიური, ასევე სამხედრო ლიდერი თავდაპირველად იყო იაჰია იბნ იბრაჰიმი, რომლის სურვილიც იყო ისლამური დოქტრინის ცოდნის გამყარება. აბუ ბაქრ ალ-ლამთუნის მეთაურობით დაიპყრეს მაროკო და ალჟირი 1054–1092 წლებში და დედაქალაქად აქციეს ქალაქი მარაქეში. შემდგომში დინასტიის ტერიტორიას იუსუფ იბნ თაშუფინი მართავდა, რომელიც 1085 წელს ესპანეთში გადავიდა და ისლამური ესპანეთის უდიდეს ტერიტორიას აკონტროლებდა. ვალენსიის გარდა, მთლიანი ესპანეთი ამ პერიოდში ალმორავიდების დინასტიის მმართველობის ქვეშ იყო.

ალმოჰადების დინასტია

რედაქტირება

ალმოჰადების დინასტია წარმოიშვა XII საუკუნეში, ატლასის მთებში. მისი იდეოლოგიური საყრდენი იყო იბნ ტუმართის მოძღვრება ჰავჰიდის შესახებ. იბნ ტუმართმა, როგორც იდეოლოგიურმა და სამხედრო ლიდერმა, დაიწყო ბრძოლა ალმორავიდების დინასტიის წინააღმდეგ. 1147 წელს მათ მოიპოვეს გამარჯვება და აიღეს ქალაქი მარაქეში მაროკოში, რომელიც შემდგომში გახდა დინასტიის დედაქალაქი. ალმოჰადებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ესპანეთშიც.[23]

მარინიდების დინასტია

რედაქტირება

მარინიდების დინასტია, რომელსაც ასევე ბანუ მარინი (Banū Marīn) ეწოდება, არის ბერბერული წარმოშობის დინასტია, რომელიც XIII–XIV საუკუნეებში არსებობდა. მათ ჩაანაცვლეს ალმოჰადების დინასტიის მართველობა მაროკოში XIII საუკუნის შუა პერიოდში. ისინი ომაიანთა დინასტიის მოკავშირეები იყვნენ როგორც ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე ესპანეთშიც. ალმოჰადების დინასტია მაროკოს დაახლოებით ერთი საუკუნის მანძილზე მართავდა, მაშინ როდესაც მარინიდების დინასტიის მეთაურმა აბუ ფაჰიამ 1248 წელს დაიპყრო მაროკო და დედაქალაქი მარაქეშიდან ფესში გადმოიტანა.[24]

ჰაფსიდების ბერბერული დინასტია

რედაქტირება

ჰაფსიდები ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიას 1229–1574 წლებში აკონტროლებდნენ. მათი მმართველობის ქვეშ იყო საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც მოიცავდა  დასავლეთ ლიბიას, ტუნისსა და ალჟირის საკმაოდ დიდი ნაწილს. დინასტიას სახელი მუჰამედ ბინ აბდუ ჰაფსის პატივსაცემად ეწოდა. ის იყო ამ ტერიტორიის მმართველი, რომელიც ალმოჰადების იმპერიის დროს აკონტროლებდა ჩრდილოეთ აფრიკის ამ ნაწილს. 1229 წლამდე ისინი ალმოჰადების დინასტიის ელიტარულ ნაწილად ითვლებოდნენ და მნიშვნელოვან ძალაუფლებასაც ფლობდნენ, თუმცა ამ 1229 წელს მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და გამოეყვნენ ალმოჰადების იმპერიას.

ისლამიზაციის პირველ პერიოდში ბერბერთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამ დროს ბერბერმა ვაჭრებმა და მომთაბარეებმა შექმნეს ე. წ. „ტრანს-საჰარული“ ქსელი ოქროთი და მონეტით ვაჭრობისათვის. დიდწილად სწორედ ამ ქსელისა და ბერბერების დამსახურებაა სუდანის ისლამიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ბერბერების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მათ ექმნებათ პრობლემები ორ ასპექტში. პირველი: ბერბერული ენები ნელ-ნელა კარგავს თავის პოპულარობას და ეტაპობრივად მას არაბული ენა ანაცვლებს, რომელიც გამოიყენება, როგორც სალაპარაკოდ, ასევე წერილობით დოკუმენტებში. მეორე: არაბი მომთაბარეების რაოდენობა ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე ნელ-ნელა იზრდება, ისინი იკავებენ სულ უფრო მეტ მიწებს და ბერბერებს უწევთ ტერიტორიების დათმობა. უკვე XVI საუკუნისათვის ბერბერები კარგავენ საკუთარ იდენტობასაც. ბერბერული დინასტიებიც კარგავენ საკუთარ გავლენას, მაროკოში მათ არაბები ანაცვლებენ, ხოლო ალჟირში — თურქები.

როდესაც XIX საუკუნეში ფრანგებმა ალჟირი დაიპყრო, ხოლო XX საუკუნეში მაროკო, ისინი შეეცადნენ, რომ ეთნიკური და კულტურული განსხვავება არაბებსა და ბერბერებს შორის თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. იბნ ხალდუნი, არაბი ისტორიკოსი, ბევრს წერდა ბერბერების შესახებ. სწორედ მის წყაროებზე დაყრდნობით ამ პერიოდში იწყება ბერბერების ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლა.[25]

XX საუკუნეში ბერბერი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ისინი პატარა თემებად ცხოვრობენ ძირითადად მთაგორიან ტერიტორიებზე. მათი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ასევე ბერბერები დაკავებულები იყვნენ მსუბუქი მრეწველობითაც, მაგალითად ტყავსა და სხვადასხვა ქსოვილზე მუშაობით.

ბერბერები ცხოვრობენ ტომებად, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან სიდიდის მიხედვით. ტომს ოდითგანვე მართავდა უხუცესთა საბჭო, რომელიც გამოსცემდა წესებსა და ბრძანებებს, ასრულებდა სასამართლოს და სადამსჯელო ორგანოს ფუნქციასაც. ბერბერების სოციალური ცხოვრების ბევრი მახასიათებელი დღემდეა შემორჩენილი და უკვე საუკუნეების მანძილზე რჩება უცვლელი. თუმცა ამ საზოგადოებამ მაინც განიცადა მრავალი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილება. XX საუკუნიდან იწყება ბერბერების მასობრივი ემიგრაცია მთიანი რეგიონებიდან ბარში. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის ეკონომიკური სირთულეები, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ბერბერები. ამ დროს იქმნება პატარა ზომის ბერბერული დასახლებები მაროკოსა და საფრანგეთში. როდესაც დაიწყო დეკოლონიზაციის ეპოქა, ბერბერები მასობრივად გამოდიოდნენ ახალი მთავრობების წინააღმდეგ.

ეთნონიმის წარმომავლობა

რედაქტირება

უცნობია, თუ საიდან მოდის სახელწოდება „ბერბერი“, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ეთნონიმის წარმომავლობა ბარბაროსს უკავშირდება, რომლითაც რომაელები სხვა ხალხებს მოიხსენიებდნენ.

არაბების ბატონობის ეპოქაში კი ბერბერებს „ალ-ბარბარად“ მოიხსენიებდნენ[26]. ლინგვისტების უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროპულ ენებში სიტყვა „ბერბერი“ არაბული ენის გავლენით შევიდა. აღსანიშნავია, რომ არაბები „ალ-ბარბარს“ არ იყენებდნენ უარყოფითი მნიშვნელობით. მათი მმართველობის ხანაში ბევრი მითი შეიქმნა ბერბერების შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ბერბერები ბიბლიური ნოეს ვაჟიშვილის, ქამის, შთამომავლები არიან.

თუ დავუშვებთ, რომ ეთნონიმი ამ ხალხს არ ესადაგება, საქმე გაურკვევლობამდე მიდის. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ეთნონიმი „ბერბერი“ რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, თუმცა ჩრდილოეთ აფრიკაში მაცხოვრებელი ყველა ბერბერი თავის თავს „ამაზიღს“ უწოდებს და ბერბერულ ენაზე საუბრობს.

გარდა ამისა, უცნობია „ამაზიღის“ წარმომავლობაც. გავრცელებული ახსნის თანახმად, ტერმინი ლიბიელ ტომს, მეშვეშს, უკავშირდება,[27] რომელიც ძველ ეგვიპტურ წყაროებში გვხვდება. ისტორიკოსები თვლიან, რომ მეშვეშის ტომის წარმომადგენლები იგივე „მაქსიელები“ არიან, რომელსაც ჰეროდოტე თავის წყაროებში ახსენებს.

ორივე დასახელება მაინც შედარებით გვიანაა აღმოცენებული, რადგან „ბერბერი“ პირველად არაბულ წყაროებში გვხვდება. „ამაზიღი“ კი უძველეს წყაროებში არსად არაა ნახსენები. აღსანიშნავია, რომ ბერბერებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იცნობდნენ.

უძველესი წყარო, რომელშიც ბერბერები არიან ნახსენები, ძველეგვიპტურია. კერძოდ, ტეჰენუს სტელაზე არის წარწერა, სადაც იხსენიება ეს ხალხი. მეორე წყარო მეფე ნარმერის სტელაა, რომელიც შედარებით ახალია. „მეექვსე დინასტიის“ ერთ-ერთ წყაროში ჩანს უძველესი სახელი ტამაჰუ. მასში აღწერილი ხალხი არის თეთრკანიანი, ქერა და ცისფერთვალება.

ბერძნულ ხანაში ბერბერებს ლიბიელებს ეძახდნენ, მათი სამშობლო „ლიბია“ კი მაროკოდან ძველი ეგვიპტის დასავლეთის საზღვრამდე იყო გადაჭიმული. თანამედროვე ეგვიპტის შემადგენლობაში ისტორიული ლიბიის ნაწილი სივა შედის, სადაც დღემდე ბერბერულ ენაზე საუბრობენ.

რომაელთა ეპოქაში ბერბერებს მათ სამეფოებსა და ტომებზე დაყრდნობით, ნუმიდიელებად, მავრებად ან გეტულიანებადაც მოიხსენიებდნენ ხოლმე. ნუმიდიელებმა გააერთიანეს ბერბერული ტომები და სამეფო შექმნეს, რომლის პირველი მეფე ალიამასი იყო. მასინისა კი ყველაზე ცნობილი ნუმიდიელი მეფე იყო, რომლის დროსაც სამეფო ძლიერი და განვითარებული იყო.

ბერბერული ენა აფროაზიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ბერბერულ ენის აღსანიშნავად Tamazight გამოიყენება. ამჟამად 300-ზე მეტი ადგილობრივი დიალექტი გვხვდება სხვადასხვა ადგილას დაქსაქსული ბერბერების განსახლების არეალში.

ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში სტატისტიკის ნაკლებობის გამო უცნობია ბერბერულ ენებზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვი. არსებული ცნობებით, 14-დან 25 მლნ-მდე ადამიანი ლაპარაკობს ბერბერულ ენაზე ჩრდილოეთ აფრიკაში, განსაკუთრებით, მაროკოსა და ალჟირში. შედარებით მცირე რაოდენობაა წარმოდგენილი ეგვიპტესა და ბურკინა-ფასოში.

ბერბერულ დიალექტებს შორის გამოიყოფა „ტარიფიტი“, იგივე „რიფი“, რომელზეც ჩრდილოეთ მაროკოში საუბრობენ. კაბილეზე საუბრობენ ალჟირში, ხოლო ტაშელჰიტზე ტუნისში. რაც შეეხება Tamazight-ს[28], ის 3000 წელზე მეტია დამწერლობის ენად გამოიყენება, თუმცა გამუდმებული დაპყრობების გამო ხშირად ვერც იყენებდნენ მას.

ბერბერულ ანბანს ტიფინაღი (Tifinagh) ეწოდება, რომელსაც დღემდე იყენებს ტუარეგების ტომი. ამ ანბანზე შესრულებული ყველაზე ძველი ჩანაწერი ძვ. წ. 200 წლით თარიღდება. ახ. წ. აღრიცხვით 1000-დან 1500 წლამდე ბერბერები არაბულ ანბანს იყენებდნენ, განსაკუთრებით შილჰას ტომი მაროკოში. XX საუკუნიდან ბერბერებში ლათინური დამწერლობა მკვიდრდება.

ტიფინაღი მაროკოში ბერბერების უკვე ოფიციალურად აღიარებული დამწერლობაა, ალჟირში, მალისა და ნიგერში კი ლათინური ბატონობს. მალისა და ნიგერში არაბულად და ტიფინაღზეც წერენ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მაროკო, ალჟირი და ტუნისი არაბიზაციის პოლიტიკას ეწეოდნენ, რაც ოფიციალურ ენად ფრანგულის არაბულით ჩანაცვლებისკენ იყო მიმართული. ამ პოლიტიკის მეშვეობით კი მაღრიბული დიალექტი და ბერბერული ენა ზეწოლას განიცდიდნენ. ამან ბერბერების მხრიდან პროტესტი გამოიწვია და დღეს მაროკოსა და ალჟირში ბერბერული ენა სახელმწიფო ენადაა აღიარებული და სკოლებშიც ისწავლება, თუმცა ოფიციალურ ენად ჯერ კიდევ არ ითვლება. ამგვარი ზომები არ მიუღიათ სხვა ქვეყნებში, სადაც ბერბერული უმცირესობები გვხვდებიან. მხოლოდ მალისა და ნიგერში ნაწილობრივ ისწავლება ტამაშექის ენა.

დემოგრაფია

რედაქტირება

ბერბერების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს მაროკოსა (მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 35-60 %) და ალჟირში (დაახ. 15-33 %). შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება ტუნისში, მალიში, ნიგერსა და ლიბიაში. აღსანიშნავია, რომ ჩრდ. აფრიკის არაბი მოსახლეობის დიდ ნაწილს ბერბერული ფესვები აქვს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ბერბერებს შორის ალჟირული კაბილეს ტომია, რომელიც 4 მლნ. მოსახლეს მოიცავს, ასევე შილჰა (ჩრდ. მაროკო) და ტაშელჰიტი (სამხრეთ მაროკო). ამ უკანასკნელი ტომების საერთო მაცხოვრებელთა რაოდენობა 8 მილიონს აღწევს. სხვა ჯგუფებს შორის არიან „რიფიელი ბერბერები“ მაროკოში, შაუიას ტომი ალჟირში და  საჰარის უდაბნოში მოსახლე ტუარეგები.[29]

ევროპაში 3 მლნ. ბერბერი ცხოვრობს, ძირითადად „რიფიელები“ და კაბილეს ტომის წარმომადგენლები საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. რაც შეეხება კანარის კუნძულების ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ითვლება, რომ ისინი ბერბერების მონათესავე ხალხია.

ურთიერთობები სხვა ხალხებთან

რედაქტირება

სხვა ხალხების მსგავსად, ბერბერებიც ადვილად ერწყმიან სხვებს, რაც ყველაზე კარგად საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ჩანს. უნდა ითქვას ისიც, რომ ადრე ბერბერი მეკობრეების პერიოდში ევროპელი მონები და ომის ტყვეები ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოჰყავდათ და ყიდდნენ. დაახლოებით 1 მლნ ევროპელი ასე მოხვდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ცისფერი და მწვანე თვალის ფერი, ჟღალი და ქერა თმის ფერი, მათ გაავრცელეს.

არასწორია შეხედულება, რომ თითქოს ბერბერები მომთაბარე ხალხი იყო. მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევდა და მთებსა და ოაზისებში ცხოვრობდა (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს). მათგან მხოლოდ ტუარეგებისა და სამხრეთ საჰარას ზენაგას ტომი მომთაბარეობდა. ისეთი ჯგუფები, როგორც შაუიაა, სეზონურად მომთაბარეობდა.

დღეს ბერბერები, ძირითადად, მთებსა და ჩრდილოეთ აფრიკის პატარა დასახლებებში ცხოვრობენ. რეგიონის ქალაქებიდან ძლიერი ბერბერული იდენტობით მარაკეშის მაცხოვრებლები გამოირჩევიან. არაბთა დაპყრობის ხანაში დამპყრობლები მხოლოდ ქალაქებს იკავებდნენ, ხოლო სასოფლო მიწებს არ ეკარებოდნენ. ბერბერებს რამდენიმე არჩევანი ჰქონდათ: ცხოვრება მთებში, ცხოვრება არაბ ხალხთან ერთად, სადაც არაბული ენა და კულტურა იყო გაბატონებული, ან არაბთა წინააღმდეგ ბრძოლა. ბევრმა მთებში ცხოვრება ამჯობინა, რომელთა შთამომავლებიც დღემდე ცოცხლები არიან.[30]

ისევე, როგორც აბორიგენები ავსტრალიაში, ლაპები ნორვეგიაში და ადგილობრივი მაცხოვრებლები აშშ-ში, ბერბერებიც მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებოდნენ XX საუკუნის შუა ხანებამდე. დღესაც ჩრდ. აფრიკის ზოგიერთ რეგიონში ბერბერებს ტრადიციულად ჩაცმულ „გაუნათლებელ გლეხებად“ აღიქვამენ.

სხვა ავტოქტონური მოსახლეობის მსგავსად, ბერბერებმა საკუთარი იდენტობისა და კულტურის ჩაგვრის წინააღმდეგ ხმა XX საუკუნეში ამოიღეს. პროტესტის მთავარი საგნები დამწერლობის არარსებობა და პოლიტიკური გავლენის ნაკლებობა იყო. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს ყველაფერი ალჟირში ჩანდა, სადაც 1990-იან წლებში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ უცხოელი ექსპერტები სამოქალაქო ომსა და ქვეყნის გახლეჩვასაც კი არ გამორიცხავდნენ.[31]

დღესდღეობით ალჟირელი ბერბერები ყველაზე განათლებულები არიან და წამყვანი ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში. ეს ფრანგი კოლონიზატორების დამსახურებაა, რომლებიც ალჟირულ კულტურის არაბული მხარეების დაკნინებას ცდილობდნენ და ბერბერებს განათლებასა და მართვაში უპირატესობას ანიჭებდნენ. საბოლოოდ ამან ალჟირელი ბერბერები სხვა ბერბერებს შორის ყველაზე გავლენიან ხალხად აქცია. ამჟამად ალჟირში ბერბერული ყოველდღიურ ენადაა ქცეული, ხოლო ფრანგული ადმინისტრაციული ენაა.[32]

ამასთანავე, ამ ქვეყანაში ბერბერები და არაბები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამას ნათლად წარმოაჩენს ისლამისტებსა და მთავრობას შორის არსებული კონფლიქტი. ისლამისტების უმრავლესობა საკუთარ თავს არაბად მიიჩნევს, ხოლო მთავრობაში არაბებიც და ბერბერებიც არიან.

პოლიტიკური დაძაბულობა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ბერბერებს შორისაც, განსაკუთრებით კაბილეს ტომის შიგნით. კონფლიქტი ნაწილობრივ ენობრივ და კულტურულ საკითხებს ეხებოდა. მაგ., ამის გამო მაროკოში ერთი პერიოდი ბავშვებისთვის ბერბერული სახელების დარქმევა აკრძალულიც კი იყო.[33]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ბერბერების სახასიათო გარეგნობა არის მუქი ფერის თმა და ყავისფერი თვალები, თუმცა შესამჩნევი რაოდენობა ქერათმიანია. მაროკოში, რიფიელებს შორის, ქერათმიანი ხალხი ძალიან ხშირია და ეს ფაქტი განსხვავებული არგუმენტით აიხსნება, რომელთა შორისა მიგრაცია ევროპიდან, ვანდალების შემოჭრა და ა.შ.

ბერბერების უმეტესობა სუნიტი მუსლიმია, თუმცა მათთან ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკასაც შევხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქგარეთ ბერბერების რაოდენობა არაბებისას აჭარბებს, ტრადიციული მსახურება იქ უფრო გაბატონებულია.

ბერბერებმა ისლამი ნელა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მიიღეს, სანამ XVI საუკუნეში ყველაზე გავრცელებული რელიგია არ გახდა. შედეგად, ბერბერული ისლამი ძველი ბერბერული რელიგიის კომპონენტებსაც მოიცავს.

არაბული სიტყვა ბარაქა ნიშნავს კურთხევას. მაროკოში მას იყენებენ საიდუმლო ძალის გამოყენებაზე საუბრისას, რომელიც აღიქმება, როგორც ღვთის წყალობა, ხოლო ადამიანს, რომელიც ბარაქას ფლობს, მიმართავენ სიტყვით „წმინდანი“.

მთავარი წეს-ჩვეულებები არის დაბადება, ქორწინება და სიკვდილი. პირველი თმის შეჭრა და წინდაცვეთა კი როგორც დამატებითი წესები პატარა ბიჭებისათვის. წინდაცვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ყურანში სპეციალურად არ არის ნახსენები, ყველა მუსლიმის მიერ არის პრაქტიკაში გამოყენებული. რიფელები მას აკეთებენ, როცა ბავშვი ხდება ორი წლის, ხოლო იმაზიგენელები კი ელოდებიან ასაკს, როცა ბიჭი ხდება 5-6 წლის და უფროსები ასწავლიან პატარებს, რომ მამაცურად აიტანონ ტკივილი.

ყველა მუსლიმურ რელიგიურ ფესტივალს მთვარის წლის მიხედვით აღნიშნავენ. პირველი თვის პირველი ათი დღის მანძილზე  ზეიმობენ აშურას (Ashura). მაროკოში, ამ დროს ბავშვებს აძლევენ სხვადასხვა სათამაშოებს და ნაირფერ საჩუქრებს. რამადანის მარხვას, რომელიც ერთი თვის მანძილზე გრძელდება, მეცხრე თვეში, მოყვება „'იდ ას-საღირი“, იგივე პატარა დღესასწაული მარხვის დასრულების სიმბოლოდ. 'იდ ას-საღირი დიდებული დღესასწაულია, როცა ყველა ოჯახის უფროსი სწირავს ცხვარს, ხვდება მთვარის წლის ბოლო თვეს და ემთხვევა ჰაჯს, ლოცვას მექაში.

სუნიტების უმეტესობა მალიქიტურ მაზჰაბს (საღვთისმეტყველო სკოლას) ეკუთვნის, ხოლო მოზაბიტების, ნაფუზიტებისა და ჯერბანის ტომების მაცხოვრებლები (ჩრდ. საჰარა) ხარიჯიტული ისლამის, კერძოდ, იბადიზმის მიმდევრები არიან. ბერბერების დიდი ნაწილი (ძირითადად დასავლეთით) სუფიზმის აღმსარებელიცაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისლამური კულტურის გავლენით სხვადასხვა სინკრეტული რელიგია აღმოცენდა, თუმცა დღეს ჩრდილოეთ აფრიკაში იშვიათად თუ შევხვდებით.[34]

ისლამის მიღებამდე ბერბერების უმეტესობა ქრისტიანობასა და იუდაიზმს აღიარებდა, დანარჩენები კი პოლითეიზმის მიმდევრები იყვნენ.

რაც შეეხება სიკვდილსა და მის შემდეგ ცხოვრებას, შეიძლება იყოს ახსნილი და მიეწეროს ბუნებრივ ან ზებუნებრივ ძალებს, მიზეზებსა და შესაბამისად, ყველა გაერთიანებას აქვს მისი სასაფლაო. თუ გარდაცვლილი ადამიანი არის კაცი, მის სხეულს განწმენდენ და აფარებენ სუდარას და ეს სრულდება ფიკჰის (მუსლიმი სამართალმცოდნე ღვთისმეტყველის) მიერ, ხოლო თუ გარდაცვლილი არის ქალი, ამ ყველაფერს ასრულებს უბრალოდ სხვა ქალი. ყველა, ვინც გარდაიცვლება დილით, იმარხება იმავე დღის შუადღეს, ხოლო ის, ვინც გარდაიცვლება ღამით, იმარხება მომდევნო დილით. მაროკოში სხეული სამარხში მოთავსებულია მარჯვენა მხრით, სახით მექისკენ.

დაკრძალვებს მხოლოდ მამაკაცები ესწრებიან და ბერბერთა შორის გარდაცვლილის ნათესავები, ახლობლები მართავენ ლხინს, ნადიმს 7 დღეში გარდაცვალებიდან მათთვის, ვინც დაესწრო დაკრძალვას. რიფში ქვრივი ამ ნადიმს მისი მეუღლის გარდაცვალებიდან 40 დღეში აწყობს, რაც თეორიულად აღნიშნავს გლოვის პერიოდის დასასრულსაც.

ბერბერებს სხვა მუსლიმების მსგავსად სწამთ, რომ ყველა, ვინც გარდაიცვლება რამადანის პერიოდში, პირდაპირ სამოთხეში მიდის.

საქმიანობა

რედაქტირება

რიფში მნიშვნელოვანი ტრადიციული ხელობა იყო მჭედლობა, მეთუნეობა, მოწვნა და ხეზე მუშაობა და ისეთი საგნების დამზადება, როგორიცაა გადასაზიდი სამხრეები (უღელიც) და სახნავი საშუალებების სახელურები. მჭედლობა ეკუთვნოდათ ჯგუფის ენდოგამიურ წევრებს. ქალები კი რიფში თიხაზე მუშაობდნენ ხელით, მაგრამ დაბალი სტატუსის, ენდოგამი შავკანიანი მამაკაცები სხვა საგვარეულოში თიხაზე მუშაობისას იყენებდნენ სპეციალურ ბორბალს. ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური სპეციალიზაციის მრავალფეროვნება არ არის, თუმცა ადგილობრივი მამაკაცები საჭიროებისამებრ დაკავებულები არიან სხვადასხვა ხელობით, რომელთა შორის მხოლოდ მჭედლობასა და მეთუნეობას აქვს პროფესიული ხასიათი. ვერცხლის მჭედლობა და უნაგირზე დასამაგრებელი სატვირთო ჩანთების დამზადება — ეს საქმიანობები ადრე ადგილობრივ ებრაელებსაც ეკუთვნოდათ, მაგრამ მოგვიანებით, დამოუკიდებლობის შემდგომ ისრაელში გადაინაცვლა.

თიხის ჭურჭლების მოხატვა და ქსოვა ბერბერების მომთაბარე ცხოვრებას კარგად ეთავსება. აქვთ პრაქტიკული საჭიროებების მიხედვით ხელობები, ამასთანავე, სხვადასხვა სახის ნაკეთობებს ყიდიან კიდეც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალებისთვის ცალკე სპეციალური ბაზრები არსებობს, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგალითად ისეთი, სადაც მამაკაცებს შესვლა აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ მსგავსი სახის ბაზრებმა ცოტა არეულობა გამოიწვია, გამიმდინარე იქიდან, რომ მამაკაცები არ იყვნენ საქმის კურსში ბაზრის შიგნით რა ხდებოდა. ამ ავტონომიურ ბაზრებს თავისი ორგანიზება ჰქონდათ — სათავეში ედგათ ქალი ხელმძღვანელი (ამინა), რომელიც იყო შუამავალი მოვაჭრე ქალებს შორის, მაგალითად ვისაც გასაყიდი საქონელი მოჰქონდა. ამ ბაზრებში კაცების ერთადერთი დანიშნულება ბაზრის ირგვლივ დაცვის დაყენება იყო, რათა შიგნით სხვა მამაკაცები არ შესულიყვნენ.[35]

ქორწინება

რედაქტირება

ბერბერებში ქორწინების ცერემონია არის ყველაზე გრძელი, რთული და მნიშვნელოვანი რიტუალი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. ქორწინების დროს მამაკაცი ირჩევს ქალს ტომის მიხედვით, ამის შემდეგ კი ოჯახი ღებულობს გადაწყვეტილებას. ტუარეგების (Tuareg) კულტურაში კი მაგალითად, პირიქით, ქალი ირჩევს მომავალ ქმარს. წეს-ჩვეულებები ტომების, საგვარეულოების მიხედვით განსხვავდება. რიფში, განსხვავებით სხვა ბერბერულ ენაზე მოლაპარაკე ტერიტორიებისგან, პარალელურ ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინება, მაგალითად, მამის ძმის ქალიშვილთან იყო ნებადართული, თუმცა არც ისე პატივცსაცემი ტრადიცია. მაგალითად, 1953-1955 წლებში Aith Waryaghar-თა შორის აღწერილ ქორწინებებს შორის მსგავსი ქორწინების წილი იყო 12% (3 პროცენტი მამის ძმის ქალიშვილზე ქორწინება, ხოლო დანარჩენი უბრალოდ საგვარეულოს ხაზის შიგნით).[36]

დღემდე ყველაზე გავრცელებულ ფორმად კი ითვლება ადგილობრივ შთამომავლობაში ეგზოგამია — ქორწინებები ერთი გვარეულობის ქვეშ, ერთი ტომის ერთსა და იმავე ნაწილში — 54 %, სადაც ქორწინება ტომის სხვადასხვა სეგმენტებიდან მოიცავდა 22 %-ს და ქორწინება სხვადასხვა ტომებში, ორივე სქესისთვის იყო 12 %. პოლიგამიურ ქორწინებებზე მოდის 11 %. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ ცოლს საკუთარი საოჯახო საქმე და საცხოვრებელი ჰქონდა.

მაროკოს ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში, მსგავსი ნათესაური ქორწინება მისაღებია.[37]

რაც შეეხება ქორწინების რიტუალს, ბერბერებს სჯერათ, რომ პატარძლისა და საქმროს ბარაქა ქმნის გარემოს, რომლიდანაც არა მარტო რიტუალში მონაწილეებს, არამედ სხვებსაც შეუძლიათ რაღაც სარგებელის მოლოდინი ჰქონდეთ. საქმროს ადგილამდე მისვლამდე დედოფალს სთავაზობენ რძეს, იგი შეთავაზებულ რძეში ჩაყოფს თითს ან მოსვამს ცოტას და დარჩენილ ნაწილს სულს უბერავს, რაც მისი სიწმინდის გადადებას ნიშნავს, ამ რძეს კი შემდგომ უკვე სხვა რძეში ურევენ.

ქორწილი ის ადგილია, სადაც ქალებს აქვთ საშუალება ფართო საზოგადოებაში, საჯაროდ გამოვიდნენ და რაღაც წარმოდგენები გამართონ, თუმცა სახლის გარდა მათ სხვა გამონაკლის ადგილებში გასვლის საშუალებაც აქვთ, მაგალითად, როდესაც რომელიმე ოჯახში ვაჟიშვილი დაიბადება, ქალები იქ იკრიბებიან, მღერიან და კითხულობენ ლექსებს, სხვადასხვა ტექსტებს, რომელიც განსხვავდება დღესასწაულების მიხედვით. სხვადასხვა ასაკის ქალები, სხვადასხვანაირ ტექსტს განსხვავებული მეთოდით კითხულობენ.

რაც შეეხება ბერბერულ ოჯახს, იქ ბირთვული ოჯახის ტიპია გავრცელებული: მამა, დედა და დაუქორწინებელი შვილები ქმნიან ოჯახის ერთეულს. როდესაც სტუმრები არ ჰყავთ, ოჯახის ყველა წევრი საჭმელს მიირთმევს ერთად, სტუმრის ყოფნის შემთხვევაში ოჯახის უფროსი უჯდება სუფრას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცები მასიურად გადასახლდნენ ევროპაში, ქალები ხშირად უძღვებიან ოჯახს.

დედისა და ბებია-ბაბუის მეთვალყურეობით, ყველა ბერბერული ერთობა ხასიათდება დედმამიშვილების მაღალი მზრუნველობით. მაგალითად, უფროსი დედმამიშვილი ზრუნავს უმცროსზე, როდესაც დედა დაკავებულია სახლის საქმიანობით. ბებია-ბაბუას და შვილიშვილებს ახლო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როდესაც სქესობრივი სეგრეგაცია იწყება, ანუ ბიჭები და გოგონები ხდებიან 6-7 წლის, იწყებენ მენახირეობა-მწყემსობას. შემდგომ უკვე მომწიფების ასაკამდე მიდიან, რომელიც ტრადიციულად ქორწინების ასაკთანაა გაიგივებული.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან მონათესავე ჩამომავლობა ან გვარის უფროსობა სოციალური ერთობის ძირითადი ფორმა იყო, ესპანეთისა და საფრანგეთისგან მაროკოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე 1956 წელს, რომლის სიღრმეებიც მიდის რიფ-ში 4-6, ხოლო იმაზიგენში 4 თაობაზე. კოლონიამდელ პერიოდში ზოგიერთი მაროკოული ტომი 5 ძირითად გაერთიანებას ქმნიდა.[38]

ქონება მემკვიდრეობით პატრიარქალურად გადადის. ამასთან, შარიათის გათვალისწინებით, მემკვიდრეობის გადაცემისას ერთი ვაჟიშვილი უდრის ორ ქალიშვილს. ისეთ რეგიონებში, როგორიცაა მაროკოს სამხრეთი ნაწილი, სადაც დამოუკიდებლობამდე ჩვეულებითი სამართლის წესები იყო გაბატონებული, ქალიშვილებს თითქმის არაფერი ეკუთვნოდათ, მათ უბრალოდ ათხოვებდნენ.[39]

სახასიათო ინსტრუმენტები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოიცავს დასარტყამ ინსტრუმენტთა უამრავ სახეობას, როგორიცაა ტაბლა და დარბუკა, ან ლერწმის ფლეიტა, რომელსაც მიზმარს უწოდებენ. ასევე, ვიოლინოსა და მის სხვადასხვა ვარიაციას: კამანჯას, რაბაბის, 'უდს. მეტალის ხმის მქონე ინსტრუმენტს ქანუნს უწოდებენ, რომლის სიმების ჟღარუნით ხმა გამოიცემა.

არაბულ-ბერბერულ რითმაზე ორიენტირებული მუსიკა მსმენელს მის გადამდებ ტალღასა და მელოდიაში ითრევს. ასეთი მუსიკაა მაგალითად ქვალი (Qwali).

ბერბერულ მუსიკსააც, ტრადიციულ მუსიკას ჩრდილოეთ აფრიკიდან, სხვადასხვა რაიონის მიხედვით, ფართო მრავალფეროვნება ახასიათებს. ყველაზე ცნობილი კი მაინც მაროკოული მუსიკაა. ჩრდილოეთ აფრიკაში ფართოდ იყენებენ დიდ დასარტყამ ინსტრუმენტებსა და ბერბერულ ტრადიციულ ინსტრუმენტს, სახელად ბარბითს, სიმღერებისა და ცეკვების აკომპანირებისთვის[40].

ბერბერული ხალხური მუსიკა კი სამ ნაწილად იყოფა: სოფლის, სხვადასხვა რიტუალებისა და პროფესიონალი მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკა.

რაც შეეხება ბერბერული მუსიკის მოდერნიზებას, იგი მოხდა 1970 წელს ამური მბარაკის (Ammuri Mbarak) მიერ, რომელმაც მოუწოდა ბერბერებს ურბანიზაციისკენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ იშვიათად ჰქონდათ შეხება ქალაქთან.[41]

ცნობილი ბერბერი მოღვაწეები

რედაქტირება

ერატოსთენე (ძვ. წ. 276-195/94 წწ.) — ცნობილი გეოგრაფი, მათემატიკოსი, პოეტი, ასტრონომი და მუსიკის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელიც დედამიწის დიამეტრის, გარშემოწერილობისა და ღერძის დახრილობის გაზომვას შეეცადა. გარკვეული პერიოდი მართავდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკასაც. მან ჩამოაყალიბა გეოგრაფია, როგორც დისციპლინა. დაადგინა ნაკიანი დღე, გამოთვალა მზესა და დედამიწას შორის მანძილი და მსოფლიოს პირველი რუკა შექმნა.

ალ-იდრისი (XII ს.) — ამ ჩრდილოეთ აფრიკელი მოგზაურის აღმოჩენის დამსახურებით ვიცით, რომ ნილოსი ეკვატორული ტბიდან, რომელსაც ვიქტორიის ტბა ჰქვია ამჟამად, იღებს სათავეს.

ჰანო (ძვ.წ. 500-450 წ.წ.) — ბერბერი მოგზაური, რომელმაც დასავლეთ აფრიკის სანაპირო აღმოაჩინა. 2000 წლის წინ მავრიტანიის მეფე ჯუბას ექსპედიციამ კანარის კუნძულებამდეც კი მიაღწია.

იბნ ბატუტა — XIV საუკუნის მაროკოელი ბერბერი მოგზაური, რომელმაც შუა საუკუნეების მოგზაურებს შორის ყველაზე დიდი მანძილზე იმოგზაურა. 1325-54 წლებში საჰარის უდაბნოსა და ჩრდილოეთ აფრიკის გარდა მან არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი და ინდოეთიც კი დალაშქრა, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

ლეო აფრიკელი (1485 – 1554 წწ.) — ამ ადამიანის კალამს ეკუთვნის აფრიკის გეოგრაფიული ისტორია, რომელშიც ბერბერული სამეფოებსა და ტიმბუქტუს აღწერს. თავისი წიგნი 1526 წელს მან არაბულად დაწერა, რომელიც შემდეგ იტალიურად გადათარგმნეს. წიგნი 1550 წლამდე არ გამოქვეყნებულა მანამ, სანამ ჟან ბატისტ რამუზიოს ხელში არ ჩავარდა და ხელახლა არ გადაწერა იგი. იტალიური ვარიანტი კი მოგვიანებით, 1600 წელს, ჯონ პორიმ თარგმნა.

ესტებან დე მორანტესი — მაროკოელი ბერბერი მოგზაური, რომელიც ბერბერულ სოფელ აზემურში დაიბადა. ხელმძღვანელობდა ნარვაესის საზღვაო ექსპედიციას 1527 წელს. ექსპედიციამ მექსიკის ყურემდე მიაღწია და ინდიელებმა ტყვედ აიყვანეს წევრები. არსებობს ვარაუდი, რომ 1539 ან 1540 წელს მოკლეს ბერბერი ზუნის ტომის წევრებმა. ამ ტომში ის ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა და ბევრი მას ნახევრად ღმერთადაც კი მიიჩნევდა.

აბას იბნ ფირნასი (ახ. წ. 810-887 წწ.) — ეს ანდალუსიელი ბერბერი ინჟინერი იზნ რანდში დაიბადა (დღევანდელი ესპანეთის ტერიტორია). 70 წლის ასაკში ის იყო ადამიანი, რომელიც პირველად გაფრინდა. ფირნასმა ხელოვნური ფრთები გამოიგონა, რომელსაც ბუმბულები გაუკეთა და კორდობას ბორცვიდან დაეშვა. ამბობენ, რომ ის ასეთი ფრენის დროს დაეცა და ზურგი დაიზიანა კიდეც.

კალიმაკუსი (ძვ. წ. 305/310 – 240 წწ.) — აღმოსავლეთ ლიბიაში დაბადებული ბერბერი პოეტი, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწეობდა. ძვ. წ. 245 წელს მან ბიბლიოთეკის პირველი კატალოგი შექმნა, რომელიც 120 ტომისგან შედგებოდა.

მარკოზ მახარებელი (I საუკუნე) — ქრისტეს მოციქული ლიბიის მწვანე მთებიდან, რომელმაც სახარება დაწერა. მან დააარსა ალექსანდრიის ეკლესია, სადაც ქადაგებდა ქრისტიანობას. დღეს ითვლება, რომ ალექსანდრიის მართლმადიდებელი და კოპტური ეკლესიები წმ. მარკოზის მიერ დაარსებული ეკლესიიდან მოდიან.

არიუს ამონიუსი (ძვ. წ. 250/256 – 336 წწ.) — ბერბერი რეფორმატორი, რომელმაც ჩრდილოეთ აფრიკაში ქრისტიანობის მოდერნიზაცია მოახდინა. ის იყო ასკეტი სასულიერო პირი და მოღვაწეობდა ალექსანდრიაში. წყაროებში ის აღწერილია, როგორც მაღალი მორალის, ინტელექტისა და დახვეწილი გარეგნობის მქონე ადამიანი.

ნეტარი ავგუსტინე (ახ. წ. 354-430 წწ.) — ცნობილი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, რომელსაც რამდენიმე თხზულება აქვს დაწერილი ქრისტიანული ფილოსოფიის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამ თხზულებათაგან „ღვთის ქალაქია“.[42]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gellner, Ernest, 1969. Saints of the Atlas. London: Weiden-feld & Nicholson.
  • Gellner, Ernest, and Charles Micaud, eds., 1973. Arabs and Berbers: From Tribe to Nation in North Africa. London: Duck-worth.
  • Hart, David M., ed. and trans., 1975. Emilio Blanco Izaga: Colonel in the Rif. 2 vols. Ethnography Series, HRAFlex Books, MX3-001. New Haven: Human Relations Area Files.
  • Hart, David M., 1984. The Ait `Atta of Southern Morocco: Daily Life and Recent History. Wisbech, Cambridgeshire: MENAS Press.
  • Montagne, Robert, 1973. The Berbers: Their Social and Political Organisation. Translated by David Seddon. London: Frank Cass. Originally published in French in 1931.
  • Vinogradov, Amal Rassam, 1974. The Ait Ndhir of Morocco: A Study of the Social Transformation of a Berber Tribe. University of Michigan Museum of Anthropology, Anthropological Papers, no. 55. Ann Arbor: University of Michigan Press.
  • Brett, M.; Fentress, E.W.B. (1996), The Berbers, Blackwell Publishing, pp. 5–6
  • Ripley, W. Z. (1899), The Races of Europe, New York: D. Appleton & Co.
  • Silverstein, Paul A. (2004), Algeria in France: Transpolitics, Race, and Nation, Bloomington: Indiana University Press.
  • Hoffman, Katherine E., and Susan Gilson Miller, eds. Berbers and Others: Beyond Tribe and Nation in the Maghrib (Indiana University Press; 2010) 225 pages; scholarly studies of identity, creativity, history, and activism.
  • Hagan, Helene E. (2006), Tuareg Jewelry: Traditional Patterns and Symbols, XLibris.
  • Waterbury, John, 1972. North for the Trade: The Life and Times of a Berber Merchant. Berkeley, Los Angeles, and London: University of California Press.
  • Goodman, Jane E. Berber Culture On the World Stage. Bloomington: Indiana University Press, 2005.
  • Hammond, Andrew. Pop Culture in Arab world. Santa Barbara, California: ABC-CLIO, 2004.
  • Murdock, George Peter, 1960. Social Structure. New York: Macmillan. Originally published in 1949.
  • Davis, Robert. Christian Slaves, Muslim Masters: White Slavery in the Mediterranean, the Barbary Coast, and Italy, 1500-1800.London: Palgrave Macmillan, 2004.
  • Hiernaux, Jean. The People of Africa (People of the world series). New York, NY: Scribner, 1975.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Joshua Project - Great Commission Status of the Berber-Kabyle People Cluster
  2. Joshua Project - Great Commission Status of the Berber-Shawiya People Cluster
  3. Joshua Project - Great Commission Status of the Berber-Saharan People Cluster
  4. Joshua Project - Great Commission Status of the Berber-Shilha People Cluster
  5. Joshua Project - Great Commission Status of the Berber-Riff People Cluster
  6. Joshua Project - Great Commission Status of the Tuareg People Cluster
  7. 7.0 7.1 http://www.britannica.com/topic/Berber
  8. Morocco's Berbers Battle to Keep From Losing Their Culture / Arab minority forces majority to abandon native language.Peter Prengaman, Chronicle Foreign Service.March 16, 2001 [1]
  9. Teens in Morocco,Sandy Donovan,Compass point books,Minneapolis,United States,2008,p.42
  10. Algeria reinstates term limit and recognises Berber language. BBC News.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2013-10-05.
  12. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  13. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-10. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  14. (2006) The Handbook of Bilingualism. John Wiley & Sons, გვ. 860. ISBN 0631227350. ციტირების თარიღი: 19 June 2016. ; >60% of population
  15. Joshua Project. Tuareg, Tamasheq in Mauritania.
  16. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  17. Joshua Project. Tuareg, Tamasheq in Burkina Faso.
  18. Joshua Project. Berber, Siwa in Egypt.
  19. Statistics Canada: 2011 National Household Survey: Data tables
  20. Shokeid, Moshe. The Dual Heritage: Immigrants from the Atlas Mountains in an Israeli Village.
  21. Berbers: The Proud Raiders. BBC World Service.
  22. Brett, M.; Fentress, E.W.B. (1996), The Berbers, Blackwell Publishing, pp. 5–6
  23. Hart, David M., 1984. The Ait `Atta of Southern Morocco: Daily Life and Recent History. Wisbech, Cambridgeshire: MENAS Press
  24. Vinogradov, Amal Rassam, 1974. The Ait Ndhir of Morocco: A Study of the Social Transformation of a Berber Tribe. University of Michigan Museum of Anthropology, Anthropological Papers, no. 55. Ann Arbor: University of Michigan Press.
  25. Hiernaux, Jean. The People of Africa (People of the world series). New York, NY: Scribner, 1975.
  26. Gellner, Ernest, 1969. Saints of the Atlas. London: Weiden-feld & Nicholson.
  27. Gellner, Ernest, and Charles Micaud, eds., 1973. Arabs and Berbers: From Tribe to Nation in North Africa. London: Duck-worth.
  28. Blench, Roger. Archaeology, Language, and the African Past. Rowman: Altamira, 2006.
  29. Hart, David M., 1984. The Ait `Atta of Southern Morocco: Daily Life and Recent History. Wisbech, Cambridgeshire: MENAS Press
  30. Davis, Robert. Christian Slaves, Muslim Masters: White Slavery in the Mediterranean, the Barbary Coast, and Italy, 1500-1800. London: Palgrave Macmillan, 2004.
  31. Ripley, W. Z. (1899), The Races of Europe, New York: D. Appleton & Co.
  32. Silverstein, Paul A. (2004), Algeria in France: Transpolitics, Race, and Nation, Bloomington: Indiana University Press,
  33. Hart, David M., ed. and trans., 1975. Emilio Blanco Izaga: Colonel in the Rif. 2 vols. Ethnography Series, HRAFlex Books, MX3-001. New Haven: Human Relations Area Files.
  34. Goodman, Jane E. Berber Culture On the World Stage. Bloomington: Indiana University Press, 2005.
  35. Waterbury, John, 1972. North for the Trade: The Life and Times of a Berber Merchant. Berkeley, Los Angeles, and London: University of California Press.
  36. Hagan, Helene E. (2006), Tuareg Jewelry: Traditional Patterns and Symbols, XLibris.
  37. Hoffman, Katherine E., and Susan Gilson Miller, eds. Berbers and Others: Beyond Tribe and Nation in the Maghrib (Indiana University Press; 2010) 225 pages; scholarly studies of identity, creativity, history, and activism
  38. Murdock, George Peter, 1960. Social Structure. New York: Macmillan. Originally published in 1949.
  39. Montagne, Robert, 1973. The Berbers: Their Social and Political Organisation. Translated by David Seddon. London: Frank Cass. Originally published in French in 1931.
  40. Vinogradov, Amal Rassam, 1974. The Ait Ndhir of Morocco: A Study of the Social Transformation of a Berber Tribe. University of Michigan Museum of Anthropology, Anthropological Papers, no. 55. Ann Arbor: University of Michigan Press.
  41. Vinogradov, Amal Rassam, 1974. The Ait Ndhir of Morocco: A Study of the Social Transformation of a Berber Tribe. University of Michigan Museum of Anthropology, Anthropological Papers, no. 55. Ann Arbor: University of Michigan Press
  42. Goodman, Jane E. Berber Culture On the World Stage. Bloomington: Indiana University Press, 2005.