შინაარსზე გადასვლა

აზორკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზორკი
არმაზის იბერიის მეფე
მმართ. წლები: 87103[1][2][3]
87119[4]
110-იანი წლები[5]
დინასტია: არშაკუნიანები
მამა: ფარსმან I
დედა: იამაზიდა (ჰამასასპუხი)

აზორკი [6] [7] [8] [9], არსოკ [10], ფარნუკ I, იგივე ხსე-ფარნუგ. არამეულის დამწერლობით შესრულებულ წარწერაში: Hsjprnwg, ბერძნულ წარწერაში: Ξηφαρνούγός[11] (ქართ. ქსეფარნუგი) (გ. 103) — ფარსმან I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, არმაზის ტახტი დაიკავა. ის ერთობლივად მეფობდა მის ბიძაშვილთან, მცხეთის მეფე არმაზელთან ერთად 87103 წლებში. მოიხსენიება არმაზის ბილინგვის სერაფიტის წარწერაში. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[12] მიხედვით: ფარნუკ I = ხსე-ფარნუგ – მცხეთის იბერიის მეფეა. მის თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში) არმაზაერი.

აზორკის და არმაზელის სამეფო წყვილიდან პროფესორი გიორგი მელიქიშვილი "აზორკს" განსაზღვრავს როგორც მითრიდატე I-ის სავარაუდო ადგილობრივ სახელს, "არმაზელს" კი როგორც არმაზის ტერიტორიულ ეპითეტს.

სერგი გორგაძის „საქართველოს ისტორიის“[13][14] მიხედვით: აზორკი, იგივე მითრიდატე II-ა.

ვიკიციტატა
„ამის შემდეგ ფარსმან I-ელმა კიდევ ათიოდე წელს იმეფა და 70 წლის მახლობლათ იბერიის ტახტი თავის მეორე შვილს, „აზორკს“ ანუ, როგორც მცხეთის ქვის ბერძნული წარწერა უწოდებს, მითრიდატ მე-II-ეს გადასცა.“

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით: „მითრიდატე II, ქართლის (იბერიის) მეფე, ფარსმან I-ის ძე. მეფობდა I საუკუნის 70-იან წლებში. იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან "არმაზულ" წარწერაში, როგორც იბერთა "მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა". აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.“

იბერიის მეფის ფარსმან I-ელის გარდაცვალების შემდეგ, 79 წლიდან 96 წლამდე, რომის ტახტი ზედი-ზედ შემდეგს სამს იმპერატორს ეჭირა: ვესპასიანეს (70–79), ტიტეს (79–81) და დომიციანეს (81–96 წ.). ამათ დროს იბერიაში მეფობდა ფარსმანის ძე მიჰრდატ მე-II, რომელსაც აღნიშნული იმპერატორები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ და მეგობრობის ნიშნათ მცხეთის მიდამოებში ციხეც კი აუშენეს. ამას მოწმობს იმ დროიდან დღემდე შენახული ქვა ბერძნულის წარწერით, რომელიც ქართულათ ასე ითარგმნება:

ვიკიციტატა
„იმპერატორმა, კეისარმა ვესპასიანემ, ავგუსტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, ტრიბუნის უფლებით მეშვიდეჯერ შემოსილმა, მეთოთხმეტეჯერ ტრიუმფატორმა, ექვსჯერ კონსულმა და მეშვიდეჯერ არჩეულმა, სამშობლოს მამამ და ცენზორმა; და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, ტრიბუნის უფლებით მეხუთეჯერ შემოსილმა და ცენზორმა; და დომიციანე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, მეოთხეჯერ კონსულად არჩეულმა – იბერთა მეფეს მითრიდატს, მეფის ფარსმანისა და იამაზიდის ძეს, კეისრისა და რომაელი ხალხის მეგობარს, აღუშენეს ციხე.“
(ამ ქვის წარწერა 75 წელს შეეხება. აღნიშნული ქვა მცხეთის მახლობლად იპოვნეს 1857 წელს.)

მეფობა

«7. სახელი XVII-ა მეფისა [ფ][არ][ნ]უკ. მოღწეულ ხელნაწერებში ეს სახელი დაზიანებულად არის დაცული. არსებული დაწერილობანი ამ სახელისა მომდინარეობენ ფორმისაგან: არნუკ (ႠႰႬႭჃႩ).

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႱႭჃႩ || ႠႰႱႭჃႩ.

ლეონტი მროველი: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႪႭჃႩ || ႠႰႻႭჃႩ || ႠႪႭႻႩ.

ძველ-ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია სახელი: ბარნუკი (=ფარნუკი), ხსე-ფარნუგი, ნა-ბარნუგი [15].

ქართული ხელნაწერების არ[ნ]უკი, როგორც ირკვევა, წარმოადგენს დაზიანებულს დამწერლობას ამ სახელისა: „ფარნუკი“. (მაშასადამე, აქაც დაზიანებულია სახელის დასაწყისი, როგორც ამას სხვა შემთხვევაშიაც ვხედავთ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ხელნაწერში: ადეროკ — დეროკ — როკ).

რომ ეს დაზიანებული დამწერლობა სახელისა „არნუკი“ არის „[ფ]არნუკი“, ეს დასტურდება შემდეგის მიხედვით:

ა) იმ ხანაში, როდესაც ქართული მატიანეები უჩვენებენ არნუკის=[ფ]არნუკის მეფობას, ახლად აღმოჩენილი სერაფიტის ძეგლის წარწერა ასახელებს იბერიის მეფეს იმავე სახელით: ხსე-ფარნუგი (=ფარნუკი).

ბ) ქართული მატიანეების თანახმად მეფე [ფ]არნუკი არის მემკვიდრე ფარსმანისა. ხოლო სერაფიტის ძეგლის წარწერის თანახმადაც მეფე ხსე-ფარნუგი არის მემკვიდრე ფარსმანისა.[16]»

«გ. სერაფიტის სტელა.

წარწერები სერაფიტის სტელისა, რომელიც აღმოჩენილ იქმნა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში 1940 წელს, განხილული გვაქვს ცალკე გამოკვლევაში (მცხეთა-არმაზის სხვა ძეგლებთან ერთად). აქ აღვნიშნავთ მხოლოდ სერაფიტის სტელის წარწერათა ისტორიულ რეალიებს, რამდენადაც იგი მეფეთა სიას ეხება.

სერაფიტის ძეგლის წარწერაში მოიხსენიება ორი მეფე იბერიისა, რომლებიც მეფობენ შემდეგი თანამიმდევრობით:

1. ფარსმან (არამეულის დამწერლობით შესრულებულ წარწერაში: Prsmn).

2. ხსე-ფარნუგ (არამეულის დამწერლობით შესრულებულ წარწერაში: Hsjprnwg, ბერძნულ წარწერაში: Ξηφαρνούγός), ესენი არიან ქართულ მატიანეთა მეფეთა სიაში მოხსენებული XVI და XVII მეფეები, რომლებიც მეფობდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: XVI ფარსმან, XVII [ფ]არ[ნ]უკ.

აქ ჩვენ გვაქვს დამთხვევა როგორც სახელებისა, ისე რიგისა. ეპოქაც იგივეა.

ამას გარდა, სერაფიტის ძეგლის წარწერათა ჩვენებანი სხვამხრივაც ემთხვევა ქართულ მატიანეებს. სახელდობრ, სერაფიტის ძეგლის წარწერაში — მეფე ფარსმანის დროს არმაზელ პიტიახშად, როგორც ირკვევა, დასახელებულია იგივე პირი, რომელიც ქართულ მატიანეებში მოიხსენიება ფარსმანის დროსვე „ამიერ“ თანა-მეფედ (ე. ი. არმაზელ პიტიახშად). მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ.[17]»

«მცხეთა-არმაზში აღმოჩენილი სერაფიტის სტელის წარწერაში, როგორც აღნიშნული გვქონდა, მოიხსენება იბერიის ორი მეფე, რომლებიც მეფობდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ფარსმანი და 2. ხსე-ფარნუგი. წარწერიდან ირკვევა აგრეთვე, რომ მეფე ფარსმანის დროს არმაზელ პიტიახშად ყოფილა პუბლიკი-აგრიპა (ხსე-ფარნუგის დროინდელი პიტიახში მოხსენიებული არაა). შევადაროთ ეს ნუსხა ქართულ მატიანეთა მეფეთა სიის სათანადო ნაწილს:

სერაფიტის ძეგლი:
სრულიად იბერიის მეფენი: არმაზელი პიტიახშები:
ფარსმანი
ხსეფარნუგი
პუბლიკი-აგრიპა
(მოხსენებული არაა)
ქართული მატიანეები:
„იმიერი“ მეფენი: „ამიერი“ მეფენი:
XVI ფარსმანი
XVII ფარნუკი
XVI-ა. კაოსი
XVII-ა. არმაზაერი

როგრც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიაც „იმიერი“ მეფეები — არიან სრულიად იბერიის მეფეები: მატიანეში მოხსენებული XVI მეფე ფარსმანი — ეს არის იგივე წარწერაში მოხსენებული მეფე ფარსმანი; ხოლო XVII მეფე [ფ]არ[ნ]უკი — არის იგივე ხსე-ფარნუგი.[18]»

წინამორბედი:
ფარსმან
ქართლის მეფე
87103
შემდეგი:
ამაზასპ [19]
წინამორბედი:
ფარსმან I
საქართველოს მეფე
87103 [20][21]
შემდეგი:
დეროკ
წინამორბედი:
ფარსმან I
ივერიის მეფე
87119
შემდეგი:
დეროკ [22]
წინამორბედი:
ფარსმან I
არმაზ-მცხეთის მეფე
7096
შემდეგი:
ამაზასპ I[23][24]
წინამორბედი:
ფარსმან II
იბერიის მეფე
110-ანი წლები
შემდეგი:
ამაზასპ I [25]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  2. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  3. საქართველოს ძველი ისტორია
  4. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  5. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  6. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  7. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  8. ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველი ისტორია“
  9. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  10. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  11. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  12. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  13. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  14. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  15. შეად. ხეთური სახელი: ტლა-ბარნა (ლა-ბარნა, ტა-ბარნა).
  16. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 512..
  17. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 536, 537..
  18. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 551..
  19. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  20. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  21. საქართველოს ძველი ისტორია
  22. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  23. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  24. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  25. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“