ფრენკ ბენტონი
ფრენკ ბენტონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Frank Benton |
დაბადების თარიღი | 5 ივლისი, 1852 |
გარდაცვალების თარიღი |
28 თებერვალი, 1919 (66 წლის) ფორტ-მაიერსი |
ეროვნება | აშშ |
საქმიანობა | მეცნიერი, ენტომოლოგი |
ფრენკ ბენტონი (ინგლ. Frank Benton; დ. 5 ივლისი, 1852 — გ. 28 თებერვალი, 1919, ფორტ-მაიერსი, აშშ) — ამერიკელი ენტომოლოგი, მკვლევარი, მეფუტკრეობის ნოვატორი და ავტორი.[1]
ბენტონი დაიბადა ქოლდუოთერსში, მიჩიგანში. სწავლობდა მიჩიგანის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში. მიიღო ბაკალავრის და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მოგვიანებით სწავლობდა ტენესის უნივერსიტეტში, მიუნხენის უნივერსიტეტსა და ათენის უნივერსიტეტში. იყო ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ენტომოლოგიის ბიუროს, ვაშინგტონის ენტომოლოგიური საზოგადოების, ჩრდილოეთ ამერიკის მეფუტკრეთა ასოციაციის, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარების ამერიკის ასოციაციის წევრი. ბენტონი ასევე ცნობილია დედა ფუტკრის გადასაზიდი სპეციალური საფოსტო გალიის გამოგონებით (ე. წ. ბენტონის გალია). ბენტონი არის ორი წიგნის ავტორი, „მეფუტკრეობა“ და „მეთაფლია ფუტკარი“ (1896).[2].
სხვადასხვა ფუტკრის შესასწავლად და საუკეთესო ჯიშების გამოსავლენად ბენტონი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. 1905 წელს ბენტონი ჩამოვიდა საქართველოში[3] ქართული ფუტკრის (ლათ. Apis Mellifera Caucasia) უკეთ შესასწავლად. ადგილობრივმა ფუტკარმა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდგომში ბენტონი აქტიურად უჭერდა მხარს ქართული ფუტკრის იმპორტს შეერთებულ შტატებში.
ინდოეთში დიდი ზომის ფუტკრების (ლათ. Apis dorsata) კვლევისას მას „ჯუნგლების ცხელება“ შეეყარა. ბენტონი გარდაიცვალა ფორტ-მაიერსში, 1919 წლის 28 თებერვალს.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მეფუტკრეობა“ (1896);
- „მეთაფლია ფუტკარი“ (1896).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- gutenberg.org — ფრენკ ბენტონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://archives.msu.edu/findaid/062.html
- ↑ Status of breeding practices and genetic... (PDF Download Available). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ http://www.nationalgeographic.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-05. ციტირების თარიღი: 2018-05-26