ველოსპორტი
ველოსპორტი, საველოსიპედო სპორტი — სპორტის სახეობა, რომელიც ეფუძნება სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედის გამოყენებას.
ველოსპორტი მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას — ველოსიპედით რბოლას (გზატკეცილზე, დასერილ მიდამოზე, ტრეკზე და სხვ.), ფიგურულ რბოლას, ველოპოლოს, ველობურთს და სხვ. ველოსპორტი ასევე ტრიათლონის შემადგენელი ნაწილია. მთიდან დაშვება (მაუნთინბაიკი) ცალკე დისციპლინაა 1970 წლიდან (ოლიმპიური დისციპლინა 1996 წლიდან).
ველოსპორტის, როგორც სპორტის სახეობის, დასაწყისად 1868 წლის 31 მაისს საფრანგეთში ხის ველოსიპედებით შემდგარი რბოლა (რბოლა პარიზი – რუანი, მანძილი 120 კმ) ითვლება. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტრეკზე ჩატარდა 1863 წელს ჩიკაგოში, გზატკეცილზე — 1921 წელს კოპენჰაგენში. ველოსპორტი ოლიმპიური სახეობა გახდა კაცებში 1896 წელს, ქალებში — 1984 წელს.
1900 წელს პარიზში დაარსდა ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირი (Union Cycliste Internationale – UCI), რომელიც დღეისათვის აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ ფედერაციებს და რამდენიმე კონფედერაციას (მათ შორისაა საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია). 1965 წელს კავშირში შეიქმნა ორი კომიტეტი: პროფესიონალებისათვის და მოყვარულთათვის. პროფესიონალთათვის შეჯიბრება „ტურ დე ფრანსი” იმართება 1903 წლიდან, მოყვარულთათვის მსოფლიო ველოშეჯიბრება — 1948 წლიდან. ველოსპორტში მონაწილეები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად: საბავშვო, ახალგაზრდული და მოზრდილთა.
ველოსპორტი საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო. თბილისში პირველი ველოტრეკი 1892 წელს ახლანდ. დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ააგეს თავად ვასილ ჯორჯაძის თაოსნობით. ის იყო პირველ ასპარეზობაში გამარჯვებულიც. საქართველოში ველოსპორტის ფართო გავრცელება 1920-იანი წლებიდან დაიწყო. 1972-1989 წლებში თბილისის ახალ ველოტრეკზე (ცენტრალური ველოდრომი) ყოველწლიურად ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრებები საქართველოს ტელევიზიის პრიზზე (ცენტრალური ველოდრომი მდებარეობდა ახლანდ. უნივერსიტეტის ქუჩაზე, ამჟამად აღარ არსებობს). მოქმედებდა ბავშვთა და ოლიმპიური რეზერვების სპეციალური სკოლა.
საკავშირო შეჯიბრებებში თბილისელთაგან პირველი ჩემპიონი გახდა გიორგი ლეჟავა (ოთხგზის, 1939-1945), შემდგომში სსრკ ჩემპიონები იყვნენ ო. დათუნაშვილი, ვ. ძებნიაური, ა. ხაბურზანია, ო. პროკოპენკო, ი. კავსაძე, ი. ვოლკოვი, ვ. პოპოვი, გ. ტრავკინი. 1960-იან წლებში განსაკუთრებულით წარმატებული იყო მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი, სსრკ მრავალგზის ჩემპიონი ომარ ფხაკაძე. 1992 წელს შეიქმნა საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩევარდოვი პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ველოსპორტის ისტორია — საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია.
- ველოსპორტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)