Ummagumma — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. მისი პირველი დისკი არის ოთხეულის იმდროინდელი ცნობილი ნომრების საკონცერტო შესრულების ამსახველი, მეორე კი - მისი წევრების სოლო-პროექტების კრებული.
ალბომის საკონცერტო დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა ჯგუფის კონცერტების მაღალი შეფასებები. 1969 წლის სექტემბერში, სანამ Ummagumma გამოიცემოდა, გამოცემის Melody Maker ყოვეწლიურ გამოკითხვაში პინკ ფლოიდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
ალბომის პირველ გამოცემებზე მითითებულია, რომ დისკი ჩაწერეს 1969 წლის ივნისში, თუმცა სინამდვილეში იგი ჩაწერილია 1969 წლის 27 აპრილსკლუბში „Mothers“ (ბირმინგემი) და 2 მაისსმანჩესტერის კომერციულ კოლეჯში. გვიანდელ გამოცემებზე ეს შეცდომები შესწორდა.
ჩანაწერში ასევე აპირებდნენ „Interstellar Overdrive“-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და სიმღერის „Embryo“ შეტანას. მიუხედავად ამისა, ფირფიტის გამოცემამდე ჩანაწერები ამოღებული იქნა. ცნობილი იყო, რომ ისინი გადასცეს ჯონ პილის პირად არქივს, საიდანაც იგი უცნობმა პირებმა მოიპარეს. თუმცა წლების შემდეგ ბუტლეგის სახით გავრცელდა ჩანაწერი Interstellar Overdrive-ით და იგივე მასალით, რაც ორიგინალურ გამოცემაში. განსხვავებას წარმოადგენს დაუმონტაჟებელი მასალის სახე, რომელსაც ეს ფირი ატარებს. საგულისხმოა, რომ კომპოზიციებს შორის ჟღერს როჯერ უოტერსის კომენტარებიც.
სტუდიური დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა რიჩარდ რაიტის უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ჯგუფს არ ჰქონდა საშუალება, ხმისჩამწერ სტუდიაში რეალური თავისუფლება ეგრძნო. ამიტომ პინკ ფლოიდის თითოეულმა წევრმა მიიღო მომავალი ფირფიტის 1/4. შემდგომში მსმენელების მიერ მაღალი შეფასება მიიღო უოტერსის კომპოზიციებმა. რიჩარდი თვლიდა, რომ მისი პიესა „Sysyphus“ ზედმეტად პრეტენზიული იყო. დეივიდ გილმორის აღიარებით, „The Narrow Way“ მხოლოდ სისულელე იყო.
სტუდიურ დისკში ასევე შეტანილია ნიკ მეისონის ერთგვარი სავარჯიშო დასარტყამ ინსტრუმენტებზე, „The Grand Vizier's Garden Party“, სადაც ფლეიტის პარტიას მისი იმჟამინდელი მეუღლე ლინდი ასრულებს.
ალბომი გამოვიდა ბრიტანეთში1969 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო აშშ-ში10 ნოემბერს. მან ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მიაღწია #5 ადგილამდე, ხოლო ამერიკაში მოხვდა #74 ადგილზე. ეს იყო ჯგუფის პირველი მოხვედრა ამერიკის 100-ეულში. ამერიკაში ალბომს 1974 წლის თებერვალში მიენიჭა ოქროს სტატუსი, 1994 წლის მარტში კი - პლატინის სტატუსი.
1987 წელს ალბომის ახალი გამოცემა გამოვიდა ორი კომპაქტ დისკის სახით. ციფრული რემასტერინგით დამუშავებული ვერსია გამოვიდა ბრიტანეთში 1994 წელს, ამერიკაში - 1995 წელს. ორიგინალური ვინილის შიდა გარეკანზე გამოსახულია უოტერსის პირველი მეუღლე. ახალი გამოცემის გაფორმებაში ეს სურათი აღარ გამოიყენება.
ორიგინალური გრამფირფიტების ყდები განსხვავდება ამერიკულ და ბრიტანულ ვარიანტში. ბრიტანული ვერსიის გარეკანზე ჩანს ფირფიტა მიუზიკლით „ჟიჟი“, რომელიც დევს კედელთან, ასოების „Pink Floyd“ თავზე. ორიგინალურ ამერიკულ ვერსიაში ეს ყდა ამოშლილია, როგორც ვარაუდობენ, საავტორო უფლებების გამო (მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ არალეგალურ გამოცემებზე იგი მაინც გამოსახულია). გარეკანზე გამოსახულია დეივიდ გილმორი, რომელიც ზის კარის ზღურბლზე, მის უკან ზის როჯერ უოტერსი, მის უკან დგას ნიკ მეისონი, ხოლო ბოლო პლანზე ჩანს რიჩარდ რაიტი, რომელიც წევს ბალახზე, ჰაერში აწეული ფეხებით. კედელზე ჩამოკიდებულია სარკე, რომელშიც მეორდება იგივე მოქმედება, ოღონდ ამჯერად კარის ზღურბლზე ზის როჯერ უოტერსი - ამგვარად, ყოველ ახალ სარკეში ყველა ერთმანეთს ენაცვლება. მეორე დისკის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის საკონცერტო ტექნიკა და ინსტრუმენტები, რომელიც განლაგებულია ბიგინ ჰილის ასაფრენ ხაზზე.
ალბომის კონვერტის შიდა მხარეზე (და CD გამოცემებში) გამოყენებულია ჯგუფის წევრების შავ-თეთრი ფოტოსურათები. როჯერ უოტერსი გამოსახულია მეუღლე ჯუდისთან ერთად. ვინაიდან იგი მას 1975 წელს გაეყარა, გვიანდელ გამოცემებში სურათი შემცირებულია და ჩანს მხოლოდ როჯერი.
ალბომის სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია - ამაგამა და უმაგუმა, თუმცა 1969 წლის ერთ-ერთი კონცერტის წინ ჩაწერილი რეპეტიციის დროს (ჩანაწერი იშვიათობას წარმოადგენს და ვრცელდება ფანებს შორის) ახსენებენ ამაგამას, ასე რომ ეს ვარიანტი უფრო ზუსტად უნდა მივიჩნიოთ.
სახელწოდება ამაგამა მომდინარეობს კემბრიჯული სლენგიდან, სადაც იგი ნიშნავს სექსუალურ კავშირს.
ამ ალბომის მთავარ გარეკანზე უკანასკენლად შეიტანეს ჯგუფის ფოტო.გარდა ამისა, გარეკანზე, სულ უკანასკნელ ანარეკლზე სარკეში ჩანს ალბომის A Saucerful of Secrets ყდა.
ალბომის The Division Bell გამოცემამდე Ummagumma იყო ჯგუფის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელშიც უკრავს მდედრობითი სქესის მუსიკოსი.
ორიგინალურ გრამფირფიტაზე, The Narrow Way და The Grand Vizier's Garden Party ცალ-ცალკე სიმღერებად იყო ჩაწერილი. ახალ გამოცემაზე Sysyphus-ის პირველი ნაწილი გაყოფილია ორ ცალკეულ ნომრად და ინდექსირებულია, როგორც ნაწილი 1 და ნაწილი 2. მეორე ნაწილი ვინილიდან იქცა მესამე ნაწილად კომპაქტ დისკზე, იმ დროს, როდესაც ნაწილი 4 კომპაქტ დისკზე ინდექსირებულია ორ ნაწილად. ამ სიმღერების რეალური ხანგრძლივობა იხილეთ ზევით.
ჯგუფმა ასევე ჩაწერა Interstellar Overdrive-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) საკონცერტო ვერსია, რომელიც უნდა შესულიყო საკონცერტო დისკში. ტრეკი ამოაგდეს უკანასკნელ წამს, მაგრამ რამდენიმე ბუტლეგი ამ კომპოზიციით დაურიგდა ჯგუფის მეგობრებს.