გრიგოლ ღვთისმეტყველი
წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნაზიანზელი (უმცროსი) (ბერძ. Γρηγόριος ὁ Ναζιανζηνός, Grēgorios ho Nazianzēnos; დ. დაახლ. 330, არიანზი, ნაზიანზის მახლობლად, კაპადოკია, — გ. დაახლ. 390, იქვე) — ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და მოაზროვნე, ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ბასილი დიდსა და გრიგოლ ნოსელთან („კაპადოკიელი მამები“) ერთად.
მამამისი, სახელად ასევე გრიგოლი კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. მღვდლად აკურთხეს 362 წელს. ბასილ დიდთან ერთად ებრძოდა არიანელობას. 372 წელს დაადგინეს სასიმას ეპისკოპოსად, თუმცა გრიგოლმა უარი განაცხადა და ნაზიანში განმარტოვდა. ცნობილი იყო წმინდა სამების დოქტრინის და ნიკეის კრების მოძღვრების დაცვით. 380 წელს არჩეული იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქად, თუმცა ეპისკოპოსთა ერთი ნაწილის წინააღმდეგობის გამო დატოვა ტახტი და კაპადოკიაში დაბრუნდა. გარდაიცვალა იქვე, დაახლოებით 390 წელს (მოიხსენიება 25 იანვარს).
გრიგოლ ნაზიანზელი ძალზე პოპულარული იყო ძველ ქართულ მწერლობაში. მის თხზულებებს თარგმნიდნენ ცნობილი მოღვაწეები: გრიგოლ ოშკელი, ექვთიმე მთაწმიდელი, დავით ტბელი, ეფრემ მცირე და იოანე პეტრიწი. გრიგოლ ნაზიანზელი დიდად აფასებდა მეგობრობას ადამიანთა შორის; იცავდა ფილოსოფიისა და რწმენის ურთიერთსაჭიროებას; მისთვის მთავარი იყო ზნეობრივი მოქმედება და საქმის უპირატესობა გააზრების, ანუ „სიტყვით ქმნის“ მიმართ. როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველოში „კაპადოკიელთა რენესანსი“ წინ უძღოდა „პროკლეს რენესანსს“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბააკაშვილი ვ., გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შესახებ, კრ.: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, [ტ.] 4, თბ., 1973;
- გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თ. ბრეგაძის გამოც., თბ., 1988;
- თევზაძე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1990;
- კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
- ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, გამოც. მე-2, თბ., 1973;
- ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შემდგ. სოლ. ყუბანეიშვილი, [ტ.] 1, თბ., 1946;
- თევზაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ევაგრე |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 379 – 381 |
შემდეგი: მაქსიმე |