დავიდ ტრეზეგე (ფრანგ. David Trezeguet; დ. 15 ოქტომბერი, 1977) — ვეტერანი ფრანგ-არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. 2014 წელს საფეხბურთო კარიერა პუნე სიტიში დაასრულა. დავიდმა საფეხბურთო კარიერა 8 წლის ასაკში პლატენსეს ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 17 წლის ასაკში კი პლატენზეს ძირითად გუნდში ჩაატარა 5 შეხვედრა, რასაც მოჰყვა მისი საფრანგეთის ლიგა 1-ის მონაწილე კლუბის, მონაკოში ტრანსფერი, სადაც მას თავდასხმაში პარტნიორობას უწევდა ტიერი ანრი. ტრეზეგემ ცოტა დრო მონაკოს სარეზერვო გუნდშიც გაატარა რათა სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება მიეღო. 1996-97 წლების სეზონში, მონაკო გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, რითაც ასევე მოიპოვა 1997-98 უეფას ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება, სადაც ტრეზეგემ 9 თამაშიდან 4 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ქვეყნის ჩემპიონატის ამავე წლების სეზონში 27 თამაშიდან, 18 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში მან მონაკოს მაისურით 93 თამაშიდან გაიტანა 52 გოლი, ქვეყნის ჩემპიონატში.

დავიდ ტრეზეგე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავიდ სერჟიო ტრეზეგე
დაბადების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1977 (1977-10-15) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
რუანი, საფრანგეთი
სიმაღლე 1.90 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1985–1993 პლატენსე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1995 პლატენსე 5 (0)
1995–2010 მონაკო 93 (52)
2000–2010 იუვენტუსი 245 (138)
2010–2011 ერკულესი 31 (12)
2011 ბანიასი 3 (0)
2011– რივერ პლეიტი 35 (16)
2013-2014   ნიუელსი 24 (7)
2014 პუნე სიტი 9 (2)
ეროვნული ნაკრები
1995-1996 საფრანგეთი 18 წლ. 12 (15)
1996-1997 საფრანგეთი 20 წლ. 14 (12)
1997 საფრანგეთი 21 წლ. 5 (5)
1998-2008 საფრანგეთი 71 (34)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მაისი 2013
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი 2008

2000 წელს ტრეზეგე ტურინულმა კლუბმა, იუვენტუსმა გაიფორმა £20 მილიონის სანაცვლოდ. მან სერია A-ს პირველივე სეზონში 25 მატჩიდან 14 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში დავიდმა დიდი წვლილი შეიტანა სერია A-ს პირველი ადგილისთვის, მან გაიტანა 24 გოლი და დარიო ჰუბნერთან ერთად გაიყო პირველი ადგილი ბომბარდირთა დავაში. 2002-03 წლების სეზონში ტრეზეგემ ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი - 10 მატჩიდან 8 გოლი, სადაც იუვენტუსი ფინალში 2-3 დამარცხდა მილანთან პენალტების სერიაში. როდესაც იუვენტუსი დაქვეითებულ იქნა სერია B-ში, ტრეზეგემ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, მან 31 მატჩიდან 15 გოლი გაიტანა, იუვენტუსი გავიდა პირველ ადგილზე და დაბრუნდა სერია A-ში. დავიდმა ჯამში 245 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 138 გოლი სერია A-ში. 2010 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა ესპანურ კლუბ ჰერკულესს, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში მონაწილეობდა, ტრეზეგემ 31 მატჩიდან 12 გოლი გაიტანა, თუმცა ჰერკულესისთვის ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 2011 წლის 30 აგვისტოს ცნობილი გახდა რომ ტრეზეგე თამაშს არაბულ გუნდ ბანიასში გააგრძელებდა, მაგრამ ტრავმის გამო მან მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოახერხა და დატოვა კლუბი. 2012 წელს გადავიდა მშობლიურ არგენტინაში, კერძოდ რივერ პლეიტში სადაც დღემდე ასპარეზობს.

ტრეზეგეს სანაკრებო კარიერაც შედეგიანი ჰქონდა, მან 71 მატჩიდან 34 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე საფრანგეთის ახალგაზრდულ 18 წლამდე, 20 წლამდე და 21 წლამდელთა ნაკრებებშიც გამოიჩინა თავი. ეროვნული ნაკრების მაისურით ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1998 წელსა და ევროპის ჩემპიონი 2000 წელს სადაც იტალიასთან ფინალში ტრეზეგემ გაიტანა გადამწყვეტი - ოქროს გოლი. ასევე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დავიდ ტრეზეგე დაიბადა საფრანგეთში, ზემო ნორმანდიის ქალაქ რუანში 1977 წლის 15 ოქტომბერს და გაიზარდა არგენტინაში, ბუენოს აირესში. დავიდი არის ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელის ჟორჟ ტრეზეგეს შვილი, რომელიც ახლა დავიდის პირადი აგენტია. ტრეზეგე წარმოშობით ებრაელია, ის დაქორწინებულია ბეატრისზე და ჰყავს ორი შვილი: აარონი და ნორანი. მისი ცოლი არის ესპანეთის ქალაქ ალიკანტედან.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

პლატენსე

რედაქტირება

ტრეზეგემ საფეხბურთო კარიერა პლატენსეში დაიწყო, მისი პირველი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე შედგა 1994 წლის 12 ივნისს, გიმნაზიის წინააღმდეგ რომელიც დამთავრდა ანგარიშით 1-1. ჩატარებული 5 მატჩის შემდგომ ტრეზეგე გადავიდა ფრანგულ კლუბში - მონაკოში.

ტრეზეგემ მონაკოს სარეზერვო გუნდში ორი სეზონი გაატარა, ამ პერიოდში მხოლოდ 9-ჯერ მიეცა საშუალება ეთამაშა მონაკოს ძირითად გუნდში. 1998 წელს ტრეზეგემ უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გაიტანა ყველაზე სწრაფი გოლი, მეოთხედფინალურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, დარტყმის სისწრაფე 157.3 კმ/ს სიჩქარით. დავიდმა მონაკოს მაისურით მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ და დასახელებულ იქნა ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 1998 წელს. ტრეზეგეს მონაგარი 113 მატჩიდან 60 გოლია.

იუვენტუსი

რედაქტირება

ტრეზეგეს პირველი სეზონი იუვენტუსში 25 მატჩიდან 14 გოლით და სერია A-ს ჩემპიონობით დასრულდა, ხოლო მეორე სეზონში ტრეზეგემ 34 მატჩიდან 24 გოლი გაიტანა და პირველი ადგილი დაიკავა ბომბარდირთა სიაში პიაჩენცას ფეხბურთელ დარიო ჰუბნერთან ერთად, ამავე სეზონში ის დასახელდა სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად და სერია A-ს წლის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად. 2003 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის წინააღმდეგ პენალტების სერიაში, ტრეზეგე ერთ-ერთი ფეხბურთული იყო იმ სამთაგან ვინც ვერ გამოიყენა საპენალტო დარტყმა, საბოლოოდ იუვე დამარცხდა პენალტების სერიაში ანგარიშით 3-2. 2004 წელს პელემ ის შეიყვანა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში - ფიფა 100. ასევე პელეს სიაში - 125 საუკეთესო ფეხბურთელი.

იუვენტუსმა მოიგო 2004-05, 2005-06 წლების სეზონის სერია A-ს ჩემპიონატი, თუმცა მოგვიანებით, 2006 წელს ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო, იუვენტუსს ჩამოერთვა ორივე სკუდეტო, გარიგებულ მატჩების ბრალდებით და გუნდი დაქვეითებულ იქნა სერია B-ში მინუს 30 ქულით (მოგვიანებით, აპელაციის შემდგომ, მინუს 9 ქულამდე იქნა დაყვანილი), რის შემდეგაც გუნდი დატოვა რამდენიმე ძირითადის მოთამაშე ფეხბურთელებმა, თუმცა ტრეზეგემ გადაწყვიტა დარჩენილიყო კლუბში, ისევე როგორც დელ პიერომ, ბუფონმა, ნედვედმა და სხვა დანარჩენმა ფეხბურთელებმა.

2006 წლის 16 სექტემბერს, სერია B-ს მატჩის დაწყებამდე - ვიჩენცას წინააღმდეგ, ტრეზეგე დააჯილდოვეს სამახსოვრო მედლით გატანილი 125 გოლისთვის. 2007 წლის 19 მაისს, არეცო გამარჯვებით ანგარიშით 5-1, როდესაც ტრეზეგემ გაიტანა მეხუთე გოლი, იუვენტუსმა გაინაღდა ადგილი სერია A-ში გადასასვლელად. სერია B-ს ბოლო მატჩი იუვენტუსმა ჩაატარა სპეციას წინააღმდეგ, სადაც ტრეზეგემ გაიტანა გოლი და ხელის ჟესტებით მიმართა იმ დროის იუვენტუსის პრეზიდენტს - ხელებით აჩვენა - 15, რაც ნიშნავდა მის მიერ გატან მე-15-ე გოლს მიმდინარე სეზონში, შემდგომ ხელების ჟესტიკულაციით მან გამოხატა სათქმელი, რაც იტალიურად ნიშნავს "მე ვტოვებ აქაურობას." თუმცა 2007 წლის 25 ივნისს იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა ტრეზეგესთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2011 წლამდე.

სერია A-ს 2007-08 წლების სეზონის ბოლო ტურში სამპდორიასთან მატჩში, ალესანდრო დელ პიეროს მიერ გატანილი პირველი გოლის შემდგომ დაინიშნა პენალტი იუვენტუსის სასარგებლოდ, იმ კონკრეტული დროისთვის ბომბარდირთა დავას ალესანდრო დელ პიერო 20 გოლითა და დავიდ ტრეზეგე 19 გოლით ლიდერობდა, დელ პიერომ მას დაუთმო პენალტის შესრულება რათა გათანაბრებოდნენ გოლებით ერთმანეთს ბომბარდირთა დავაში, ეს პენალტი დავიდმა გამოიყენა. მოგვიანებით დაინიშნა მეორე პენალტი იუვენტუსის სასარგებლოდ რომელიც დელ პიერომ შეასრულა და გოლი გაიტანა, შედეგად სულ ჯამში ტრეზეგემ გაიტანა 20 გოლი და ბომბარდირთა სიაში 2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა, ალესანდრო დელ პიერომ 21 გოლით. იუვენტუსმა დაიკავა მესამე ადგილი რითაც გაინაღდა ადგილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდგომ.

2008-09 წლების სეზონში ტრეზეგემ მიიღო ტრავმა, რის გამოც ნახევარი სეზონის მანძილზე ვერ შესძლო თამაში. 2009 წლის 4 თებერვალს ის დაბრუნდა იტალიის თასის გათამაშებაში ნაპოლის წინააღმდეგ, სადაც დავიდმა გაიტანა გოლი რომელიც არ ჩათვალა შეხვედრის მსაჯმა საკამათო ვითარებაში. მიუხედავად ამისა, ტრეზეგემ ამავე მატჩის პენალტების სერიაში გამოიჩინა თავი გატანილი გოლით, რომელშიც იუვენტუსმა გაიმარჯვა ანგარიშთ 4-3. თებერვლის მიწურულს ტრეზეგემ მოახერხა გაეტანა პირველი გოლი პალერმოსთან მატჩში, რომელშიც მისი კარიერის მანძილზე პირველად ატარებდა კაპიტნის სამკლაურს.

2009 წლის 9 დეკემბერს, ტრეზეგემ იუვენტუსის მაისურით, გაიტანა 168-ე გოლი ბაიერნ მიუნხენის წინააღმდეგ 2009-10 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რითაც მან ჩამოიტოვა იუვენტუსის ლეგენდა ომარ სივორი, რომელიც იუვენტუსში გატანილი 167 გოლით დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა იუვენტუსის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი გოლეადორის სიაში. ტრეზეგემ იუვენტუსში გაიტანა 171 გოლი და დღემდე ლიდერობს ამ სიას.

2010 წლის აგვისტოში, ტრეზეგემ 12 თვით ადრე გააუქმა კონტრაქტი იუვენტუსთან.

ჰერკულესი

რედაქტირება

2010 წლის 30 აგვისტოს ტრეზეგემ გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი ესპანურ გუნდთან, ჰერკულესთან, რომელიც მონაწილეობდა ლა ლიგაში. 2010 წლის 11 სექტემბერს, ტრეზეგეს დებიუტი, ბარსელონას წინააღმდეგ შედგა, სადაც ჰერკულესმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0, ასევე ტრეზეგემ მიიღო ყვითელი ბარათი ამ მატჩში. მისი დებიუტიდან 8 დღის შემდეგ გაიტანა ჰერკულესის მაისურით პირველი გოლი საპენალტო დარტყმით, ვალენსიას კარში, რომელშიც ჰერკულესი დამარცხდა ანგარიშით 2-1. ტრეზეგემ ჰერკულესში ჩაატარა 31 შეხვედრა და გაიტანა 12 გოლი.

2011 წლის 30 აგვისტოს ტრეზეგე ერთწლიანი კონტრაქტით, გადაბარგდა არაბულ გუნდ ბანიასში, სადაც ტრავმის მიღებამდე მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოახერხა. ტრავმის გამო კონტრაქტი ორივე მხარის შეთანხმებით შეწყდა.

რივერ პლეიტი

რედაქტირება
 
ტრეზეგე რივერ პლეიტში, 2012 წელს.

2011 წლის 19 დეკემბერს, დავიდმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა არგენტინულ კლუბთან - რივერ პლეიტთან, 2013 წელს ის გადავიდა ასევე არგენტინულ კლუბში - ნიუელს ოლდ ბოისში.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ტრეზეგე გახდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავის ფრანგ თანაგუნდელებთან ერთად სადაც ფინალში დაამარცხეს ბრაზილია ანგარიშით 3-0. ტრეზეგემ ჩემპიონატზე ერთი გოლის გატანა შესძლო. 2 წლის შემდეგ, საფრანგეთი გახდა 2000 წლის ევროპის ჩემპიონი სადაც იტალიელები დაამარცხეს 2-1 დამატებით დროში ოქროს გოლით, რომელიც გაიტანა ტრეზეგემ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი გავიდა ფინალში სადაც პენალტების სერიაში დამარცხდნენ იტალიელებთან. საპენალტო დარტყმა ვერ გამოიყენა დავიდმა.

2008 წლის 9 ივლისს ტრეზეგემ მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა სადაც ისაუბრა მთავარ მიზეზზე: "საშინელი იყო ევრო 2008 და მწვრთნელის პოსტზე დატოვება." და ასევე მან დაამატა: "საფრანგეთში, მე ფეხბურთს ვხედავ სხვაგვარად, განსხვავებით რას ხედავენ ისინი. ევრო 2008 იყო ნეგატიური, მაგრამ მე დომენეკის მწვრთნელის პოსტზე დატოვებამ უფრო მეტად გამაღიზიანა."

მიღწევები

რედაქტირება

სანაკრებო

რედაქტირება
  საფრანგეთი
  მონაკო
  იუვენტუსი
  რივერ პლეიტი

ინდივიდუალური

რედაქტირება
    • ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1997-98
    • უეფას საუკეთესოთა გუნდი: 2001
    • სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2001-02
    • სერია A-ს წლის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 2001-02
    • სერია A-ს ბომბარდირი: 2001–02
    • ფიფა 100
    • რაინდის წოდება, საპატიო ლეგიონის ორდენი: 1998

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება