ქარი
ქარი — ჰაერის მოძრაობა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის თითქმის პარალელურად. ჩვეულებრივ, ქარში გულისხმობენ ამ მოძრაობის ჰორიზონტალურ მდგენელს, ზოგჯერ — ვერტიკალურსაც. მეტწილად ვერტიკალური მიმართულებით ჰაერის მასების მოძრაობის სიჩქარეზე ჰორიზონტალურზე ნაკლებია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აღწევს მნიშვნელოვან სიდიდეს: ღრუბლებში ძლიერ განვითარებული კონვექციის დროს ან მთის კალთებზე ჰაერის დაშვებისას.
ქარი წარმოიქმნება ატმოსფეროში წნევის არათანაბარი ჰორიზონტალური განაწილების გამო. ჰაერის მოძრაობაზე მოქმედებს კორიოლისის ძალა, ხახუნის ძალა, მრუდ-ხაზოვანი ტრაექტორიის დროს — ცენტრიდანული ძალაც.
ხახუნის ძალის გავლენა მნიშვნელოვანია მხოლოდ ატმოსფეროს ქვედა ფენაში, ე.წ. ხახუნის ფენაში (1000-1500 მ სიმაღლემდე). ხახუნის ფენის ზევით, თავისუფალ ატმოსფეროში, ქარი თითქმის გეოსტროფულ ქარს წარმოადგენს.
ქარს ახასიათებს მიმართულება და სიჩქარე. მიმართულებად ითვლება ჰორიზონტის მხარე, საიდანაც იგი ქრის (გამოსახავენ აზიმუტით ან რუმბებით); სიჩქარე გამოისახება მ/წმ, კმ/სთ, კვანძებით ან ბალებით ბოფორტის სკალის მიხედვით. დედამიწის ზედაპირთან ქარს აკვირდებიან ანემომეტრით, ანემოგრაფით, ფლუგერითა და სხვ; თავისუფალ ატმოსფეროში — ბურთ-პილოტით. ქარის სიჩქარესა და მიმართულებას ხმელეთის ზედაპირზე აქვს მკაფიოდ გამოხატული დღეღამური სვლა; ღამით ქარის სიჩქარე მინიმუმს აღწევს, ნაშუადღევს — მაქსიმუმს.
ზღვაზე დღეღამური სვლა არ შეიმჩნევა. ქარის სიჩქარის წლიური სვლა არსებითად დაკავშირებულია ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის თავისებურებებთან. დედამიწის ზოგიერთ ადგილას იცის ადგილობრივი ქარები (ბორა, ბრიზი, სიროკო, ფიონი, სამუმი და სხვა), რომლებიც დაკავშირებულია ატმოსფერული ადგილის ცირკულაციასთან, ადგილის რელიეფთან და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 489.