აგვისტო
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
აგვისტო (ლათ. Augustus; ძვ. სახელები: მარიამობისთვე, ქველთობისა) — გრიგორიანული და იულიანური კალენდრების მერვე თვე. მოქცეულია ივლისსა და სექტემბერს შორის. აგვისტოში 31 დღეა.
ამ თვეს, თავდაპირველად, ლათინურად, სექსტილისი ერქვა, რადგანაც ორიგინალურ რომაულ ათთვიან კალენდარში, რომელიც რომულუსმა შემოიღო ძვ. წ. 753 წელს და რომელშიც წელიწადი მარტში იწყებოდა, მეექვსე ადგილი ეკავა (სექს — ლათინურად „ექვსი“). ძვ. წ. 700 წლისათვის, იგი მერვე თვე გახდა, მას შემდეგ, რაც რომის მეფე ნუმა პომპილიუსმა კალენდარში მარტამდე იანვარი და თებერვალი ჩაამატა. მან, ასევე, თვეს 29 დღე მიაკუთვნა. იულიუს კეისარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს იულიუსის კალენდარი შემოიღო, თვეს 2 დღე დაუმატა, რითაც მან თავისი დღევანდელი სიგრძე, 31 დღე მიიღო. ძვ. წ. 8 წელს მას, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად, აგვისტო უწოდეს (ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, მას ერთი დღე თებერვლისაგან არ აუღია). სენატის გადაწყვეტილების მიხედვით, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, საამისოდ ეს თვე იმიტომ შეირჩა, რომ ავგუსტუსის ტრიუმფის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ეგვიპტის დაპყრობის ჩათვლით, სწორედ ამ თვეს ემთხვეოდა.[1] ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით „ქველთობისა“ ერქვა. შემდეგ აგვისტოს პარალელურად „მარიამობისთვე“ გავრცელდა.
აგვისტო არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
აგვისტოს ზოდიაქოს ნიშნებია ლომი და ქალწული.
აგვისტო იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც თებერვალი მხოლოდ ნაკიან წელს.
ქველთობისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორნელი კეკელიძე ქველთობისას 2 ივლისი — 31 ივლისით საზღვრავდა[2].
კ. კეკელიძის აზრით[3] „ქუელთობისაჲ“ (თთუე), სახელობითი ბრუნვა — „ქუელთობა“. მისი მოსაზრებით შეცდომაა სახელწოდება ქუელთობისას პირველი ნაწილის „ქუე“-ს „ქვე“-დ და შესაბამისად მისგან ქველის წარმოება და მასზე აპელირება. პირვანდელი ფორმაა „ქუე“, რომელიც კავშირშია ირანული წარმართული კალენდრის ერთ-ერთ თვესთან „ფარვარდინთან“, რომლის დროსაც იმართებოდა ქვესკნელთა მყოფთა დღესასწაული — „ფრავარტა“.
„არესრულა წმიდაჲ იგი ქრისტჱს მოწამჱ თთუესა ივლისსა, რომელ არს ქუელთობისაჲ, მეცხრესა ინდიქტიონსა[4].“
|
„წელსა პირველსა დევნულებისა ჩუენისასა, უწინარჱს რვისა დღისა ქუელთობისასა, კესარიას პირველი მოწამეთაჲ პალესტინეს გამოჩნდა პროკოპი... ესე დღჱ ოთხშაბათი იყო, მერვჱ ქუელთობისაჲ, უწინარჱს რვისა ჟამთა იულისათა, რომელსა ჰრქჳან ჰრომაებრ[5].“
|
„მაშინ მოჰკუეთეს თავები ორასთა მათ თთუესა ქუელთობისასა ოცდარვასა, დღესა კჳრიაკესა, ჟამსა მესამესა[6].“
|
აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 216 : მეორე პუნიკური ომი — კანების ბრძოლა;
- ძვ. წ. 30 : ეგვიპტე რომის პროვინცია გახდა;
- 70 : რომაელებმა იერუსალიმი აიღეს და მეორე ტაძარი დაანგრიეს;
- 79 : ვეზუვის ამოფრქვევა, პომპეის და ჰერკულანუმის განადგურება;
- 988 : რუსებმა ქრისტიანობა მიიღეს;
- 1483 : გაიხსნა სიქსტეს კაპელა;
- 1572 : პარიზში წმინდა ბართლომეს ღამე მოხდა;
- 1806 : საღვთო რომის იმპერიის აღსასრული;
- 1830 : ტახტზე უარი თქვა საფრანგეთის მეფე შარლ X-მ;
- 1832 : ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს;
- 1869 : იაპონიაში სამურაების კლასი გაუქმდა;
- 1934 : ჰილტერი გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა;
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი — ამერიკელებმა ჰიროსიმაზე და ნაგასაკიზე ატომური ბომბები ჩამოაგდეს;
- 1960 : ნიგერია საფრანგეთისგან დამოუკიდებელი გახდა;
- 1991 : საბჭოთა კავშირი დაიშალა.
- 2008 : რუსეთ-საქართველოს ომი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 53.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Year of Julius Caesar, A Dictionary of Greek and Roman Antiquities (1890), William Smith, LLD, William Wayte, G. E. Marindin, Ed..
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
- ↑ ათონ. №57, გვ. 368
- ↑ A 95, გვ. 951
- ↑ ათონ. №57, გვ. 324