ატომური მასა
ატომური მასა, ატომური წონა (ma) — მასის ატომური ერთეულებით გამოსახული ატომის მასის მნიშვნელობა. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში წონის ერთეულია — კილოგრამი, თუმცაღა ფაქტობრივად გამოიყენება სისტემგარეშე ერთეული — მასის ატომური ერთეული.
ატომური მასის გაზომვისათვის განსაკუთრებული სიდიდის გამოყენება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ატომთა მასა ძალიან მცირეა (10−22 — 10−24 გ) და გრამებში მისი გამოსახვა მოუხერხებელია. ატომური მასის ერთეულად მიღებულია ნახშირბადის 12C იზოტოპის ატომის მასის 1/12 ნაწილი. ნახშირბადის ერთეულის (ნ. ე.) მასა (1,66043±0,00031)·10−24 ტოლია. აღნიშNული სისტემგარეშე მასის საზომი ერთეულმა მიიღო სახელწოდება — მასის ატომური ერთეული (მ. ა. ე.) ან დალტონი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატომური მასის ცნება ჯ. დალტონმა შემოიტანა 1803 წელს. მასვე ეკუთვნის ატომური მასის განსაზღვრის პირველი ცდები. ჯ. დალტონმა ატომური მასის ერთეულად წყალბადის ატომის მასა (წყალბადის სკალა) მიიღო. 1906 წელს ატომური მასის ერთეულად ქიმიკოსებმა ჟანგბადის ატომური მასის 1/16 ნაწილი (ჟანგბადის სკალა) მიიღეს. მოგვიანებით, ჟანგბადის იზოტოპების (16O, 17O, 18O) აღმოჩენის შემდეგ, შემოიღეს ორი სკალა: ქიმიური, რომლის მიხედვით ატომურ მასას გამოსახავდნენ ბუნებრივი ჟანგბადის ატომური მასის საშუალო მნიშვნელობის 1/16 ნაწილის ტოლი ერთეულით, და ფიზიკური , რომლის მიხედვით ატომური მასის ერთეულად მიღებული იყო ჟანგბადის იზოტოპის 16O ატომური მასის 1/16 ნაწილი. ორი სკალის გამოყენება უხერხულობას ქმნიდა, ამიტომ 1961 წლიდან მიღებულია ერთიანი, ნახშირბადის სკალა. უნიფიცირებული ნახშირბადის სკალით მოცემული ატომური მასა 1,000043-ჯერ მეტია, ვიდრე ქიმიური სკალით განსაზღვრული ატომური მასის მნიშვნელობა. ატომური მასის ზუსტი (0,001%-მდე უფრო ზუსტი) განსაზღვრა შეიძლება მას-სპექტროსკოპული მეთოდით.
სტანდარტული ატომური მასა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქიმიური ელემენტის ატომური მასა (ასევე „საშუალო ატომური მასა“, „სტანდარტული ატომური მასა“) წარმოადგენს, ამ კონკრეტული ელემენტის, ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილური და არასტაბილური ელემენტთა საშუალო შეწონილ მასას, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. სწორედ აღნიშნული ატომური მასის სიდიდეა წარმოადგენილი დ. მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. მონოიზოტოპური ელემენტთათვის (როგორებიცაა: იოდი, ოქრო და სხვ.) ელემენტის ატომური მასა ემთხვევა ბუნებაში არსებულ მის ერთადერთი იზოტოპის ატომურ მასას. ბუნებაში არარსებულ და სინთეზირების გზით მიღებულ იმ ელემენტთა ატომური მასები (როგორებიცაა: ტეხნიცი, კიური და სხვ.), ელემენტთა პერიოდულ სისტემაში პირობითად წარმოდგენილია აღნიშნული ელემენტის ყველაზე სტაბილური იზოტოპი კვადრატულ ფრჩხილებში.
ატომური მასების ყველაზე ზუსტი სიდიდეები ქვეყნდება იუპაქის ეგიდით გამოცემულ პუბლიკაციებში.
ატომის ფარდობითი მასა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატომის ფარდობითი მასა (მოძველებული სახელწოდება — ატომური წონა) — ატომის მასის მნიშვნელობა, გამოხატული მასის ატომურ ერთეულებში, განისაზღვრება, როგორც მოცემული ელემენტის ატომის ფარდობა ნახშირბადის იზოტოპის 12C ნეიტრალური ატომის 1/12- თან.
მოლეკულური (მოლური) მასა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლეკულის მასის მნიშვნელობა, რომელიც გამოსახულია მასის ატომური ერთეულებით, უდრის მოლეკულის შემადგენლობაში შემავალი ყველა ატომის მასების ჯამს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 679.