ბალკანეთის მეორე ომი
ბალკანეთის მეორე ომი (1913 წლის 29 ივნისი — 10 აგვისტო) — ბულგარეთის ომი სერბეთთან, რუმინეთთან საბერძნეთთან, ჩერნოგორიასთან და ოსმალეთთან, რომლის მიზეზი იყო მოკავშირეთა ბანაკში არსებული წინააღმდეგობანი. კონფლიქტის ძირითად საბაბად მაკედონიის ტერიტორია იქცა. სერბეთი, რომელმაც ვერ მიიღო გასასვლელი ადრეატიკის ზღვაზე, საკომპენსაციოდ თითქმის მთელ მაკედონიას ითხოვდა. მას მხარს უჭერდა საბერძნეთი და ამ შემთხვევაში უპირისპირდებოდა ბულგარეთს, რომელიც კარგავდა I ომში მოპოვებულ ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს. საბერძნეთმა და სერბეთმა 1 ივნისს დადეს ფარული შეთანხმება ბულგარეთის წინააღმდეგ, მათ შეუერთდა რუმინეთიც, რომელიც ბულგარეთისგან დობრუჯას მოითხოვდა. 30 ივნისს ბულგარელებმა მაკედონიაში დაიწყეს შეტევა სერბებისა და საბერძნეთის ჯარების წინააღმდეგ, ბულგარელები დამარცხდნენ. 10 ივლისს ომში ჩაება რუმინეთი. ჩრდილოეთ ბულგარეთში ბულგარელების არმია არ ჰყავდათ და სოფიისკენ მიმავალ გზაზე რუმინელები წინააღმდეგობას არ ხვდებოდნენ. ბულგარეთის წინააღმდეგ ჩერნოგორიაც ამხედრდა. ანტიბულგარულ კოალიციას შეუერთდა ოსმალეთიც, რომელსაც სურდა ესარგებლა ბულგარეთის მძიმე მდგომარეობით და I ომში დაკარგული ტერიტორიის ნაწილი მაინც დაიბრუნა. მან დაარღვია 1913 წლის ლონდონის ხელშეკრულება და 21-22 ივლისს დაიკავა ადრიანოპოლი. ბულგარეთი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით (1913) მან დაკარგა ახლად შემოერთებული ტერიტორიები მაკედონიასა და თრაკიაში, აგრეთვე სამხრეთ დობრუჯა. სერბებმა მიიღეს მაკედონიის სადავო ტერიტორია, რუმინეთმა - სამხრეთ დობრუჯა; საბერძნეთმა სამხრეთ მაკედონია, ეპირი, სალონიკი, დასავლეთ თრაკიის ნაწილი და ეგეოსის ზღვის თითქმის ყველა კუნძული. 1913 წლის კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე ოსმალეთმა დაიბრუნა ადრიანოპოლი და აღმოსავლეთ თრაკიის ნაწილი. ბალკანეთის ქეყნების გამარჯვებას ოსმალეთზე დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ბალკანეთის ხალხების განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან ამ ნაშთების ლიკვიდაციის ყველაზე დიდი საწინდარი იყო. ბალკანეთის ომებმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ანტანტას და სამთა კავშირს შორის და ამით დააჩქარა პირველი მსოფლიო ომის დაწყება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 175.