ბზა
ბზა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Buxus | ||||||||||||
|
ბზა (ლათ. Buxus) — ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები.
შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (ლათ. Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (ლათ. Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (ლათ. Buxus microphylla); იაპონური ბზა (ლათ. Buxus japonica) და ბალეარული ბზა (ლათ. Buxus balearica).
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი - 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით.
ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია.
თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ "კამასი" (ლათ. Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum
-
ბზა კოლხური Buxus colchica kolchischer Buchsbaum
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 352.