ბინდუსარა
ბინდუსარა — მაურიების სახელმწიფოს მეორე იმპერატორი, მეფობდა ძვ. წ. 298—272 წლებში ჩანდრაგუპტა მაურიას შემდგომ. ბერძნულ წყაროებში ის მოიხსენიება სახელით — ამიტროჰატი (ინდურად ამიტრაგჰატა) მისი ტიტულის მიხედვით, ესე იგი "საკუთარ მტერთა მკვლელი".
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბინდუსარამ მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი იმპერია, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ინდოეთს, ავღანეთის ნაწილს და ბელუჯისტანს. მან შეძლო იმპერიის კიდევ უფრო გაფართოება სამხრეთით, კარნატაკას ტერიტორიებამდე, დაიმორჩილა თექვსმეტი სახელმწიფო და გახდა ორ ზღვას შუა — არაბეთის ზღვას და ბენგალიის ყურეს შორის მდებარე მიწების მპყრობელი.
ბინდუსარა არ ებრძოდა მეგობრულად განწყობილ დრავიდულ სამეფოებს, როგორიცაა ჩოლა, პანდია და ჩერა. მხოლოდ კალინგას სამეფო (თანამედროვე ორისა) არ შედიოდა მის იმპერიაში და ის მისმა ვაჟმა აშოკამ დაიპყრო.
ბინდუსარა თავის მამის მსგავსად მხარს უჭერდა ელინისტურ ეგვიპტესთან და სელევკიდების სირიასთან მჭიდრო ურთიერთობას. სტრაბონი გადმოგვცემს, რომ პატალიპუტრაში მივლინებული იყო სელევკიდების ელჩი — დეიმაქსი. საინტერესო ფაქტებზე გვიამბობს ათენიუს ნავკრატიელი სელევკიდების მეფე ანტიოქოსის და ინდოეთის მეფე ბინდუსარას ძღვენთა გაცვლის შესახებ. ბინდუსარას თხოვნით მიუმართავს ანტიოქოსისათვის — გაეგზავნა მისთვის ტკბილი ღვინო, გამხმარი ლეღვი და ფილოსოფოსი–სოფისტი. პასუხად, ანტიოქოსი შეპირებია მხოლოდ ღვინისა და გამხმარი ლეღვის გაგზავნას.
ბინდუსარა მამისგან განსხვავებით არ ეწეოდა ჯაინიზმის მხარდაჭერას. ის მხარს უჭერდა ფილოსოფიურ-ასკეტურ მოძრაობას აჯივიკს. ეს იყო ანტიბრაჰმანული და ათეისტური ფილოსოფია. მამამისის მრჩეველი ფილოსოფოსი ჩანაკია აგრძელებდა მის სამეფო კარზე პრემიერ-მინისტრობას.
მისი მმართველობის დროს ორჯერ აჯანყდა ქალაქი ტაქსილა. ქალაქის შემორიგება საბოლოოდ მოახერხა აშოკამ მამის სიკვდილის შემდეგ.
პურანის თანახმად ბინდუსარა მეფობდა 25 წელი. მამის სიკვდილის შემდეგ მის ვაჟებს შორის დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ბოლოსდაბოლოს, პატალიპუტრას ტახტის მფლობელი გახდა აშოკა