გეოფიზიკა
გეოფიზიკა — მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის მთლიანად დედამიწის ფიზიკურ თვისებებსა და მის მყარ, თხევად და აირის გარსებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. გეოფიზიკა განეკუთვნება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ჯგუფს და ფართოდ სარგებლობს კვლევის ფიზიკური და მათემატიკური მეთოდებით. გეოფიზიკა იყოფა სამ დიდ ნაწილად: დედამიწის ფიზიკა (იგულისხმება დედამიწის მყარი ნაწილი), ჰიდროფიზიკა, ატმოსფეროს ფიზიკა, რომლებიც თავის მხრივ, მოიცავენ ცალკეულ გეოფიზიკურ დისციპლინებს; გამოყენებით გეოფიზიკას განეკუთვნება ძიების გეოფიზიკური მეთოდები, რომლებითაც ბუნებრივ და ხელოვნურ ფიზიკურ ველებზე დაკვირვების გზით იკვლევენ დედამიწის ქერქისა და მისი შიგნეთის აგებულებას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს და საინჟინრო გეოლოგიის საკითხებს.
თანამედროვე გეოფიზიკა დიდი როლს თამაშობს დედამიწის შინაგანი აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საქმეში. დედამიწის შედარებით დიდი სიღრმეები უშუალო დაკვირვებისათვის (სამთო გამონამუშევრებით, ბურღვით) პრაქტიკულად მიუწვდომელია. გეოფიზიკური დაკვირვებები კი ისეთ მასალას გვაწვდის, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა საკმაოდ სარწმუნო წარმოდგენა ვიქონიოთ დედამიწის შინაგან აგებულებასა და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე.
დედამიწის ფიზიკის ძირითადი დარგებია: დედამიწის მაგნეტიზმი, რომელიც შეისწავლის დედამიწის მაგნიტურ ველს, მის სივრცობრივ განაწილებას და დროში ვარიაციებს; სეისმოლოგია სწავლობს მიწისძვრების წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, მათ გამოვლინებას დედამიწის ზედაპირზე, სეისმური (დრეკადი) ტალღების ბუნებასა და დედამიწის წიაღში მათ გავრცელებას, მიწისძვრის კერებში მიმდინარე პროცესებს, დედამიწის ქერქის სუსტ რყევებს, ანუ მიკროსეისმებს.
მიწისძვრების თანამგზავრ მოვლენებს, სეისმოლოგიური დაკვირვებები ძირითადად სტაციონარულ სეისმურ სადგურებში მიმდინარეობს, ხოლო ცალკეულ მძლავრ მიწისძვრებს, მათ ნგრევით მოქმედებას და დედამიწის ქერქში მომხდარ დეფორმაციებს საგანგებოდ სწავლობენ.
დედამიწის სეისმურობის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მშენებლობის რაციონალურად წარმართვისათვის (სეისმომედეგი ანუ ანტისეისმური მშენებლობა). სეისმური დაკვირვებები საშუალებას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ დედამიწის ქერქისა და მისი შიგნეთის აგებულებაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 89-90.
|
|