გნოსტიციზმი
გნოსტიციზმი (ძვ. ბერძნ. γνωστικός [gnōstikos] — „შემმეცნებელი, მცოდნე“) — ადრინდელი ქრისტიანობის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.
გნოსტიციზმი ქრისტიანობის დოგმატურ დებულებებთან ნეოპლატონიზმისა და პითაგორეიზმის ზოგიერთი ელემენტის მორგების მცდელობაა და მთლიანობაში წარმოადგენს სხვადასხვა აღმოსავლური აღმსარებლობის (იუდაიზმი, ზოროასტრიზმი, ბაბილონური და ეგვიპტური რელიგიები), ქრისტიანობის, ბერძნული ფილოსოფიისა და მისტერიული კულტების სინთეზს. წარმოიშვა ახ. წ. I საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში (სირიაში, სამარიაში ან ალექსანდრიაში).
ორთოდოქსული ქრისტიანობა გნოსტიზიმს ერეტიკულ მოძღვრებად თვლიდა და ებრძოდა მას. დიდი ხნის მანძილზე გნოსტიკური თხზულებები მკითხველთათვის უცნობი იყო. გნოსტიციზმის შინაარსს უმთავრესად ეცნობოდნენ ირინეუს ლიონელისა და იპოლიტეს პოლემიკური ხასიათის თხზულებებით. XX საუკუნის 40-იან წლებამდე მთავარ გნოსტიკურ თხზულებად კოპტურ ენაზე გამოცემული „პისტის სოფია“ ითვლებოდა. გნოსტიციზმის მთავარ წარმომადგენლებად ითვლებიან II ს-ის მოღვაწეები: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვ. გნოსტიციზმმა თავისი განვითარების უმაღლეს დონეს II საუკუნეში მიაღწია. 1945 წელს ეგვიპტეში, ქ. ნაგ-ჰამადიში გნოსტიკური თხზულებების ორიგინალების აღმოჩენამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მის მიმართ.
საკუთრივ გნოსტიციზმში გამოიყოფა სამი ძირითადი მიმდინარეობა:
- I–III საუკუნეების ქრისტიანული გნოსტიციზმი – ცნობილი ადრექრისტიანული ერესოგრაფებისა და ნაგ-ჰამადში მიკვლეული ტექსტებით;
- იმავე ეპოქის წარმართული გნოსტიციზმი;
- მანდეიზმი (არამეულად მანდაგნოსის) და სემიტურ-ბაბილონურ ნიადაგზე დამოუკიდებლად განვითარებული გნოსტიციზმი. ჩვენ დრომდე შემორჩენილია ერთადერთი გნოსტიკური სექტა ერაყში.
გნოსტიციზმის მთავარი ტენდენციაა, შექმნას ისეთი მოძღვრება, რომელიც გააერთიანებს ქრისტიანობას, წარმართობასა და იუდაიზმს; აღემატება მათ და დაემყარება ფილოსოფიურ საფუძველს. გნოსტიციზმის ძირითადი იდეაა ღმერთის ბუნებიდან ყველა სულიერი არსების გამომდინარეობა (ემანაცია). ღმერთი მოიაზრება როგორც „ყოფიერების სისრულე“, პლერომა, სადაც ემანაციის ყოველი მომდევნო საფეხური, მსგავსად ნეოპლატონიზმისა, ნაკლებად სრულყოფილია, ვიდრე წინამორბედი; საბოლოო მიზანი კი ყოველი სულიერი არსების ღვთაების წიაღში დაბრუნებაა (მონანიება). ამგვარად, გნოსტიკოსებს, უპირატესად, სჯეროდათ ერთიანი, მიზანშეწონილი სამყაროს არსებობისა, რომელიც იხსნის არა ყველა არსებას, არამედ მხოლოდ „გონით“ ადამიანებს, „პნევმატიკოსებს“. მატერია გნოსტიკოსებისათვის ბოროტებაა, ცოდვის წყაროა, რომელიც უნდა გადაილახოს. ქრისტე არის მხსნელი, მაგრამ მის გზას მხოლოდ „პნევმატიკოსები“ მიჰყვებიან. „სულის“ ადამიანები მხოლოდ რწმენას აღწევენ, შემეცნება მათთვის უცხოა. „ხორცის“ ადამიანები კი გრძნობიერების ტყვეობაში რჩებიან.
გნოსტიციზმმა გავლენა მოახდინა არაორთოდოქსულ ქრისტიანულ მისტიკაზე (მაგ., იაკობ ბოემე, ფრანც ქსავერ ფონ ბაადერი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი), ანთროპოსოფიასა და თეოსოფიაზე. გარკვეულ გნოსტიკურ იდეებს ავითარებდნენ: რუსი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი და გერმანელი ლეოპოლდ ციგლერი. საქართველოში გნოსტიკურ პრობლემატიკაზე მუშაობდა მოსე გოგიბერიძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარათელი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 52.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
- პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002