გრაიზენი
გრაიზენი (გერმ. Greisen) — პნევმატოლითურ-ჰიდროთერმული მეტასომატური წარმოშობის ქანი. ძირითადად შეიცავს კვარცს, თეთრ ქარსებს, ტურმალინს, ტოპაზსა და ფლუორიტს, აგრეთვე კასიტერიტს, ვოლფრამიტს, ბერილს, მოლიბდენიტს და სხვა მადნეულ მინერალებს.
გრაიზენის მთავარი მინერალის მიხედვით განარჩევენ გრაიზენის ფაციესებს: კვარციანს, ტურმალინ-კვარციანს, ტოპაზ-კვარციანს, ფლუორიტ-კვარციანს, მუსკოვიტ-კვარციანს. გრაიზენი წარმოიქმნება უმთავრესად გრანიტოიდების, იშვიათად მჟავე შედგენილობის ეფუზივების, არკოზული ქვიშაქვებისა და მეტამორფული ქანების მეტასომატური შეცვლის — გრაიზენიზაციის — შედეგად. ჩვეულებრივ გრაიზენი ქმნის უსწორო ფორმის სხეულებს გრანიტოიდებში, უმთავრესად ინტრუზივის კიდურ ნაწილში.
გრაიზენთან ხშირად გენეტურადაა დაკავშირებული Sn, W, Mo, Be და სხვა საბადოები. ამიტომ გრაიზენიზირებული ქანები ამ საბადოების ერთ-ერთი ძებნითი ნიშანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 248.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრაიზენი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)