შინაარსზე გადასვლა

გრენლანდიის ზღვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრენლანდიის ზღვა
იან-მაიენის სანაპირო
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
გეოგრაფიული კოორდინატები 76°13′37″ ჩ. გ. 2°06′34″ დ. გ. / 76.22694° ჩ. გ. 2.10944° დ. გ. / 76.22694; -2.10944
ფართობი 1,195,000 კმ²
მოცულობა 1,747,250 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 1444 
უდიდესი სიღრმე 4846 
კლიმატი ზღვიური პოლარული
მოქცევა ნახევარდღეღამური
სიმაღლე 4,4 
ნავსადგური ლონგირი
ბარენცბურგი
აკურეირი
გრენლანდიის ზღვის მდებარეობა
გრენლანდიის ზღვის მდებარეობა

გრენლანდიის ზღვა (დან. Grønlandshavet; ისლ. Grænlandshaf) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის[1] განაპირა ზღვა გრენლანდიის, ისლანდიის, იან-მაიენის, დათვისა და შპიცბერგენის კუნძულებს შორის. ფართობი 1,195,000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4846 მ, საშუალო სიღრმე 1444 მ. წყლის მოცულობა 1,747,250 კმ³. სახმელეთო საზღვრები არც თუ ისე დიდია და თავისუფლად უკავშირდება მეზობლად მდებარე ნორვეგიის ზღვას. შპიცბერგენსა და დათვის კუნძულებს შორის არსებული სრუტე გრენლანდიის ზღვას აკავშირებს ბარენცის ზღვასთან; გრენლანდიასა და შპიცბერგენს შორის მდებარე სრუტე — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან, ხოლო დანიის სრუტეატლანტის ოკეანესთან.

ფსკერის აგებულების მიხედვით, გრენლანდიისა და ნორვეგიის ზღვები ერთიან აუზს წარმოადგენენ, რომლებიც ერთმანეთს შუა ოკეანური ქედის მეშვეობით უკავშირდებიან. ქედის ორივე მხარეზე ღრმა ქვაბულებია წარმოდგენილი, რომლებიც შემოფარგლულია წყალქვეშა ამაღლებებით. დასავლეთი შპიცბერგენის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაპირები გრენლანდიის ზღვის ქვაბულს გამოჰყოფს ჩრდილოეთი ყონულოვანი ოკეანის ქვაბულებისაგან. შელფი ისლანდიის სანაპიროსთან გადაჭიმულია 90-100 კმ-ზე და დანაწევრებულია წყალქვეშა ხეობებით. გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან შელფის სიგანე 90-იდან 340 კმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დასავლეთ შპიცბერგენთან სიგანე 30-60 კმ-მდეა.

დათვის კუნძულთან იქმნება ფართო ბორცვნალი პლატო — დათვის მარჩხობი. გრენლანდიის ზღვის ფსკერი გრენლანდიის ქედის მეშვეობით დაყოფილია 2 ღრმა ქვაბულად, რომელთაგან ერთი ჩრდილოეთური — 3100-3200 მ სიღრმისაა, ხოლო მეორე, სამხრეთული — 3500-3700 მ-ის. მაღალ განედებში მდებარეობა პოლარული წრის იქით და ცენტრალური არქტიკის აუზთან და ატლანტის ოკეანესთან კავშირის გამო ყალიბდება გრენლანდიის ზღვის კლიმატის ძირითადი ნიშნები. მთლიანობაში კლიმატი ზღვიურ პოლარულია, დამახასიათებელია ხანგრძლივი მკაცრი ზამთარი და მოკლე ცივი ზაფხული, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი სეზონური ცვლილებებით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთრობით –25°C-იდან –30°C-მდეა, ზაფხულობით 0°C-იდან 6°C-მდე. ხშირია ნისლი. დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ აღმოსავლეთ გრენლანდიის ცივი დინება გადის, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ — შპიცბერგენის თბილი დინება. წყლის საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე თებერვალში –1°C-ზე დაბალია, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1-იდან 2-მდე; აგვისტოში ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში 0°C-ზე დაბალია, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში 6°C; ფსკერზე ტემპერატურა –1°C-ზე დაბალია.

წლის განმავლობაში იმყოფება ისლანდიის მინიმუმის, აზორის მაქსიმუმისა და პოლარული ოლქის მომატებული წნევის გავლენის ქვეშ. ზამთარში ისლანდიის მუნიმუმი ღრმავდება და იკავებს დიდ ფართობს, აზორის მაქსიმუმი სუსტდება და სამხრეთისაკენ გადაადგილდება, პოლარული მაქსიმუმის ცენტრი უახლოვდება კანადის არქტიკულ არქიპელაგსა და კუნძულ გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილს. ამასთანავე ძლიერდება ციკლონური მოქმედება, უფრო ხშირად ციკლონები გაივლიან ისლანდიას და დევისონის სრუტის რაიონს. ზამთარში ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარეა 5-8 მ/წმ. ზღვის სამხრეთ ნაწილში არსებული იმავე მიმართულების ქარები იცვლებიან სამხრეთ-დასავლეთის ქარებით, რომელთა სიჩქარეა 6-9 მ/წმ. ზამთრობით დამახასიათებელია შტორმი. ზაფხულში ისლანდიის მინიმუმი უფრო ღრმა ხდება, ამავდროულად ძლიერდება აზორის მაქსიმუმი, პოლარული ოლქის მაღალი წნევა გადაადგილდება ჩრდილოეთისაკენ და იკავებს გრენლანდიის რაიონს. აღინიშნება სუსტადგანვითარებული ანტიციკლონი. ამ გარემოებების გამო ჭარბობს ჩრდილოეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარეა 3-5 მ/წმ. შტორმები იშვიათად მეორდება.

გრენლანდიის ზღვაში გამოიყოფა წყლის სტრუქტურის რამდენიმე გეოგრაფიული ტიპი. აღმოსავლეთ-გრენლანდიური ტიპი საკმაოდ ფართო ზოლისაა (300-500 კმ) და ვრცელდება გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. აღნიშნულ სტრუქტურას ქმნიან ცივი (-1-1,3‰) და გამტკნარებული (31-31,5‰), ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანიდან შემოჭრილი ზედაპირული არქტიკული წყლები, შედარებით თბილი (1‰) და მარილიანი (34,9‰) ატლანტის ოკეანის წყლები და ცივი (0,1-1‰) და მარილიანი (34,9‰) სიღრმული წყლები. აღმოსავლეთით აღნიშნული სტრუქტურა მოსაზღვრე ზონის გავლით გადადის გრენლანდიურ ტიპში, რომელიც ვრცელდება გრენლანდიის ზღვის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე, ხოლო სამხრეთით შეინიშნება ნორვეგიის ზღვამდე. გრენლანდიური სტრუქტურის ფორმირება მეტწილად დაკავშირებულია ატლანტის ოკეანისა და ნორვეგიის ზღვის წყლებთან, ამიტომ მისი ზედაპირული წყლებისთვის ნიშანდობლივია 1°C-იანი ტემპერატურა და 34,95‰ განსაზღვრული მარილიანობა. გრენლანდიის ზღვის ჩრდილოეთით გამოიყოფა შპიცბერგენის სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთ ყინულოვანი და ატლანტის ოკეანეების წყლების ურთიერთკავშირის შედეგად. წყლის ტემპერატურა სტრუქტურის ზედაპირზე -1,8°C, მარილიანობა დაახლოებით 34‰.

გრენლანდიის ზღვაში ყინული მთელი წლის განმავლობაშია. ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი მოლივლივე ყინულოვანი მინდვრებით ხასიათდება, ზამთრობით კი ყინულის მყარი საფარით იფარება, რაც გემების მიმოსვლას, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის. დამახასიათებელია ყინულის სხვადასხვაგვარობა. ადგილობრივი წარმოშობის ყინული საკუთრივ გრენლანდიის ზღვაში წარმოიქმნება და ერთ- ან მრავალწლოვანია. ზოგჯერ იქმნება ფართო ყინულოვანი ველი. არქტიკული აუზიდან იჭრება პაკური ყინული, რომლის სისქე საშულოდ 2-3 მ-ია. აისბერგები გვხვდება სანაპირო წყლებში და ფიორდებში, მეტწილად გრენლანდიის სიახლოვეს. აისბერგების დიდი ნაწილი, რომელიც ღია ზღვაში გვხვდება იქვე ინგრევა, მხოლოდ ზოგიერთია ისეთი, რომელიც დანიის სრუტეს ჭრის. ზღვის ჩრდილოეთ რაიონში ყინულწარმოქმნა სექტემბერში იწყება, ხოლო ოქტომბრის პირველ ნახევარში ყინული მთელ სივრცეს იკავებს. ერთწლოვანი ყინულის სისქე ზოგჯერ 1 მ-ს აღწევს.

კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან კარგად არის გამოხატული ყინულის მოძრაობა. მაისის თვეში იწყება ყინულის დნობა სამხრეთით და ივნისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთით, თუმცა ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონი (გრენლანდიის სანაპიროსთან) ჩვეულებრივ, მთლიანად არ თავისუფლდება ყინულისაგან. მოქცევა ნახევარდღეღამური, სიმაღლე 4,4 მ.

გრენლადნიის ზღვა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საწარმოო მნიშვნელობის ზღვა. პლანქტონები და ბენთოსი დიდი რადოენობით არის წარმოდგენილი, რაც ზღვის მრავალფეროვან ფაუნას საკვებით უზრუნველყოფს. მიმდინარეობს ვეშაპისა და გრენლანდიური სელაპის რეწვა. მდიდარია თევზით, აღსანიშნავია: ვირთევზა, პიქშა, საიდა, ქაშაყი და სხვ. მთავარი ნავსადგურებია: ლონგირი და ბარენცბურგი (კუნძული შპიცბერგენი), აკურეირი (ისლანდია).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Залогин Б.С., Косарев А.Н. Моря., Изд.: Москва. "Мысль"; Год: 1999; Стр. : 400, с илл. ; ISBN: 5-244-00624-Х.
  1. Greenland Sea, MarBEF Data System - European Marine Gazetteer