შინაარსზე გადასვლა

ელეანორ ალბუკერკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეანორ ალბუკერკე
არაგონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 3 სექტემბერი, 1412
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1416
წინამორბედი: მარგარიტა პრადელი
მემკვიდრე: მარია კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1374
დაბ. ადგილი: ალდეადავილა-დე-ლა-რიბერა, კასტილია
გარდ. თარიღი: 16 დეკემბერი, 1435, (60 წლის)
გარდ. ადგილი: მედინა დელ კამპო, კასტილია
დაკრძ. ადგილი: პობლეტის მონასტერი, კატალონია, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ I, არაგონის მეფე
შვილები: 1. ალფონსო V, არაგონის მეფე
2. მარია, კასტილიის დედოფალი
3. ხუან II, არაგონის მეფე
4. ენრიკე, ვილენას ჰერცოგი
5. ელეანორი, პორტუგალიის დედოფალი
6. პედრო, ალბუკერკეს გრაფი
7. სანჩო არაგონელი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: სანჩო ალფონსო, ალბუკერკეს გრაფი
დედა: ბეატრიზ პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეანორ დე ალბუკერკე (ესპ. Eleanor de Albuquerque; დ. 1374, ალდეადავილა-დე-ლა-რიბერა, კასტილია — გ. 16 დეკემბერი, 1435, მედინა დელ კამპო, კასტილია) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ალბუკერკეს გრაფ სანჩო ალფონსოსა და მისი ცოლის, ბეატრიზ პორტუგალიელის ქალიშვილი. მამის ხაზით კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე პედრუ I-ის შვილიშვილი. არაგონის დედოფალი 1412-1416 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის მეუღლე. არაგონის ორი მეფის, ალფონსო V-ისა და ხუან II-ის, ასევე კასტილიის დედოფალ მარია არაგონელისა და პორტუგალიის დედოფალ ელეანორ არაგონელის დედა. კასტილიისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II არაგონელის ბებია.

ადრეული წლები და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეანორი დაიბადა 1374 წელს, კასტილია-პორტუგალიის საზღვრისპირა ქალაქ ალდეადავილა-დე-ლა-რიბერაში. იგი იყო ალბუკერკეს გრაფ სანჩო ალფონსო კასტილიელისა და მისი მეუღლის, გრაფინია ბეატრიზ პორტუგალიელის ქალიშვილი. მისი დაბადებიდან მალევე მამამისი გარდაიცვალა, გრაფი კი მისი უფროსი, თუმცა მცირეწლოვანი ძმა გახდა. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ კასტილიის მეფე ალფონსო XI და მისი ცოლი, დედოფალი ელეონორ დე გუსმანი, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე პედრუ I და მისი ცოლი, დედოფალი (ტახტზე გარდაცვალების შემდეგ დასვა მისმა ქმარმა) ინეს დე კასტრო.

ელეანორი თავდაპირველად დანიშნული იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე II-ის უკანონო ვაჟ ფერდინანდზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა.

1385 წელს ელეანორის ძმა უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ალბუკერკეს გრაფინია თავად ელეანორი გახდა, რამაც იგი კიდევ უფრო სასურველ საპატარძლოდ აქცია. 1390 წლიდან კასტილიის ავადმყოფი მეფე ხუან I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტს მისი ნახევა-ძმა კიდევ უფრო დაუახლოვდა, რის გამოც ელეანორის დედამ ფერდინანდთან ნიშნობის აღდგენა მოისურვა. მოქმედი მეფის რეგენტ-კოსნულმა გადაწყვიტა და ფერდინანდს თოთხმეტ წლამდე ცოლის შერთვის ნება არ დართეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ცოლის შერთვით მას ძლიერი მოკავშირეების შეძენა შეეძლო, რომლებიც მას ტახტის მიღებაში დაეხმარებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ელეანორს თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მისი გათხოვების დრო დადგა. იგი მაინც პრინც ფერდინანდზე დაქორწინებას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, რადგანაც იგი ჯერ კიდევ მხოლოდ ათი წლის იყო. ელეანორი ამ დროს დედოფლისა და პრინცესების შემდეგ, კასტილიის სამეფოში ყველაზე გავლენიანი ქალი იყო, რაგან გარდა ალბუკერკეს საგრაფოსა, იგი აკონტროლებდა შემდეგ ქალაქებს: კოდესერა, ასაგალა, ანკონჩელი, მედელინი, ალკონეტარი და ვილალონი. მას ასევე ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიძაშვილთან, კასტილიის მეფე ხუან I-თან, რომელმაც ხელი შეუწყო მისი და არაგონის ტახტის მემკვიდრე ფერდინანდის დაქორწინებას 1394 წელს. წყვილს ქორწინებიდან შვიდი შვილი შეეძინათ.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1412 წელს ფერდინანდ I არაგონელი და ელეანორი არაგონისა და მისი დომინონების მეფე-დედოფალი ხდებიან. თუმცაღა მათი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში, 1416 წლის 2 აპრილს 36 წლის ფერდინანდი გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი, ალფონსო V ავიდა. ამ დროს ელეანორი სულ 42 წლის იყო. დაქვრივების შემდეგ იგი მშობლიურ კასტილიაში დაბრუნდა და მედინა დელ კამპოსში დასახლდა. სწორედ მედინა დელ კამპოსში გარდაიცვალა ელეანორი, 1435 წლის 16 დეკემბერს, 60 წლის ასაკში. გარდაცვალების შემდეგ იგი მისმა ვაჟებმა არაგონში გადაასვენეს და პობლეტის მონასტერში დაკრძალეს ფერდინანდის გვერდით.

  1. ალფონსო V (დ. 1394 — გ. 27 ივნისი, 1458), არაგონისა და მისი დომინონების, ასევე სიცილიისა და ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო მარია კასტილიელი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, თუმცა საყვარლისგან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი, რომელიც შემდგომში ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I გახდა;
  2. მარია (დ. 1396 — გ. 18 თებერვალი, 1445), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ენრიკე IV, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ხუანი მეორედ დაქორწინდა და მეორე ცოლთანაც შეეძინა მემკვიდრეები;
  3. ხუან II (დ. 29 ივნისი, 1398 — გ. 20 ინვარი, 1479), არაგონისა და მისი დომინონების, ასევე ნავარის მეფე, პირველად ცოლად შეირთო ნავარის დედოფალი ბლანკა I, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა ხუანა ენრიკესზე, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე, მომავალი მეფე ფერდინანდ II, ასევე ნავარის მეფე კარლ IV, ნავარის დედოფალი ბლანკა II, ნავარის დედოფალი ლეონორ I და ნეაპოლის დედოფალი ხუანა არაგონელი;
  4. ენრიკე (დ. 1400 — გ. 15 ივნისი, 1445), ვილენას, ალბუკერკესა და ამპიურას გრაფი, პირველად იქორწინა კატალინა კასტილიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბეატრიზ დე პიმენტელზე, ჰყავდა მხოლოდ ერთი ვაჟი, სეგორბეს ჰერცოგი ენრიკე;
  5. ელეანორი (დ. 2 მაისი, 1402 — გ. 19 თებერვალი, 1445), ცოლად შერთეს პორტუგალიის მეფე დუარტე I-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის პორტუგალიის მეფე აფონსუ V, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეანორა პორტუგალიელი და ასევე კასტილიის დედოფალი ჟუანა პორტუგალიელი;
  6. პედრო (დ. 1406 — გ. 1438), ალბუკერკეს გრაფი, სიცილიის ვიცე-მეფე და ნოტოს ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, 32 წლის ასაკში ნეაპოლის ალყის დროს;
  7. სანჩო (დ. 1410 — გ. მარტი, 1416), კალატრავასა და ალკანტარას ორდერდა დიდი მაგისტრი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
  • არაგონის დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • ვალენსიის დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • მაიორკის დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • სიცილიის დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • სარდინიის დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • კორსიკას დედოფალი: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • ათენის ჰერცოგინია: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • ნეოპატრიის ჰერცოგინია: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • ბარსელონას გრაფინია: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • რუსოლინის გრაფინია: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • სერდანიის გრაფინია: 3 სექტემბერი, 1412 - 2 აპრილი, 1416;
  • ალბუკერკეს გრაფინია: 1385 - 16 დეკემბერი, 1435.
  • Cawley, Charles, CASTILE, Medieval Lands, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy,[self-published source][better source needed]
  • Aragonese Encyclopedia
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.