ეპიტაფია
ეპიტაფია (ბერძ. ἐπιτάφιος, epitáphios < ἐπι-/epi – „ზე“ და τάφος/táphos – „საფლავი“) — ძველ საბერძნეთში — საფლავზე წარმოთქმული სიტყვა, მოგვიანებით კი — წარწერა საფლავის ქვაზე.
ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებილისა ამ ქვენად დარჩენილებთან. დროთა განმავლობაში საეპიტაფიო ხოტბების გვერდით ჩნდება სატირული, პაროდიული ეპიტაფიები.
ეპიტაფიის მაგალითებია ალექსანდრე მაკედონელისადმი („ამ საფლავში ჩაეტია ის, ვისაც მთელი დედამიწა ეპატარავებოდა“) და ისააკ ნიუტონისადმი („ეს მარმარილოს ფილა ისააკ ნიუტონს მკვდრადა თვლის მაშინ, როდესაც დრო, ბუნება და ცის კამარა მისი უკვდავების მოწმენი არიან“) მიძღვნილი წარწერები.
ძველ ქართულ ლიტერატურაში ეპიტაფიამ პოეზიის ჟანრის ფორმა მიიღო. ეს იყო საფლავის ქვაზე წარწერილი მიცვალებულის მოსაგონარი ლირიკული ლექსი, აგრეთვე ეპიტაფიის სახით შეთხზული ლექსი, რომელიც ისტორიული პირის ან თვით ავტორის ცხოვრებას, ხვედრს, ღვაწლს ახასიათებს. მაგ., ხალხური „თამარ მეფის ეპიტაფია“, არსენ ბერის „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“,[1] დავით გურამიშვილის „საფლავის ქვაზე დასაწერი“ და სხვ. სოციალური შინაარსისაა აკაკი წერეთლის „ეპიტაფია“ და ილია ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეპიტაფია“ ვიკისაწყობში.
- ეპიტაფია — სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑
ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს.