ექსლიბრისი
ექსლიბრისი (ლათ. ex libris – წიგნებიდან) — გრაფიკულად შესრულებული წიგნის ნიშანი, იარლიყი, რომელიც მიკრულია წიგნის ყდის შიგნითა მხარეს, ზემო მარცხენა კუთხეში და მიუთითებს წიგნის მფლობელის ვინაობას — ორგანიზაციას, მ. შ. ბიბლიოთეკას, ან კერძო პირს.
ექსლიბრისზე შეიძლება გამოსახული იყოს ემბლემა, დევიზი, მფლობელის პროფესიის ამსახველი სიმბოლური ნახატი ან ჰქონდეს სიუჟეტურ-თემატური ხასიათი. ნიშანი სრულდება კალმით, ტუშით, აკვარელით, ნაბეჭდი ექსლიბრისი კი — ცინკოგრაფიული, ქსილოგრაფიული, ოფორტის, ლითოგრაფიული და ლინოგრავიურის ტექნიკით.
ექსლიბრისის პირველი ნიმუშები ჩნდება გერმანიაში XVI საუკუნიდან. ცნობილია ალბრეხტ დიურერის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის, ლუკას კრანახის ექსლიბრისები. ექსლიბრისის პირველი ქართული ნიმუში XVII საუკუნის ქართულ ხელნაწერშია შემონახული. ექსლიბრისზე ნაყოფიერად მუშაობდნენ მხატვრები (ვ. წილოსანი, ვ. გრიგოლია, ვ. ქუთათელაძე, დ. ციციშვილი, გ. ლეჟავა, ვ. თოფურიძე, ნ. ჩერნიშკოვი, დ. გაბაშვილი, ს. კეცხოველი, ლ. გუდიაშვილი) და სხვ. 1934 წელს ქ. ლოს-ანჯელესში (აშშ) ექსლიბრისების საერთაშორისო გამოფენაზე, მონაწილეობდნენ: ვ. წილოსანი, ვ. ქუთათელაძე, ვ. გრიგოლია (პირველი პრემია), დ. ციციშვილი (ვერცხლის მედალი). ექსლიბრისების გამოფენები მოეწყო თბილისში 1972, 1982, 1985, 2001, 2002 და 2009 წლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაჩეჩილაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.