შინაარსზე გადასვლა

ვალდემარ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალდემარ III

ერთადერთი მონეტა, რომელზეც ვალდემარია გამოსახული
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1326
მმართ. დასასრული: 1329
წინამორბედი: კრისტოფერ II
მემკვიდრე: კრისტოფერ II
სხვა წოდებები: შლეზვიგის ჰერცოგი (1325-1364)
რეგენტი: გერჰარდ ჰოლშტაინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1314
გარდ. თარიღი: 1364
მეუღლე: რიჩარდის შვერინელი
შვილები: ვალდემარი, შლეზვიგის პრინცი
ჰაინრიხი, შლეზვიგის ჰერცოგი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ერიკ II, შლეზვიგის ჰერცოგი
დედა: ადელაიდა ჰოლშტაინ-რენდსბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ვალდემარ III (დან. Valdemar 3.; დ. 1314 — გ. 1364) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე აბელის შთამომავალი. თავისი წარმომავლობის წყალობით, თავის ბიძასთან, გერჰარდ ჰოლშტაინელთან ერთად მოაწყო შეთქმულება და 1326 წელს კრისტოფერ II-ის ჩამოგდების შემდეგ დანიის მეფე გახდა. მისი მმართველობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და იგი 1329 წელს კრისტოფერმა დაამხო.

ვალდემარი დაიბადა 1314 წელს. იგი იყო შლეზვიგის ჰერცოგ ერიკ II-ისა და მისი მეუღლის, ადელაიდა ჰოლშტაინ-რენდსბურგელის ვაჟი. მამის მხრიდან, იგი იყო დანიის მეფე აბელის შვილთაშვილის შვილი, რის გამოც მას ნათესაური კავშირი ჰქონდა იმჟამინდელ მეფე კრისტოფერ II-თან და მაშასადამე უფლებებიც ტახტზე. სწორედ ამიტომ, ტახტზე ასვლისთანავე, კრისტოფერ II-მ მათი ოჯახი დანიიდან გააძევა. კრისტოფერი ცუდი მმართველი აღმოჩნდა, რის გამოც დანიაში აჯანყებები გახშირდა. ამით ისარგებლა ვალდემარის ბიძამ, გერჰარდ ჰოლშტაინელმა და 1326 წელს შეთქმულება მოაწყო, რა დროსაც დაამხო მეფე კრისტოფერი და დანიის ტახტზე თავისი 11 წლის დისწული, ვალდემარ III დასვა, რომლის რეგენტიც თვითონვე გახდა. სულ მალე, გერჰარდმა დანიიდან გააძევა მეფე კრისტოფერიცა და მისი ცოლ-შვილიც.

მართალია დანიის ახალი მეფე დიდებულებს მოეწონათ, თუმცა მას გლეხები ვერ იტანდნენ. მის დროს ქვეყანაში მომრავლდნენ გერმანელები, რომელთაც მფარველობას მათი თანამემამულე, რეგენტი გერჰარდი იფარებდა და მეტიც, არისტოკრატიულ წოდებებსაც კი ურიგებდათ. გაიზარდა გადასახადებიც, რომელთაც გლეხები ფაქტობრივად გერმანელ დიდებულებს უხდიდნენ, რაც ცხადია უკმაყოფილებას წარმოშობდა. ამრიგად, 1328 წელს ჯერ ზელანდში, 1329 წელს კი იუტლანდში გლეხების აჯანყებამ იფეთქა. ამით ისარგებლა კრისტოფერ II-მ და ტახტი დაიბრუნა. მან ვალდემარს კვლავ შლეზვიგის ჰერცოგობა დაუბრუნა, გერჰარდი კი დანიიდან გააძევა.

1332 წელს, კრისტოფერის დაღუპვის შემდეგ მეფე მისი ვაჟი, ვალდემარ IV გახდა, რომელსაც შერიგების მიზნით 1340 წელს ვალდემარმა თავისი და, ჰელვიგ შლეზვიგელი მიათხოვა. ამის შემდეგ, იგი დიდად პოლიტიკაში აღარ ერეოდა. ვალდემარი გარდაიცვალა 1364 წელს.

  • "Valdemar III (1326-1329)". aerenlund.dk. Retrieved August 1, 2018.
  • "Erik (II), Hertug af Sønderjylland –1325". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.
  • "Richardis (eller Rixa), Hertuginde af Slesvig, –1360". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.