შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ კურნატოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ კურნატოვსკი
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1868
დაბადების ადგილი რიგა
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 1912
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება რუსი
პარტია რსდმპ

ვიქტორ კურნატოვსკი (რუს. Курнатовский, Виктор Константинович; დ. 10 ივლისი [ ძვ. სტ. 28 ივნისი], 1868, რიგა — გ. 2 ოქტომბერი [ძვ. სტ. 19 სექტემბერი] 1912, პარიზი) — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე რუსეთსა და საქართველოში, ბოლშევიკი. დაიბადა ექიმის ოჯახში. სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, იყო ხელოსანი. 1887 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს და სანქტ-პეტერბურგიდანაც გაასახლეს. 1888 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, ჩამოშორდა ხალხოსნებს და ხელმძღვანელობდა მარქსისტულ წრეს. 1889 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს და არხანგელსკის ოლქში გადაასახლეს. 1892 წლის სექტემბერში ემიგრაციაში გაემგზავრა შვეიცარიაში. 1897 წელს, რუსეთში დაბრუნებისას საზღვარზე დააპატიმრეს და აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს. 1898 წელს, მინუსინსკში შეხვდა ლენინს. აქ ხელი მოაწერა ლენინის მიერ დაწერილ (1899) „რუსეთის სოციალ-დემოკრატთა პროტესტს“. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1900 წელს, კურნატოვსკი პარტიის დავალებით ჩამოვიდა თბილისში, სადაც კავშირი დაამყარა იოსებ სტალინთან, ფილიპე მახარაძესთან და გაშალა პარტიული მუშაობა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში. 1901 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში 2 წლის პატიმრობის შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. 1904 წელს, იაკუტსკში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ პატიმართა საპროტესტო გამოსვლას, რის გამოც კატორღა მიუსაჯეს, რომელსაც იხდიდა აკატუის ციხეში. 1905-1906 წლებში ჩიტაში ჩამოაყალიბა მუშათა, ჯარისკაცთა და კაზაკების დეპუტატების საბჭო. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის (რსდმპ) ჩიტის კომიტეტის წევრი, გაზეთ „ზაბაიკალსკი რაბოჩის“ რედაქტორი, ხელმძღვანელობდა ჩიტის მუშათა შეიარაღებულ აჯანყებას, დამარცხების შემდეგ, 1906 წელს, დააპატიმრეს. სამხედრო სასამართლომ კურნატოვსკს სიკვდილი მიუსაჯა, რაც შემდეგ სამუდამო კატორღით შეუცვალეს. 1906 წელს, იაპონიაში გაიქცა, საიდანაც გადავიდა ავსტრალიაში. 1910 წელს ავადმყოფი ჩავიდა პარიზში, სადაც 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.