შინაარსზე გადასვლა

ვულკანური ყუმბარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვულკანური ყუმბარა
ვულკანური ყუმბარა

ვულკანური ყუმბარავულკანის ამოფრქვევის დროს ამორტყორცნილი თხიერი ან პლასტიკური ლავის გუნდა, რომელმაც ჰაერში მისი სიბლანტისა და შედგენილობის შესაბამისი ფორმა მიიღო. ვულკანური ყუმბარის სიდიდე 1 სმ-იდან 7 მ-მდეა. ბლანტი მჟავე ლავებისათვის დამახასიათებელია პურის ქერქის მსგავსი ზედაპირის მქონე გუნდისებრი ფორმა; ნაკლებად თხევადი ბაზალტური ლავებისათვის — თითისტარისებრი, მსხლისებრი, სფერული და გრეხილი ფორმები. ძალზე თხევადი ლავების გუნდა დიდხანს ინარჩუნებს პლასტიკურობას და მიწაზე დანარცხებისას ლავაშისებრ ბრტყელდება.

ამოფრქვევის მყარი პროდუქტები გამოინთხევა ფერფლის სახით, ან უფრო მსხვილი ნაკუწებით. მომცრო ნაკუწებს ლაპილს უწოდებენ, ხოლო შედარებით უფრო მსხვილსას კი — ვულკანურ ყუმბარას.

ვულკანური ყუმბარის ფორმა დამოკიდებულია ჩვეულებრივ, ლავის სიბლანტესთან და ფრენის პირობებთან. პლასტიკური კონსისტენციის გამო ვულკანური ყუმბარა ხშირად ჰაერში ფრენისას და მიწასთან დანთხევისას იცვლის ფორმას.

თხევადი ლავა, რომელიც ვერ ახერხებს ჰაერში გაცივებას, მიწასთან დარტყმის დროს იღებს მომრგვალო ფორმას. მცირედ თხევადი ლავა ჰაერში რწევისას იღებს მსხლისებრ ფორმას.

ვულკანის ამოფრქვევის დროს კრატერიდან შესაძლოა ამოფრინდეს ვულკანური ყუმბარა, რომლის მასამ შესაძლოა მიაღწიოს რამდენიმე ტონას. ვულკანური ყუმბარა ფართოდ არის მიმოფანტული ვულკანების კალთებზე.

ვულკანური ყუმბარის გული ფოროვანია, ქერქი — მკვრივი, მინოვანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 465.
  • Шуман В. Мир камня. Горные породы и минералы. — М.: Мир, 1986. С.86-87.