ზურგის ტვინი
ზურგის ტვინი (ლათ. medulla spinalis) — ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი. იგი ფილოგენეზში ვითარდება ნერვული სისტემის განვითარების ბადებრივი და კვანძოვანი ეტაპების შემდეგ და პირველად გამოხატულია ლანცეტაში, როგორც ყველა ქორდოვანთა ლულოვანი ნერვული სისტემის საწყისი ელემენტი.
თავის ტვინის ჩამოყალიბებამდე ზურგი ტვინი განაგებს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციას.
ზურგის ტვინი რუხი ნივთიერების ბირთვებით ახორციელებს თავის რთულ და ნაირფეროვან მოქმედებებს. ზურგის ტვინი უზრუნველყოფს ნერვულ გამტარობით კავშირს მთელ ორგანიზმსა და თავის ტვინს შორის. ამდენად, თუ ცეფალიზაციის ეტაპამდე ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება ახორციელებდა კავშირს პერიფერიასთან ან თავისავე სეგმენტებს შორის და საკმაოდ სუსტად იყო გამოხატული, თავის ტვინის განვითარების პარალელურად და მისი დონის შესაბამისად ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება ივსება ახალი გამტარი ბოჭკოებით, რომლებიც ზურგის ტვინზე გავლით აკავშირებენ თავის ტვინს პერიფერიასთან. მაღალი განვითარების ორგანიზმებში ზურგის ტვინი წარმოგვიდგება ორი უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციით: ერთი, როგორც ნერვული სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური განმკარგულებელ-მარეგულირებელი ორგანო, მეორე, როგორც მაგისტრალური დამაკავშირებელი ნერვული გზა თავის ტვინსა და ორგანიზმს შორის.
გარეგანი აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის არხში და მხოლოდ ემრიონული განვითარების მეხუთე თვემდე ავსებს მას მთლიანად. შემდეგ უკვე ხერხემალი ასწრებს ზრდაში ზურგის ტვინს. ასაკის მატებასთან ერთად კი ხერხემლის არხის კაუდალური მონაკვეთი თავისუფლდება ზურგის ტვინის შემცველობისგან.
მოზრდილი ადამიანის ზურგის ტვინი მხოლოდ წელის მეორე მალამდე ავსებს ხერხემლის არხს, ამ დროისთვის მისი სიგრძე 41-45 სმ-ია, ხოლო წონა 30-32 გ. მამაკაცის ზურგის ტვინი 2-3 სმ-ით მეტია, ვიდრე ქალის.
ზურგის ტვინის ბოლოდ, ანუ თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის საზღვრად მიჩნეულია ატლანტკეფის სახსარი, ზურგის ტვინის I წყვილი ნერვის გამოსვლის დონე ან პირამიდული გზის ჯვარედინი. სამივე ეს ანატომური ელემენრი ტოპოგრაფიულად ემთხვევა ერთმანეთს და ფაქტობრივად ერთ დონეს გამოხატავს. ზურგის ტვინის დაბოლოებას კუდუსუნის სეგმენტები წარმოადგენს, რომელიც თანდათან ვიწროვდება და ტვინოვანი კონუსით მთავრდება.
ზურგის ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. ეს ნაწილები აგრეთვე იყოფა სამ-სამ სვეტად: წინა, გვერდით და უკანა ლარები. ზურგის ტვინი, სვეტებად დაყოფის გარდა, დაყოფილია განივად, რაც მისი ფილოგენეზის ადრეულ სტადიაზე შეძენილი თვისებაა. თითოეული ასეთ დანაყოფი ზურგის ტვინის სეგმენტია.
ადამიანის ზურგის ტვინი იყოფა 31 სეგმენრად, 8 კისტის, 12 გულმერდის, 5 წელის, 5 გავის და 1 კუდუსუნის სეგმენტად.
შინაგანი აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურგის ტვინის სხვადასხვა უბანზე თეთრი და რუხი ნივთიერების ფორმა, ასევე მათი შეფარდებითი პროპორცია განსხვავებულია. მაგალითად წელის გამსხვილების სეგმენტში რუხი ნივთიერების ოდენობა თითქმის უტოლდება თეთრისას, ხოლო გულმკერდის სეგმენტებში იგი 5-6-ჯერ ნაკლებია.
რუხი ნივთიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შექმნილია ნერვული უკრედებით, ნერვული ბოჭკოებითა და ნეიროგლიით. მისი ერთგვაროვანი ნერვული უჯრედების მჭიდრო ჯგუფებად განლაგებითა და გაერთიანებით მიიღება ნერვული ბირთვები, ანუ ნერვული ცენტროები, რომლებიც ფუნქციის შესაბამისად ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში ლაგდებიან განცალკევებულ სვეტებად და შესაბამისად ქმნიან: წინა სვეტს და უკანა სვეტს.
თეთრი ნივთიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავლობითი, სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის მიელინიანი ან უმიელინო ნერვული ბოჭკოების გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს გლიის უჯრედები, სისხლძარღვები და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები. თეთრი ნივთიერების ბოჭკოები, ზურგის ტვინის ფუნქციის შესაბამისად წარმოდგენილია მოკლე ბოჭკოებით, რომლებიც აკავშირებენ ზურგის ტვინის სეგმენტს პერიფერიასთან ან მეზობელ სეგმენტებთან და გრძელი ბოჭკოებით, რომლებითაც ზურგის ტვინი დაკავშირებულია თავის ტვინთან. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაციტაძე ზ., ადამიანის ანატომია, ტ.II, გვ. 175-187, თბ., 2011