იანი (სახელმწიფო)
იანი (ჩინ. გამარტ. 燕, ფინინი: Yān) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში ძვ. წ. I ათასწლეულში. სიმა ციანის თანახმად, იანის პირველი მმართველი იყო ჯოუს დამაარსებლის უ ვანის ძმა, შაო-გუნი (ძი ში), რომელიც თავის მცირეწლოვან ძმისშვილს ჩენ-ვანს ეხმარებოდა ცისქვეშეთის მართვაში და სახელი გაითქვა როგორც სამართლიანმა მსაჯულმა. შესაძლოა, რომ იანის მმართველთა საგვარეულოს შაო-გუნთან დაკავშირება საკმაოდ გვიანი მოვლენაა და მისი შთამომავლები ფაქტობრივად მმართველობდნენ ე. წ. სამხრეთ იანში — ხენანში არსებულ მცირე სამფლობელოში. არქეოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ ინის (შანის) ეპოქაში იანში არსებობდა სამფლობელო, რომელსაც მართავდა შანის ელიტის წარმომადგენლები. ეს სამფლობელო აკონტროლებდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სტრატეგიულად და რიტუალურად მნიშვნელოვან სპილენძის მადანს. შანის დაცემის შემდეგ ეს სამფლობელო შევიდა ჯოუს შემადგენლობაში (იანის დედაქალაქი ამ პერიოდში — ქალაქი ლიულიხე პეკინის სამხრეთ ნაწილში).
დიდი ხნის მანძილზე იანი თითქმის უცნობი იყო ჯოუში და უპირატესად დაკავებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთის ტომებთან „მთის ჟუნებთან“ ბრძოლით. პირველი (შაო-გუნის შემდეგ) მმართველი, რომლის სახელსაც იუწყება სიმა ციანი არის ხუეი-ხოუ (ძვ. წ. IX ს.-ის II ნახ.). ძვ. წ. 691 წლიდან იანის მმართველებმა გუნები — ჯოუს იერარქიაში უმაღლესი ტიტული — იწოდეს. დაახლოებით ამავე დროს იანმა შთანთქა სამფლობელო ძი, რომლის დედაქალაქი (ასევე ეწოდებოდა ძი; დღ. პეკინის ცენტრში) იანის ახალი დედაქალაქი გახდა. იანის მთავარ მოწინააღმდეგედ ჩრდილო-აღმოავლეთის ტომები რჩებოდნენ, რომელთა საწინააღმდეგოდ სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრებზე ააგეს „გრძელი კედლები“. ძვ. წ. IV საუკუნეში იანის მხედართმთავარმა ცინ კაიმ დაამარცხა ძველკორეული სახელმწიფო კოჩოსონი და დაიკავა ლიაოდუნი. ასე რომ, სახელდობრ იანმა დაუდო სათავე ძველი ჩინელების მანჯურიაში შეღწევას და იქიდან დღევანდელი ჩინელების წინაპართა გამოდევნას. იანი თანამოქმედებდა ჯოუს სხვა სამფლობელოებთან, უპირველეს ყოვლისა მეზობლებთა — ჯაოსთან და ცისთან ერთად. განაპირა მდებარეობა მძიმე ომებისგან თავის არიდების საშუალებას იძლეოდა, რაც კარგად აისახებოდა სამეფოს ეკონომიკაზე. იანის ახალი დედაქალაქი — სიადუ (დღევანდელ ისიანის მაზრაში, ქ. ბაოდინიდან ჩრდილოეთით, ხებეის პროვინცია) — ჯოუს ეპოქის ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი იყო 300 ათასი მოსახლით. ძვ. წ. 323 წელს იანის მმართველმა, ისევე როგორც სხვა რიგმა მთავრებმა, ოფიციალურად მიიღო ვანის სამეფო ტიტული, უარი განაცხადა ჯოუს ვანის უწინდელ პატივისცემაზე და რეგიონში ლიდერობაზე პრეტენზია გამოაცხადა. ძვ. წ. 314 წელს, იანში არსებული არეულობის გამოყენებით, ქვეყანაშე შეიჭრნენ ცის მებრძოლები. ძვ. წ. 284 წელს დიდი კოალიციის შემადგენლობაში უკვე იანის მებრძოლები მხედართმთავარ იუ ის ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ცის და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ძლევამოსილი სამეფოს განადგურებაში, თუმცა დაპყრობილი მიწების შენარჩუნება ვერ შეძლეს. იანმა თანდათან სხვა მსვილი სამეფოებისგან ჩამორჩენა დაიწყო. III საუკუნის შუა ხანებში განიცადა რიგი მტკივნეული მარცხები ჯაოსაგან. ძვ. წ. 228 წელს იანის საზღვრებზე გამოჩნდნენ ცინის მეომრები; ძვ. წ. 227 წელს მემკვიდრე პრინცმა სცადა ცინის იმპერიის გამარჯვებათა სერიის შეჩერება და ინ ჯენს (მომავალ ცინ შიხუანდის) მკვლელი, ძინ კე მიუგზავნა, რომელმაც ვერ შეძლო დავალების შესრულება და დაიღუპა. ძვ. წ. 226 წელს ცინის მებრძოლემბა ვან ძიანის მეთაურობით თავს დაესხნენ იანს. იანის ვანი, სახელად ცი გაიქცა ლიაოდუნში და მოკლა მემკვიდრე პრინცი, რათა მოემადლიერებინა ცინი; ამან მას საშუალება მისცა იანი ძვ. წ. 222 წლამდე ემართა, სანამ იგი საბოლოოდ არ გაანადგურა ცინის იმპერიამ.
ძვ. წ. 209 წელს, ცინის კრიზისების ტალღის დროს, ჯაოელმა გენერალმა ხან გუანმა თავი იანის ვანად გამოაცხადა და ეს სახელმწიფო აღადგინა. ძვ. წ. 206 წელს იგი მოკლეს, ვანი გახდა მისი მსახური ძან ტუ, რომელმაც ძვ. წ. 204 წელს თავი ლიუ ბანის ვასლად სცნო. ძვ. წ. 202 წლიდან იანის მმართველობა ლიუს სახლის წევრებმა დაიწყეს. სახელი იანი კიდევ რამდენიმეჯერ გაჩნდა ჩინეთის ისტორიაში: ასე იწოდებოდა სამმეფობის (ახ. წ. 237–238) ეპოქის სახელმწიფო; 5 სახელმწიფო ე. წ. 16 სახელმწიფოთაგან [ადრინდელი იანი (337–370), დასავლეთი იანი (384–394), გვიანი იანი (384–407), სამხრეთი იანი (398–410), ჩრდილოეთი იანი (407–436)]; სუისა და ტანის ეპოქის ორი სახელმწიფო (615–616 და 618–624). აჯანყებულმა მხედართმთავარმა ან ლუშანმა თავის სახელმწიფოს დიდი იანი უწოდა. იანი ეწოდებოდა აგრეთვე ხუთი დინასტიის ეპოქის ერთ-ერთ სახელმწიფოს (911–913).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сыма Цянь. Исторические записки (Ши цзи). М., 1987. Т. 5;
- Дмитриев С. В. ЯНЬ // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 721-722.