შინაარსზე გადასვლა

იზაბელა II იერუსალიმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა II იერუსალიმელი
იერუსალიმის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1212
მმართ. დასასრული: 25 აპრილი, 1228
წინამორბედი: ჟანი და მარია
მემკვიდრე: კონრად II
საღვთო რომის იმპერატრიცა, სიცილიისა და გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 ნოემბერი, 1225
მმართ. დასასრული: 25 აპრილი, 1228
წინამორბედი: კონსტანსია არაგონელი
მემკვიდრე: იზაბელა ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1212
გარდ. თარიღი: 25 აპრილი, 1228, (15-16 წლის)
დაკრძ. ადგილი: ანდრია, იტალია
მეუღლე: ფრიდრიხ II, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: კონრად II, იერუსალიმის მეფე
დინასტია: ბრიენები
მამა: ჟანი, ლათინთა იმპერატორი
დედა: მარია მონფერატელი
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელა II იერუსალიმელი (ფრანგ. Isabelle II de Jérusalem, გერმ. Isabella II. von Jerusalem, იტალ. Isabella II di Gerusalemme), აგრეთვე ცნობილია როგორც იოლანდ დე ბრიენი (ფრანგ. Yolande de Brienne; დ. 1212 — გ. 25 აპრილი, 1228) — წარმოშობით ფრანგი არისტოკრატი. ლათინთა კონსტანტინოპოლის იმპერატორ ჟან დე ბრიენისა და მისი ცოლის, იერუსალიმის დედოფალ მარია მონფერატელის ქალიშვილი. იერუსალიმის დედოფალი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. საღვთო რომის იმპერატრიცა, სიცილიისა და გერმანიის დედოფალი 1225-1228 წლებში როგორც ფრიდრიხ II-ის მეორე მეუღლე. იერუსალიმის მეფე კონრად II-ის დედა.

იზაბელა დაიბადა 1212 წელს ქალაქ ანდრიაში, სიცილიის სამეფოში. იგი იყო იერუსალიმის დედოფალ მარია მონფერატელისა და მისი ქმრის, ლათინთა იმპერატორ ჟან დე ბრიენის ერთადერთი შვილი. თავის მხრივ, მარია მონფერატელი იყო იერუსალიმის დედოფალ იზაბელა I-ისა (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს იზაბელა II-ს სახელი) და მისი ქმრის, მეფე კონრად I-ის ასული.

მარია იზაბელას გაჩენიდან მალევე გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია, ამის მიზეზი მშობიარობის შემდგომი ინფექცია გახდა. ამ დროს იზაბელა მხოლოდ რამდენიმე დღის იყო, თუმცა იგი იერუსალიმის დედოფალი გახდა და ვინაიდან მამამისს ტახტზე უფლება არ ჰქონდა, იგი უბრალოდ მის სრულწლოვანებამდე მართავდა ქვეყანას, როგორც რეგენტი.

1223 წელს ჟან დე ბრიენი ფერენტინოში შეხვდა რომის პაპ ჰონორიუს III-სა და საღვთო რომის ახლად დაქვრივებულ იმპერატორ ფრიდრიხ II-ს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა ჯერ ისევ მცირეწლოვანი იზაბელას ფრიდრიხზე დაქორწინება. ეს ქორწინება ფრიდრიხს იმიტომ აწყობდა, რომ იერუსალიმის მეფე გახდებოდა, რომის პაპსა და იზაბელას მამას კი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ფრიდრიხი იძულებული გახდებოდა დაეცვა იერუსალიმი მუსულმანებისაგან და მოეწყო მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა. იზაბელასა და ფრიდრიხის ნიშნობაც და მარიონეტული ქორწილიც 1225 წლის აგვისტოში შედგა ქალაქ აკრაში. რამდენიმე დღეში მოეწყო მისი იერუსალიმის დედოფლად კორონაცია.

ამის შემდეგ იზაბელა ოცი გალერით ჩავიდა იტალიაში, სადაც მამასა და მეუღლეს უნდა შეხვედროდა. მათი ნამდვილი ქორწილი 1225 წლის 9 ნოემბერს შედგა ბრინდისის კათედრალში. ცერემონიის მსვლელობისას ფრიდრიხმა თავი იერუსალიმის მეფედ გამოაცხადა და თავის სიმამრს რეგენტის სტატუსი შეუჩერა. ამით ჟან დე ბრიენი იმედგაცრუებული დარჩა. მათი მეტად ეგზოტიკური ქორწილი ორიას სასახლეში შედგა, რომელსაც ჟან დე ბრიენი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

ქორწილის შემდეგ იზაბელა ქმართან ერთად გაემგზავრა პალერმოში. 1226 წლის ნოემბერში, მან თავისი პირველი გოგონა გააჩინა. 1227 წლის აგვისტოში მან მეორედ იმშობიარა, მაგრამ მკვდარი ბავშვი დაბადა. იგი გარდაიცვალა 1228 წლის 25 აპრილს მესამე მშობიარობისას, რა დროსაც მან ვაჟი გააჩინა რომელსაც პაპის პატივსაცემად კონრადი დაარქვეს და რომელიც დაბადებისთანავე გახდა იერუსალიმის მეფე.

  • Steven Runciman, A History of the Crusades, Volume III: The Kingdom of Acre and the Later Crusades, (Cambridge University Press, 1989), 134.
  • Guy Perry, John of Brienne: King of Jerusalem, Emperor of Constantinople, c.1175-1237, (Cambridge University Press, 2013), 68.
  • David Abulafia, Frederick II: A Medieval Emperor, (Oxford University Press, 1988), 150.
  • The proxy marriage was performed by Giacomo, Bishop of Patti (Riccardo di San Germano, Cronaca).
  • Jaroslav Folda, Crusader Art in the Holy Land, From the Third Crusade to the Fall of Acre, (Cambridge University Press, 2005), 148.