მარინა ბერძენი
მარინა ბერძენი | |
---|---|
წოდებები
კენტის ჰერცოგინია საბერძნეთისა და დანიის პრინცესა | |
დაიბადა |
13 დეკემბერი, 1906 ათენი, საბერძნეთი |
გარდაიცვალა |
27 აგვისტო, 1968, (61 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
საგვარეულო | გლუქსბურგები |
მეუღლე(ები) |
ჯორჯი, კენტის ჰერცოგი (ქ. 1934 - გარდ. 1942) |
შვილ(ებ)ი | 3 |
მამა | ნიკოლოზ ბერძენი |
დედა | ელენა ვლადიმირის ასული |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მარინა ბერძენი (ბერძ. Μαρίνα της Ελλάδας), აგრეთვე ცნობილია, როგორც საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინა (ინგლ. Princess Marina of Greece and Denmark, ბერძ. Πριγκίπισσα Μαρίνα της Ελλάδας και Δανίας; დ. 13 დეკემბერი, 1906, ათენი, საბერძნეთი — გ. 27 აგვისტო, 1968, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის პრინცესა როგორც მეფე გეორგიოს I-ის შვილიშვილი და დანიის პრინცესა როგორც მეფე კრისტიან IX-ის შვილთაშვილი. კენტის ჰერცოგინია 1934-1942 წლებში როგორც დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის ძის, პრინცი ჯორჯის მეუღლე. დედოფალ ელისაბედ II-ის ბიცოლა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მარინა დაიბადა 1906 წლის 13 დეკემბერს ათენში, საბერძნეთში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის შუათანა ვაჟის, პრინცი ნიკოლოზისა და მისი ცოლის, დიდ მთავარ ელენა ვლადიმიროვნა რომანოვას ასული. თავად დედამისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილიშვილი იყო და ვინაიდან მამამისი დანიის მეფის შვილიშვილიც იყო, მარინას დაბადებიდანვე ჰქონდა საბერძნეთისა და დანიის პრინცესის წოდება. იგი 1906 წელსვე მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ: საბერძნეთის მეფე გეორგიოს I, დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII, უელსის პრინცესა მარია ტეკელი, საბერძნეთისა და დანიის პრინცი ანდროსი, რუსეთის დიდი მთავარი ბორის ვლადიმიროვიჩი და დიდი მთავარი ვიქტორია ფიოდოროვნა.
პრინცესა მარინა ბებიის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდა. იგი უზრუნველყოფდა, რომ მარინა მორწმუნე მართლმადიდებლად აღზრდილიყო. 1910 წელს იგი პირველად ესტუმრა დიდ ბრიტანეთს, რა დროსაც ის მეფე ედუარდის დაკრძალვას დაესწრო.
როდესაც მარინა სულ 11 წლის იყო, საბერძნეთის ახალმა მთავრობამ აიძულა სამეფო ოჯახი ემიგრაციაში წასულიყო, რის გამოც ისინი ჯერ პარიზში დასახლდნენ, შემდეგ კი მთელს ევროპაში მოგზაურობდნენ.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს ლონდონში ვიზიტისას მარინა პირველად შეხვდა თავის მომავალ ქმარს, პრინც ჯორჯს, რომელიც მას მეორე თაობის ბიძაშვილად ერგებოდა (მარინას პაპა, მეფე გეორგიოსი და ჯორჯის ბებია, დედოფალი ალექსანდრა ღვიძლი და-ძმანი იყვნენ). ამასთან ერთად, ჯორჯის დედა, დედოფალი მარია ტეკელი მარინას ნათლია იყო. 1934 წლის აგვისტოში წყვილის ნიშნობა გამოცხადდა. იმავე წლის 9 ოქტომბერს მეფე ჯორჯ V-მ პრინც ჯორჯს კენტის ჰერცოგის წოდება მისცა, რათა პრინცესაზე დაქორწინება შესძლებოდა. 1934 წლის 24 ნოემბერს, უესტმინსტერის სააბატოში შედგა ჯორჯისა და მარინას ჯვრისწერა. აღსანიშნავია, რომ ბერძნული მხარის მოთხოვნის გამო, ჯვრისწერა მართლმადიდებლური წესებით შედგა. ამის შემდეგ წყვილი ბაკინგემის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, მარინას კი კენტის ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა.
ბრიტანეთში გადასულმა მარინამ აქტიურად მიჰყო ხელი საქველმოქმედო საქმიანობას. ამასთან ერთად, იგი მალევე დაუახლოვდა თავის დედამთილს, დედოფალ მარიას, თავისუფალ დროს კი ყოველთვის ქმართან ერთად ატარებდა ხოლმე.
მარინასა და ჯორჯის ქორწინება სულ რვა წელს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მათ ორი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინათ. პრინცი ჯორჯი 1942 წლის 25 აგვისტოს, 39 წლის ასაკში დაიღუპა უბედური შემთხვევისას.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაქვრივებული მარინა მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება დიდ ბრიტანეთში გაატარა. 1947 წელს იგი დაესწრო პრინცესა ელისაბედისა და თავისი ღვიძლი ბიძაშვილის, პრინცი ფილიპე ბერძენის (იგი მამამისის ძმის, პრინცი ანდროსის ძე იყო) ქორწილს. იმავე წელს მარინამ იტალიასა და საბერძნეთში იმოგზაურა.1952 წელს მანვე დააფინანსა წმინდა მარკის ეკლესიის აღდგენა ლონდონში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა.
როდესაც 1957 წელს განამ დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, კენტის ჰერცოგინია იქნა წარგზავნილი იქ დედოფალ ელისაბედის წარმომადგენლად. 1964 წელს იგი საკმაოდ ძვირადღირებულ ტურში გაემგზავრა ავსტრალიაში, რა დროსაც სიდნეიში დაესწრო გლედსვილის ხიდის გახსნას.
1966 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოტსვანამაც, დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ზეიმზე კი დედოფლის წარმომადგენლად კვლავ პრინცესა მარინა გააგზავნეს. ისვე დაესწრო გაბორონის რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნას. ამის გამო ბოტსვანელებმა მის პატივსაცემად მას „პრინცესა მარინას საავადმყოფო“ უწოდეს.
1963 წლიდან მოყოლებული იგი კენტერბერის უნივერსიტეტში კანცლერად მუშაობდა. პრინცესა მარინა გარდაიცვალა 1968 წლის 27 აგვისტოს ლონდონში, 61 წლის ასაკში, თავის ტვინის სიმსივნით. მისი დაკრძალვა გახდა უკანასკნელი სამეფო ცერემონიალი, რომელსაც მისი მაზლი, მეფე ედუარდ VIII დაესწრო.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინას ჯორჯთან სულ სამი შვილი შეეძინა:
- ედუარდი (1935-ცოცხალია), კენტის ჰერცოგი, ცოლად შეირთო კათრინ ლუსი მერი უორსლი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- ალექსანდრა (1936-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა სირ ანგუს ჯეიმზ რობერტ ბრიუს ოგილვის, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
- მაიკლი (1942-ცოცხალია), ცოლად შეირთო მარია კრისტინა ფონ რაიბნიცი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hugo Vickers, Elizabeth, The Queen Mother, Hutchinson, 2005, p. 230
- Hennessy, Sue (2010). Hidden Depths: Women of the RNLI. The History Press. pp. 140–1. ISBN 9780752454436.
- Lee, Celia (2012). "Princess Marina the Duchess of Kent as Commandant of the WRNS during the Second World War". In Lee, Celia (ed.). Women in War: from home front to front line. Barnsley: Pen & Sword Military. pp. 101–116. ISBN 9781848846692.
- Debrett's Peerage and Baronetage. Kelly's Directories. 2000. ISBN 978-0-333-54577-5.
- Zilkha, Bettina (2004). Ultimate Style - The Best of the Best Dressed List. ISBN 2-84323-513-8.
- "Duke of Kent unveils plaque for military project". Ghana Armed Forces. Ghana Web. 7 March 2007. Retrieved 25 March 2018.
|
|