მეოთხე კოალიციის ომი — ევროპის დიდი სახელმწიფოების (რუსეთი, პრუსია, ინგლისი) ბრძოლა ნაპოლეონის საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 1806-1807 წლებში. თავდაპირველად პრუსიის სამეფო დაესხა თავს საფრანგეთს. იენა-აუერშტედტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა პრუსიელები და 1806 წლის 12 ოქტომბერს ბერლინში შეიჭრა. 1806 წლის დეკემბერში ომში ჩაება რუსეთის იმპერია.
ნაპოლეონის მიერ პოლონეთისა და აღმოსავლეთ პრუსიის კამპანიის წამოწყების მიზანი იყო რუსეთის იმპერიის დამარცხება. იმპერატორმა ექვს თვეში მიაღწია მიზანს. მთელი ამ ხნის განმავლობაში (1806 წლის ზამთარი – 1807 წლის ზაფხული) მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. 1806 წლის დეკემბერში გამართულმა ჩარნოვოს, გოლიმინის და პულტუსკის სასტიკმა ბრძოლებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ზამთრის კამპანიის გენერალური ბრძოლა გაიმართა პროისიშ-აილაუსთან1807 წლის იანვარში. საფრანგეთისა და რუსეთის ძირითად არმიებს შორის გამართულ სისხლიან ბროლაში გამარჯვებული არ გამოვლენილა (პირველად თავის კარიერაში ნაპოლეონმა გადამწყვეტ წარმატებას ვერ მიაღწია). მას შემდეგ, რაც რუსული არმიის მეთაურმა ლ. ბენინგსენმა ღამით უკან დაიხია, ნაპოლეონმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ორივე მხარე სამი თვის განმავლობაში იბრძოდა უშედეგო ბრძოლაში. საბოლოოდ მაისის თვეში ბრძოლა დასრულდა.
ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ თავისი ჯარისკაცები გადაიყვანა ოსმალეთის იმპერიასთან წამოწყებული ომის ფრონტზე. ნაპოლეონმა ამით რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. საგაზაფხულო კამპანიის დროს მას 190 000 ჯარისკაცი ჰყავდა 100 000 რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ჰეილსბერგის ბრძოლაში ბენინგსენმა შეუტია ფრანგებს, მაგრამ ფრიდლანდის ბრძოლაში რიცხობრივმა უპირატესობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნაპოლეონის 85 000-იანმა არმიამ რუსეთის 60 000-იან ჯარს მძიმე მარცხი აგემა.
Robert Asprey. The Reign of Napoleon Bonaparte (Chs. 1-8) Basic Books, New York, NY (2001) ISBN 0-465-00482-2
David G. Chandler. Jena 1806: Napoleon destroys Prussia Osprey Publishing, Oxford (1993) ISBN 1-855-32285-4
David G. Chandler. The Campaigns of Napoleon (Chs. 39-54) Scribner, New York, NY (2nd edn. 1973) ISBN 0-025-23660-1
Vincent J. Esposito and John R. Elting. A Military History and Atlas of the Napoleonic Wars (Pgs. 57-83) Greenhill Books, London (Revised 1999) ISBN 1-85367-346-3
Frederick Kagan (2007). The End of the Old Order: Napoleon and Europe, 1801-1805. Da Capo Press. pp. 141ff.
Paul W. Schroeder, (1994) The Transformation of European Politics 1763-1848 (1994) pp 287-333