მუტნოვსკი
მუტნოვსკი | |
---|---|
კოორდინატები: 52°26′54″ ჩ. გ. 158°11′51″ ა. გ. / 52.44833° ჩ. გ. 158.19750° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
სიმაღლე | 2322 მ[1] მ |
ქედი | აღმოსავლეთის ქედი |
ტიპი | სტრატოვულკანი ვულკანური კომპლექსი |
ბოლო ამოფრქვევა | 2000 წელი |
მუტნოვსკი (რუს. Мутновский) — რუსეთის ფედერაციის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე მოქმედი ვულკანი. მუტნოვსკის ვულკანი ითვლება სამხრეთ კამჩატკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად; უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2000 წელს. მდებარეობს ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხრეთით 80 კილომეტრში. ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლე შეადგენს 2323 მ. მუტნოვსკის ძირში მდებარეობს გეიზერების ველი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც გეიზერების მცირე ველი.[2]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუტნოვსკის ვულკანი არის სამხრეთ კამჩატკის ერთ-ერთი უდიდესი და აქტიური ვულკანი, განვითარების ხანგრძლივი ისტორიით და რთული აგებულობით. მორფოლოგიურად იგი რთული პოლოგენური მასივია, ზღვის დონიდან 2323 მ-ზე მდებარე მაქსიმალური სიმაღლის წერტილით. კონსტრუქციულად შედგება ოთხი შერწყმული სტრატოვულკანების კონუსებისგან, თავისი კალდერებით და შიდაკალდერული ნაგებობებით. ვულკანის ქანების შედგენილობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ბაზალტიდან – რიოდაციტამდე. ქანებში ჭარბობს მაღალალუმინიანი ბაზალტი, მაგრამ შედარებით ყველაზე ახალგაზრდა კრატერი ტეფრა შედგება მაღალალუმინიანი კალიუმ-ნატრიუმის სერიის ანდეზიტობაზალტებისგან. თანამდეროვე ვულკანური აქტივობის წერტილები თავმოყრილია ვულკანის ჩრდილო ნაწილში, სადაც მდებარეობს ნაგებობის სხეულში ღრმად შეჭრილი, კრატერების სისტემა. ამ კრატერებს შორის უდიდესებს, ჩრდილო-აღმოსავლეთის (რუს. Северо-Восточный) და სამხრეთ-დასავლეთის (რუს. Юго-Западный) ფსკერები თითქმის მთლიანად გადაფარულია თანამედროვე მყინვარებით.
ისტორიის პერიოდში მოხდა მუტნოვსკის 16 ამოფრქვევა. მათ შორის აღსანიშნავია 1848 წლის ამოფრქვევა, რომელიც აღნიშნული ვულკანის უმძლავრეს ამოფრქვევად ითვლება. ამოფრქვევებს შორის არანაირი პერიოდულობა არ შეიმჩნევა. ვულკანის უდიდესი უმოქმედობა გრძელდებოდა 44 წელი (1854-1898 წწ.).
ვულკანის ჩრდილოეთის ფერდობზე, კრატერებიდან მუდმივად გადმოდის მაღალტემპერატურული ფუმაროლები, თერმული წყაროები და ორთქლის ჭავლები. ხშირად ფორმირდება კრატერული ტბები, რაც იწვევს სიღრმული ტემპერატურის ცვლილებას და აირულ ამოფრქვევებს.
ინტენსიური ფუმაროლური მოქმედება უმთავრესად თავმოყრილია ჩრდილო-აღმოსავლეთის კრატერში და აქტიურ ძაბრში. ჩრდილო-აღმოსავლეთის კრატერში მუდმივად მოქმედებს აირების გამოყოფის სამი ჯგუფი, ესენია: ზემო ფუმაროლური მოედანი (ფუმაროლების საშუალო ტემპერატურა 300 °C) და ორი შედარებით დამოუკიდებელი ჯგუფი ფსკერულ მოედანზე (ფუმაროლების გამოყოფის ტემპერატურა 150 °C-მდე. აქ ფუმაროლური და გეოთერმული წყაროების გარდა მდებარეობენ მდუღარე ქვაბებიც, რომელთა შორის გამოირჩევა „შავი ქვაბი“ (რუს. Черный Котел). მასში ინტენსიურად თუხთუხებს ზემჟავე შედგენილობის მაღალმინერალური წყალი, უმთავრესად სულფიდებით წარმოდგენილი შავი შეფერილობის მინარევების მაღალი კონცენტაციით. აქტიური ძაბრი წარმოადგენს ჩაკეტილ ფიალისებულ ჩაღრმავებას, რომლის სიღრმე 150 მ, ფსკერი ბრტყელი და 100х150 მ, ხოლო კედლები ციცაბოა. მასში ყველაზე მძლავრი აირული აქტივობა სამხრეთ-დასავლეთის კედელზეა დაფიქსირებული. აქ მაქსიმალურმა ტემპერატურამ, 1983 წელს, 540 °C. უფრო ადრინდელ, მაგალითად 1963 წელს ჩატარებული გამოკვლევის დროს მაქსიმალურმა ტემპერატურამ 750 °C მიაღწია, 1964 წელს კი – 950 °C. ვულკან მუტნოვსკის ვულკანური მოქმედების დროს გამოყოფილი ენერგია თითქმის 2000 მვტ ტოლია, რაც ბევრად აღემატება კამჩატკის სხვა ვულკანების და მსოფლიოს უმეტესი ვულკანების მიერ გამოყოფილ სითბურ სიმძლავრეებს.
ვულკანის უკანასკნელი ორი ამოფრქვევა იყო ფრეატული და დაბალი სიმძლავრის. ამ ორ ამოფრქვევას შორის პირველი, 1960 წლის 31 დეკემბრიდან 1961 წლის 1 იანვრის ღამეს, აქტიური ძაბრიდან მოხდა. მეორე ამოფრქვევა განხორციელდა თითქმის 40 წლიანი პაუზის შემდეგ, 2000 წლის 17 მარტს, ადგილობრივი დროით 6 საათსა და 56 წუთზე მოხდა აფეთქება სამხრეთ-დასავლეთის კრატერის, სამხრეთი კედლის ქვეშ. ერუფციული ღრუბლის სიმაღლემ 2,5 კმ მიაღწია. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ამონთხეული ლავის სიგრძემ 600 მ, ხოლო სიგანემ 30-40 მ შეადგინა.
როგორც შემდგომ ჩატარებულმა გეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, 2000 წლის ივლისის აფეთქებამდე კრატერში მანამდეც მომხდარა რამდენიმე აფეთქება, რამაც ყინული დაადნო და წარმოიშვა დიამეტრში 250 მ-იანი ტბა. ამოფრქვევიდან 2 წლის შემდეგ ტბა გაცივდა და ისევ მყინვარად იქცა, რაც სამხრეთ-დასავლეთის კრატერში დაბალ სითბოგამოყოფაზე მეტყველებს.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს რუსმა პარაშუტით მხტომელმა, ვალერი როზოვმა, მუტნოვსკის კრატერში ნახტომი განახორციელა.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Вулкан Мутновский (რუსული)
- Le volcan Mutnovsky (ფრანგული) დაარქივებული 2012-11-28 საიტზე Wayback Machine.
- http://www.icdp-online.org/front_content.php?idcat=607[მკვდარი ბმული]
- http://www.kscnet.ru/ivs/lgig/averev/geoterm/art3.html[მკვდარი ბმული]
- http://www.nhpfund.ru/nominations/kamchatka.html%20[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Global Volcanism Program (ინგლისური)
- ↑ [World Geyser Fields(ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-30. ციტირების თარიღი: 2012-10-17. World Geyser Fields(ინგლისური)]
- ↑ Знаменитый парашютист прыгнул в жерло вулкана (რუსული)
|