შინაარსზე გადასვლა

მუცლის ტიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიფის სალმონელით ინფექცირებული ადამიანი

მუცლის ტიფი — ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია Salmonella typhi. ითვლება ძლიერ გადამდებ დაავადებად. ინფიცირებულმა ბაქტერიები შეიძლება გაავრცელოს თავისი ორგანიზმიდან ფეკალიებით ან, იშვიათ შემთხვევებში, შარდით. დროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და ფატალურიც აღმოჩნდეს.

მუცლის ტიფის ხანგრძლივობა ორი კვირიდან ერთ თვემდე შუალედში მერყეობს, სიმპტომები კი ათი დღიდან ორ კვირამდე ვლინდება. მედიკამენტაციის გარეშე დაინფიცირების ყოველი ათი შემთხვევიდან 1–3 ფატალურია.

მუცლის ტიფის რეგისტრირებული შემთხვევები

ტიფი გავრცელებული არ არის კარგი სანიტარული და სუფთა წყლის მქონე ქვეყნებში. მაგალითად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეერთებულ შტატებში წელიწადში მხოლოდ 400 ინფიცირებულია, ხოლო მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება.

მუცლის ტიფი ძირითადად გვხვდება იმ განვითარებად ქვეყნებში (ბანგლადეში, ინდოეთი, პაკისტანი), სადაც ჰიგიენის დაცვა არ ხდება სუფთა წყლის სიმცირის გამო.

არსებობს მოსაზრება, რომ მუცლის ტიფის განვითრების უფრო დიდი რისკი ბავშვებში არსებობს, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია და ჯერ კიდევ ვითარდება. უფროსებს შედარებით მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ, ვიდრე ბავშვებს.

მუცლის ტიფის სიმპტომებია: თავის, კუნთების და მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, ყაბზობა ან დიარეა. გამონაყარი მცირე ზომის ვარდისფერი ლაქების სახით, დაბნეულობა, უარეს შემთხვევებში — ჰალუცინაციები.

ინფექციის დიაგნოსტირება უბრალო სისხლის, განავლის ან შარდის ანალიზის ნიმუშების კვლევის შედეგად ხდება. მიკროსკოპული დაკვირვებით ხდება ტიფის სალმონელას ბაქტერიების მოძებნა, თუმცა, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ხელახალი გამოკვლევა, რადგან მოცემული ბაქტერიები პირველივე ჯერზე შეიძლება არ გამოჩნდეს.

მუცლის ტიფი გამოკვლევის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ძვლის ტვინის ნიმუშის ანალიზია, თუმცა ამ მეთოდის სირთულის და მტკივნეულობის გამო იგი მხოლოდ განსაკუთრებული ეჭვის შემთხვევებში გამოიყენება.

მუცლის ტიფის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელი ხდება მთელი ოჯახის გამოკვლევა ინფექციის გავრცელების გამოკვლევის მიზნით.

მუცლის ტიფის მკურნალობა დაავადების განვითარების პირველ სტადიებში ანტიბიოტიკებით (ან ქლორომიცეტინით), სახლის პირობებში ხდება, 7-14 დღიანი კურსის ჩატარებით. მძიმე სტადიებზე აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ინექცია.

დროული თერაპიის შემთხვევაში ხელახალი გართულებების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მუცლის ტიფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც არ იყოს ფატალური, გადარჩენილ ადამიანებს გაჰყვებათ ინფექციიდან გამოწვეული გართულებები.

ინფექციის გართულებას იწვევს დაგვიანებული ან არასაკმარისი მკურნალობა, თუმცა ასეთ პირობებშიც გართულების რისკი 10%-ია.

მკურნალობის არჩატარების შედეგად მუცლის ტიფის ორი ყველაზე გავრცელებული გართულება არის შინაგანი სისხლენა და პერფორაცია.

შინაგანი სისხლდენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგანი სისხლდენის უმრავლესობა, რომელიც ვითარდება მუცლის ტიფის დროს, არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა, შესაძლოა, გამოიწვიოს ცუდი შეგრძნებები. მუცლის ტიფის დროს სისხლდენის სიმპტომებს მიეკუთვნება: არითმია, სიფერმკრთალე, სისხლიანი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, მუდმივი დაღლილობა.

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა ან ქირურგიული ჩარევა სისხლმდენი ადგილის სამკურნალოდ.

პერფორაცია ძალიან სერიოზული გართულებაა, რადგან საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული სალმონელას ბაქტერიები გადავიდნენ კუჭში და მუცლის ღრუს ამომფენი ქსოვილი (პერიტონეუმი) დააზიანონ. ეს ცნობილია, როგორც პერიტონიტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]