მცხეთა
ქალაქი | |
---|---|
მცხეთა | |
ქალაქი მცხეთა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°51′00″ ჩ. გ. 44°43′00″ ა. გ. / 41.85000° ჩ. გ. 44.71667° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1956 |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 7940[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,5 % რუსები 0,8 % ოსები 0,8 % სომხები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 373[2] |
საფოსტო ინდექსი | 3300[3] |
ოფიციალური საიტი | mtskheta.gov.ge |
მცხეთა — ქალაქი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7940 კაცი (2014 წ.). არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).
მცხეთაში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა (საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C; იანვარი — 1,1 °C, ივლისი — 22,1 °C). იცის ცივი ზამთარი (აბსოლუტური მინიმალური — 29 °C) და ცხელი ზაფხული (აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C). ნალექები 590 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცხეთისა და დიდი მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდ იყო დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები — ძვ. მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ძველი სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა (მოსხები — მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მცხეთა წარმოადგენდა მონათმფლობელური წარმოების წესის გარიჟრაჟზე წარმოშობილ ქალაქს, რომელიც არ გამოირჩეოდა ქალაქური ტიპის ნაგებობებით და დიდი სიმდიდრით. იმ დროს მცხეთაში თავს იყრიდნენ ხელოსნები: მეთუნეები, მელითონეები, ვაჭრები. აქ მცხოვრებნი მიწათმოქმედები და მესაქონლეები თანდათან ადგილს უთმობდნენ მოქალაქეებს. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთაში საქალაქო ცხოვრებას. ამას ხელს უწყობდა ორი სავაჭრო გზის გადაკვეთა. ერთი გზა მტკვრის ხეობას მიჰყვებოდა, ხოლო მეორე არაგვის ხეობას.[5]
ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი იბერიის სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ანტიკური ხანის დიდი მცხეთა — „არმაზით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და „მუხნარით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარცხენა ნაპირზე — შედგებოდა რამდენიმე, ერთმანეთისაგან განმხოლოებული უბნისაგან — საკუთრივ მცხეთა, არმაზი, მოგვთაკარი, სარკინე, წიწამური (იგივე სევსამორა) და სხვა, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა ხიდებით. თითოეულ უბანში მოსახლეობა მისდევდა ძირითადად მეურნეობის ერთ რომელიმე სახეობას — ლითონის წარმოებას (სარკინე), სოფლის მეურნეობას (წიწამური), მეთუნეობას (კარსნისხევი) და სხვა. ყოველ უბანს ჰქონდა გალავანი, კარი, მოედანი, სავაჭრო სახლები, აბანო, წყალსადენი და სხვა. ტაძრები შენდებოდა გორაკებზე (არმაზის კერპი — ბაგინეთის მთაზე, აინინა და დანინა — არმაზის გზის პირას, ზადენი — წიწამურის გორაზე და სხვა). საცხოვრებელი უბნები შეფენილი იყო მთის კალთებზე, ხოლო დაბლობში განლაგებული იყო სახელოსნოები, ხილის ბაღები და ვენახები, სასაფლაოები. არმაზისხევში იყო პიტიახშთა რეზიდენცია — არისტოკრატიის უბანი.
ჩრდილოეთიდან მცხეთას იცავდა ღართისკარბებრის ციხე და წიწამურის, დასავლეთიდან — სარკინე-სავანეს, აღმოსავლეთიდან — ნაქულბაქევ-ზემო ავჭალის თავდაცვითი სისტემები. უბნების ციხესიმაგრეები ქმნიდნენ დიდი მცხეთის ერთიან თავდაცვით სისტემას, რომლის მთავარი კომპონენტი იყო დიდად გამაგრებული შიდა ციხე (არმაზციხე) — მეფის რეზიდენცია ბაგინეთის მაღალ მთაზე, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა ეკავა მცხეთის მიდამოებზე. ამ პერიოდის მაღალ საამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს გათხრებით გამოვლენილი: არმაზის (ფართობი 30 ჰა) მშრალი წყობით, დიდი ქვათლილების საფუძველზე ალიზით ამოყვანილი გალავანი (სისქე 2,6—3,0 მ, სიმაღლე 6—8 მ) და ოთხკუთხა კოშკები. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ სხვა ნაგებობათა („სვეტებიანი დარბაზი“, აბანო და სხვა) ნაშთები. პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები). ნახევრადწრიული კამარით გადახურული, პროფილირებული ლავგარდნით და კარის ჩარჩითი შემკული, მშრალი წყობით ნაგები ქვის აკლდამა და სხვა. ამასვე ამტკიცებს პიტიახშების ნასახლარზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სვეტისთავები, ბაზები, ლავგარდნები და სხვა. მცხეთაში დამზადებული ორი სახის კრამიტი, ქალაქის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობა და სხვა დედაქალაქობის ხანის მცხეთა ხელოსნობისა (მეთუნეობა, მელითონეობა, ოქრომჭედლობა, ქვით და ხით ხუროობა, მინის წარმოება და სხვა) და ვაჭრობის მსხვილი ცენტრი იყო.
ძვ. წ. 65 წელს მცხეთა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დალაშქრა. გადმოცემით IV საუკუნის დასაწყისში იერუსალიმიდან მოსული მისიონერი ნინო მცხეთაში ქრისტიანობას ქადაგებდა (მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილებია სამთავროს მონასტერი, სვეტიცხოველი, ჯვარი). 326 წელს მეფე მირიან III-მ და მისმა ოჯახმა ახალი რელიგია მიიღო. ქრიასტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. VI საუკუნის დასაწყისში მეფე დაჩი I უჯარმელმა მამის — ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად, დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ იგი კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარ-კათოლიკოსის რეზიდენცია. 736—738 წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა მურმან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ) დაიპყრო და გაანადგურა — დაანგრია არმაზციხე. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა თემურლენგმა დაარბია (ძალზე დაზიანდა სვეტიცხოვლის ტაძარი). მომდევნო საუკუნეებში მცხეთის მნიშვნელობა თანდათან დაქვეითდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელიღა იყო.
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობს საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობებისა — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შენდება დიდი ტაძრები — სვეტიცხოველი (1010—1129, ხუროთმოძღვარი არსუკისძე), სამთავრო (XI საუკუნის 30-იანი წლები), აგრეთვე ერთნავიანი ეკლესიები: ბარბარეთი (X—XI სს.), ახალქალაქური (ამჟამად ოლღას ეკლესიად წოდებული, XI—XII საუკუნეები, გადაკეთებულია XIX საუკუნეში), კალოუბნის წმ. გიორგის (XII ს. მოხატულობით) და სხვა. თავდაცვითი ნაგებობებიდან შემორჩენილია ბებრის (ბელტის) ციხე (გვიანდელი ანტიკური-ფეოდალური ხანა), სვეტიცხოვლის გალავანი (1787) და სხვა. საერო — კათალიკოს მელქისედეკის სასახლის ნაშთები (სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, XI საუკუნე), სვეტიცხოვლის კარიბჭე (1029).
ფეოდალური ხანის მცხეთის საქალაქო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა და შემოიფარლა მტკვრისა და არაგვის შესართავთან არსებული სამკუთხა კონცხით. დღესაც შემორჩენილია ძველი მცხეთისთვის დამახასიათებელი განაშენიანების მასშტაბი და სილუეტი: ერთ-, ორ- და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებში აღმართულია სვეტიცხოვლის, სამთავროს ტაძრების მასივები; საერთო სილუეტს აგვირგვინებს მტკვრის მარცხენა ნაპირზე მთაზე აღმართული ჯვრის ტაძარი.
ფეოდალურ ხანაში მცხეთაში გაშლილი იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. VI საუკუნეში აქ შეიქმნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. მცხეთაში მოღვაწეობდნენ: არსენ დიდი (IX ს.), არსენ II (X ს.), მწიგნობარ-კალიგრაფები მაღალაძეები (XV—XVIII სს.) და სხვები. მცხეთის სვეტიცხოველს ხელნაწერების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც მტრებს მრავალგზის გაუნადგირებიათ. ჩვენამდე მოღწეულია მცხეთის წიგნსაცავის მრავალი მნიშვნელოვანი ნუსხა.
მცხეთის მახლობლად 1922–1927 წლებში აშენდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური. აქ შექმნილ ხელოვნურ წყალსაცავზე მოეწყო წყალჯომარდობის ბაზა. 1938 წელს ამუშავდა ბაქო — ბათუმის ნავთობის საქაჩი სადგური. 1959 წელს მცხეთის მახლობლად (მუხათგვერდი) აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ატომური რეაქტორი. 1973 წელს დამტკიცდა მცხეთის ქალაქ-მუზეუმად განვითარების გენერალური გეგმის პროექტი (ავტორები — არქიტექტორები ა. ბაგრატიონი, ჰ. გოვირიძე, ც. დიდებულიძე, თ. მენაბდე, ა. ლომთაძე, ვ. საგინაშვილი, ვ. ფაფერაშვილი; ინჟინერ-ეკონომისტი ვ. ბარათაშვილი). ახალი ნაგებობებიდან აღსანიშნავია ფართოეკრანიანი კინოთეატრი „კარიბჭე“ (1973, არქიტ. პ. ანდღულაძე, კ. მემანიშვილი, ე. ცხაკაია, გ. ჯაბუა; მხატვრები ი. გაბაშვილი, ვ. მელაშვილი, რ. მელიქიძე, რ. წუნიშვილი). დადგმულია არსენა ოძელაშვილის (ბრინჯაო, ბაზალტი, 1949, მოქანდაკე ე. მაჩაბელი, არქიტ. დ. ლექვთაძე), სანდრო კანდელაკის (ბრინჯაო, გრანიტი, 1976, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორები მ. ლაითიძე, ვ. ქობულია) ძეგლები. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ღვინის, რძის, კერამიკული ნაწარმის ქარხნები.
არქეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1874 წლიდან მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში — ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 — მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.
1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი: სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), „სახლი საკრძალავი“, მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები, სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა), შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები (სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი, არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი, მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.
მცხეთის ისტორიული მონუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა[6] | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926 | 1 487 | ||
1939 | 3 077 | ||
1959 | 7 131 | ||
1970 | 7 051 | ||
1979 | 6 860 | ||
1989 | 9 588 | ||
2002 | 7 718 | ||
2014 | 7 940 | ||
2022 | 7 478 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარბარეთის ეკლესია
- ნასოფლარი
- მგალობლიანთკარის ეკლესია
- ოლღას მონასტერი
- სვეტიცხოვლის უბანი - ნაქალაქარი
- ქვაყუთი
- გეთსამანია
- მცხეთის გორა
- წმ. დემეტრეს ეკლესია
- კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
- მცხეთის აკლდამა
- არმაზისხევი
- მოგვთაკარის სამაროვანი
- ღვთისმშობლის ეკლესია
- კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია
- არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
- მეთუნეთა ნამოსახლარი
- მინის სახელოსნო
- კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია
- არმაზის ციხე
- მცხეთის სამაროვანი
- მცხეთის ქვაყუთი
- მცხეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი
- მცხეთის საცხოვრებელი სახლი
- მცხეთის ნმა
- მცხეთის სასელექციო სადგური
- ტუიაქოჩორას სამაროვანი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფაქიძე ა., კინწურაშვილი ს., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 255-257.
- მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 1—4, თბ., 1955—1980;
- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
- აფაქიძე ა.,ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963;
- აფაქიძე ა., მცხეთა — ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, თბ., 1959;
- ჩუბინიშვილი ტ., მცხეთის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1957;
- გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952;
- კალანდაძე ა., ახლად აღმოჩენილი სამაროვანი მცხეთაში, «მიმომხილველი», ტ. 1; 1949,
- ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945;
- ნიორაძე გ., კარსნის-ხევის სასაფლაო«საქართველოს მუზეუმის შრომები», 1926, ტ. 4;
- Болтунова А. И., К вопросу об Армази«Вестник древней истории», 1949, № 2;
- მისივე, Описание Иберии в «Географии» Страбона, იქვე, 1947, № 4;
- Гвердцители Р., Мцхета, Тб., 1962;
- Мачабели К. Г., К истории древней Грузии, Тб., 1959;
- Меликсет-Беков Л. М., Армази, Тб., 1938;
- Северов Н. П., Чубинашвили Г. Н., Мцхета М., 1946;
- Церетели Г. В., Армазская билингва, Тб., 1941
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მცხეთა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- მცხეთის ისტორიული მონუმენტები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები - „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები - „საქართველოს ფოსტა“
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 255-256.
- ↑ Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
|
|
|