შინაარსზე გადასვლა

ნადირ-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ირანის შაჰს ეხება. ავღანეთის მეფის შესახებ იხილეთ მუჰამედ ნადირ-შაჰი.
ნადირ-შაჰი
აფშარიდთა ირანის 1–ლი შაჰი
მმართ. დასაწყისი: 21 მარტი, 1736
მმართ. დასასრული: 20 ივნისი, 1747 (11 წელი)
წინამორბედი: აბას III
მემკვიდრე: ალი–ყული–ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1688
დაბ. ადგილი: ხორასანი, სეფიანთა იმპერია
გარდ. თარიღი: 20 ივნისი, 1747 (59 წლის)
გარდ. ადგილი: ფათჰაბადი, აფშარიდთა იმპერია
მეუღლე: რაზია სულთან ბეგუმი
შვილები: რეზა ყული მირზა
ნასროლა მირზა
იმამ-ყული მირზა
ჩინგიზ ხან აფშარი
მუჰამედულაჰ ხან აფშარი
ულდუზ ხან აფშარი
დინასტია: აფშარიდები
მამა: იმამ-ყული ბეი
რელიგია: ისლამი

ნადირ-შაჰ ავშარი (სპარს. نادر شاه افشار; იგივე თამაზ I ყული-ხანი تهماسپ قلی خان); დ. 22 ოქტომბერი, 1688, დერაგიოზი, ხორასანი — გ. 20 ივნისი, 1747, ხაბუშანი, იქვე) — ირანის შაჰი 1736–1747, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები.

1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰ წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წელს კი — ირანის შაჰი. 1735 წელს დაამყარა ყიზილბაშობა ქართლის სამეფოში, რამაც 1747 წლამდე გასტანა. 1737–1738 წლებში დალაშქრა დიდ მოგოლთა იმპერია, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. 1740 წელს დაიპყრო ბუხარის სახანო, რომელიც ვასალურ ქვეყნად აქცია, ხოლო მდინარე ამუდარიის სამხრეთით მდებარე მიწები წაართვა. ამ დროისთვის მან ძლიერების პიკს მიაღწია.

შემდეგი წლებიდან დაიწყო ნადირ-შაჰის დასუსტება. 1741 წელს დიდძალი არმიით გაილაშქრა დაღესტანზე, იოლად მიაღწია დარუბანდს, მაგრამ ვეღარ გაუმკლავდა ლეკების პარტიზანულ შეტევებს, ამას დაემატა ეპიდემია, დეზერტირობა და ნადირ-შაჰი წარუმატებლად დაბრუნდა ისპაჰანში. ამის შემდეგ ნადირ-შაჰმა რამდენიმე ბრძლა მოიგო ოსმალეთის წინააღმდეგ, მაგრამ ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწია.

ნადირ-შაჰი ცდილობდა სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელთა შორის მშვიდობის ჩამოგდებას. სპარსულ ენაზე ათარგმნინა სახარება, მოციქულთა წიგნები, თალმუდი, ცდილობდა შიიტური ფანატიზმის განეიტრალებას, ჩამოართვა ქონება მეჩეთებსა და მოლებს და აქცია ის სახელმწიფო საკუთრებად. ზრუნავდა ვაჭრობის და მანუფაქტურის განვითარებაზე. ინდოეთიდან წამოასხა დიდი რაოდენობით ხელოსნები, ცდილობდა კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეში კომერციული ფლოტების დაარსებას, ალაგმა ქარავნების მძარცველი ავაზაკები. მიუხედავად ამ მცდელობებისა, დიდი სამხედრო კამპანიები და დანახარჯები აფერხებდა სამოქალაქო მშენებლობებს. გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე ვაჭრობაში ნადირ-შაჰს ეცილებოდა რუსეთის იმპერია, ხოლო სპარსეთის ყურეში ინგლისი. მძიმე საგადასახადო პოლიტიკა იწვევდა დაპყრობილი ხალხების უკმაყოფილებას, მათ შორის იყვნენ თეიმურაზ II და ერეკლე II, რომლებიც თავდაპირველად ნადირ-შაჰის მხარდაჭერით დაწინაურდნენ აღმოსავლეთ საქართველოში.

სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. სიცოცხლის ბოლო წლებში შეპყრობილი იყო პარანოიით. დააბრმავებინა საკუთარი ვაჟი, ხოლო შემდეგ დააბრმავებინა ის კარისკაცები, რომლებმაც ხელი არ შეუშალეს ვაჟის დაბრმავებაში. ნადირ-შაჰი მოკლეს შეთქმულმა ჯარისკაცებმა ხორასანში, საკუთარ საწოლ ოთახში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: