შინაარსზე გადასვლა

ნიკეის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკეის იმპერია
ბერძ. Βασίλειον τῆς Νίκαιας


12041261
დედაქალაქი ნიკეა
ენა ბერძნული
რელიგია მართლმადიდებლობა

ნიკეის იმპერია — სახელმწიფო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის შემდეგ ბიზანტიის იმპერია ოთხ ნაწილად დაიშალა: ლათინთა (კონსტანტინოპოლის), ნიკეის, ტრაპიზონის იმპერიებად და ეპირის დესპოტატად. ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ საპატრიარქოს უმაღლესმა წარმომადგენლობამ და დედაქალაქის მრავალმა დიდებულმა ნიკეას შეაფარა თავი, რომელიც მალე იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მთავარ ცენტრად. ნიკეის იმპერიის დამაარსებლად თეოდორე I ლასკარისი ითვლება (1208-1222 წწ.). მან დაქირავებული ჯვაროსნების დახმარებით დაამარცხა თურქ-სელჩუკები. აღმოსავლეთიდან მეორე საშიში მტერი იყო ტრაპიზონის იმპერია, რომლის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გადაწყვიტა დაეპყრო ნიკეის იმპერია, მაგრამ თეოდორე I ლასკარისმა იგი დაამარცხა და შავიზღვისპირეთის რამდენიმე ქალაქიც დაიპყრო (1214 წ.).

თეოდორე ლასკარისის სიკვდილის შემდეგ ნიკეის იმპერიას განაგებდა მისი სიძე იოანე III დუკა ვატაცე (1222-1254 წწ.), ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს ნიკეის იმპერია კიდევ უფრო გაძლიერდა, დაუპირისპირდა რა მეორე ეროვნულ ცენტრს - ეპირის დესპოტატს, რომელიც ბოლოს თავის ვასალად აქცია. იგი ხელს უწყობდა ვაჭრობას, ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავებას, ეროვნული თვითშეგნების გაღვივება-განმტკიცებას.

თეოდორე II ლასკარისის დროს (1254-1258 წწ.) ნიკეის იმპერიას კვლავ მოუხდა შეტაკება ბულგარელებთან და ეპირის დესპოტატთან, რასაც ახალმა იმპერატორმა წარმატებით გაართვა თავი. თეოდორე II ლასკარისი ცდილობდა არმია მთლიანად ეროვნული კონტინგენტით შეევსო და აღარ დაყრდნობოდა უცხოელთა დაქირავებულ ლაშქარს.

თეოდორე II-ის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ ნიკეის იმპერიის ტახტზე არსრულწლოვანი იოანე IV ლასკარისი (1258-1261 წწ.) ავიდა, ხოლო რეგენტი და იმპერიის ფაქტობრივი მმართველი გახდა გაქნილი პოლიტიკოსი მიხეილ პალეოლოგოსი, რომელმაც 1259 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავე წელს ქალაქ კასტორიასთან მან სასტიკად დაამარცხა ეპირისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს (სიცილიის სამეფო, სერბია და სხვ.) გაერთიანებული ლაშქარი. 1261 წელს მიხეილ პალეოლოგოსმა ნიმფეონში ხელშეკრულება დადო გენუასთან ვენეციისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ, რამდენიმე თვის ალყის შემდეგ კონსტანტინოპოლი გაათავისუფლა ჯვაროსნებისაგან და წმინდა სოფიას ტაძარში ხელმეორედ ეკურთხა იმპერატორად.