შინაარსზე გადასვლა

ოპერაცია ბარბაროსა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპერაცია ბარბაროსა

ოპერაცია „ბარბაროსა“ (გერმ. Fall Barbarossa) — მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანია-სსრკ-ის ომის ოფიციალური გერმანული კოდური სახელწოდება („საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას სახელის მიხედვით).[1][2] 1940 წლის 5 დეკემბერს დამტკიცდა სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ ჰალდერის მიერ წარმოდგენილი გეგმის („გეგმა ოტო“) საბოლოო ვარიანტი. საერთო სტარატეგიული ამოცანა იყო საბჭოთა კავშირის დამარცხება უმოკლეს დროში (ინგლისთან ომის დამთავრებამდე). იგი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს ვერმახტის მიერ სსრკ-ზე თავდასხმით და დასრულდა 1941 წლის 5 დეკემბერს, როდესაც მოსკოვისთვის გამართულ ბრძოლაში გერმანულმა ნაწილებმა შეაჩერეს წინსვლა მოსკოვისაკენ.[3] ოპერაციის დასრულებას მაშინვე მოჰყვა წითელი არმიის კონტრშეტევა (1941 წლის 5 დეკემბრიდან 1942 წლის 7 იანვრამდე). მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა, საბჭოთა წითელ არმიას კიდევ მრავალწლიანი ომი დასჭირდა ომში საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.[4] საბჭოთა კავშირში ამ ომს „დიდი სამამულო ომი“ (რუს. Великая Отечественная Bойна) ეწოდა.

ოპერაცია მიზნად ისახავდა ნაცისტური იდეოლოგიის პრაქტიკაში განხორციელებას და საბჭოთა კავშირის დასავლეთი ნაწილის დაპყრობას, მისი ტერიტორიის გერმანელებით დასახლების მიზნით.[5] ამ ტერიტორიების დაკავებით ნაცისტური გერმანია მიზნად ისახავდა ე. წ. სასიცოცხლო სივრცის შექმნას გერმანელი ერისათვის.[6]

ოპერაცია ბარბაროსამ გახსნა მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტი, რომელიც მთელი ომის განმავლობაში იყო ყველაზე დიდი თეატრი.[7] სწორედ ამ მიმართულებაზე გაიმართა ომის და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი შეტაკებები, ბრძოლები,[8] ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე განიცადეს ომში მონაწილე მხარეებმა (როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისე საბჭოთა კავშირმა) ყველაზე დიდი დანაკარგები და სწორედ აქ გავნითარებულმა მოვლენებმა იქონია უდიდესი ზეგავლენა მთლიანი ომის მსვლელობაზე.

ოპეარციის ჩავარდნამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ნაცისტური გერმანიის ბედზე მეორე მსოფლიო ომში. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ დონეზე ვერმახტმა მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ოპერაციის საბოლოო სტრატეგიული მიზანი მიუღწეველი დარჩა. ნაცისტური გერმანია, ომის სწრაფად დასრულების ნაცვლად, ჩართული აღმოჩნდა მსოფლიოს გიგანტების დაპისპირებაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც ნაცისტური გერმანიის დასასრული.

  1. Higgins, Trumbull (1966), Hitler and Russia, The Macmillan Company, pp. 11–59, 98–151
  2. Bryan I. Fugate. Strategy and tactics on the Eastern Front, 1941. Novato: Presidio Press, 1984.
  3. Rees, Laurence (2010). "What Was the Turning Point of World War II?". HISTORYNET. Retrieved 8 July 2017.
  4. Shirer, William L. "24, Swedish (Book III)". The Rise and Fall of the Third Reich. pp. 275–87.
  5. Shelley Baranowski (2011). Nazi Empire: German Colonialism and Imperialism from Bismarck to Hitler. Cambridge University Press. p. 141.
  6. André Mineau (2004). Operation Barbarossa: Ideology and Ethics Against Human Dignity. Rodopi. p. 180.
  7. World War II: The Eastern Front". The Atlantic. 18 September 2011. Retrieved 26 November 2014.
  8. Frieser, Karl-Heinz (1995). Blitzkrieg-Legende: Der Westfeldzug 1940, Operationen des Zweiten Weltkrieges [The Blitzkrieg Legend] (in German). München: R. Oldenbourg. p. 43.