შინაარსზე გადასვლა

ორპალატიანი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  ორპალატიანი პარლამენტები.
  ერთპალატიანი პარლამენტები.
  პარლამენტის გარეშე.

ორპალატიანი სისტემა — სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია შეერთებული შტატები, სადაც ორივე პალატას (სენატსა და წარმომადგენელთა პალატას) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები.

ორპალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გერმანია, რუსეთი და სხვა), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ორპალატიან სისტემაში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი, სადაც ზედა, ლორდთა პალატის წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან, ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს.

საქართველოს პარლამენტის სამომავლო მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.[1]

პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.