ოსკარის 1-ლი დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების 1-ლი დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1929 წლის 16 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1927 და 1928 წელს გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სადილზე რუზველტის სასტუმროში, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა დაგლას ფერბენკსმა. ცერემონიას, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, 270 ადამიანი დაესწრო. დასასწრები ბილეთების ღირებულება იყო 5 დოლარი. დაჯილდოება ჩამოაყალიბა ლუი მაიერმა, Louis B. Mayer Pictures-ის დამფუძნებელმა. ცერემონია არ გადაცემულა არც ტელევიზიით და არც რადიოთი.
ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 12 კატეგორიაში. გამარჯვებულები ცერემონიამდე სამი თვით ადრე გამოაცხადეს. ზოგიერთი ნომინაცია დასახელდა კონკრეტული ფილმის მითითების გარეშე, მაგალითად რალფ ჰამერასისა და ნუგენტ სლოთერის, რომელთაც ნომინაციები მიიღეს საუკეთესო საინჟინრო ეფექტების კატეგორიაში.[1] შემდგომი დაჯილდოებებისგან განსხვავებით, მსახიობი ან რეჟისორი შეიძლებოდა დაჯილდოებულიყო ერთდოულად რამდენიმე ფილმისთვის. მაგალითად, ემილ იანინგსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის თავისი როლებისთვის ფილმებში ყველა ხორციელის გზა და უკანასკნელი ბრძანება. ჩარლი ჩაპლინსა და Warner Bros.-ს გადაეცას საპატიო ჯილდო.[2][3]
ყველაზე მეტი, 3 ჯილდო მიიღეს ფილმებმა მე-7 სამოთხე და მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა. ფრთებმა დაიმსახურა 2 ჯილდო, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის. დაჯილდოების მთავარ პრიზად საუკეთესო სურათის კატეგორიასთან ერთად ითვლებოდა ნომინაცია ყველაზე უნიკალური და არტისტული ნაწარმოებისთვის, რომელიც მზის ამოსვლამ მიიღო. მიუხედავად ამისა, მომავალ წელს აკადემიამ ეს უკანასკნელი ნომინაცია მოხსნა დაჯილდოებიდან და გადაწყვიტა, რომ ფრთების მიერ მიღებული ჯილდო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიაზე.[1]