შინაარსზე გადასვლა

პერეგრინ ტუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერეგრინ ტუკი
სხვა სახელები პიპინი, პინი, ერნილ ი პერიანათი, თაინ პერეგრინ I, რაზანურ ტუკი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტები
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი

პერეგრინ „პიპინ“ ტუკი (Peregrin Took) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში ბეჭდების მბრძანებელი.

პერეგრინი არის ჰობიტი. იგი არის ფროდო ბეგინსის ერთ-ერთი მეგობარი. წიგნის მოვლენების მიხედვით, მან სახელი გაითქვა ფროდოსთან ერთად მოგზაურობით და ბეჭდის ომის ბრძოლებში მეგობარ მერიადოკ ბრენდიბაკთან ერთად მონაწილეობით.

დაიბადა მესამე ეპოქის 2990 წელს (1390 მაზრის წელთაღრიცხვით), პალადინ ტუკისა და ეგლანტინ ბენკსის ოჯახში. იგი იყო მოხუცი ტუკის შვილთა-შვილთა-შვილიშვილი. თავდაპირველად თაინი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამამისმა ეს წოდება მიიღო მაზრის წელთაღრიცხვით 1415 წელს, ფერუმბრას ტუკ III-ისგან, როდესაც უკანასკნელი მემკვიდრის გარეშე აღესრულა. ამრიგად წოდება შვილსაც გადასცა.

პიპინს ჰყავდა სამი უფროსი და - მარგალიტა (Pearl), საპონელა (Pimpernel) და პეტუნია (Pervinca) ტუკები. მამით პიპინი იყო პირველი ბიძაშვილი მერი ბრენდიბაკის (ბაკლენდის მომავალი ბატონის), აგრეთვე ფროდოს მეორე ბიძაშვილი და ბილბოს ნათესავიც. იგი არ იყო სემ გემჯის პირდაპირი ნათესავი, მაგრამ პიპინის შვილმა, ფარამირმა, სემის ასულ ბაიაზე 1463 წელს იქორწინა.

როგორც ერთ-ერთმა თანმხლებმა ჰობიტმა, პიპინმა დაადგინა, თუ რა იყო ფროდოს უცნაური ქცევის საიდუმლო და ჰობიტონი სემთან ერთად დატოვა, ბაკლენდში დასასახლებლად. მოგზაურობისას მათ შეხვდნენ შავი მხედრები, რომლებიც ელფ გილდორის ლაშქარმა უკუაქცია.

ბაკლენდში მეგობრებს შეუერთდნენ მერიადოკ ბრენდიბაკი და ფრედეგარ ბოლჯერი. სწორედ იქ აღმოაჩინა ფროდომ, რომ მეგობრები მის დატოვებას არ აპირებდნენ. ფრედეგარის გარდა, ყველამ დატოვა სახლი და სერისკენ გაეშურა. პიპინი არა მხოლოდ იმიტომ გაჰყვა ფროდოს, რომ ტუკებს სისხლში ჰქონდათ თავგადასავლების ძიება - იგი ბიძაშვილის ერთგულიც იყო.

ძველისძველი ტყის უცნაური ქცევა პიპინს ყველაზე მეტად აეჭვებდა. საბოლოოდ, იგი მართალი აღმოჩნდა - ბებერმა ტირიფმა ყველა ჰობიტი საკუთარ ფესვებში ჩაითრია, სანამ მათ ტომ ბომბადილი გადაარჩენდა. გზად სერისკენ პიპინს კვლავ უსიამოვნება შეემთხვა - იგი ყორღანების დაბლობებზე აჩრდილმა შეიპყრო.

„ყალყზე შემდგარ პონიში“ პიპინმა შემთხვევით უამბო ყველას ბილბოს დაბადების დღის და მოხუცი ჰობიტის გაუჩინარების ამბავი. ბეჭედზე ზედმეტი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფროდომ გადაწყვიტა, ემღერა, მაგრამ სიმღერისას მაგიდიდან გადმოვარდა და ბეჭედი, რომელიც ჰაერში აფრინდა, თითზე ჩამოეცვა. ასე მტერმა აღმოაჩინა ფუნდუკი და ღამით მას ნაზგულები დაესხნენ, თუმცა ოთხივე ჰობიტი იდუმალმა მაწანწალამ გადაარჩინა.

როდესაც პიპინი შუაველში აღმოჩნდა, არსებობდა გეგმა, რომ იგი მერისთან ერთად დარჩებოდა, ხოლო სემი და ფროდო განაგრძობდნენ მოგზაურობას. თუმცა, განდალფმა ყველა დაარწმუნა, რომ მისი და მერის მხრიდან საძმოს წევრობა სასარგებლო იქნებოდა.

მორიაში განდალფი პიპინმა ორი მიზეზით გააღიზიანა - პირველად სულელური შეკითხვით, როდესაც ჯადოსანი მორიის კარიბჭის გაღებას ცდილობდა, ხოლო მეორედ - როდესაც ჰობიტმა ჭაში ქვა ჩააგდო, რამაც ორკების საძმოზე თავდასხმა გამოიწვია.

საძმოს დაშლის დროს ბორომირი მერისა და პიპინს ურუკ-ჰაებისგან იცავდა. უკანასკნელებმა ჰობიტები იზენგარდისკენ წაიყვანეს, სარუმანთან, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ერთ-ერთს ბეჭედი ჰქონდა. გზად პიპინმა გამოამჟღავნა თავისი სიბრძნე, როდესაც ელფების ნაჩუქარი გულსაბნევი ძირს დააგდო, რათა იგი არაგორნს ეპოვნა. როდესაც ურუკ-ჰაებს როჰანელებმა დაარტყეს, გრიშნახი შუბით განგმირეს და მერი და პიპინი ფანგორნის ტყეში გაიქცნენ, სადაც ხისწვერა და სხვა ენტები გაიცნეს.

ხისწვერას ჰობიტებმა უამბეს ყველაფერზე, რაც გზად შეემთხვათ, ხოლო არსებამ მათ საკუთარი ხალხის ისტორია გაუზიარა. მისი გადაწყვეტილებით, შეიკრიბა ენტთა საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, თუ რას მოიმოქმედებდნენ მტრის წინააღმდეგ. სანამ ეს კრება მიმდინარეობდა, ჰობიტები დროს ატარებდნენ ენტ რტოსხართან, რომელმაც უკვე გადაწყვიტა ორკებთან ბრძოლა - მრავალი მისი მეგობარი განადგურებული იქნა.

ენტებთან ერთად მერი და პიპინი იზენგარდისკენ გაემგზავრნენ. იქ ენტებმა მოკლეს სარუმანის განკარგულებაში დარჩენილი ორკები და იზენგარდი დატბორეს. მოგვიანებით ჰობიტები კვლავ შეუერთდნენ არაგორნს, გიმლის, განდალფსა და ლეგოლასს.

იზენგარდში განდალფი დაუპირისპირდა სარუმანს. გრიმა ენაგესლმა ციხე-კოშკის ფანჯრიდან განდალფს პალანტირი ესროლა, რომელიც პიპინმა აიღო. განდალფმა მას ქვა გამოართვა და პიპინი უფრო დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენდა ეს ნაკეთობა. ღამით მან განდალფისგან ქვა აიღო და მასში ჩაიხედა. იგი საურონმა იხილა და იფიქრა, რომ პიპინი ფლობდა ბეჭედს და ბეჭედიც და ჰობიტიც იზენგარდში უნდა ეძებნა. იქაურობას ნაზგულმა ჩაუფრინა და განდალფი მიხვდა, რომ ომი მოახლოებული იყო, ამიტომ პიპინი მინას ტირითში თან გაიყოლა.

მინას ტირითში პიპინი დენეთორმა ბორომირის შესახებ გამოჰკითხა. ჰობიტმა მოურავს მსახურობა შესთავაზა და ციტადელის გუშაგი გახდა. იგი დაუმეგობრდა ციტადელის საგუშაგოს სხვა წევრ ბერეგონდს, რომელმაც მას უჩვენა ქალაქი და სხვადასხვა დონეზე შესასვლელი საიდუმლო პაროლებიც გაანდო. ჰობიტი აგრეთვე ბერეგონდის ძე ბერგილის მეგობარი გახდა.

დენეთორი პიპინის მანერებმა მოხიბლეს. მისი მსახურებიც გაოგნებულნი იყვნენ და ასე ციტადელში გავრცელდა ხმა, თითქოს პიპინი საკუთარ ქვეყანაშიც მაღალი საზოდოების წევრი იყო.

გონდორის ალყისას პიპინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფარამირის სიცოცხლის გადარჩენაში. მოურავის ძე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და შავი სუნთქვის მოქმედების ქვეშ იყო. დენეთორმა მაშინ ჩაიხედა მინას ტირითის პალანტირში და მორდორის მთელი სიმძლავრე იხილა. ფიქრობდა რა, რომ საურონის ძალები გაიმარჯვებდნენ, მოურავმა გადაწყვიტა საკუთარი თავის და ფარამირის დაწვა, მაგრამ განდალფისა და ბერეგონდის დახმარებით ფარამირი სიკვდილს გადაურჩა.

პელენორის მინდვრების ბრძოლის შემდეგ პიპინმა მერიადოკი უგონოდ იპოვა - უკანასკნელი ხომ ანგმარის გრძნეულ მეფეს დაუპირისპირდა - და სამკურნალო სახლში გადაიყვანა, სადაც მერიზე არაგორნი ზრუნავდა. პიპინი როჰანსა და გონდორს ახლდა შავი კარიბჭის გზად და მონაწილეობდა მორანონის ბრძოლაშიც. მან ბერეგონდის სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც ტროლი მოკლა. თავად პიპინი ტროლის ქვეშ მოექცა, მაგრამ იგი გიმლიმ გამოათრია, რომელმაც ბეწვიანი ფეხი ამოიცნო.

პიპინი სხვა ჰობიტებთან ერთად მაზრაში დაბრუნდა. იქ დახვდათ გაპარტახებული მხარე და ტუკი ტუკლენდში გაემგზავრა, სადაც სხვა ტუკები ააჯანყა. 100 ჰობიტის სახით ისინი მდინარისპირეთის ბრძოლას შეუერთდნენ. პიპინმა და მერიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჰობიტების გამარჯვებაში და მათი სახელები აღიბეჭდა დიდი სიის თავში, სადაც ნახსენები იყო ყველა, ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთო.

პიპინიც და მერიც გმირებად გამოაცხადეს და შემდგომმა თაობებმა კარგად იცოდნენ მათი შორეულ მიწებში მოგზაურობის ამბავი. ისინი ხოლმე საკუთარი იარაღით დადიოდნენ და მათი შემხედვარე, ბევრი გაოგნებული იყო - საკუთარ ხალხს შორის ფიზიკურადაც გამოირჩეოდნენ. სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ენტებთან დალეულმა წყალმა. ამბობენ, რომ ბანდობრას „ჭრიალა“ ტუკზე მინიმუმ 4.5 დუიმით მაღლებიც კი იყვნენ.

მაზრის წელთაღრიცხვით 1427 წელს, 37 წლის ასაკში, პიპინმა იქორწინა ოქროსთვალა გრძელკბოდელთან და სამი წლის თავზე მათ ერთი შვილი, ფარამირი ეყოლათ. მ.წ. 1434 (44 წლის ასაკში) პიპინმა პალადინი მაზრის თაინის თანამდებობაზე ჩაანაცვლა და 32-ე თაინი გახდა. მეფე ელესარმა იგი ჩრდილოეთ-სამეფოს მრჩევლად დანიშნა.

მ.წ. 1436 წელს ელესარი ჩრდილოეთისკენ გაემგზავრა და ანუმინასში გაჩერდა, სადაც, ბრენდივაინის ხიდზე პიპინი, მერი და სემი შეხვდნენ. მ.წ. 1452 წელს მან, ძღვენის სახით, მაზრას დასავლეთის მიწები შეუერთა (შორეული მაღლობებიდან კოშკთა ბორცვებამდე). მ.წ. 1455 წელს პიპინმა ფასტრედი (სემის სიძე) დასავლეთ მიწების პირველ მცველად დანიშნა.

თაინობისას პიპინმა დიდ სმიალებში დიდი რაოდენობის ისტორიული ცნობები შეაგროვა, განსაკუთრებით ნუმენორისა და ელენდილის მემკვიდრეთა შესახებ. სწორედ იქ, მერიადოკის თანაშემწეობით შეადგინეს "წლების ამბავი".

მ.წ. 1484 წელს, 94 წლის ასაკში, როდესაც პიპინი უკვე 50 წლის განმავლობაში იყო თაინი, ორივე მეგობარმა მოვალეობები და კუთვნილი სახლები შვილებს დაუტოვა. მაზრიდან როჰანში და გონდორში წავიდნენ. წლების შემდეგ სწორედ იქ აღესრულა ორივე. მათი ნეშტები კი რათ დინენზე მოათავსეს (მინას ტირითის ქუჩაზე, სადაც ასაფლავებდნენ გონდორის მმართველებს და მოურავებს). მეოთხე ეპოქის 120 წელს (მ.წ. 1541) აღესრულა არაგორნ II-იც და მოგვიანებით ორივე მის გვერდით დაასვენეს.

სახელები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • პერეგრინი - ასე ტოლკინის მიერ ვესტრონზე ითარგმნა პიპინის სახელი. იგი აღებულია ლათინურიდან და აღნიშნავს ხალხს, რომელიც მოგზაურობს. ინგლისური სიტყვა "pilgrim" იგივე ფუძეს ატარებს.
  • პიპინი - ზედმეტსახელი, რომელსაც იყენებს ტოლკინი.
  • თაინ პეტეგრინ I - პიპინის ოფიციალური წოდება, როდესაც იგი მაზრის თაინი იყო.
  • რაზანურ ტუკი - პიპინის ნამდვილი ვესტრონული სახელი. raza ნიშნავს "შორეულს", ხოლო razan - "უცხოელს". საერთო ჯამში მნიშვნელობა არის "ლეგენდარული მოგზაური".
  • სულელი ტუკი - განდალფი პერეგრინს ასე უწოდებს მისი ქცევის, განსაკუთრებით მორიაში ჩადენილი სისულელის გამო.
  • Ernil i Pheriannath - სინდარულად ნიშნავს "ნახევარკაცების უფლისწულს" - ასე პიპინს მინას ტირითში შეცდომით უწოდებდნენ, მას შემდეგ, რაც ჩათვალეს, რომ, ვინაიდან განდალფს ახლდა, ალბათ, დიდგვაროვანი იქნებოდა.
  • ციტადელის გუშაგი - მოვალეობა, რომელსაც პიპინი დენეთორთან ასრულებდა.
  • გონდორის რაინდი - წოდება, რომელიც ჰობიტმა არაგორნისგან მიიღო. უცნობია, ნიშნავდა ეს თუ არა ზოგადად რაინდობას, ტრადიციას, რომელიც მიღებულია თანამედროვე სამყაროს ქვეყნებში.
  • ჩრდილოეთ-სამეფოს მრჩეველი - წოდება, რომელიც პიპინმა თაინობისას მიიღო.

პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელში“ პიპინს განასახიერებს ბილი ბოიდი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]