პოლონეთის გეოგრაფია
პოლონეთის ადგილმდებარეობა | |
კონტინენტი | ევროპა |
---|---|
რეგიონი | აღმოსავლეთ ევროპა |
კოორდინატები | 52°00′განედი. 20°00′გრძედი. |
ადგილი მსოფლიოში | 69-ე |
ფართობი | 312 685 კმ² |
ხმელეთი | 97,3 |
წყალი | 2,7 |
საზღვის სანაპიროს სიგრძე | 491 კმ |
საზღვრები |
რუსეთი, ლიეტუვა, ბელარუსი, უკრაინა, სლოვაკეთი, ჩეხეთი, გერმანია |
უმაღლესი წერტილი | რისი, 2499 მ |
უმდაბლესი წერტილი | რაჩკი-ელბლასკი, -2 მ |
ყველაზე დიდი მდინარე | ვისლა (1047 კმ) |
ყველაზე დიდი ტბა | სნიარდვი (ტბა), 113,8 კმ² |
პოლონეთი (პოლ. Geografia Polski) — სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. უმეტესწილად მდებარეობს შუა ევროპის ვაკეზე, ასევე ცენტრალური ევროპის მთიანი რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ჩრდილოეთიდან ეკვრის ბალტიის ზღვა. საერთო ფართობია — 312 658 კმ² (ფართობის მიხედვით მსოფლიოში უჭირავს 69-ე ადგილი, და მე-9 ევროპაში). ხმელეთს უჭირავს — 304 459 კმ², წყალს — 8220 კმ².
საზღვრები და სანაპირო ზოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო ათასწლეულის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორია ძლიერ ვარირებდა. XVI საუკუნის შუა ხანებში პოლონეთი იყო ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში. პოლონეთის თანამედროვე საზღვრები უკანასკნელად შეიცვალა 1945 წელს.
საზღვრების საერთო სიგრძე შეადგენს — 3528 კმ. აქედან 3047 კმ. სახმელეთო, და 481 (?) — საზღვაო. საზღვრების სიგრძე მეზობელ სახელმწიფოებთან შემდეგია: რუსეთი (კალინინგრადის ოლქი) — 210 კმ, ლიეტუვა — 91 კმ, ბელარუსი — 605 კმ, უკრაინა — 428 კმ, სლოვაკეთი — 420 კმ, ჩეხეთი — 615 კმ, გერმანია — 456 კმ. სანაპირო ზოლი — 440 კმ. ტერიტორიული წყლები — 12 საზღვაო მილი.[1]
პოლონეთის სანაპიროს დასავლეთ ნაწილში გერმანიის საზღვართან განლაგებულია პომერანსკის ბუხტა და ლაგუნის ტიპის შჩეცინის ყურე, სადაც არის პოლონეთის სიდიდით მეორე მდინარის, ოდრას ზღვასთან შესართავი. ეს რეგიონი ატარებს ისტორიულ სახელწოდებას დასავლეთი პომერანია. სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილს შესაბამისად ეწოდება აღმოსავლეთი პომერანია. იქ მდებარეობს გდანსკის ბუხტა, რომელსაც უერთდება პოლონეთის მთავარი მდინარე ვისლა. მის დასავლეთ ნაწილში არის ხელის ნახევარკუნძული, რომელსაც გამოყოფს პუცკის ყურე, აღმოსავლეთით — ვისლინის ნახევარკუნძული გამოყოფილია ლაგუნის ტიპის ვისლინის ყურით. შჩეცინისა და გდანსკის ყურეებში მდებარეობენ პოლონეთის მთავარი ნავსადგურები: გდანსკი, გდინია და შჩეცინი.
რელიეფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთის რელიეფი, როგორც ბალტიისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რელიეფი, ფორმირდებოდა მყინვარების ზემოქმედებით, რომელიც რამდენიმეჯერ გადმოდიოდა და იხევდა უკან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე პლეისტოცენში (1,6 მლნ — 10 ათასი წლის წინ). ჩრდილოეთის და ცენტრის ტერიტორიების დაახლოებით 2/3 უჭირავს პოლონეთის დაბლობს — ნაწილობრივ კი ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობს. ბალტიის ზღვის სანაპირო დაბალია, გრძელი ქვიშიანი ნახევარკუნძულებით, პლიაჟებითა და დიუნებით. სამხრეთისკენ ველი გადადის მთაგორიან რელიეფის ზოლში ბალტიის ქედში: პომორსკოე პოოზერია და მაზურსკოე პოოზერია, რომლებიც ვისლის დაბლობით ველითაა გაყოფილი. ეს რელიეფი შემოხაზავს მყინვარის სამხრეთ საზღვარს ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის დროს.
ბალტიის მთაგრეხილის სამხრეთით მდებარეობს სილეზიის, ველიკოპოლსკის, მაზოვეცკო-პოდლიასის დაბლობები, რომელიც გადადის დაბალ მაღლობებზე: სილეზ-მალოპოლსკის მაღლობი, არც ისე მაღალი (600 მ-დე) სვენტოქშის მთები და ძირითადად ბრტყელ ლუბლინის მაღლობებზე.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მთები: დასავლეთში სუდეტი და აღმოსავლეთში კარპატები. მათ შორის მდებარეობს უღელტეხილი მორავიის ჭიშკარი, სადაც ძველი დროდან გადიოდა სავაჭრო გზა ჩრდილოეთ ევროპიდან სამხრეთ ევროპისაკენ. სუდეტები გადაჭიმულია პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვრის გასწვრივ, მისი უმაღლესი მწვერვალია — მთა სნეჟკა (1603 მ). კარპატების პოლონეთის ნაწილში გამოყოფენ ბესკიდებს, ბეშჩადებსა და ტატრებს (კარპატების ყველაზე მაღალი ნაწილი), სადაც მდებარეობს ქვეჩნის უმაღლესი მწვერვალი — მთა რისი, 2499 მ.[2] მაღალ ტატრებს პოლონეთში აქვთ წვეტიანი მთის პიკები, ღრმა ხეობები და რელიეფის მყინვარული ფორმები გრეხილების ზონებში, ხოლო ბესკიდების მწვერვალებს აქვთ მომრგვალებული ფორმები და ძირითადად ტყითაა დაფარული.[3]
ტერიტორიის 54,2 % მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე, 36,9 % — 150-დან 300 მ-მდე, 5,7 % — 300-დან 500 მ-მდე, 2,9 % — 500-დან 1000 მ-მდე.[4]
ბუნებრივი რესურსები: ნახშირი, გოგირდი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, ვერცხლი, ტყვია, მარილი, ხე-ტყე.[1] სუდეტებში (ქალაქები ვალბჟიხი და კლოძკო) მდებარეობს ქვემო სილეზიის ქვანახშირის აუზი, არის გრანიტის კარიერები. ზემო სილეზიაში არის ზემო სილეზიის ქვანახშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვანახშირის აუზი ევროპაში.[5][6]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთის კლიმატი ზომიერია, გადადის ზღვის კლიმატიდან კონტინენტალური კლიმატისკენ. კლიმატურ პირობებზე გავლენას ახდენს დასავლეთის ოკეანური მასების შეჯახება სკანდინავიისა და რუსეთის ცივ ჰაერთან, ასევე უფრო თბილ სამხრეთიდან შემომავალ სუბტროპიკულ ჰაერთან. მთელი წლის განმავლობაში დასავლეთიდან აღმოსავლეთით პოლონეთის ტერიტორიაზე გადის ბარული დეპრესიის რიგი, რომელსაც მოაქვს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი. ზამთარში, როდესაც უმეტესწილად გაბატონებულია ცივი კონტინენტური ჰაერის მასები, ამინდი ცივი და უღრუბლოა.[6]
იანვრის საშუალო ტემპერატურაა −1−5 °C (მთებში −8 °C), ივლისი 17—19 °C (მთებში 10°-მდე).[2]
დაბლობებში ნალექები მოდის 500—600 მმ, მთებში — ზოგ ადგილას 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში (1270 მმ-მდე სუდეტებში და 2030 მმ მაღალ ტატრებში). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდის ზაფხულის პერიოდში, სამხრეთით — ზამთარზე. თოვლის საფარი დევს სამ თვემდე წელიწადში; ცივი ზამთრის დროს მდინარეები იყინება 2-4 თვით.[5]
წყლის რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის შეფასებით პოლონეთი ფლობს 63,1 კმ³ განახლებად წყლის რესურსებს, რომელთაგან წელიწადში მოიხმარენ 11,73 კმ³ (13 % კომუნალური, 79 % მრეწველობის და 8 % სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის).[1]
პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე ორი ძირითადი მდინარის სისტემა მიეკუთვნება ბალტიის ზღვის აუზს — ვისლა (შენაკადები: სანი, ვიეფში, დასავლეთის ბუგი...) და ოდრა (შენაკადები: ვარტა, ნისა-ლუჟიცკა და ბუბრი). ვისლაში ჩაედინება მთელი ქვეყნის ჩამდინარე წყლების ნახევარზე მეტი, ოდრაში — მესამედი. ორივე მდინარე სანაოსნოა (მაგრამ ამისათვის ხშირად საჭიროებს კალაპოტის წმენდას) და აქვთ შენაკადების მჭიდრო ქსელი. მათი აუზები განივი არხებით შეერთებულნი არიან ერთმანეთთან (ბიდგოშის არხი), დასავლეთ ევროპის სამდინარო სისტემებთან, მდინარე ნემანთან (ავგუსტოვის არხი) და დნეპრთან (ნემანისა და ოგინსკის არხის გავლით). ვისლისა და ოდრის სათავეები მდებარეობენ სამხრეთის მთიან რაიონებში. ოდრა თავიდან მიედინება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სილეზიის გავლით, ხოლო ქვემო დინებაში კი - ჩრდილოეთით, სადაც მასზე გადის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთსა და გერმანიას შორის. ვისლის დინება — უმთავრესწილად ჩრდილოეთის მიმართულებითაა. მასზე მდებარეობს პოლონეთის სახელმწიფოს ძველი დედაქალაქი — კრაკოვი და თანამედროვე დედაქალაქი — ვარშავა.[3]
პოლონეთის მდინარეებში წყალდიდობა შეიმჩნევა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე – გამოწვეულია თოვლის დნობით, ივლისში — ზაფხულის წვიმებით. პოლონეთის სამხრეთით ძალიან პატარა ტერიტორიის მდინარეები ჩაედინებიან დუნაიში და დნესტრში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - ნემანში.
ტბების საერთო რაოდენობა რომელთა ფართობი 1 ჰა-ზე მეტია დაახლოებით 9300-ია. ისინი უმეტესწილად კონცენტრირებულია ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც ტერიტორიის 10 %-ს შეადგენენ.[6] ყველაზე დიდი ტბაა — სნიარდვი და მამრი, რომლებიც შედიან მაზურსკის ტბების ჯგუფში.
ნიადაგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები შეადგენდა მთელი ტერიტორიის 40,25 %-ს, 1 %-ზე მოჰყავდათ მუდმივი მარცვლეული კულტურები. ირწყვება 1 ათასი კმ² (2003 წ.).[1]
პოლონეთის ნიადაგები უმეტესწილად დაბალნაყოფიერია. სანაპიროსთან ახლოს ისინი როგორც წესი ქვიშიანია (რომელიც შეიცავს ტუტირებულ ფასეულ ხსნად მინერალებს) და სოფლის მეურნეობაში გამოყენებისას საჭიროებს სასუქებს. მდინარეების ხეობებში ველებზე გვხვდება დიდი ტორფნარები ჰუმუსის დიდი შემცველობით. პოლონეთის მთების ჩრდილოეთ რაიონებში (სილეზია და მცირე პოლონეთი) გაბატონებულია კარგად დრენაჟირებადი ტორფიან-ქვენაცრიანი და ყავისფერ ნიადაგები, სადაც მოჰყავთ შაქრის ჭარხალი, ჭვავი და კარტოფილი, ასევე არის შავმიწა ნიადაგები. მთიანი რაიონების ნიადაგებს აქვთ ჰუმუსის თხელი ფენის საფარი და დაბალი ნაყოფიერება.[5]
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთის ტერიტორიაზე მცენარეულობა ვითარდებოდა ბოლო გამყინვარების დროიდან და შეიცავს 2250 თესლოვანი მცენარის სახეობას, 630 ხავსის სახეობას, 1200 ლიქესების (ხევსურა) სახეობასა და 1500 სოკოს სახეობას. თესლოვანი მცენარეებს შორის გაბატონებულია გოლარკტიკის ელემენტები. მცირერიცხოვან ენდემიკებს შორისაა - ლარიქსი პოლონური (Larix polonica) და არყი ოიცოვის (Betula oycoviensis). ტორფიან ჭაობებსა და მთებში შენარჩუნდა რელიქტური ტუნდრის მცენარეულობის ზოგი სახეობა.[6]
ტერიტორიის 25 %-ზე მეტი უჭირავს ტყეებს.[6] ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში შენარჩუნებულია დიდი ტყის მასივები: ბელოვეჟის პუშჩა, ავგუსტოვსკაია პუშჩა და სხვა ტყეები. გაბატონებული სახეობებია — ფიჭვი, ნაძვი, მთებში სოჭი. ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში არის შერეული ტყეები (წიფელი, მუხა, არყი და ჭადარი). მდინარეების ხეობებში — ჭალის მდელოები, ხეებიდან უმეტესად არის იფანი (კოპიტი), ალვის ხე და ტირიფი. ჩრდილო-აღმოსავლეთით (პომორსკოე პოოზორიეს აღმოსავლეთით) არის დაბალი ჭაობები.[2][5] მთიან რაიონებში — მცენარეულობა ალპისპირული და ალპური სარტყელისაა.
პოლონეთის ფაუნა მიეკუთვნება ევროპულ-დასავლეთციმბირულ ზოოგეოგრაფიულ მხარეს (პალეარქტიკის ნაწილი). გარეული ფაუნა გაღარიბებულია, რადგანაც შედარებით კარგადაა ათვისებული ეს ტერიტორიები ადამიანის მიერ. ხერხემლიანი ცხოველები ირიცხება მიახლოებით 400 სახეობის, რომელშიც შედის ბევრი ძუძუმწოვარა და 200-ზე მეტი სახეობის რეგიონისათვის მშობლიური ფრინველი. ტყეებში ბინადრობს ირემი, გარეული ღორი და მგელი, ჩრდილო-აღმოსავლეთის წიწვოვან მასივებში გვხვდება ცხენ-ირემი. მდინერეებთან ბინადრობს თახვი, მთიან ტყეებში — დათვი და ტყის კატა, უფრო მაღლა კი გვხვდება ქურციკი (ჯეირანი) და ბაიბაკი. ბელოვეჟის პუშჩაში შემორჩენილია დომბა (ზუბრი), რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ ევროპის მთელ ტერიტორიაზე.[6]
გავრცელებული ფრინველებია: როჭო, გნოლი. ბალტიის ზღვაზე მიდის ვირთევზის და სალაკას რეწვა.[3] 20 ეროვნული პარკიდან უდიდესებია ბელოვეჟის ეროვნული პარკი, ტატრანსკის ეროვნული პარკი, სლოვინსკის ეროვნული პარკი.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Poland დაარქივებული 2019-08-18 საიტზე Wayback Machine. — CIA — The World Factbook
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 [1][მკვდარი ბმული]
- ↑ 3.0 3.1 3.2 [2][მკვდარი ბმული]
- ↑ პოლონეთის გეოგრაფიული მდებარეობა — Польша.ру
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 პოლონეთი ენციკლოპედია "კრუგოსვეტი"
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 ენციკლოპედია "ბრიტანიკა" - პოლონეთი