რიჩენცა ფონ ნორთაიმი
რიჩენცა ფონ ნორთაიმი | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივნისი, 1133 |
მმართ. დასასრული: | 4 დეკემბერი, 1137 |
წინამორბედი: | მატილდა ინგლისელი |
მემკვიდრე: | ბეატრის I ბურგუნდიელი |
გერმანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 აგვისტო, 1125 |
მმართ. დასასრული: | 4 დეკემბერი, 1137 |
წინამორბედი: | მატილდა ინგლისელი |
მემკვიდრე: | გერტრუდა კომბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1088 |
გარდ. თარიღი: | 10 ივნისი, 1141 |
მეუღლე: | ლოთარ II, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: | გერტრუდა, ავსტრიისა და ბავარიის ჰერცოგინია |
მამა: | ჰაინრიხი, ფრიზიის მარკგრაფი |
დედა: | გერტრუდა ბრაუნშვაიგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რიჩენცა ფონ ნორთაიმი (გერმ. Richenza von Northeim; დ. 1088 — გ. 10 ივნისი, 1141) — საღვთო რომის იმპერატრიცა (1133-1137), გერმანიის დედოფალი (1125-1137) და საქსონიის ჰერცოგინია (1106-1137) როგორც იმპერატორ ლოთარ II-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიჩენცა დაიბადა 1088 წელს. იგი იყო ფრიზიის მარკგრაფ ჰაინრიხ მსუქნისა და მისი მეუღლის, მარკგრაფინია გერტრუდა ბრაუნშვაიგელის ასული. 1106 წელს რიჩენცა მიათხოვეს საქსონიის ჰერცოგ ლოთარ ზუპლინგბურგს. რიჩენცას მასთან მხოლოდ ერთი ქალიშვილი, პრინცესა გერტრუდა შეეძინა 1115 წელს, რომელიც მოგვიანებით ჯერ ბავარიის, შემდეგ კი ავსტრიის ჰერცოგინია გახდა.
1125 წელს ლოთარ ზუპლინგბურგი გერმანიის მეფედ აირჩიეს, რის შემდეგაც რიჩენცა კელნის ეპისკოპოსმა ფრიდრიხ I-მა გერმანელთა დედოფლად აკურთხა. დედოფალი რიჩენცა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში და ერეოდა ქმრის საქმეებში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1130 წელს ლოთარსა და რომის პაპს შორის წარმოშობილი განხეთქილებისას. რიჩენცამ ასევე შუამავლობა იკისრა თავის ქმარსა და ჰოენშტაუფენებს, კონრად III-სა და მისი ძმის, ფრიდრიხ II შვაბიელებთან არსებული უთანხმოებისას. 1132-1133 წლებში რიჩენცა მეუღლესთან ერთად ეწვია იტალიას. 1133 წლის 4 ივნისს რომში, პაპმა ინოკენტი II-მ რიჩენცა და ლოთარ II საღვთო რომის იმპერატორად და იმპერატრიცად აკურთხა. რიჩენცა მონაწილეობდა ლოთარის მეორე იტალიურ კამპანიაშიც 1136-1137 წლებში. ამ პერიოდში დედოფალი ხელმძღვანელობდა საიმპერატორო სასამართლოს და თავადაც ჩაატარა რამდენიმე პროცესი.
1137 წლის 4 დეკემბერს ლოთარ II გარდაიცვალა, რის გამოც დედოფალი რიჩენცა სასწრაფოდ გადასახლდა საქსონიაში, რომელსაც მისი მაზლი, ჰერცოგი ჰაინრიხ ამაყი განაგებდა. მომდევნო წელს გერმანელმა მთავრებმა საღვთო რომის იმპერატორად შვაბიის ჰერცოგის ძმა, ჰოენშტაუფენთა დინასტიის წარმომადგენელი კონრად III აირჩიეს. სულ მალე, 1139 წელს უშვილოდ აღესრულა ჰაინრიხ ამაყი, რის გამოც რიჩენცას მოუწია საქსონიის ტახტისათვის ებრძოლა, სადაც მას თავისი შვილიშვილის, ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხ ლომის დასმა სურდა. 1142 წელს საბოლოოდ გაიმარჯვა რიჩენცამ და ჰაინრიხი საქსონიის ჰერცოგად აღიარეს, თუმცა იგი მცირეწლოვანი იყო, რის გამოც თავიდან ქვეყანას რიჩენცას ქალიშვილი, გერტრუდა მართავდა. მოგვიანებით გერტრუდამ მოახერხა და ჰაინრიხი დააქორწინა ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის ქალიშვილ მატილდაზე, რომელიც იყო რიჩარდ ლომგულისა და ჯონ უმიწაწყლოს და.
რიჩენცა ფონ ნორთაიმი საბოლოოდ მაინც ვერ მოესწრო შვილიშვილის საქსონიის ჰერცოგად აღიარებას, რადგან იგი ამ ამბამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1141 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amalie Fößel: Richenza. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 21, Duncker & Humblot, Berlin 2003, ISBN 3-428-11202-4, S. 512 f.
- Stefan Pätzold: Richenza. In: Amalie Fößel (Hrsg.): Die Kaiserinnen des Mittelalters. Pustet, Regensburg 2011, ISBN 978-3-7917-2360-0, S. 181–196.
- Renate Seidel: Die Grafen von Mansfeld. Geschichte und Geschichten eines deutschen Adelsgeschlechts. Fouqué Literaturverlag, Engelsbach 1998, ISBN 3-8267-4230-3, S. 129.
|