შინაარსზე გადასვლა

როზა ლუქსემბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზა ლუქსემბურგი
მშობლიური სახელი გერმ. Rosa Luxemburg
პოლ. Róża Luksemburg
ებრ. רוזה לוקסמבורג
დაბადების სახელი როზალია ლუქსემბურგი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1871
ზამოსცი, რუსეთის იმპერია (პოლონეთი)
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1919 (47 წლის)
ბერლინი
ეროვნება ებრაელი
პროფესია სოციალ-დემოკრატიული მოღვაწე

როზა ლუქსემბურგი (გერმ. Rosa Luxemburg, პოლ. Róża Luksemburg, ებრ. רוזה לוקסמבורג; ნამდვილი სახელი როზალია ლუქსენბურგი; დ. 5 მარტი, 1871 — გ. 15 იანვარი, 1919) — ევროპაში სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი მოღვაწე. მეგობრობდა ცნობილ ფემენისტთან კლარა ცეტკინთან. რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ციხეშიც ახერხებდა პროპაგანდას ომის შეწყვეტასა და რევოლუციაზე.

ლუქსემბურგმა დაგვიტოვა შემდეგი ნამუშევრები: „სოციალური რეფორმა და რევოლუცია“ (1899), „მასობრივი გაფიცვა, პარტია და პროფკავშირები“ (1906), „კაპიტალის დაგროვება“ (1913), „სოციალ-დემოკრატიის კრიზისი“ (1916), „ანტი-კრიტიკა“ (1916), „რუსეთის რევოლუცია. სისუსტის კრიტიკული შეფასება“ (1922, სიკვდილის შემდეგ).

1919 წელს ქ. ნოსკში როზა ლუქსემბურგი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს და იმავე დღეს (15 იანვარს) ციხისაკენ მიმავალ გზაზე დახვრიტეს.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა ლუქსემბურგი 1871 წლის 5 მარტს პოლონელი ებრაელების ოჯახში, რუსეთის მიერ კონტროლირებად პოლონურ ქალაქ ზამოსცში დაიბადა. იგი ხის მასალებით მოვაჭრე ელიას ლუქსემბურგისა და ლინე ლოვენშტაინის ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახი 1873 წელს ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად. ხუთი წლის ასაკში გადატანილი ბარძაყის ანთების შემდგომ იგი ცხოვრების ბოლომდე კოჭლობდა. 1884-1887 წლებში ლუქსემბურგი ვარშავის გოგონათა გიმნაზიაში სწავლობდა. 1886 წლიდან პოლონური მემარცხენე პროლეტარიატის პარტიაში გაერთიანდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პოლიტიკურ ღონისძიებებს, მათ შორის გაფიცვებს, აორგანიზებდა. პარტიის ოთხი ლიდერი ამის გამო სიკვდილით დასაჯეს, ხოლო თავად პარტია დაიშალა.

თუმცა, დარჩენილი წევრები, მათ შორის ლუქსემბურგიც, საიდუმლო შეხვედრებს კვლავ აგრძელებდნენ. მას შემდეგ, რაც იგი 1889 წელს ციურიხში გაიქცა, რათა პოლიტიკური დევნისთვის თავი აერიდებინა, ციურიხის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოსოფიის, ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და მათემატიკის შესწავლას შეუდგა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენდა ეკონომიკა, საფონდო ბირჟის კრიზისი და შუა საუკუნეები. დოქტორის ხარისხი 1897 წელს მიენიჭა. მისი სადოქტორო დისერტაციის თემას წარმოადგენდა „პოლონეთის ინდუსტრული განვითარება“. 1893 წელს თავის თანამოაზრეებთან, ლეო იოგიხესთან და იულიან მარჩილევსკისთან ერთად დააარსა გაზეთი „SprawaRobotnicza“ (მშრომელთა საკითხი), რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა პოლონეთის სოციალისტური პარტიის ნაციონალისტურ პოლიტიკას.

ლუქსემბურგი თვლიდა, რომ დამოუკიდებელი პოლონეთის განვითარება მხოლოდ გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთსა და რუსეთში სოციალისტური რევოლუციების მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. მთავარი ბრძოლა მიმართული უნდა ყოფილიყო კაპიტალიზმის წინააღმდეგ და არა მხოლოდ პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის. ლეო იოგიხესთან ერთად მან 1893 წელს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსა, რომლის მთავარ იდეოლოგსაც თავადვე წარმოადგენდა.

1897 წლის აპრილში ლუქსემბურგი, გერმანიის მოქალაქეობის მოპოვების მიზნით, ძველი მეგობრის შვილზე, გუსტავ ლიუბეკზე დაქორწინდა, რომელსაც ხუთი წლის შემდგომ ფორმალურად გაშორდა. ქორწინების შემდგომ ბერლინში დასახლდა, სადაც იგი აქტიურად ჩაერთო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში. პარტიის ქალთა ფრაქციაში მან კლარა ცეტკინი გაიცნო, რომელთან მეგობრობაც ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. 1907-1915 წლებში ლუქსემბურგს რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა ცეტკინის უმცროს ვაჟ კოსტია ცეტკინთან, რასაც მისი 600 პირადი კორესპონდენცია მოწმობს.

პარტიის ფარგლებში ლუქსემბურგი მწვავედ დაუპირისპირდა ედუარდ ბერნშტაინის რევიოზიონისტულ თეორიას. ლუქსემბურგის 1898 წლის სექტემბერში გამოცემული ბროშურა „სოციალური რეფორმა თუ რევოლუცია?“ სწორედ ამ დაპირისპირებას აღწერს. თავისი რიტორიკული უნარებით, ლუქსემბურგმა მალევე დაიკავა გამორჩეული ადგილი და პარტიის რეფორმისტული საპარლამენტო კურსის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად იქცა.

1900 წლიდან ლუქსემბურგი ევროპაში მიმდინარე სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე ანალიტიკურ სტატიებს აქვეყნებს სხვადასხვა ჟურნალებში. ხედავდა რა ომის საშიშროებას, იგი მწვავედ აკრიტიკებდა გერმანულ მილიტარიზმსა და იმპერიალიზმს და მუშებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდა, რათა თავიდან აერიდებინათ მოსალოდნელი ომი. 1904 და 1906 წლებში როზა ლუქსემბურგი დააპატიმრეს პოლიტიკური აქტივობების ნიადაგზე. 1907 წელს იგი დაესწრო რუსი სოციალ-დემოკრატების პარტიის ყრილობას ლონდონში, სადაც გაიცნო ვლადიმერ ლენინი. მეორე ინტერნაციონალის შტუტგარდის კონგრესზე,მისი რეზოლუცია, რომლითაც ყველა ევროპულ მუშათა პარტიას ომის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, მხარდაჭერილ იქნა.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბერლინის სასწავლო ცენტრში ლუქსემბურგი მარქსიზმსა და ეკონომიკას ასწავლიდა. მისი ყოფილი მოსწავლე ფრიდრიხ ებერტი, მოგვიანებით პარტიის ლიდერი და ვაიმარის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1912 წელს ლუქსემბურგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო ევროპის სოციალისტთა კონგრესზე. ფრანგ სოციალისტ ჟან ჟორესთან ერთად, ლუქსემბურგი ევროპულ მშრომელთა პარტიებს ორგანიზებისა და საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდა. თუმცა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმრავლესობამ, ისევე როგორც ფრანგმა სოციალისტებმა ომს მხარი დაუჭირეს. ამის საპასუხოდ, ლუქსემბურგმა ფრანკფურტში ომის წინააღმდეგ დემონსტრაციები დააორგანიზა, მოწოდებებით არ დამორჩილებოდნენ სამხედრო ბრძანებას და უარი ეთქვათ ომში მონაწილეობაზე. რის გამოც იგი ერთი წლით დააპატიმრეს.

1914 წლის აგვისტოში ლუქსემბურგმა, კარლ ლიბკნეხტთან, კლარა ცეტკინთან და ფრანც მერინგთან ერთად დააარსა ჯგუფი „ინტერნაციონალი“, რომელიც მოგვიანებით, 1916 წლის იანვარში, „სპარტაკის ლიგად“ გარდაიქმნა. ჯგუფის ფარგლებში ისინი გამოსცემდნენ ანტისაომარ არალეგალურ პამფლეტებს მონათა განმათავისუფლებელი სპარტაკის ფსევდონიმის სახელით. ლუქსემბურგის ფსევდონიმი იყო იუნუსი, ლუციუს იუნუს ბრუტუსის , რომის რესპუბლიკის დამაარსებლის პატივსაცემად. სპარტაკის ლიგა მწვავედ დაუპირისპირდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც რაიხსტაგის მიერ ომის დაფინანსებას მხარს უჭერდა. ლიგა მიზნად ისახავდა გერმანიის მუშათა საყოველთაო მობილიზებას ომის წინააღმდეგ. შედეგად, 1916 წლის ივნისში ლიბკნეხტი და ლუქსებურგი ორი წლითა და ექვსი თვით დააპატიმრეს.

მეგობრების დახმარებით როზა ლუქსემბურგი ციხიდანაც ახერხებდა, რომ მისი სტატიები არალეგალურად დაბეჭდილიყო, მათ შორის „რუსეთის რევოლუციაც“, რომელშიც იგი რუს ბოლშევიკებს აკრიტიკებს. მიუხედავად ამისა, იგი მაინც „პროლეტარიატის დიქტატურისკენ“ მოუწოდებდა, თუმცა უარყოფდა ბოლშევიკების ერთპარტიულ მოდელს. ლუქსემბრუგის ერთ-ერთი ცნობილი სიტყვებია „თავისუფლება, ყოველთვის არის განსხვავებულად მოაზროვნეთა თავისუფლება“.

1918 წლის 8 ნოემბერს ბრესლაუს ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, ლუქსემბურგმა ლიბკნეხტთან ერთად თავიდან დააორგანიზა სპარტაკის ლიგა და დააარსა გაზეთი „წითელი დროშა“, რომლის მეშვეობითაც ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებასა და სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითხოვდნენ. 1918 წლის 14 დეკემბერს მათ სპარტაკის ლიგის ახალი პროგრამა გამოაქვეყნეს.

1918 წლის 29-31 დეკემბერს გაიმართა ლიგის, დამოუკიდებელ სოციალისტთა და გერმანიის საერთაშორისო კომუნისტების ერთობლივი კონგრესი, რომლის შედეგადაც 1919 წლის 1 იანვარს, ლიბკნეხტისა და ლუქსემბურგის ხელმძღვანელობით გერმანიის კომუნისტური პარტია დაარსდა. ლუქსემბურგი მხარს უჭერდა პარტიის მონაწილეობას ვაიმარის ეროვნულ ასამბლეაში, რომელმაც ვაიმარის რესპუბლიკა დააარსა. თუმცა, მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და პარტიამ არჩევნების ბოიკოტირება მოახდინა.

1919 წლის იანვარში ბერლინს რევოლუციის მეორე ტალღამ გადაუარა. ლიბკნეხტის მსგავსად, ლუქსემბურგი მხარს უჭერდაპუტჩს. მისი გაზეთი „წითელი დროშა“ აჯანყებულებს ლიბერალური მედიის სარედაქციო ოფისების დაკავებისკენ მოუწოდებდა. 8 იანვარს გაზეთში გამოქვეყნდა მისი საჯარო მიმართვა, რომელშიც იგი რევოლუციის მტრებთან - ფრიდრიხ ებერტისა და ფილიპ შაიდემანის მთავრობასთან — ყოველგვარი მოლაპარაკებების აღკვეთისკენ მოუწოდებდა.

აჯანყების საპასუხოდ, გერმანიის მაშინდელმა მეთაურმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ ებერტმა ე.წ. „ფრაიკორპს“ (არალეგურალური მოხალისეთა სამხედრო დანაყოფი) რევოლუციის ჩახშობა დაავალა. 15 იანვარს ლუქსემბურგი და ლიბკნეხტი „ფრაიკორპის“ ჯარისკაცებმა დააკავესდადახვრიტეს. ლუქსემბურგის ცხედარი ბერლინის ლანდვერის არხში გადააგდეს.

ლუქსემბურგის და ლიბკნეხტის მკვლელობას აჯანყების ახალი ტალღა და კომუნისტური პარტიის ათასობით წევრის დაკავება/დახვრეტა მოჰყვა როგორც ბერლინში, ისე მთელი გერმანიის მასშტაბით. ლუქსემბურგი და ლიბკნეხტი ბერლინის ფრიდრიხსფელდის ცენტრალურ სასაფლაოზე არიან დაკრძალული, სადაც მათ ყოველ წელს უამრავი მემარცხენე მიაგებს პატივს.

პოლიტიკური მრწამსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა ლუქსემბურგს, როგორც გამორჩეულ თეორეტიკოსს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მარქსიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით დემოკრატიული სოციალიზმის თეორიისა და ნაციონალიზმისა და სოციალიზმის ურთიერთმიმართების თაობაზე აზრის განვითარებაში.

თავის 1913 წლის ნაშრომში „კაპიტალის აკუმულაცია“ მან მსჯელობა განავითარა იმპერიალიზმსა და კაპიტალიზმის კოლაფსზე. ნაშრომში იგი აკრიტიკებს მარქსის თეზისს კაპიტალიზმში ეკონომიკური კრიზისების ციკლურობის თაობაზე. მარქსის მტკიცებით, კაპიტალიზმი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რომელიც მუდმივად გაფართოებასა და მოგების ზრდის ძიებაშია, ადრე თუ გვიან ამოწურავს საკუთარ თავს და ჩამოიშლება. თუმცა, მარქსის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდგომაც, პერიოდული კრიზისების მიუხედავად, სისტემა როგორღაც მაინც ახერხებდა სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. ლუქსემბურგი ამას კოლონიალიზმით ხსნიდა. მისი მტკიცებით, კაპიტალისტური სისტემა გაფართოებას კოლონიების ხარჯზე ახდენდა.

ეს უკანასკნელნი არა მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებლის როლს ასრულებდნენ, არამედ ასევე კაპიტალისტურ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარსაც წარმოადგენდნენ. იმპერიალიზმის პირველ თეორიებზე მსჯელობაც როზა ლუქსემბურგს ეკუთვნის, რომელიც მოგვიანებით ლენინმა განავითარა. ლუქსემბურგს სწამდა ინტერნაციონალური სოციალიზმის, რომლის ფარგლებშიც მშრომელთა მასები, ეროვნების მიუხედავად, სოლიდარობის ნიადაგზე ერთად მოიპოვებდნენ ძალაუფლებას. იგი მწვავედ აკრიტიკებდაბოლშევიკებს და ლენინს პარტიული დემოკრატიის და პროლეტარიატის დიქტატურის საკითხებში.

  • J. P. Nettl, Rosa Luxemburg, 1966 - long considered the definitive biography of Luxemburg
  • Donald E. Shepardson: Rosa Luxemburg and the Noble Dream, New York 1996
  • Frederik Hetmann, Rosa Luxemburg. Ein Leben für die Freiheit, 1990.
  • Annette Insdorf, Rosa Luxemburg: More Than a Revolutionary", 1987, The New York Times, Retrieved 6 December 2008.
  • Rosa Luxemburg: Gesammelte Briefe. Vol. 2, 5 and 6.
  • Kate Evans, Red Rosa: A Graphic Biography of Rosa Luxemburg, New York, Verso, 2015.
  • Paul Frölich, Rosa Luxemburg, London: Haymarket Books, 2010.
  • Luban, Ottokar,The Role of the Spartacist Group after 9 November 1918 and the Formation of the KPD InHoffrogge, Ralf; LaPorte, Norman (eds.). Weimar Communism as Mass Movement 1918–1933. London: Lawrence &Wishart, 2017.
  • Jones, Mark, Founding Weimar: Violence and the German Revolution of 1918–1919, Cambridge University Press, 2016.
  • David Wroe, Rosa Luxemburg Murder Case Reopened, 2009, The Daily Telegraph. Retrieved 30 November 2014.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]