საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი ტურის შედეგები. ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს 9 რეგიონში, 2 ავტონომიურ რესპუბლიკასა და 76 მუნიციპალიტეტში. საარჩევნო პროცესი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არ მიმდინარეობს აღნიშნული რეგიონების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის გამო. ლურჯი - სალომე ზურაბიშვილი; წითელი - გრიგოლ ვაშაძე. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 — რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტური 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტური - 28 ნოემბერს. არჩევნებში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.
არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან. ამავდროულად, მას საქართველოში 5 წელი მაინც უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები და არჩევნების დანიშვნის დღისთვის კი ბოლო 3 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.[1]
2018 წლის 5 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. სულ არჩევნებისთვის გამოყოფილია 39 136 784 ლარი, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე დაიხარჯება 28 272 634 ლარი, არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის – 1 002 300 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის – 2 242 850 ლარი.[2] [3]
პირველი ტური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქტივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი). [4]12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).[5] 17:00 საათის მდგომარეობით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).[6]
დამკვირვებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 125 მედია ორგანიზაციის 1957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.[7]
მეორე ტური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ იმ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.[8]
თარიღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.[8]
სხდომა, რომელიც თავდაპირველად 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდო და ამავე დღოს 19:00 საათზე ჩატარდა. [8]
ცესკოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტებთან სხვა თემაზე გაკეთებულ კომენტარში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კონკრეტული თარიღი ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული. [9]
საქართველოს წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს; მათ მოვუწოდეს ცესკოს პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა.[10]
სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე, შესაბამისად, 2018 წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.[8]
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, ოთხშაბათ დღეს არჩევნების გამართვა ემიგრანტებს პრობლემებს შეუქმნის, თუმცა განმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.[11]
არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება (ადგილმდებარეობის დროის) ღამის 12 საათამდე ექნებათ[8]
არჩევნების სამუშაო დღეს გამოცხადებას მოყვა ოპოზიციის პროტესტი, რომელმაც ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ცესკოს თავდმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის „პოლიტიკურ ხუშტურების“ დაქვემდებარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არჩევნების თარიღი წინასწარ შეთანხმებულია კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დეპუტატის მოსაზრებით, „მათთვის იმიტომ არის ეს დღე მიუღებელი, რომ ერთი დღე დათო სარალიძის გარდაცვალებას, ხოლო მეორე დღე თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს ემთხვევა.[12]
თამარ ჟვანიას განცხადებით თინა ბოკუშავას პროტესტი იყო პოლიტიკური გამოსვლა და დეპუტატს მოუწოდა, თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებებისგან. მისი თქმით, ცესკო კანონის დაცვით ასრულებს თავის საქმიანობას.[12]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრმა, დავით კირთაძემ, პროტესტის ნიშნად დატოვა.[13]
არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მცირერიცხოვანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.[14]
მათი შეფასებით, საარჩევნო კომისია „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ამას ადასტურებს ის განცხადებებიც, რომლებიც დილიდან „ქართულ ოცნებაში“ კეთდებოდა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.[14]
ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნას ისახავს მიზნად, რათა „ქართული ოცნებისა“ მარტივად მოახერხოს არჩევნების გაყალბება და ელექტორატის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.[14]
„სამართლიანი არჩევნების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი განცხადების თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა.[15]
არასამთავრობოების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია და არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის.[15]
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოცემული გადაწყვეტილებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით მათ ხელოვნური ბარიერი შეუქმნა.[15]
გარდა ამისა, არასამთავროების შეფასებით რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20:00 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20:00 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის.[15]
არასამთავროების შეფასებით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.[15]
ამასთანავე არასამთავროები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ცესკოს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. არასამთავროების შეფასებით, აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკო-ს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე. [15]
კანდიდატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურებულიყო არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით. [16] 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. [17] თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს განიხილავდა. დავით სერგეენკომ ეს ინფორმაცია უარყო, მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი გვარი არსად განიხილება. 20 იანვარს იგივე გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმაც:
ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია.
5 თებერვალს არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიაში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება.[18] [19]
3 მარტს სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ტელეკომპანიის ცნობით, მათ აღნიშნულის შესახებ უამბო არჩილ თალაკვაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალ კანდიდატებს თანაბარი შანსი აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი ალბათობა და შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში. პირველ რიგში, საზოგადოებასაც და ჩვენი პარტიის წევრებსაც აინტერესებთ ის ლიდერები, რომელთაც აქვთ საზოგადოების მაღალი ნდობა და რეიტინგი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია დაწყებულია. კანდიდატურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს და მხარს დაუჭერს, იქნება საუკეთესო, მათ შორის, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს ფორმატში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, მე პირადად, ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიმიღია. რაც შეეხება კანდიდატურებს, ვფიქრობ, რომ ქალ კანდიდატებსაც აქვთ თანაბარი შანსები, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.[20]
5 მარტს იმავე „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებას" ორი ძირითადი კანდიდატი ჰყავს - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი. [21]
აპრილში „ქართულ ოცნებაში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პარტიაში დაბრუნდა მისი დამფუძვნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩა.
13 ივლისს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება და პარტია საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებს მხარდაჭერას. [22]
24 ივლისს პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით „საქართველოში დემოკრატიის გავითარებისთვის უკეთესი იქნება, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც პარლამენტში ისედაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა ოპოზიციურ ძალებს დაუთმოს“. ივანიშვილმა ასევე დაამატა, რომ მის პოზიციას პარტიის ზოგიერთი წევრი არ იზიარებს. [23]
5 აგვისტოს საკუთარი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ კენჭს იყრის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. [24] ამ პერიოდშივე გაჩნდა ვარაუდები, რომ მიუხედავად მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსისა, მას მხარს სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ გუნდი დაუჭერდა. [24] [25]
6 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მხარს დაუჭერდა დამოუკიდებელ კანდიდატს. [26] 9 სექტემბერს პარტიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. [27]
„ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 15 ივლისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ათმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტა გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მათ ჩამოაყალიბეს კოალიცია „ძალა ერთობაშია“. ალიანსში გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი საქართველო, ახალი საქართველოსთვის, სახელმწიფო ხალხისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ევროპელი დემოკრატები, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის და საქართველო ლიდერთა შორის. [28] 19 ივლისს მათ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინეს. [29] არჩევნებზე იგი დარეგისტრირდა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპრეზიდენტო არჩევნებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი კანდიდატი არ წარადგინა, თუმცა მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 21 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა. [30]
არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძემ მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსისთან ერთად გამართულ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მისი თქმით, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, მანამდეც და მომავალშიც მისი სამსახური საქართველოს სამსახურია - „არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“.[31]
სხვა კანდიდატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის 22 დეკემბერს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ზედიზედ მესამედ მიიღებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.[32][33]
2018 წლის 16 აპრილს დადასტურდა, რომ „გირჩიდან“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ზურაბ ჯაფარიძე მიიღებს.
2018 წლის აპრილში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.[34][35][36] ბრეგაძემ ამის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით განაცხადა, თუმცა შემდგომში მეტჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აღარ გამოუთქვამს. მეორე ტურში „ქართულმა მარშმა“ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 8 სექტემბერს ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს „ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში“. [37] [38]
2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. [39]
წინასაარჩევნო რეიტინგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზოგადოებრივი აზრის კვლევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვლევები პირველ ტურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია | სალომე ზურაბიშვილი | გრიგოლ ვაშაძე | დავით ბაქრაძე | ზურაბ ჯაფარიძე | შალვა ნათელაშვილი | სხვა | არ არის პასუხი |
---|---|---|---|---|---|---|---|
Edison Research [40] | 15% | 22% | 18% | 2% | 8% | 7% | 25% |
BCG [41] | 10,2% | 13% | 13,2% | - | 4,6% | 3% | 12,7% |
ფსიქოპროექტი [42] | 53% | 19% | 17% | - | - | 11% | - |
კვლევები მეორე ტურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ორი ძირითადი კვლევა ჩატარდა - ერთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა, ხოლო მეორე - ტელეკომპანია იმედის დაკვეთით „გელაპ ინტერნეიშენალმა“.
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ რომ ტარდებოდეს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს - 38% დაუჭერდა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 34; კითხვაზე პასუხზე უარი რესპონდენტთა 18%-მა თქვა. მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერდა - 10%; ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა კვლევის შეწონილი შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ვაშაძეს მხარს 56% უჭერს, სალომე ზურაბიშვილს - 44%. [43]
ორგანიზაციამ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. Edison Research-მა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 2 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.[43]
შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.[43]
მსგავსი კვლევა ასევე ტელეკომპანია იმედიმა კომპანია „გელაპ ინტერნეიშენალს“ დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა. კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ხმები ალოკაციის შედეგად შემდეგნაირად განაწილდებოდა: სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%. [44]
შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი - 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას - 9%.[44]
კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. შერჩევის ცდომილებაა 2%.[44]
კომპანია | სალომე ზურაბიშვილი | გრიგოლ ვაშაძე |
---|---|---|
Gallup International [45] | 52 % | 48 % |
Edison Research [46] | 44 % | 56 % |
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ტური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) შეფასებით, არჩევნებმა სხვადასხვა პროცედურული დარღვევების ფონზე, თუმცა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
ორგანიზაციის განმარტებით, კენჭისყრის დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, რის შედეგადაც მათ 61 საუბნო საჩივარი წარადგინეს საოლქო საარჩევნო კომისიებში. ეს დარღვევებია: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევები, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები.
„სამართლიანმა არჩევნების“ განცხადებით, ამ არჩევნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ პარტიული აქტივისტები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე და ამომრჩევლებს საკუთარ მხარდამჭერთა სიებს ადარებდნენ, რაც „შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა“. ორგანიზაციის განმარტებით, ამ პრაქტიკას ქართული ოცნება ფართოდ იყენებდა, თუმცა რამდენიმე ოლქში მსგავსი ქმედებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდანაც დაფიქსირდა.
„სამართლიან არჩევნებს“ ქვეყნის მასშტაბით 800 დამკვირვებელი ჰყავდა, რომლებიც 73 საოლქო კომისიაში და 78 მობილურ ჯგუფში იყო მივლინებული. ორგანიზაციის 15 ოპერატორი და 10 იურისტი პოტენციურ დარღვევებს და ინციდენტებს აანალიზებდა და აგვარებდა. „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს შედეგების გადამოწმების გზით, ხმების პარალელურ დათვლასაც ახორციელებდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა და „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დროს იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია“.
ორგანიზაციის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში, მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. „წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია“, – განაცხადა საიამ.
ორგანიზაციის შეფასებით, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანა.
საიას განცხადებით, ასევე გამოიკვეთა ისეთი პროცედურული დარღვევებიც, როგორიცაა ვადაგასული პირადობით ხმის მიცემის ფაქტები, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. საიამ 94 საჩივარი წარადგინა, მათგან 52 საუბნო, ხოლო 42 საოლქო კომისიაში.
საიას 400 დამკვირვებელი ჰყავდა თბილისში და ცხრა საქართველოს რეგიონებში. სტატიკური დამკვირვებლები განთავსებულნი იყვნენ საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. ორგანიზაციას 50 მობილური ჯგუფი და 59 ოლქის დამკვირვებელი ჰყავდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) საქართველოს განაცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, 90-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, რაზეც ორგანიზაციამ ცხრა საჩივარი შეიტანა. ყველაზე სერიოზულ დარღვევებს შორის ორგანიზაციამ ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაასახელა. ამას გარდა, TI-ის განმარტებით, 3 ოლქის 6 უბანზე ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩაყარეს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების არშეშვების და სხვა საარჩევნო პროცედურების დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს.[47]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პრეზიდენტის არჩევნები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-18. ციტირების თარიღი: 2018-03-24.
- ↑ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
- ↑ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკო 39 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
- ↑ ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2018-10-28.
- ↑ ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2018-10-28.
- ↑ http://cesko.ge/geo/list/show/116199-amomrchevelta-aqtivoba-1700-st-is-mdgomareobit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2018-10-28.
- ↑ დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2018-10-28.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2018-11-14.
- ↑ კახა კალაძემ ცესკოს დაასწრო არჩევნების თარიღის გამოცხადება
- ↑ ISFED
- ↑ „ალბათ, ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაურთულებს" - ზურაბიშვილი 28 ნოემბერს არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე
- ↑ 12.0 12.1 თინა ბოკუჩავა თამარ ჟვანიას - თქვენ ექვემდებარებით ივანიშვილის პოლიტიკურ ხუშტურებს
- ↑ კირტაძემ სხდომა დატოვა
- ↑ 14.0 14.1 14.2 ცესკოსთან „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 არასამთავროები - ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს
- ↑ ცესკოს დადგენილება[მკვდარი ბმული]
- ↑ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები[მკვდარი ბმული]
- ↑ გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს.
- ↑ არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება.
- ↑ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს.
- ↑ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი - არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი წულუკიანსა და ზურაბიშვილზე მსჯელობს.
- ↑ ოცნებას, სავარაუდოდ, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.[მკვდარი ბმული]
- ↑ ივანიშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი.
- ↑ 24.0 24.1 სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია
- ↑ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის.[მკვდარი ბმული]
- ↑ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს.[მკვდარი ბმული]
- ↑ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
- ↑ 9 ოპოზიციური პარტია სამშაბათს, სავარაუდოდ, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს.
- ↑ 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დააფუძნა.
- ↑ „ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2018-07-21.
- ↑ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
- ↑ შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.[მკვდარი ბმული]
- ↑ შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს.[მკვდარი ბმული]
- ↑ სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშის“ საპრეზიდენტო კანდიდატია.[მკვდარი ბმული]
- ↑ “ქართული მარში” საპრეზიდენტო კანდიდატად სანდრო ბრეგაძეს წარადგენს.
- ↑ ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
- ↑ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს[მკვდარი ბმული]
- ↑ Nino Burjanadze boycotts presidential election
- ↑ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები[მკვდარი ბმული]
- ↑ 22% გრიგოლ ვაშაძე, 18% - დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი -15% - Edison Research-ის პოლიტიკური რეიტინგები „რუსთავი 2“ 06.10.2018
- ↑ BCG-ის კვლევა: ბაქრაძე - 13.2%, ვაშაძე - 13%, ზურაბიშვილი - 10.20% ევროპული საქართველო 2018-10-06
- ↑ ქართული ოცნების კვლევით ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს ქართული ოცნება 19 ოქტომბერი 2018
- ↑ 43.0 43.1 43.2 Edison Research-ის კვლევა: ვაშაძე - 38%, ზურაბიშვილი - 34%
- ↑ 44.0 44.1 44.2 Gallup International-მა წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-02. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ Gallup International-მა წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-02. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
- ↑ "არანაირი ნდობა არ მაქვს" - მმართველი გუნდი Edison Research-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს „რუსთავი 2“ 14.11.2018
- ↑ არასამთავრობოები: არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა.
|