სეგადორების აჯანყება
სეგადორების აჯანყება, მომკელთა ომი (კატ. Guerra dels Segadors, ესპ. Guerra de los Segadores) — აჯანყება კატალონიაში ესპანეთის აბსოლუტიზმის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა 1640-1652 წლებში. უშუალო საბაბი გახდა სახელმწიფო გადასახადების ზრდა, კატალონიელების ძალდატანებითი გაწვევა იტალიაში მყოფ ესპანურ არმიაში და სხვა. 1640 წლის 22 მაისს რამდენიმე ათასი შეიარაღებული გლეხი ბარსელონაში შევიდა. აჯანყება მთელ კატალონიას მოედო. აჯანყებულებმა მუდმივი კავშირის ხელშეკრულება (1640 წლის დეკემბერი) დადეს საფრანგეთთან. 1640 წლის დამლევს საფრანგეთის ჯარები კატალონიაში შევიდნენ. 1641 წლის იანვარში კატალონიის კორტესმა უარყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV და საფრანგეთის მეფე ლუი XIII ბარსელონის გრაფად გამოაცხადა. 1651 წელს ესპანეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბარსელონას. ფრანგები დამარცხდნენ. 1652 წლის ოქტომბერში ბარსელონამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1653 წელს ფილიპე IV იძულებული გახდა დაედასტურებინა კატალონიის უფლებები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 263.