სერბეთ-ოსმალეთის ომები (1876-1878)
სერბეთ-ოსმალეთის ომები (1876-1878) | |||
---|---|---|---|
დიდი აღმოსავლური კრიზისის ნაწილი | |||
თარიღი |
30 ივნისი 1876 – 3 მარტი, 1878 (1 წელი, 8 თვე და 3 დღე) | ||
მდებარეობა | სერბეთი | ||
შედეგი |
სერბეთის გამარჯვება: სერბეთის დე-იურე დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისგან | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სერბეთ-ოსმალეთის ომები ვიკისაწყობში |
სერბეთ-ოსმალეთის ომები (სერბულად: Српско-османски ратови [Srpsko-osmanski ratovi]), ასევე ცნობილი, როგორც სერბო-თურქების ომები ან სერბეთის ომი დამოუკიდებლობისთვის (Српски ратови за независност, Srpski ratovi za nezavisnost), იყო ორი დაპყრობითი ომი (1876-1877 და 1877-1878 წლებში), რომელიც გაიმართა სერბეთის სამთავროსა და ოსმალთა იმპერიას შორის. მონტენეგროს სამთავროსთან ერთად, სერბეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა 1876 წლის 30 ივნისს. მთავარი ევროპული ძალების ჩარევის შედეგად, ცეცხლის შეწყვეტა მოხდა შემოდგომაზე და მოეწყო კონსტანტინოპოლის კონფერენცია. მშვიდობას ხელი მოეწერა 1877 წლის 28 თებერვალს "სტატუს-კვო ანტე ბელუმის" საფუძველზე. მოკლევადიანი ფორმალური მშვიდობის შემდეგ, სერბეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა 1877 წლის 11 დეკემბერს. განახლებული საომარი მოქმედებები გაგრძელდა 1878 წლის თებერვლამდე. ომების ფინალური შედეგი ბერლინის კონგრესმა გადაწყვიტა (1878 წ.). სერბეთმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და მისი ტერიტორიები გაფართოვდა.
კონფლიქტის დასაწყისში, სერბეთის ჯარი ცუდად იყო გაწვრთნილი და სუსტად შეიარაღებული, ოსმალთა იმპერიის ჯარისგან განსხვავებით. სერბული ჯარის შეტევითი მიზნები, რომლის შესრულებასაც ისინი ცდილობდნენ, ასეთი ძალის კვალობაზე გადაჭარბებულად ამბიციური იყო. მათ რამდენჯერმე განიცადეს დამარცხება, რაც იყო ცუდი დაგეგმვისა და ქრონიკული დაქსაქსულობის შედეგი. ამან საშუალება მისცა ოსმალთა ძალებს მოეგერიებინა სერბული ჯარის პირველი შეტევები და უკუეგდო ისინი. 1876 წლის შემოდგომაზე ოსმალთა იმპერიამ განაგრძო წარმატებული შეტევა, რომლის კულმინაცია იყო სოფელ ჯუნისთან მაღლობებზე გამარჯვების მოპოვება. მეორე კონფლიქტის დროს, 1877 წლის 13 დეკემბერსა და 1878 წლის 5 თებერვალს შორის პერიოდში, სერბეთის ჯარი გადაჯგუფდა იმპერიული რუსეთის დახმარებით, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთ-ოსმალეთის ომში იყო ჩაბმული. სერბებმა შექმნეს 5 სამხედრო კორპუსი, სამხრეთის მიმართულებით შეუტიეს ოსმალთა ჯარებს და ერთმანეთის მიყოლებით აიღეს რამდენიმე ქალაქი: ნიში, პიროტი, ლესკოვაცი და ვრანიე. ეს ომი დაემთხვა ბულგარელების აჯანყებას, მონტენეგრო-ოსმალეთის ომს და რუსეთ-ოსმალეთის ომსაც, რაც ერთად ცნობილია, როგორც ოსმალთა იმპერიის "დიდი აღმოსავლური კრიზისი".[1]
წინაპირობები და მოწინააღმდეგე ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1875 წელს სერბების რევოლუცია დაიწყო ოსმალთა იმპერიის პროვინციაში, კერძოდ, ჰერცეგოვინაში, რაც მალე ბოსნიის ვილაიეთის სხვა რეგიონებშიც გავრცელდა, ხოლო 1876 წლის გაზაფხულზე ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყების კერა გახდა ბულგარეთი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიამ მყისიერად ჩაახშო რევოლუცია ბულგარეთში, ჰერცეგოვინასა და ბოსნიაში ბრძოლები გაგრძელდა. ამავე დროს, პოლიტიკური არასტაბილურობა თურქულ დედაქალაქში მომწიფდა 30 მაისს (1876 წ.), როცა სულთანი აბდულაზიზი გადააყენეს და ის ჩაანაცვლა მურად V-მ. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და ორმა ნახევრად-დამოუკიდებელმა სერბეთისა და მონტენეგროს სამთავროებმა აირჩიეს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, მათ გამოაცხადეს ომი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ 1876 წლის 18 ივნისს.[2]
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბეთის მთავარმა არმიამ რუს გენერალ მიხაილ ჩერნიაევის მთავარსარდლობით თავი მოიყარა ალექსინაცის სამხრეთ ციხესიმაგრესთან. ის შედგებოდა სამი სერბული დივიზიისგან და სხვადასხვა მოხალისე ფორმირებისგან, ჯამში 45 000 კაცით. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზაეჩარში მყოფმა მილოიკო ლეშიანინმა ქვეით ჯარს (6 000 კაცი) მისცა ბრძანება, რომელსაც მხარს უჭერდა კავალერია და ბულგარული ლეგიონი (2 000 კაცი). დასავლეთში იყო ორი სუსტი დივიზია (3 500 - თითოეულში) - ერთი - სამხრეთ-დასავლეთით უჟიცეში ფრენსის ზაკის ხელმძღვანელობით, ხოლო მეორე - ჩრდილო-დასავლეთით შაბაშში რანკო ალიმპიჩის მეთაურობით. მთავარი საბრძოლო იარაღი იყო "Peabody M.1870", რომელიც იყო რუსული შაშხანის მსგავსი ("M1867 Krnka"). მიუხედავად იმისა, რომ "Peabody" იყო სერბებისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო იარაღი, ბევრ მათგანს მოუწია სხვა სახის იარაღების გამოყენება, როგორებიცაა - "M.1867 სერბული მწვანე კონვერსია" და სხვა სახის სავაზნე კოლოფიდან დასატენი იარაღები, ისევე, როგორც ლულიდან დასატენი იარაღებიც კი (მათ შორის, 39 000 რუსული მუშკეტი მოდელით "1845/63" და 7 000 ბელგიური შაშხანა მოდელით "1849/56"). ოფიცრები შეიარაღებული იყვნენ რევოლვერებით ("Francotte m/1871"). საარტილერიო ქვედანაყოფები იყენებდნენ უმეტესად ბრინჯაოს იარაღებს, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ჩამორჩებოდა ოსმალურ "Krupps"-ს. ბუნებაზე მორგებული კავალერიის ძალიან ცოტა ესკადრილიები არსებობდა და ისინიც კი ცუდად იყვნენ აღჭურვილი. იმ დროს, სერბეთი თავის რიგებში ყველა მოხალისეს იღებდა, რომელთა შორის იყვნენ რუსები, ბულგარელები, ჯუზეპე გარიბალდის იტალიელი მიმდევრები, პრუსიელი ოფიცრები, ასევე, ინგლისელები, ფრანგები, ბერძნები, რუმინელები და პოლონელები. ყველაზე დიდი რაზმები ჰყავდათ რუსებსა და ბულგარელებს. 1876-1877 წლების ომების დროს, გარიბალდის ინიციატივით, შეიქმნა რაზმი რამდენიმე ასეული იტალიელი მოხალისის მონაწილეობით. რუსი მოხალისეები, რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებლები იყვნენ რუსული სახელმწიფოსგან, სერბეთის თავდაცვის სადარაჯოზე იდგნენ. რუსი მოხალისეების ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 2 200 მამაკაცი, მსახურობდა "ტიმოკ-მორავას ჯარში", საიდანაც 650 იყო ოფიცერი, ხოლო 300 - სამედიცინო პერსონალი.
ოსმალეთის მთავარი არმია დაფუძნებული იყო სოფიაში, აბდულ ქერიმის მეთაურობით. ის აერთიანებდა 50 000 კაცს, არარეგულარულ ნაწილებს (ბაში-ბაზუკი) და დამატებით, ჩერქეზებს. საზღვარზე მდებარე ნიშის ციხესიმაგრესთან იყო გარნიზონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეჰმედ ალი 8 000 კაცით. ვიდინში, ოსმან ნურის ჰყავდა 23 000 კაცი. დასავლეთით, "ბოსნიის სანჯაკში" იმყოფებოდნენ ბიელინას და ზვორნიკის პატარა გარნიზონები (12 000 კაცი, უმეტესად ეგვიპტელები), რომლებიც ორგანიზებული იყვნენ სამ ქვეით პოლკად ჰოსნი რაშიდ ფაშას (ეგვიპტის არმია), დერვიშ ფაშას და მეჰმედ ფაშას წინამძღოლობით. ამ ომისთვის გამოიძახეს რედიფის ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ უმეტესწილად ბრიტანული შაშხანებით ("Sniders"). საუკეთესო შაშხანა "Peabody-Martini" სულ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი ხდებოდა და განსაკუთრებით გამოიყენებოდა ეგვიპტელი ჯარისკაცების მიერ. "Krupp"-ის სავაზნე კოლოფიდან დასატენი შაშხანები ყველაზე ხშირად არის მოხსენიებული, თუმცა, იქ უნდა ყოფილიყო ბრინჯაოს იარაღების შესამჩნევი რაოდენობა. ოსმალთა ჯარები კარგად წარმოჩინდნენ ომის დროს, თუმცა, ცუდი ოფიცრობა ჰყავდათ და არაადეკვატური მომარაგება ჰქონდათ.
სამხედრო ოპერაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ომი (1876-1877)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ეტაპი, რომელიც ცნობილია, როგორც სერბეთ-ოსმალეთის პირველი ომი (Први српско-турски рат/Prvi srpsko-turski rat), გაიმართა 1876 წლის 30 ივნისიდან 1877 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. სერბეთის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა სიმბოლურ ვიდოვდანზე (27 ივნისი), კოსოვოს ბრძოლის დღეს (1389 წ.) (მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მოხდა 15 ივნისს მე-14 საუკუნეში და მას არ სჭირდებოდა გრიგორიანულ კალენდარზე გადაყვანა. თუმცა, გადაყვანის შემთხვევაშიც კი, სწორი თარიღი იქნებოდა 23 ივნისი, რადგან მათ შორის სხვაობა მე-14 საუკუნეში უნდა ყოფილიყო 8 დღე). სერბეთის თავდაპირველი სამხედრო გეგმა იყო ნიშის დაცვა და ჩერნიაევის მეთაურობით მთავარი არმიის სოფიაზე შეტევა. სხვა არმიები ამავდროულად დაიწყებდნენ დივერსიულ შეტევებს, მაგრამ დასავლეთში მოხდა მათი მოგერიება. ჩრდილო-აღმოსავლეთით გენერალი მილოიკო ლეშიანინი დამარცხდა კიორთან ახლოს, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ოსმალთა წინსვლის შეჩერება ტიმოკის მდინარის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ლეშიანინმა თავი შეაფარა საიკარის ციხესიმაგრეს, ოსმალთა ჯარმა მოახერხა მისი აღება 1876 წლის 7 აგვისტოს. სერბული ჯარის მთავარი წინსვლა სამხრეთით თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა, როცა ის სწრაფად გადაადგილდა ქვევით ნიშავას ხეობაში და დაიკავა ბაბინა პიროტის ჩრდილოეთით, გლავას მნიშვნელოვანი მაღლობები. თუმცა, ისინი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, როცა ოსმალებმა გადაწყვიტეს ორი კოლონის მეშვეობით სერბული პოზიციისთვის ფლანგიდან შემოვლა. გენერალმა რანკო ალიმპიჩმა გადაკვეთა მდინარე დრინა 1876 წელს, მაგრამ ბიელინას დაკავება ვერ შეძლო.[3]
ოსმალეთის სარდალმა აბდულ ქერიმმა გადაწყვიტა არ წასულიყო რთულ მთიან რელიეფზე ტიმოკსა და მორავას მდინარეებს შორის და, ამის ნაცვლად, 40 000-იან ჯარს თავი მოუყარა ნიშში. შემდეგ, ის გაემართა უფრო ადვილი გზით, მორავას ხეობის გავლით ალექსინაცისკენ. ჩერნიაევს ჰყავდა 30 000 კაცი და ოსმალთა სარდლისგან განსხვავებით, ჯარი განალაგა ვიწროდ მორავას მდინარის ორივე მხარეს და მთებში. ამის შედეგად, როცა ამ ორ ძალას შორის საბრძოლო კონტაქტი შედგა, სერბი ჯარისკაცები მოექცნენ ოსმალთა მასიური ცეცხლის ქვეშ. ამას მალე მოჰყვა ხიშტებით იერიშის მიტანა და სერბი ჯარისკაცები საბრძოლო მოედნიდან განიდევნენ. აბდულ ქერიმის გადაუწყვეტელობისა და ჰორვატოვიჩის ახალი ძალების მოსვლის წყალობით, ახალი სერბული თავდაცვითი ხაზი შეიქმნა ჯუნისში.
ამ უკუსვლებისა და მარცხის სერიების შემდეგ, სერბეთმა თხოვნით მიმართა ევროპულ ძალებს შეემუშავებინა დიპლომატიური გამოსავალი ამ ომთან დაკავშირებით. ევროპული ძალების ერთობლივმა ულტიმატუმმა ოსმალეთის იმპერია აიძულა სერბეთთან დაედო 1 თვიანი დროებითი ზავი, რომლის დროსაც გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებები. თუმცა, ოსმალების მიერ შემოთავაზებული პირობები ევროპულმა ძალებმა ძალიან მკაცრად აღიქვეს და უარყვეს კიდეც.
როდესაც ზავის დრო ამოიწურა, ომი გაგრძელდა და სერბეთის ახალმა სარდალმა, ჰორვატოვიჩმა, 1876 წლის 28 სექტემბერს, ჯუნისიდან ალექსინაცამდე ფართო პერიმეტრზე განფენილ ოსმალთა პოზიციებზე იერიში მიიტანა, თუმცა ოსმალებმა შეტევები მოიგერიეს. ოსმალური ძალები რეორგანიზდნენ, გადაჯგუფდნენ და 1876 წლის 19 ოქტომბერს ადილ ფაშას ჯარმა მოულოდნელი შეტევა წამოიწყო სერბების წინააღმდეგ, რამაც სერბები აიძულა დელიგრადში დაბრუნებულიყვნენ.
1876 წლის 31 ოქტომბერს, როცა საზარელი სიტუაცია შეიქმნა და სერბეთის ჯარი დაშლის პირას იყო, რუსეთმა თავის არმიას მობილიზება გაუკეთა და ოსმალეთს დაემუქრა, რომ ომს დაიწყებდა, თუკი 48 საათის განმავლობაში ის ზავს არ დადებდა და არ განაახლებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერბეთთან. ეს მოლაპარაკებები გაგრძელდა 1877 წლის 15 იანვრამდე და ეფექტურად დაასრულა ბრძოლა სერბეთსა და ოსმალთა იმპერიას შორის, სანამ სერბეთმა, რუსეთისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, 1877 წელს ხელახლა არ გამოაცხადა ომი ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ.
მეორე ომი (1877-1878)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ეტაპი, რომელიც ცნობილია, როგორც სერბეთ-ოსმალეთის მეორე ომი (Други српско-турски рат/Drugi srpsko-turski rat), გაიმართა 1877 წლის 13 დეკემბერსა და 1878 წლის 5 თებერვალს შორის პერიოდში. ის დასრულდა სერბეთის გამარჯვებით.
1878 წლის დასაწყისში სერბეთის სამეფო არმიამ დაიკავა სამხრეთ მორავას აუზის უმეტესი ნაწილი და მიაღწია პრეშევოსა და ვიტინას.[4] 31 იანვარს მათ დაიკავეს ვრანიე.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბეთ-ოსმალეთის ომების შედეგად ბევრი ბავშვი დაობლდა. სერბეთში სიტუაცია იყო საკმაოდ სერიოზული, რომელსაც ზოგიერთი აღწერდა, როგორც "ბავშვების უზარმაზარი ჯგუფები, რომლებიც უახლოვდებიან ქალაქებს". იმ დროს, სერბეთს ჰქონდა განუვითარებელი სოციალური დაცვის სისტემა. ამ ყველაფრის გაცნობიერებით, 1879 წელს ტერაზიეს სკვერში, სასტუმრო კასინაში ბელგრადის 50-მა ყველაზე გამორჩეულმა მოქალაქემ გადაწყვიტა დაეარსებინა "საზოგადოება ბავშვთა აღზრდისა და დაცვისთვის". ამ დაწესებულებაში დაარსდა პირველი სერბული პროფესიონალური სკოლა.
1876-1878 წლების სერბეთ-ოსმალეთის ომების განმავლობაში და მის შემდეგ, 30 000-დან 70 000-მდე ოსმალეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი უმეტესწილად ალბანელი პირი ყოფილი "ნიშის სანჯაკიდან" საცხოვრებლად გადავიდა თურქულ "კოსოვოს ვილაიეთში".[5] [6] [7] [8] [9] [10]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1876 წელს პეტრე ჩაიკოვსკიმ შექმნა და დადგა "მონა მარში".
- ლევ ტოლსტოის 1877 წლის რომანის ანა კარენინა დასასრულს, გრაფ ალექსეი ვრონსკის პერსონაჟი ირიცხება რუსულ მოხალისეთა პოლკში, რომელიც მიემგზავრება სერბების დასახმარებლად.
- 1882 წელს, ლაზა კ. ლაზარევიჩმა (1851-91 წწ.) დაწერა მცირე მოთხრობა "ხალხი დააჯილდოებს ყოველივე ამას". ავტორი აღწერს ფრონტიდან დაბრუნებული უნარშეზღუდული ომის ვეტერანების რთულ მდგომარეობას, რომლებსაც სახელმწიფო არაადამიანურად ეპყრობა.
- სერბმა მწერალმა დობრილო ნენადიჩმა გამოაქვეყნა ომების შესახებ რომანის ტრილოგია: "გრაფ ვრონსკის ხმალი" (2002 წ.), "გამარჯვებულები" (2004 წ.) და "პრინც ბიზმარკის წყენა" (2005 წ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cirkovic, Sima (2004). The Serbs. Malden: Blackwell Publishing. ISBN 9781405142915.
- Forbes, Nevill, et al. The Balkans: a history of Bulgaria, Serbia, Greece, Rumania, Turkey (1915) summary histories by scholars online free.
- Harris, David. A diplomatic history of the Balkan crisis of 1875-1878: the first year (1969).
- Kovic, Milos. Disraeli and the Eastern Question (Oxford UP, 2010).
- Langer, William L. European Alliances and Alignments, 1871-1890 (2nd ed. 1950) pp 121–66.
- Macfie, Alexander Lyon. The Eastern Question 1774-1923 (2nd ed. 2014).
- Millman, Richard. Britain and the Eastern question, 1875-1878 (Oxford UP, 1979).
- Pavlowitch, Stevan K. (1999). A History of the Balkans 1804-1945. London, New York: Longman. ISBN 9780582045859.
- Pavlowitch, Stevan K. (2002). Serbia: The History behind the Name. London: Hurst & Company. ISBN 9781850654773.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jovan Ristić. (1898)Diplomatska istorija Srbije za vreme srpskih ratova za oslobodjenje i nezavisnost, 1875–1878. (Public domain)
- 23. avgust 1876, bitka na Šumatovcu, najsjajnija pobeda srpskog oružja u srpsko-turskim ratovima TURCI PADALI KO SNOPLJE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-10. ციტირების თარიღი: 2023-04-29.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pavlowitch (1999). A History of the Balkans 1804–1945, გვ. 115.
- ↑ Nevill Forbes, et al. The Balkans: a history of Bulgaria, Serbia, Greece, Rumania, Turkey (1915) summary histories by scholars online free.
- ↑ Kanitz, Felix Philipp (1904). Jovanović, Bogoljub (ed.). Das königreich Serbien und das Serbenvolk: 2. bd. Land und bevölkerung. Das königreich Serbien und das Serbenvolk. Vol. 1. B. Meyer. pp. 361, 401–403.
- ↑ Vrhovna komanda 1878, pp. 123–126.
- ↑ Pllana, Emin (1985). "Les raisons de la manière de l'exode des refugies albanais du territoire du sandjak de Nish a Kosove (1878–1878) [The reasons for the manner of the exodus of Albanian refugees from the territory of the Sanjak of Niš to Vilayet of Kosovo (1878–1878)] ". Studia Albanica. 1: 189–190.
- ↑ Rizaj, Skënder (1981). "Nënte Dokumente angleze mbi Lidhjen Shqiptare të Prizrenit (1878–1880) [Nine English documents about the League of Prizren (1878–1880)]". Gjurmine Albanologjike (Seria e Shkencave Historike). 10: 198.
- ↑ Şimşir, Bilal N, (1968). Rumeli’den Türk göçleri. Emigrations turques des Balkans [Turkish emigrations from the Balkans]. Vol I. Belgeler-Documents. p. 737.
- ↑ Bataković, Dušan (1992). The Kosovo Chronicles. Plato.
- ↑ Elsie, Robert (2010). Historical Dictionary of Kosovo. Scarecrow Press, გვ. XXXII. ISBN 9780333666128.
- ↑ Stefanović, Djordje (2005). "Seeing the Albanians through Serbian eyes: The Inventors of the Tradition of Intolerance and their Critics, 1804–1939." European History Quarterly. 35. (3): 470.