შინაარსზე გადასვლა

ტიბერიუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიბერიუსი
Tiberius Caesar Dīvī Augustī Fīlius Augustus

ტიბერიუსის ბიუსტი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 18 სექტემბერი, 14
მმართ. დასასრული: 16 მარტი, 37 (22 წელი)
წინამორბედი: ავგუსტუსი
მემკვიდრე: კალიგულა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ნოემბერი, ძვ. წ. 42
დაბ. ადგილი: რომი
გარდ. თარიღი: 16 მარტი, 37 (78 წლის)
გარდ. ადგილი: მიზენუმი, იტალია
დაკრძ. ადგილი: ავგუსტუსის მავზოლეუმი
მეუღლე: ვიფსანია აგრიპინა (ძვ. წ. 19-11 წწ.)
იულია უფროსი (ძვ. წ. 11-2 წწ.)
შვილები: დრუზუს იულიუს კეისარი
ტიბერილუსი
დინასტია: იულიუს-კლავდიუსები
მამა: ტიბერიუს კლავდიუს ნერონი
დედა: ლივია დრუზილა
რომის საიმპერატორო დინასტიები
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ავგუსტუსი ძვ. წ. 27-ახ. წ. 14
ტიბერიუსი 14-37 წწ.
კალიგულა 37-41 წწ.
კლავდიუსი 41-54 წწ.
ნერონი 54-68 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
რომის რესპუბლიკა
მემკვიდრე
ოთხი იმპერატორის წელი

ტიბერიუსი (ლათ. Tiberius Caesar Dīvī Augustī Fīlius Augustus;[კ. 1][კ. 2] დ. 16 ნოემბერი, ძვ. წ. 42 — გ. 16 მარტი, 37) — რომის იმპერატორი 14-37 წლებში. დაბადებისას ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, კლავდიუსის გვარით. ტიბერიუს კლავდიუს ნერონისა და ლივია დრუზილას შვილი. დედამისი გაეყარა ნერონს და ძვ. წ. 39 წელს დაქორწინდა ოქტავიანეზე, მომავალ ავგუსტუსზე. ტიბერიუსი მისი გერი გახდა.

მოგვიანებით, ტიბერიუსი დაქორწინდა იულია უფროსზე, ავგუსტუსის ქალიშვილზე სკრიბონიასთან ქორწინებიდან და შემდეგ, ავგუსტუსმა იშვილა კიდევაც, რითაც ტიბერიუსი ოფიციალურად გახდა იულიუსი და მიიღო სახელი ტიბერიუს იულიუს კეისარი. შემდეგი ოცდაათი წლის განმავლობაში, ტიბერიუსის მომდევნო იმპერატორები აგრძელებდნენ ორივე ოჯახის ამ შერეულ დინასტიას, რომელსაც ისტორიკოსები იულიუს-კლავდიუსების დინასტიას უწოდებენ. დინასტიის სხვა იმპერატორებს თუ დავუკავშირებთ, ტიბერიუსი იყო ავგუსტუსის გერი, კალიგულას პაპის ძმა, კლავდიუსის ბიძა მამის მხრიდან და ნერონის პაპის ბიძა.

ტიბერიუსი რომის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო. მან დაიპყრო პანონია, დალმაცია, რეცია და დროებით, გერმანიის ნაწილებიც, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს, თუმცა ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც კარჩაკეტილ, პირქუშ მმართველად დარჩა, რომელსაც არასდროს უსურვია იმპერატორობა. პლინიუს უფროსი მას tristissimus hominum-ს, „ყველაზე პირქუშ ადამიანს“ უწოდებს.[1]

ახ. წ. 23 წელს, შვილის, დრუზუს იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ, ტიბერიუსი კიდევ უფრო კარჩაკეტილი და გულცივი გახდა. ახ. წ. 26 წელს, მან რომი დატოვა და მმართველობა დიდწილად, პრეტორიანელთა არაკეთილსინდისიერ პრეფექტს, სეიანუსსა და კვინტუს ნევიუს სუტორიუს მაკრონს ჩააბარა.

სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო ტახტზე ტიბერიუსი თავისმა ძმისშვილიშვილმა, კალიგულამ, შეცვალა.[2]

ცხოვრების ადრეული პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბერიუსი დაიბადა ძვ. წ. 42 წლის 16 ნოემბერს, რომში, ტიბერიუს კლავდიუს ნერონისა და ლივია დრუზილას ოჯახში.[3] ძვ. წ. 39 წელს დედამისი გაეყარა ქმარს, ტიბერიუსის ბიოლოგიურ მამას და ცოლად გაჰყვა გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუსს, როდესაც ჯერ ისევ ფეხმძიმედ იყო ტიბერიუს ნერონისაგან. ძვ. წ. 38 წელს დაიბადა ტიბერიუსის ძმა, ნერონ კლავდიუს დრუზუსი.[4]

ტიბერიუსის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ წყაროები ცოტაა. ძვ. წ. 32 წელს, იგი პირველად წარუდგა საზოგადოებას, როდესაც ცხრა წლის ასაკში, თავისი ბიოლოგიური მამის დაკრძალვაზე სახოტბო სიტყვით გამოვიდა.[5] ძვ. წ. 29 წელს, თავის ძმასთან, დრუზუსთან ერთად, აქციუმის ბრძოლაში ანტონიუსისა და კლეოპატრას დამარცხების აღსანიშნავად გამართულ ტრიუმფზე თან ახლდა მამინაცვლის, ოქტავიანეს ეტლს.[5]

ძვ. წ. 23 წელს, იმპერატორი ავგუსტუსი მძიმედ გახდა ავად და მისი შესაძლო სიკვდილი რომაულ სამყაროს კვლავ ქაოსში ჩაძირვით დაემუქრა. ისტორიკოსები, ძირითადად, თანხმდებიან, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ავგუსტუსის მემკვიდრის საკითხი ყველაზე აქტუალური გახდა და როდესაც ავგუსტუსი მიუთითებდა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში მის პოსტზე აგრიპასა და მარცელუსს უნდა ეზრუნათ. მემკვიდრის საკითხის გაურკვევლობა ავგუსტუსის მთავარი პრობლემა გახდა.[6]

საპასუხოდ, როგორც ჩანს, შეირჩა პოტენციურ მემკვიდრეთა მთელი სერიები, რომელთა შორისაც ტიბერიუსი და მისი ძმა დრუზუსიც იყვნენ. ძვ. წ. 24 წელს, 17 წლის ასაკში, ტიბერიუსი, ავგუსტუსის მითითებით, კვესტორის თანამდებობის დაკავებით, პოლიტიკაში ჩაერთო[7] და მიიღო უფლება კანონით გათვალისწინებულ ასაკზე ადრე დაეკავებინა პრეტორისა და კონსულის თანამდებობები.[8] იგივე მდგომარეობა მიიღო დრუზუსმაც.[9]

სამოქალაქო და სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოტა ხნის შემდეგ, ტიბერიუსი სასამართლოში ადვოკატის ამპლუაშიც გამოჩნდა[10] და სავარაუდოდ, სწორედ აქედან იწყება მისი დაინტერესება ბერძნული რიტორიკით. ძვ. წ. 20 წელს, ტიბერიუსი მარკუს ვიფსანიუს აგრიპას ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთში გაგზავნეს.[11] პართიელებს მიტაცებული ჰქონდათ რომის იმ ლეგიონების შტანდარტები, რომელთაც კრასუსი (ძვ. წ. 53 წელს, კარეს ბრძოლისას), დეციდიუს საქსა (ძვ. წ. 40) და მარკუს ანტონიუსი (ძვ. წ. 36) მეთაურობდნენ.[8]

ერთწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ტიბერიუსი სომხეთში დიდი რაოდენობის ჯარს შეუძღვა, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ იგი რომის ვასალ სახელმწიფოდ ექცია და რომი-პართიის საზღვარზე არსებული საფრთხისათვის წერტილი დაესვა. ავგუსტუსმა მოახერხა კომპრომისის მიღწევა, რომლის მიხედვითაც, რომმა შტანდარტები დაიბრუნა, სომხეთი კი ორ იმპერიას შორის ნეიტრალურ ტერიტორიად დარჩა.[8]

აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ, ტიბერიუსი დაქორწინდა ვიფსანია აგრიპინაზე, ავგუსტუსის ახლო მეგობრისა და დიდი მხედართმთავრის, მარკუს ვიფსანიუს აგრიპას ქალიშვილზე.[12] იგი პრეტორის თანამდებობაზე დაინიშნა და თავის ლეგიონებთან ერთად, ძმის, დრუზუსის დასახმარებლად გაიგზავნა დასავლეთში წარმოებულ კამპანიებში. სანამ დრუზუსს თავისი ძალები ნარბონის გალიასა და გერმანიის საზღვართან ჰყავდა თავმოყრილი, ტიბერიუსი შეებრძოლა ტომებს ალპებსა და ტრანსალპურ გალიაში და დაიპყრო რეცია. ძვ. წ. 15 წელს აღმოაჩინა დუნაის სათავეები და მცირე ხნის შემდეგ, შუა ნაკადის მობრუნებაც.[13] ძვ. წ. 13 წელს, რომში დაბრუნების შემდეგ, ტიბერიუსი კონსულად დაინიშნა, დაახლოებით ამავე დროს დაიბადა მისი ვაჟი, დრუზუს იულიუს კეისარიც.[14]

ძვ. წ. 12 წელს, აგრიპას გარდაცვალების შემდეგ, ტიბერიუსისა და დრუზუსის, როგორც მემკვიდრეების პოზიციები გამყარდა. ავგუსტუსის მოთხოვნით, ძვ. წ. 11 წელს, ტიბერიუსი გაეყარა ვიფსანიას და დაქორწინდა აგრიპას ქვრივზე, ავგუსტუსის ქალიშვილ იულიაზე.[2][12] ეს მოვლენა ტიბერიუსისათვის ათვლის წერტილად იქცა. მისი ახალი ქორწინება იულიასთან ბედნიერი არასდროს ყოფილა. წყვილს მხოლოდ ერთი შვილი ეყოლა, რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.[12]

გავრცელებული ინფორმაციით, ტიბერიუსი ვიფსანიას ერთხელ კიდევ შეხვდა, შინ ტირილით მიაკითხა და პატიებას ევედრებოდა.[12] ამ შემთხვევიდან მალევე იგი ავგუსტუსს შეხვდა და მიღებულ იქნა ზომები საიმისოდ, რომ ტიბერიუსი და ვიფსანია ერთმანეთს აღარასდროს შეხვედროდნენ.[15] ავგუსტუსი განაგრძობდა ტიბერიუსის დაწინაურებას და აგრიპასა (ძვ. წ. 12) და თავისი ძმის, დრუზუსის (ძვ. წ. 9) გარდაცვალების შემდეგ, იგი იმპერატორის მემკვიდრის აშკარად გამოკვეთილ კანდიდატად იქცა. ძვ. წ. 12 წელს ტიბერიუსმა პანონიასა და გერმანიაში ილაშქრა. ორივე ტერიტორია გამოირჩეოდა არასტაბილურობით და ავგუსტუსის პოლიტიკის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა.

ტიბერიუსის, ლუციუს დომიციუს ენობარბუსისა და გაიუს სენტიუს სატურნინუსის კამპანია გერმანიაში ძვ. წ. 6-1 წლებში.

ძვ. წ. 6 წელს ტიბერიუსმა მარკომანებზე შეტევა წამოიწყო. იგი კარნუნტუმიდან ჩრდილო-დასავლეთით დუნაისკენ გაემართა ოთხი ლეგიონით და იმისათვის, რომ მარკომანებს აღმოსავლეთიდან დასხმოდა თავს, კვადების მიწებიც გაიარა. ამასობაში, სარდალი გაიუს სენტიუს სატურნინუსი მოგუნტიაცუმიდან აღმოსავლეთით რაინისაკენ გაემართა ორი ან სამი ლეგიონით, გაიარა ახლად ანექსირებული ჰერმუნდურების ტერიტორია და მარკომანებს დასავლეთიდან შეუტია. კამპანია წარმატებულად შეფასდა, თუმცა ტიბერიუსმა ვერ შეძლო მარკომანების დამორჩილება, რადგანაც იგი მალევე გამოიძახეს რაინის საზღვარზე გერმანიაში რომის დაპყრობების დასაცავად.

ტიბერიუსი რომში დაბრუნდა და ძვ. წ. 7 წელს მეორედ გახდა კონსული, ძვ. წ. 6 წელს კი მიენიჭა ტრიბუნის ძალაუფლება (tribunicia potestas) და აღმოსავლეთზე კონტროლი,[16] ყველა ის თანამდებობა და ძალაუფლება, რასაც მანამდე აგრიპა ფლობდა. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებებისა და დაწინაურებებისა, ტიბერიუსი ბედნიერი არ იყო.[17]

როდოსზე წასვლა (ძვ. წ. 6 წ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიბერიუსის ვილის ნაშთები სპერლონგასთან, რომი-ნეაპოლის გზის შუაში, ზღვის სანაპიროზე.

ძვ. წ. 6 წელს, როდესაც იგი აღმოსავლეთის მმართველად აღიარეს და რომში მეორე კაცი გახდა, ტიბერიუსმა მოულოდნელად განაცხადა, რომ პოლიტიკას თავს ანებებდა და როდოსზე გადასახლდა.[18] ტიბერიუსის გადადგომის ზუსტი მოტივები ბუნდოვანია.[19] ისტორიკოსები ამ მოვლენის იმ ფაქტთან კავშირზე ფიქრობენ, რომ ავგუსტუსმა იშვილა იულიას შვილები აგრიპასგან (გაიუს კეისარი და ლუციუს კეისარი) და როგორც ჩანდა, მათაც სწორედ იმ პოლიტიკურ გზაზე აყენებდა, რომელიც ტიბერიუსმა და დრუზუსმა გაიარეს.[20]

ამდენად, როგორც ჩანს, ტიბერიუსის ქმედება შუალედურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა: მას მანამდე ექნებოდა ძალაუფლება, სანამ მისი გერები სათანადო ასაკს მიაღწევდნენ, შემდეგ კი მას ხელისუფლებას ჩამოაშორებდნენ. მისი ცოლის, იულიას, საჯაროდ უწესო ქცევასაც[21] შესაძლებელია გარკვეული როლი ეთამაშა.[16] მართლაც, ტაციტუსი ამას ტიბერიუსის პირად მიზეზს უწოდებს და როგორც ჩანს, მის ამ ქმედებას მთლიანად იულიასადმი სიძულვილსა და ვიფსანიასადმი ლტოლვას მიაწერს.[22] ტიბერიუსმა დაინახა, რომ დაქორწინებული იყო ქალზე, რომელსაც ვერ იტანდა, რომელიც მას საჯაროდ ამცირებდა და ამავდროულად, აკრძალული ჰქონდა ენახა ქალი, რომელიც უყვარდა.[23]

რაც არ უნდა ყოფილიყო ტიბერიუსის მოტივი, მისი გადადგომა ლამის საბედისწერო გამოდგა ავგუსტუსის მემკვიდრეობის გეგმებისათვის. გაიუსი და ლუციუსი ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ და ავგუსტუსს, რომელიც უკვე 57 წლის იყო, პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. უკვე აღარ არსებობდა მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ან იმის გარანტია, რომ ავგუსტუსის ოჯახი და შესაბამისად, ოჯახის მოკავშირეებიც შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას, რაც პრინცეპსის თანამდებობის გადარჩენისათვის იყო საჭირო.[23]

ზოგიერთი არასარწმუნო ისტორია გადმოგვცემს, რომ ავგუსტუსი ტიბერიუსის დარჩენის მოთხოვნით სასამართლოშიც კი გამოვიდა და იმდენად შორს წავიდა, რომ სერიოზული დაავადების ინსცენირება მოაწყო.[23] პასუხად, ტიბერიუსმა ოსტიის სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ავგუსტუსი გადარჩა, პირდაპირ როდოსისაკენ გაემართა.[24] გავრცელებული ინფორმაციით, ტიბერიუსი ნანობდა გამგზავრებას და რამდენიმეჯერ ითხოვა კიდეც რომში დაბრუნების ნებართვა, თუმცა ავგუსტუსმა მის ყოველ მოთხოვნას უარით უპასუხა.[25]

ავგუსტუსის მემკვიდრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბერიუსის წასვლის შემდეგ, მემკვიდრის კანდიდატებად მხოლოდ ავგუსტუსის ორი ახალგაზრდა შვილიშვილი, ლუციუსი და გაიუსი დარჩნენ. ვითარება კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა ახ. წ. 2 წელს, როდესაც ლუციუსი გარდაიცვალა. ავგუსტუსმა, რომელიც, შესაძლოა, გარკვეულწილად, ლივიას ზეწოლასაც განიცდიდა, ტიბერიუსს ნება დართო რომში დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც უბრალოდ კერძო მოქალაქე და მეტი არაფერი.[26] ახ. წ. 4 წელს სომხეთში მოკლეს გაიუსი და ავგუსტუსს სხვა გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ტიბერიუსისათვის მიემართა.[27][28]

გაიუსის სიკვდილმა ავგუსტუსის ოჯახის მღელვარე რეაქცია გამოიწვია. ავგუსტუსმა იშვილა ტიბერიუსი და იგი თავის ვაჟად და მემკვიდრედ გამოაცხადა, თუმცა ამ უკანასკნელსაც მოუწია თავისი ძმისშვილის, გერმანიკუსის შვილად აყვანა, რომელიც მისი ძმის, დრუზუსისა და ავგუსტუსის დისწულის, ანტონია უმცროსის შვილი იყო.[27][29] შვილად აყვანასთან ერთად, ტიბერიუსმა მიიღო ტრიბუნის ძალაუფლება და გაიზიარა ავგუსტუსის უზენაესი ძალაუფლება (maius imperium), ის რაც თვით მარკუს აგრიპასაც კი არასდროს ჰქონია.[30]

ახ. წ. 7 წელს ავგუსტუსმა უარყო აგრიპა პოსტუმუსი, გაიუსისა და ლუციუსის უმცროსი ძმა. იგი კუნძულ პლანასიაზე განდევნეს, სადაც განმარტოვებით უნდა ეცხოვრა პატიმრობაში.[28][31] ამდენად, როდესაც ახ. წ. 13 წელს ტიბერიუსისათვის გადაცემული ძალაუფლება ავგუსტუსისას გაუტოლდა და მას აღარაფრით ჩამოუვარდებოდა, იგი, არსებითად, ავგუსტუსის „თანა-პრინცეპსი“ გახდა და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემთხვევაში, უბრალოდ განაგრძობდა მმართველობას ხელისუფლების არარსებობის პერიოდის ან შესაძლო გადატრიალების გარეშე.[32]

თუმცა, სვეტონიუსის მიხედვით, გერმანიაში ორწლიანი სამსახურის (ახ. წ. 10-12 წწ.) შემდეგ,[33] „ტიბერიუსი დაბრუნდა და გადადებული ტრიუმფი გადაიხადა იმ ლეგატების თანხლებით, რომლებიც მისი დაჟინებული მოთხოვნით სატრიუმფო აღკაზმულობით დააჯილდოვეს. ვიდრე კაპიტოლიუმისაკენ გადაუხვევდა, ეტლიდან ჩამოვიდა და მუხლი მოიყარა მამის წინაშე, რომელიც ზეიმს ხელმძღვანელობდა.“[34] „სულ მალე კონსულებმა შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო ავგუსტუსთან ერთად ემართა პროვინციები და ეწარმოებინა აღწერა. მან ხუთწლიანი მსხვერპლშეწირვა აღასრულა და ილირიკუმში გაემგზავრა.“[35]

სვეტონიუსის მიხედვით, ეს ცერემონიები და მისი „თანა-პრიცეპსად“ გამოცხადება ახ. წ. 12 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც ტიბერიუსი გერმანიიდან დაბრუნდა.[33] „მაგრამ უკან უხმეს და გზიდან მოაბრუნეს. ავგუსტუსს ღონემიხდილს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალს ჩაუსწრო და მთელი დღე მასთან დაყო განმარტოებით.“[35] ავგუსტუსი ახ. წ. 14 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.[36] იგი ყველა ცერემონიის თანხლებით დაკრძალეს და წინაწარვე მიღებული ზომების თანახმად, გააღმერთეს. მისი ანდერძი წაიკითხეს და ტიბერიუსი იმპერატორის ერთადერთ მემკვიდრედ დამტკიცდა.[37]

მმართველობის პირველი წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიბერიუსი

18 სექტემბერს მოწვეულ იქნა სენატი, რათა მას დაემტკიცებინა ტიბერიუსის პრინცეპსობა და თანამდებობის ძალაუფლება მასზე გაევრცელებინა, ისევე, როგორც ეს მანამდე ავგუსტუსის შემთხვევაში გაკეთდა.[38] ეს მოვლენები სრულად აქვს აღნუსხული ტაციტუსს.[39] ტიბერიუსს უკვე გააჩნდა პრინცეპსის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ძალაუფლებები, მას მხოლოდ ავგუსტუსისა და სამშობლოს მამის ტიტულები და მუხის გვირგვინი (ავგუსტუსის მიერ რომის მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენის გამო მის პატივსაცემად დაფნისა და მუხისაგან დამზადებული გვირგვინი) აკლდა.

ტიბერიუსმა იმავე როლის გათამაშება სცადა, რომელიც მანამდე ავგუსტუსმა შეასრულა, რომ იგი ძალით დათანხმებული საჯარო მოსამსახურე იყო, რომელსაც მხოლოდ ქვეყნისათვის სამსახური უნდოდა.[40] ეს ყველაფერი, საბოლოოდ, საყოველთაო დაბნეულობით დასრულდა. იმის ნაცვლად, რომ თავმდაბლად გამოჩენილიყო, ტიბერიუსი ცინიკოსად წარმოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ წარმოეჩინა ქვეყნისათვის სამსახურის სურვილი, იგი დამაბრკოლებლად უფრო იქცა.[41] პრინცეპსობის არ ნდომის საბუთად მას საკუთარი ასაკი მოჰყავდა, ამტკიცებდა, რომ მას ეს თანამდებობა არ სურდა, შემდეგ კი სახელმწიფოს მხოლოდ ნაწილი ითხოვა.[42] საბოლოოდ, ტიბერიუსმა „დათმო“ და დასთანხმდა მისთვის ბოძებული ძალაუფლების მიღებას, თუმცა ტაციტუსისა და სვეტონიუსის მიხედვით, მან უარი თქვა სამშობლოს მამის, იმპერატორისა და ავგუსტუსის ტიტულებზე და უარყო პრინცეპსის ყველაზე მტკიცე სიმბოლო — მუხის გვირგვინი და დაფნები.[43]

ამ მოვლენებმა, როგორც ჩანს, ტიბერიუსის მთელი მმართველობის საერთო ატმოსფერო განსაზღვრეს. სავარაუდოა, რომ მას სურდა სენატსა და სახელმწიფოს მის გარეშე ემოქმედათ და მისი პირდაპირი ბრძანებებიც საკმაოდ ბუნდოვანი და კამათის გამომწვევი იყო, უფრო მეტად იმაზე, თუ რეალურად რას გულისხმობდა, ვიდრე კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.[44] მმართველობის პირველ რამდენიმე წელს, ისე ჩანდა, რომ ტიბერიუსს სურდა სენატს დამოუკიდებლად ემოქმედა,[45] ნაცვლად, ყოფილიყო მისი ნების მსახური, როგორც ეს ავგუსტუსის დროს იყო. ტაციტუსის მიხედვით, ტიბერიუსი დასცინოდა სენატს, როგორც „მონებად ვარგის კაცებს.“[46]

გერმანიკუსის აღზევება და დაცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიბერიუსის შვილობილის, გერმანიკუსის ბიუსტი ლუვრიდან, პარიზი.

ახალი პრინცეპსისათვის პრობლემებმა არ დაახანეს. პანონიასა და გერმანიაში განთავსებულმა რომის ლეგიონებმა ვერ მიიღეს ავგუსტუსის მიერ აღთქმული ჯილდოები და მცირე ხნის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა, რომ ტიბერიუსისაგან პასუხს ვერ მიიღებდნენ, აჯანყდნენ.[47] გერმანიკუსი და ტიბერიუსის ვაჟი, დრუზუს იულიუს კეისარი მცირე ძალებით გაიგზავნენ ამბოხების ჩასახშობად და ლეგიონების უკან დასაბრუნებლად.[48]

აჯანყების უბრალოდ ჩახშობის ნაცვლად, გერმანიკუსი შეუერთდა ამბოხებულებს და მათ გერმანიის ტერიტორიაზე, რაინის გასწვრივ მოკლე კამპანიაში გაუძღვა იმის მტკიცებით, რომ რა საგანძურსაც ჩაიგდებდნენ ხელში, მათსავე ჯილდოდ ჩაითვლებოდა.[48] გერმანიკუსის ძალებმა გადალახეს რაინი და მცირე დროში დაიკავეს რაინსა და ელბას შორის არსებული მთელი ტერიტორია. გარდა ამისა, ტაციტუსს აღწერილი აქვს ტევტობურგის ტყის დაკავება და წლების წინ პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მიერ დაკარგული რომის შტანდარტების უკან დაბრუნების მოთხოვნა,[49] რომლებიც მაშინ დაიკარგა, როდესაც რომის სამ ლეგიონსა და დამხმარე მოკავშირე ჯარებს გერმანულმა ტომებმა მუსრი გაავლეს.[50]

გერმანიკუსმა შეძლო რომის მტრებისათვის მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენება, ჯარების ამბოხების ჩახშობა და დაკარგული შტანდარტების რომში დაბრუნება. ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გაზარდეს რომაელ ხალხში უკვე ისედაც ძალიან პოპულარული გერმანიკუსის სახელი და რეპუტაცია.[51]

გერმანიიდან გამოძახების შემდეგ,[52] გერმანიკუსმა 17 წელს ტრიუმფი იზეიმა,[49] პირველი სრული ტრიუმფი ძვ. წ. 29 წელს ავგუსტუსის მიერ გამართულის შემდეგ. შედეგად, 18 წელს, გერმანიკუსი დაჯილდოვდა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლით, ისევე, როგორც მანამდე აგრიპა და ტიბერიუსი და იმპერატორის აშკარა მემკვიდრედ იქცა,[53] თუმცა მან წელიწადზე ცოტა მეტიღა იცოცხლა. მის სიკვდილში ადანაშაულებდნენ გნეუს კალპურნიუს პიზონს, სირიის გუბერნატორს, რომელსაც გერმანიკუსის მოწამვლას აბრალებდნენ.[54]

პიზონები კლავდიუსების დიდი ხნის მხარდამჭერები იყვნენ და მის ლივიაზე, ტიბერიუსის დედაზე დაქორწინების შემდეგ, ახალგაზრდა ოქტავიანეს მოკავშირეებად იქცნენ. გერმანიკუსის სიკვდილმა და ამ თემაზე წამოყენებულმა ბრალდებებმა ახალი პრინცეპსიც დაადანაშაულეს. პიზონი სამართალში მისცეს და ტაციტუსის მიხედვით, იგი ტიბერიუსის დასახელებით იმუქრებოდა.[55] მიუხედავად ამისა, უცნობია რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გუბერნატორი პრინცეპსს გერმანიკუსის სიკვდილში. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგომა გაეგრძელებინა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ სენატი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი, პიზონმა თავი მოიკლა.[56][57]

როგორც ჩანს, ამ მომენტისათვის, ტიბერიუსი პოლიტიკით გადაღლილი იყო. 22 წელს მან თავის ვაჟს, დრუზუსს ტრიბუნის ძალაუფლება გაუნაწილა[58] და დაიწყო ყოველწლიური მოგზაურობები კამპანიაში, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ყოველ წელს უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდებოდა. 23 წელს დრუზუსი იდუმალად გარდაიცვალა.[59][60] როგორც ჩანს, ტიბერიუსს შემცვლელის დაწინაურებაზე არ უზრუნია. საბოლოოდ, 26 წელს, იგი რომიდან საერთოდ გადასახლდა კუნძულ კაპრიზე.[61]

ტიბერიუსი კაპრიზე, სეიანუსი რომში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუციუს ელიუს სეიანუსი თითქმის ოცი წელი ემსახურებოდა საიმპერატორო ოჯახს, როდესაც 15 წელს პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტი გახდა. პრინცეპსის თანამდებობით გაბოროტებული ტიბერიუსი უფრო და უფრო მეტად ეყრდნობოდა ავგუსტუსის დანატოვარ შეზღუდულ სამდივნოს, კონკრეტულად კი სეიანუსსა და პრეტორიანელებს. 17 ან 18 წელს ტიბერიუსმა მოაწესრიგა ქალაქის დაცვაზე პასუხისმგებელი პრეტორიანელების რანგები და ისინი ქალაქის კედლებს გარეთ არსებული ბანაკებიდან უშუალოდ რომში გადაიყვანა,[62] სეიანუსს კი დაახლოებით 6000-დან 9000-მდე ჯარისკაცზე მმართველობა უბოძა.

დრუზუსის სიკვდილმა აამაღლა სეიანუსი, სულ ცოტა, ტიბერიუსის თვალში მაინც, რომელიც შედეგად მას მოიხსენიებს, როგორც 'Socius Laborum' (ჩემი მშრომელების პარტნიორი). ტიბერიუსმა რომში სეიანუსის ქანდაკებები აღმართა.[63][64] ეს უკანასკნელი უფრო და უფრო წარმოჩნდა ტიბერიუსის რომიდან საერთოდ წასვლის პირობებში. საბოლოოდ, 26 წელს ტიბერიუსის პოლიტიკისაგან ჩამოშორების შემდეგ, სეიანუსი მთელი სახელმწიფო მექანიზმისა და თავად ქალაქ რომის მბრძანებლად იქცა.[61]

სეიანუსის მდგომარეობა მთლად მემკვიდრის მაინც არ იყო. 25 წელს მან ტიბერიუსის ძმისშვილზე, ლივიაზე დაქორწინება ითხოვა,[65] თუმცა ზეწოლის გამო, განზრახვაზე უარის თქმა მოუწია.[66] რამდენადაც სეიანუსის პრეტორიანელები აკონტროლებდნენ საიმპერატორო პოსტს და ამდენად, ინფორმაციასაც, რომელსაც ტიბერიუსი იღებდა რომიდან და რასაც რომი იღებდა ტიბერიუსისაგან,[67] ლივიას საკითხი, როგორც ჩანს, მისი აშკარა ძალაუფლების გადამოწმებას წარმოადგენდა. ლივიას გარდაცვალებამ (29 წ.) ყველაფერი შეცვალა.[68]

სეიანუსმა სენატორებისა და მდიდარი მხედრების წინააღმდეგ ქალაქ რომში სასამართლო პროცესები წამოიწყო, რაც მისი ძალაუფლებისათვის შეწინააღმდეგების უნარის მქონეთა ჩამოცილებასა და ამავდროულად, საიმპერატორო (და მისი საკუთარი) ხაზინის შევსებასაც ისახავდა მიზნად. გერმანიკუსის ქვრივი აგრიპინა უფროსი და მისი ორი ვაჟი, ნერონ კეისარი და დრუზუს კეისარი 30 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. მოგვიანებით, ყველა მათგანი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. აგრიპინა უფროსისა და მისი ოჯახის წინააღმდე გამართულ სასამართლოებს მხოლოდ კალიგულა, აგრიპინა უმცროსი, იულია დრუზილა და იულია ლივილა გადაურჩნენ.[69]

ვილა იოვისის ნანგრევები კუნძულ კაპრიზე, სადაც ტიბერიუსმა თავისი ცხოვრების ბოლო წლების უმეტესობა გაატარა და იმპერიაზე კონტროლი პრეტორიანელთა პრეფექტს, ლუციუს ელიუს სეიანუსს გადააბარა.

სეიანუსის შეთქმულება ტიბერიუსის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

31 წელს სეიანუსმა ტიბერიუსთან ერთად მის დაუსწრებლად მიიღო კონსულობა[70] და უკვე სრულიად სერიოზულად დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ძნელი დასასგენია ზუსტად რა მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, სეიანუსმა ფარულად სცადა იულიუსებთან დაკავშირებული ოჯახების შეცდენა და შეეცადა თავი მოეწონებინა იულიუსების ოჯახური ხაზისათვის, რა დროსაც, როგორც მიღებულ იულიუსს, თვალი ეჭირა პრინცეპსის პოზიციაზე ან შესაძლო რეგენტობაზე.[70] ლივილა მოგვიანებით ამ შეთქმულებაში აღმოჩნდა ჩათრეული და დადგინდა, რომ იგი სეიანუსის საყვარელი მრავალი წლის განმავლობაში იყო.[71]

როგორც ჩანს, ამ ორის გეგმა ითვალისწინებდა ტიბერიუსის ძალის გამოყენებით დამხობას და ან პრიცეპსობის საკუთრივ მიღებას ან რეგენტად მსახურობას ახალგაზრდა ტიბერიუს გემელუსის ან შესაძლოა, თვით გაიუს კალიგულასათვის.[72] ვინც სეიანუსს გზაზე გადაუდგა, ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და სწრაფად მოიშორეს თავიდან.[72]

31 წელს იგი სენატთან შესახვედრად გამოიძახეს, სადაც წაიკითხეს ტიბერიუსის წერილი, რომელიც კიცხავდა სეიანუსს და მისი დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯის ბრძანებას იძლეოდა. სეიანუსი გაასამართლეს და მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად იმავე კვირაში სიკვდილით დასაჯეს.[73] პრეტორიანელთა პრეფექტის თანამდებობაზე იგი ნევიუს სუტორიუს მაკრონმა შეცვალა.[73]

ტაციტუსი ამტკიცებს, რომ ამას ღალატის ბრალდებით გამართული კიდევ უფრო მეტი სასამართლო პროცესი მოჰყვა და თუ ტიბერიუსი თავისი მმართველობის დასაწყისში ერთგვარ მერყეობას იჩენდა, ახლა, თავისი სიცოცხლის დასასრულს, უკვე სინდისის ქენჯნის გარეშე მოქმედებდა. უმძიმესი დარტყმა მიიღეს იულიუსებთან პოლიტიკური კავშირების მქონე ოჯახებმა. თვით საიმპერატორო მაგისტრატურაც კი დაზარალდა, რამდენადაც ნებისმიერი და ყველა, ვინც კი სეიანუსთან ასოცირდებოდა ან რაიმენაირად შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მის სქემებთან, დაჩქარებული წესით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, მათ საკუთრებას კი სახელმწიფო დაეუფლა. როგორც ტაციტუსი ნათლად აღწერს,

ვიკიციტატა
„სიკვდილით დასჯა ახლა უკვე სტიმული იყო მისი მრისხანებისათვის და ტიბერიუსმა ყველას სიკვდილით დასჯა ბრძანა, ვინც საპყრობილეში სეიანუსთან თანამონაწილეობის ბრალდებით იჯდა. განცალკევებით ან გროვებად ესვენა უთვალავი მიცვალებული, ყველა ასაკისა და სქესისა, გაურკვევლობით სახელგანთქმულები. ნათესავებსა და მეგობრებს მათთან ახლოს ყოფნის, დატირების ან დიდხანს ცქერის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მათ ირგვლივ ჯაშუშები იყვნენ განთავსებულები, რომლებიც აღნუსხავდნენ თითოეული დამტირებლის დარდს და ხრწნად გვამებს ტიბრამდე მიჰყვებოდნენ, სადაც მოტივტივე ან გამორიყული გვამების დაწვას ან შეხებასაც კი ვერავინ ბედავდა.[74]

თუმცა ტაციტუსის აღწერილი ტირანი, შურისმგებელი იმპერატორის პორტრეტი რამდენიმე თანამედროვე ისტორიკოსისათვის განხილვის თემაა. უძველესი პერიოდის გამოჩენილი ისტორიკოსი, ედუარდ ტოგო სალმონი თავის ნაშრომში, რომაული სამყაროს ისტორია ძვ. წ. 30 წლიდან 138 წლამდე, აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ტიბერიუსის ზეობის მთელი ოცდაორი წლის განმავლობაში 52 ადამიანზე მეტისათვის ბრალად ღალატი არ წაუყენებიათ, მათგან თითქმის ნახევარი კი სასჯელს გაექცა; უდანაშაულოდ დასჯილი ოთხი ადამიანი კი სენატის გადამეტებული თავგამოდების მსხვერპლნი იყვნენ და არა იმპერატორის ტირანიისა.[75]

ტიბერიუსის კაპრიზე ყოფნისას დადიოდა ჭორები იმის შესახებ, თუ ზუსტად რას აკეთებდა პრინცეპსი იქ. სვეტონიუსს აღწერილი აქვს ჭორები საშინელ გარყვნილებაზე, მათ შორის მცირეწლოვანის გახრწნის გრაფიკული სურათებზე, სისასტიკესა[76] და უპირველეს ყოვლისა, მის პარანოიაზე.[77] მეტად გაზვიადებულობის მიუხედავად,[78] სვეტონიუსის ისტორიები, სულ ცოტა, იმის სურათს მაინც ხატავს, თუ როგორ აღიქვამდა ტიბერიუსს რომის სენატორთა კლასი და თუ რა გავლენა მოახდინა მან პრინციპატზე თავისი 23 წლიანი მმართველობისას.

ტიბერიუსის დენარიუსი

სეიანუსის საქმემ და ბოლო წლებში ღალატის ბრალდებით გამართულმა სასამართლო პროცესებმა ტიბერიუსის სახელი და რეპუტაცია დიდად დააზარალა. სეიანუსის დაცემის შემდეგ, ტიბერიუსის რომიდან წასვლა საბოლოო გახდა. იმპერია აგრძელებდა ავგუსტუსის მიერ შექმნილი ბიუროკრატიის საშუალებით არსებობას და არა პრინცეპსის ხელმძღვანელობით. სვეტონიუსის მიხედვით, იგი პარანოიკად იქცა[77] და დროის ძალიან დიდი ნაწილი თავისი ვაჟის სიკვდილზე ფიქრში გაატარა. ამასობაში, სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა პართიელთა ხანმოკლე შემოსევა, დაკიიდან და რაინისპირეთიდან რამდენიმე გერმანული ტომის შემოჭრა.[79]

ძალიან ცოტა გაკეთდა მემკვიდრეობის გადაბარების უზრუნველსაყოფად ან დასამოწმებლად. იულიუსები და მათი მხარდამჭერები სეიანუსზე რისხვას შეეწირნენ. ტიბერიუსის საკუთარი შვილები და უშუალო ოჯახის წევრებიც ცოცხლები აღარ იყვნენ. არსებობდა ორი კანდიდატურა: კალიგულა — გერმანიკუსის ერთადერთი გადარჩენილი შვილი და იმპერატორის საკუთარი შვილიშვილი — ტიბერიუს გემელუსი.[80] ტიბერიუსის სიცოცხლის დასასრულისთვის ადგილი ჰქონდა საკმაოდ გულგრილ მცდელობას კალიგულა კვესტორად ქცეულიყო. ამან მისი მემკვიდრედ დასახელების გარკვეული ალბათობა გააჩინა. ამავდროულად, გემელუსი ჯერ კიდევ მოზარდი იყო და ამდენად, მომდევნო წლებისათვის სრულებით არასტაბილური.[81]

ტიბერიუსი 37 წლის 15 მარტს გარდაიცვალა მისენუმში, 78 წლის ასაკში.[82] ტაციტუსი გადმოგვცემს, რომ მისი სიკვდილის ამბის გავრცელებასთან ერთად ბრბომ ზეიმი დაიწყო, თუმცა მისი გამოკეთების ამბის გაგებისთანავე სიჩუმე ჩამოვარდა. კიდევ ერთხელ დაიწყეს მხიარულება, როდესაც გავრცელდა ახალი ამბავი, რომ კალიგულამ და მაკრონმა ტიბერიუსი გაგუდეს.[83] ამ ფაქტს სვეტონიუსის გარდა სხვა ანტიკური ისტორიკოსები არ აღნიშნავენ.[84] და იგი ძირითადად გამოგონილი უნდა იყოს, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მას იმის მაჩვენებლად განიხილავს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სენატს იმპერატორის მიმართ მისი სიკვდილის პერიოდში. ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ სენატმა უარი განაცხადა მისთვის ღვთაებრივი პატივის მინიჭებაზე, ქუჩებში შეკრებილი ბრბო კი გაჰყვიროდა „ტიბრისაკენ ტიბერიუსთან ერთად!“ რითაც იმ ტრადიციაზე მიანიშნებდა, რაც კრიმინალთა ცხედრების ბედი იყო.[85] თუმცა იმპერატორის სხეული ასეთ დასასრულს გადაურჩა. იგი დაწვეს და მისი ფერფლი ავგუსტუსის მავზოლეუმში დაკრძალეს. მოგვიანებით, 410 წელს, ვესტგუთების მიერ რომის აღებისას ფერფლი გაიფანტა.[86]

თავის ანდერძში ტიბერიუსმა ძალაუფლება, ერთობლივად, კალიგულასა და ტიბერიუს გემელუსს დაუტოვა,[87][88] თუმცა პრინცეპსად გახდომისას კალიგულას პირველი ქმედება ანდერძის უარყოფა და გემელუსის სიკვდილით დასჯა იყო.[88]

ტიბერიუსის მემკვიდრე კალიგულამ არა მხოლოდ მისი ქონება, 2 700 000 000 სესტერციუმი დახარჯა, არამედ დაიწყო კიდევაც მოვლენათა ჯაჭვი, რაც 68 წელს იულიუს-კლავდიუსების დინასტიის დამხობით დასრულდა.[კ. 3]

ლუვრში განთავსებული ტიბერიუსის ბიუსტის ფოტო..

ახ. წ. 23 წლამდე რომ გარდაცვლილიყო, ტიბერიუსი, შესაძლოა, სამაგალითო მმართველადაც კი ქცეულიყო.[89] რომაელი ისტორიკოსების მიერ მისი გადამეტებულად უარყოფითი დახასიათების მიუხედავად, პრინცეპსის გარდაცვალებისას საიმპერატორო ხაზინა თითქმის 3 მილიარდ სესტერციუმს მოითვლიდა.[88][90] ძვირადღირებული დაპყრობითი კამპანიების წამოწყების ნაცვლად, მან უკვე არსებული იმპერიის გაძლიერება აირჩია დამატებითი სამხედრო საგუშაგოების აშენებით, დიპლომატიისა და მასთან ერთად სამხედრო მუქარების გამოყენებით და საერთო ჯამში, საზღვრისპირა ტირანების უმნიშვნელო კინკლაობებში ჩარევისაგან თავის შეკავებით.[62]

შედეგად, იმპერია უფრო ძლიერი და უფრო კონსოლიდირებული გახდა. იმ ავტორთა ტექსტებიდან, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს, მხოლოდ ოთხი აღწერს ტიბერიუსის ზეობას მრავლისმეტყველი დეტალებით: ტაციტუსი, სვეტონიუსი, დიონ კასიუსი და ველეიუს პატერკულუსი. ფრაგმენტული ფაქტები შემორჩენილია პლინიუს უფროსის, სტრაბონისა და სენეკა უფროსის ნაშრომებიდან. ტიბერიუსმა თავადაც დაწერა ავტობიოგრაფია, რომელსაც სვეტონიუსი „მოკლესა და ზედაპირულს“ უწოდებს, თუმცა ეს წიგნი დაკარგულია.[91]

ტიბერიუსის მმართველობის პერიოდის შესახებ ყველაზე უფრო დეტალურ ანგარიშს ტაციტუსი გვთავაზობს, რომლის ანალების პირველი ექვსი წიგნი მთლიანად ტიბერიუსის ზეობას ეძღვნება. ტაციტუსი რომაელი სენატორი იყო, რომელიც ნერონის იმპერატორობისას, 56 წელს დაიბადა. მისი ნაშრომი დიდწილად აქტა სენატუსსა (სენატის სესიის ჩანაწერები) და აქტა დიურნა პოპული რომანის (მთავრობის აქტებისა და სასამართლოსა და დედაქალაქის ახალი ამბების კოლექცია) ეყრდნობა, აგრეთვე, თავად ტიბერიუსის საჯარო სიტყვებსა და იმპერატორის ისეთი თანამედროვეების ისტორიებს, როგორებიც არიან კლუვიუს რუფუსი, ფაბიუს რუსტიკუსი და პლინიუს უფროსი (მათგან ყველა დაკარგულია).[89]

ტაციტუსის მონათხრობი ხაზს უსვამს როგორც პოლიტიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მოტივებს. პირველ ექვს წიგნში ტიბერიუსი, უმეტესად, უარყოფითადაა დახასიათებული და ეს აღწერა თანდათან უარესდება იმპერატორის მმართველობის დაღმავლობასთან ერთად, რაშიც გარდამტეხ მომენტს მისი ვაჟის, დრუზუსის სიკვდილი წარმოადგენს ახ. წ. 23 წელს.[89]

იულიუს-კლავდიუსების მმართველობას ტაციტუსი, საერთო ჯამში, აღწერს, როგორც უსამართლოსა და კრიმინალურს.[92] მისი მმართველობის დასაწყისშიც კი ტიბერიუსისათვის მის მიერ მიწერილი მრავალი ღირსებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი.[82] კიდევ ერთი ძირითადი განმეორებადი თემაა ძალაუფლების ბალანსი სენატსა და იმპერატორს შორის, კორუფცია და მზარდი ტირანია რომის მმართველ კლასებს შორის. ამიტომაც, მისი ანგარიშების მნიშვნელოვანი ოდენობა ღალატის ბრალდებით გამართულ სასამართლო პროცესებსა და დევნებს ეძღვნება.[93] საბოლოო ჯამში, ტაციტუსის შეხედულება ტიბერიუსზე ყველაზე კარგად მეექვსე წიგნის დასკვნაში ვლინდება:

ვიკიციტატა
„მის ხასიათსაც მკვეთრად განსხვავებული პერიოდები ჰქონდა. ავგუსტუსის მფარველობისას კერძო მოქალაქედ ყოფნა და მაღალი თანამდებობების ფლობა მისი ცხოვრებისა და რეპუტაციის ნათელი დრო იყო. თავდაჭერილობისა და ღირსეულობის მარჯვედ თამაშის დრო, სანამ გერმანიკუსი და დრუზუსი ცოცხლები იყვნენ. ასევე, როდესაც დედამისი ცოცხალი იყო, ტიბერიუსი სიკეთისა და ბოროტების ნაზავს წარმოადგენდა; ცნობილი იყო მისი სისასტიკე, თუმცა მალავდა თავის გარყვნილობას, სანამ უყვარდა ან ეშინოდა სეიანუსისა. საბოლოოდ იგი ყოველგვარ უზნეობასა და სამარცხვინოებაში ჩაეფლო, როდესაც შიში და სირცხვილი თავიდან მოიშორა და საკუთარ ზრახვებს მიჰყვა.[82]
ინდო-რომაული ვაჭრობისა და ურთიერთობების ნიმუშები: ინდოეთში აღმოჩენილი ტიბერიუსის ვერცხლის დენარიუსი და იგივე მონეტის ინდური ასლი. ქუშანის მეფე კუიულა კადფიზეს I საუკუნის მონეტა კი ავგუსტუსისას იმეორებს.

სვეტონიუსი მხედართა კლასის წარმომადგენელი იყო, რომელსაც იმპერატორების, ტრაიანესა და ადრიანეს მმართველობის დროს ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა. თორმეტი კეისრის ცხოვრება პრინციპატის დაწვრილებითი ბიოგრაფიული ისტორიაა, რომელიც იწყება იულიუს კეისრის დაბადებით და სრულდება 96 წელს დომიციანეს სიკვდილით. ტაციტუსის მსგავსად, მისი ნაშრომებიც საიმპერატორო არქივებზე დაყრდნობითაა შექმნილი. მას, აგრეთვე, გამოყენებული აქვს აუფიდიუს ბასუსის, კლუვიუს რუფუსისა და ფაბიუს რუსტიკუსის ისტორიები და ავგუსტუსის საკუთარი წერილები.[76]

მისი ანგარიში მისივე თანამედროვისაზე უფრო სენსაციური და ანეკდოტურია. ტიბერიუსის ბიოგრაფიის ყველაზე ცნობილი სექციები შეეხება კაპრიზე ყოფნისას მისი გარყვნილების ამსახველ უამრავ საეჭვო ისტორიას.[76] მიუხედავად ამისა, სვეტონიუსი არც ტიბერიუსის შექებაზე ამბობს უარს მისი მმართველობის პირველ წლებში განხორციელებული ქმედებებისათვის, ხაზს უსვამს მის თავმდაბლობას.[94]

ველეიუს პატერკულუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენამდე მოღწეულ ტიბერიუსის მმართველობის თანამედროვე ცოტაოდენ წყაროთაგან ერთ-ერთი ველეიუს პატერკულუსს ეკუთვნის, რომელიც ტიბერიუსთან რვა წელი (ახ. წ. 4 წლიდან) მსახურობდა გერმანიასა და პანონიაში კავალერიის პრეფექტად და ლეგატად. პატერკულუსის ჩანაწერები რომის ისტორიაზე მოიცავს პერიოდს ტროის დაცემიდან 29 წელს ლივიას გარდაცვალებამდე. თავის ნაშრომში ტიბერიუსზე იგი ქებას არ იშურებს როგორც იმპერატორის,[7][95] ასევე, სეიანუსის[96] მისამართით. აქედან რამდენია გულწრფელი აღტაცების და რამდენი წინდახედულობის შედეგი კვლავ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი 31 წელს სიკვდილით დასაჯეს, როგორც სეიანუსის მეგობარი.[97]

სახარება, ებრაელები და ქრისტიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიბლიაში მოხსენიებული ხარკის მონეტა, გავრცელებული რწმენით, იმპერატორ ტიბერიუსის გამოსახულებიანი დენარიუსი უნდა იყოს.

სახარება გადმოგვცემს, რომ ტიბერიუსის ზეობისას იესო ნაზარეველი ქადაგებდა და საბოლოოდ, სიკვდილით იქნა დასჯილი პონციუს პილატეს, იუდეის პროვინციის რომაელი გუბერნატორის მიერ. ბიბლიაში ტიბერიუსი სახელით მხოლოდ ერთხელ, ლუკას სახარებაში მოიხსენიება (3:1),[98] რომელიც აცხადებს, რომ იოანე ნათლისმცემელი იმპერატორის საჯარო სამსახურში მისი მმართველობის მეთხუთმეტე წელს შევიდა. კეისრის (ან იმპერატორის, ზოგიერთ სხვა თარგმანში) მრავალჯერ მოხსენიება უფრო შორეული დაკონკრეტების გარეშე, სწორედ ტიბერიუსს უნდა ეხებოდეს. აგრეთვე, მათეს[99] და მარკოზის[100] მიერ მოხსენიებული ხარკის მონეტა პოპულარული მოსაზრებით, ტიბერიუსის ვერცხლის დენარიუმი უნდა იყოს.[101][102][103]

ტიბერიუსის მმართველობისას ებრაელები რომში კიდევ უფრო ცნობილნი გახდნენ და იუდეველებმა და იესოს წარმართმა მიმდევრებმა რომის მოქალაქეთა საკუთარ რწმენაზე მოქცევა დაიწყეს, იმატა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილმა გულისწყრომამ.[104] 19 წელს ტიბერიუსმა ბრძანა, რომ სამხედრო ასაკს მიღწეული ებრაელები რომის არმიას შეერთებოდნენ.[104] დანარჩენი ებრალები იმპერატორმა რომიდან განდევნა და ქალაქის არდატოვების შემთხვევაში მონებად გადაქცევით დაემუქრა.[104]

ისტორიკოსებს შორის სერიოზული დავა არსებობს იმასთან დაკავშირებით, როდის განასხვავეს ქრისტიანობა იუდაიზმისაგან.[104] მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იუდეველებისა და ქრისტიანების რომაული გამიჯვნა 70 წლისთვის უნდა მომხდარიყო.[104] უფრო სავარაუდოა, რომ ტიბერიუსი ქრისტიანობას უყურებდა, როგორც იუდაისტურ სექტას და არა განცალკევებულ, მკაფიო სარწმუნოებას.[104]

ტიბერიუსის სასახლე რომში პალატინის ბორცვზე მდებარეობდა. მისი ნანგრევების ნახვა დღესაცაა შესაძლებელი. მისი ზეობისას ქალაქში რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაო არ შესრულებულა, თუ არ ჩავთვლით ავგუსტუსისადმი მიძღვნილი ტაძრის მშენებლობასა და პომპეუსის თეატრის აღდგენით სამუშაოებს,[105][106] რომელთაგან ორივე კალიგულას მმართველობისას დასრულდა.[107] გარდა ამისა, აღსანიშნავია, ტიბერიუსის ვილის ნანგრევები სპერლონგასთან, რომელიც გროტსაც მოიცავს, სადაც აღმოჩენილია მნიშვნელოვანი სპერლონგას ქანდაკებების ფრაგმენტები და ვილა იოვისი კუნძულ კაპრიზე, რომლის ნაშთებიც ამჟამად დაკონსერვებულია. ტაციტუსის მიხედვით, კაპრის მამულში სულ თორმეტი ვილა მდებარეობდა,[61] რომელთაგანაც უდიდესი ვილა იოვისი იყო.

ტიბერიუსმა უარი თქვა, რომ მისთვის როგორც ცოცხალი ღმერთისთვის ისე ეცათ თაყვანი და მის პატივსაცემად მხოლოდ ერთი ტაძრის აგების ნებართვა გასცა სმირნაში.[108] ქალაქ ტიბერიას (დღევანდელ ისრაელში, ტიბერიადის ტბის დასავლეთ სანაპიროზე) ეს სახელი ჰეროდე ანტიპამ ტიბერიუსის პატივსაცემად უწოდა.[109]

ტიბერიუსი ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა მხოლოდ პირველი ქორწინებიდან ეყოლა შვილი, რომელმაც სრულწლოვნობამდე იცოცხლა:

პირველადი წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ტიბერიუსის სახელების კლასიკური ლათინურით მართლწერა და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინურით გამოთქმა:
    1. TIBERIVS CLAVDIVS NERO
      tɪ'bɛ.ri.ʊs 'klau̯.di.ʊs 'nɛ.roː (ტიბერიუს კლავდიუს ნერონი)
    2. TIBERIVS IVLIVS CAESAR
      tɪ'bɛ.ri.ʊs 'juː.li.ʊs 'kae̯.sar (ტიბერიუს იულიუს კეისარი)
    3. TIBERIVS CAESAR DIVI AVGVSTI F[ILIVS] AVGVSTVS
      tɪ'bɛ.ri.ʊs 'kae̯.sar 'diː.wiː 'fiː.li.ʊs au̯'gʊs.tʊs (ტიბერიუს კეისარი დივი ფილიუს ავგუსტუსი)
  2. ტიბერიუსის ზეობის სახელი ნიშნავს „ტიბერიუს კეისარი, ღვთაებრივი ავგუსტუსის ძე, იმპერატორი“.
  3. კალიგულამ დახოცა ტიბერიუს გემელუსი და ანტონია უმცროსი, შემდეგ კი თავად აღმოჩნდა თავისივე პირადი დაცვის მსხვერპლი. იმპერატორის ტახტზე კალიგულა ტიბერიუსის ძმისშვილმა, კლავდიუსმა შეცვალა. მან სიკვდილით დასაჯა კალიგულას და იულია ლივილა და საპასუხოდ, მოკლულ იქნა ლივილას დის, აგრიპინა უმცროსის მიერ, მას შემდეგ, რაც მასზე დაქორწინდა და აგრიპინას ვაჟიც შესაფერის ასაკში იყო რომ იმპერატორი გამხდარიყო. აგრიპინა მოაკვლევინა თავისივე შვილმა, ნერონმა. ამ უკანასკნელმა კი 68 წელს თავი მოიკლა, ისე, რომ მემკვიდრე არ დაუტოვებია. მხოლოდ კალიგულას და, იულია დრუზილა გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
  4. დაბადებისას აპიუს კლავდიუს პულქერი
  1. პლინიუს უფროსი, ბუნების ისტორია XXVIII.5.23; Capes, p. 71
  2. 2.0 2.1 Tiberius (2006). ციტირების თარიღი: 2011-02-17.
  3. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 5
  4. Levick გვ. 15
  5. 5.0 5.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 6
  6. Southern, გვ. 119–120.
  7. 7.0 7.1 Velleius Paterculus, Roman History II.94
  8. 8.0 8.1 8.2 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 9
  9. Seager, p. xiv.
  10. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 8
  11. Levick, p. 24.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 7
  13. Strabo, 7. I. 5, p. 292
  14. Levick, გვ. 42.
  15. Seager 2005, გვ. 20.
  16. 16.0 16.1 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LV.9
  17. Seager 2005, გვ. 23.
  18. Seager 2005, გვ. 23—24.
  19. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 10
  20. Levick, გვ. 29.
  21. Velleius Paterculus, Roman History II.100
  22. ტაციტუსი, ანალები I.53
  23. 23.0 23.1 23.2 Seager 2005, გვ. 26.
  24. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 11
  25. Seager 2005, გვ. 28.
  26. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 13
  27. 27.0 27.1 ტაციტუსი, ანალები I.3
  28. 28.0 28.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 15
  29. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LV.13
  30. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 21. For the debate over whether Agrippa's imperium after 13 BC was maius or aequum, see, e.g., E. Badian (December 1980 – January 1981). „Notes on the Laudatio of Agrippa“. Classical Journal. 76 (2): 97–109, გვ. 105–106.
  31. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LV.32
  32. Seager p. xv
  33. 33.0 33.1 Speidel, Michael Riding for Caesar:The Roman Emperorors’ Horse guards19
  34. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 20
  35. 35.0 35.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 21
  36. ველეიუს პატერკულუსი, რომის ისტორია II.123
  37. ტაციტუსი, ანალები I.8
  38. Levick, გვ. 68—81.
  39. ტაციტუსი, ანალები I.9–11
  40. Seager 2005, გვ. 44—45.
  41. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 24
  42. ტაციტუსი, ანალები I.12, I.13
  43. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 26
  44. ტაციტუსი, ანალები III.32, III.52
  45. ტაციტუსი, ანალები III.35, III.53, III.54
  46. ტაციტუსი, ანალები III.65
  47. ტაციტუსი, ანალები I.16, I.17, I.31
  48. 48.0 48.1 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVII.6
  49. 49.0 49.1 ტაციტუსი, ანალები II.41
  50. ტაციტუსი, ანალები II.46
  51. Shotter, 35–37.
  52. ტაციტუსი, ანალები II.26
  53. ტაციტუსი, ანალები II.43
  54. ტაციტუსი, ანალები II.71
  55. ტაციტუსი, ანალები III.16
  56. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 52
  57. ტაციტუსი, ანალები III.15
  58. ტაციტუსი, ანალები III.56
  59. ტაციტუსი, ანალები, IV.7, IV.8
  60. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 62
  61. 61.0 61.1 61.2 ტაციტუსი, ანალები IV.67
  62. 62.0 62.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 37
  63. ტაციტუსი, ანალები IV.2
  64. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVII.21
  65. ტაციტუსი, ანალები IV.39
  66. ტაციტუსი, ანალები IV.40, IV.41
  67. ტაციტუსი, ანალები IV.41
  68. ტაციტუსი, ანალები V.3
  69. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 53, 54
  70. 70.0 70.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 65
  71. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVII.22
  72. 72.0 72.1 Boddington, Ann (January 1963). „Sejanus. Whose Conspiracy?“. The American Journal of Philology. 84 (1): 1–16. doi:10.2307/293155. ISSN 0002-9475. JSTOR 293155.
  73. 73.0 73.1 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVIII.10
  74. ტაციტუსი, ანალები VI.19
  75. A history of the Roman world from 30 BC to AD 138, Page 183, Edward Togo Salmon
  76. 76.0 76.1 76.2 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 43, 44, 45
  77. 77.0 77.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 60, 62, 63, 64
  78. Wallace-Hadrill, Andrew (1984) Suetonius: The Scholar and His Caesars, Yale University Press, ISBN 0-300-03000-2
  79. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 41
  80. ტაციტუსი, ანალები VI.46
  81. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVII.23
  82. 82.0 82.1 82.2 ტაციტუსი, ანალები VI.50, VI.51
  83. ტაციტუსი, ანალები VI.50
  84. Suetonius III, lxxiii
  85. Death of Tiberius: Tacitus Annals 6.50; Dio 58.28.1–4; Suetinus Tiberius 73, Gaius 12.2–3; Josephus AJ 18.225. Posthumous insults: Suetinus Tiberius 75.
  86. Platner, Samuel Ball; Ashby, Thomas (1929) „Mausoleum Augusti“, A Topographical Dictionary of Ancient Rome. London: Oxford University Press, გვ. 332–336. ციტირების თარიღი: 30 June 2011. 
  87. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 76
  88. 88.0 88.1 88.2 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LIX.1
  89. 89.0 89.1 89.2 ტაციტუსი, ანალები IV.6
  90. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, კალიგულას ცხოვრება 37
  91. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 61
  92. ტაციტუსი, ანალები, I.6
  93. ტაციტუსი, ანალები I.72, I.74, II.27–32, III.49–51, III.66–69
  94. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 26–32
  95. ველეიუს პატერკულუსი, რომის ისტორია, II.103–105, II.129–130
  96. ველეიუს პატერკულუსი, რომის ისტორია II.127–128
  97. Syme, Ronald (1956). „Seianus on the Aventine“. Hermes. Franz Steiner Verlag. 84 (3): 257–266. JSTOR 4474933.
  98. თარგი:Bibleref
  99. თარგი:Bibleref
  100. თარგი:Bibleref
  101. Sir William Smith (1896). The Old Testament History: From The Creation To The Return Of The Jews From Captivity (page 704). Kessinger Publishing, LLC (22 May 2010). ISBN 1-162-09864-3. 
  102. (2010) The Numismatist, Volume 29 (page 536). American Numismatic Association (3 April 2010). ISBN 978-1-148-52633-1. 
  103. Hobson, Burton (1972). Coins and coin collecting (page 28). Dover Publications (April 1972). ISBN 0-486-22763-4. 
  104. 104.0 104.1 104.2 104.3 104.4 104.5 Jossa, Giorgio (2006). Jews or Christians, გვ. 123–126. ISBN 3-16-149192-0. 
  105. ტაციტუსი, ანალები IV.45, III.72
  106. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსის ცხოვრება 47
  107. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, კალიგულას ცხოვრება 21
  108. ტაციტუსი, ანალები IV.37–38, IV.55–56
  109. Josephus, Antiquities of the Jews XVIII.2.3
ტიბერიუსი
დაიბადა: 16 ნოემბერი ძვ. წ. 42 გარდაიცვალა: 16 მარტი ახ. წ. 37
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
მარკუს კლავდიუს მარცელუსი
რომის კეისარი
ძვ. წ. 6 - ახ. წ. 1
შემდეგი:
გაიუს კეისარი
წინამორბედი:
გაიუს კეისარი
რომის კეისარი
ახ. წ. 4-14
შემდეგი:
გერმანიკუსი
წინამორბედი:
ავგუსტუსი
რომის იმპერატორი
ახ. წ. 14-37
შემდეგი:
კალიგულა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მარკუს ლიცინიუს კრასუს დივესი და გნეუს კორნელიუს ლენტულუს ავგური
რომის იმპერიის კონსული
პუბლიუს კვინტილიუს ვარუსთან ერთად
ძვ. წ. 13
შემდეგი:
მარკუს ვალერიუს მესალა აპიანუსი და კვირინიუსი
წინამორბედი:
გაიუს მარციუს კენსორინუსი და გაიუს ასინიუს გალუსი
რომის იმპერიის კონსული
გნეუს კალპურნიუს პიზონთან ერთად
ძვ. წ. 7
შემდეგი:
დეციუს ლელიუს ბალბუსი და გაიუს ანტისტიუს ვეტუსი
წინამორბედი:
ლუციუს პომპონიუს ფლაკუსი და გაიუს კელიუს რუფუსი
რომის იმპერიის კონსული
გერმანიკუსთან ერთად
ახ. წ. 18
შემდეგი:
მარკუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი და ლუციუს ნორბანუს ბალბუსი
წინამორბედი:
მარკუს ვალერიუს მესალა ბარბატუსი და მარკუს ავრელიუს კოტა მაქსიმუს მესალინუსი
რომის იმპერიის კონსული
დრუზუს იულიუს კეისართან ერთად
ახ. წ. 21
შემდეგი:
დეციმუს ჰატერიუს აგრიპა და გაიუს სულპიციუს გალბა
წინამორბედი:
მარკუს ვინიციუსი და ლუციუს კასიუს ლონგინუსი
რომის იმპერიის კონსული
სეიანუსთან ერთად
ახ. წ. 31
შემდეგი:
გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი და ლუციუს არუნტიუს კამილუს სკრიბონიანუსი
სამხედრო თანამდებობები
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი სომხეთში
ძვ. წ. 20-17
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი რეციაში
ძვ. წ. 15-13
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი გერმანიაში
ძვ. წ. 12-7
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი გერმანიაში
ახ. წ. 4-6
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი პანონიაში
ახ. წ. 6-9
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
რომის მთავარსარდალი გერმანიაში
ახ. წ. 10-12
შემდეგი:
-
ოჯახის ინფორმაცია
წინამორბედი:
ავგუსტუსი
იულიუს-კლავდიუსების ოჯახის მეთაური
ახ. წ. 14-37
შემდეგი:
კალიგულა
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
იულიუს კეისარი | ოქტავიანე ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი