უინძორელი მხიარული ქალები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უინძორელი მხიარული ქალები}} |
უინძორელი მხიარული ქალები (ინგლ. The Merry Wives of Windsor) — უილიამ შექსპირის ხუთმოქმედებიანი კომედია, რომელიც 1597 წელს დაიწერა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უინძორში სასტუმრო „წვივსაკრავში“ დაბინავებული რაინდი სერ ჯონ ფოლსტაფი გადაწყვეტს დაითხოვოს ამფსონები — ბარდოლფი, პისტოლი და ნიმი, რადგან ბევრი ფული ეხარჯება. ბარდოლფს ადვილად მოიშორებს თავიდან, იგი სასტუმროს პატრონთან მიკიტნად დადგება. პისტოლსა და ნიმს კი ავალებს უინძორელი აზნაურების — ფორდისა და პეიჯის ცოლებს სასიყვარულო წერილები წაუღონ. ფულის იოლად მიღების სურვილს ფოლსტაფი მიჰყავს გადაწყვეტილებამდე, გაეარშიყოს მისის ფორდსა და მისის პეიჯს და ხელთ იგდოს მათი ქმრების ქისები, რადგან გაუგია, რომ ქალები ქმრების ფინანსებს განაგებენ.
პისტოლი და ნიმი ფოლსტაფს დახმარებაზე უარს ეუბნებიან, რადგან უღირსს საქმეში მონაწილეობა არ სურთ. ფოლსტაფი წერილებს ფარეშ ბიჭს ატანს, მათ კი დაითხოვს. გაანწყენებულები შურისძიებას გადაწყვეტენ და მისტერ ფორდსა და მისტერ პეიჯს საქმის კურსში ჩააყენებენ.
მისის პეიჯი წერილს მიიღებს თუ არა, ამის შესახებ მისის ფორდს ამცნობს. აღმოჩნდება, რომ მასაც ზუსტად ამ შინაარსის წერილი მიუღია ფოლსტაფისგან. ქალები გადაწყვეტენ, მას ჭკუისსასწავლებელი ოინი მოუწყონ.
პისტოლისა და ნიმის მონათხრობს მისტერ პეიჯი ურწმუნოდ შეხვდება. ფიქრობს, რადგან ისინი ფოლსტაფმა დაითხოვა, სამაგიეროს ასე უხდიან. ფორდს კი ეჭვი აღეძვრება. იგი გადაცმული სხვისი სახელით მიდის ფოლსტაფთან და უამბობს, რომ დიდი ხანია მისის ფორდს ეტრფის, მის მოსახიბლად არ დაუზოგავს არც თავი და არც ფული, მაგრამ ქალის ყურადღება ვერაფრით დაიმსახურა. ახლა ფოლსტაფს სთავაზობს, კარგი საფასურის სანაცვლოდ მან მოხიბლოს მისის ფორდი და ჩამოაშოროს კდემამოსილებისა და პატიოსნების ნიღაბი. ის მზად არის ქალის საიდუმლოში ფული გადაიხადოს. ფოლსტაფი გაანდობს მას, რომ სწორედ იმ დღეს აქვს მისის ფორდთან შეხვედრა დანიშნული. რაკიღა ფორდი ცოლის ღალატში დარწმუნდება, აპირებს გამოააშკარაოს იგი და სახლში სწორედ იმ დროს მივიდეს, როცა მასთან ფოლსტაფი იქნება.
სამზადისში არიან მისის ფორდი და მისის პეიჯიც. ყველაფერი წინასწარ აქვთ დაგეგმილი, თუ როგორ გაამასხარაონ ფოლსტაფი. როცა მათ ფოლსტაფის მოსვლას მოახსენებენ, მისის პეიჯი იმალება. ის არის ფოლსტაფი და მისის ფორდი ერთმანეთს სიყვარულში „გამოუტყდებიან“ რომ მოსამსახურე მისის პეიჯის მოსვლას ამცნობს დიასახლისს. ფოლსტაფი სასწრაფოდ იმალება. სტუმარი „აღელვებული“ შემოდის და მისის ფორდს აუწყებს, რომ მისტერ ფორდი ცოლის ერთგულებაში დაეჭვებულა, სწორედ ახლა იგი უინძორის პოლიციასა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სახლისკენ მოემართება, რომ ცოლს საყვარელთან მიუსწროს. მისის პეიჯი სთხოვს ქალს, რომ თუ მასთან მართლაც არის ვინმე, სასწრაფოდ დამალოს ან გააპაროს. მაგალითად, სარეცხის კალათში ჩასვას, დააყაროს ჭუჭყიანი თეთრეული და სამრეცხაოში გაატანოს მსახურებს. მისის ფორდი წუხს იმის გამო, რომ მას მართლაც ჰყავს სტუმარი, მაგრამ იგი ტანად ძალიან დიდია და კალათში ვერ მოთავსდება. ამის გაგონებაზე სამალავიდან გამოდის ფოლსტაფი, კალათს ითხოვს და ირწმუნება რომ ჩაეტევა. მის დანახვაზე მისის პეიჯი „აღშფოთდება“ და მის მიმართ მიწერილ წერილს გაახსენებს. ფოლსტაფი ქალს ხმადაბლა მიმართავს და არწმუნებს, რომ მხოლოდ ის უყვარს, თან კალათში ძვრება. ქალები ზევიდან ჭუჭყიან სარეცხს დააყრიან და კალათს მსახურებს გაატანენ. გეგმის თანახმად, კალათა მათ ტემზის ნაპირზე ჭუჭყიან ორმოში უნდა გადააპირქვაონ. სწორედ ამ დროს სხვა უინძორელებთან ერთად შემოდის მისტერ ფორდი. სარეცხის კალათს ყურადღებას არ მიაქცევს, მთელს სახლს დაათვალიერებს, მაგრამ ვისაც ელოდა, ვერ იპოვნის.
ქალები გადაწყვეტენ, რომ ეს არ აკმარონ თავხედ აშიკს და კიდევ მოუწყონ ოინი. ფოლსტაფს ისევ ეწვევა გადაცმული მისტერ ფორდი. ფოლსტაფი უყვება ტემზაში მისი გადაგდების ამბავს და იმასაც ეუბნება, რომ შეხვედრა ისევ დათქვეს.
ფოლსტაფი ისევ მიდის შეხვედრაზე ფორდის სახლში. ცოტა ხანში კვლავ მისის პეიჯი ამცნობს მეგობარს საფრთხის მოახლოების შესახებ. მალე მართლაც გამოჩნდება ფორდი იმავე ადამინებთან ერთად. ცოლი შეგნებულად წინ დაახვედრებს სარეცხით სავსე კალათას. ქმარი ამჯერად კალათს დაათვალიერებს. ქალები ფოლსტაფს მოსამსახურე გოგოს ძალოს კაბაში გამოაწყობენ, თავზე მოახვევენ და ასე გააპარებენ. თუმცა მანამდე ფორდისგან გვარიანად მოხვდება, რადგან მოსამსახურის ძალო, როგორც მკითხავი და კუდიანი მას თვალში არ მოსდიოდა და სახლიდან დიდი ხნის დათხოვნილიც ჰყავდა. ძებნა ამჯერადაც უშედეგოდ ჩაივლის.
გადაცმული ფორდი ისევ ფოლსტაფისგან შეიტყობს სიმართლეს. ქალებიც გამოტყდებიან, თუ რა თამაში წამოეწყოთ. ყველა ერთად გადაწყვეტს, კიდევ ერთხელ დასცინონ ფოლსტაფს და ისევ შესახვედრად იწვევენ. უინძორის ბაღში ღამით მისულ ფოლსტაფს ქალები მიეგებებიან, როგორ კი ფოლსტაფი მათთან არშიყს მოჰყვება, გამოჩნდებიან ელფების ტანსაცმელში გადაცმული უინძორელები. რადგან „შეშინებული“ ქალები გაიქცევიან, ფოლსტაფი ელფებთან მარტო რჩება. როგორც უწმინდურსა და ბილწს, ფერიები მას ალყაში მოიქცევენ და ჩქმეტას დაუწყებენ.
ბოლოს ყველა საკუთარი სახით წარდგება ფოლსტაფის წინაშე, დასცინიან და მასხარად იგდებენ მას.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერ ჯონ ფოლსტაფი — რაინდი
- ფენტონი — აზნაური
- შელოუ — მომრიგებელი მოსამართლე
- სლენდერი — შელოუს ძმისწული
- ფორდი, პეიჯი — უინძორელი აზნაურები
- უილიამ პეიჯი — პეიჯის ვაჟი
- ენ პეიჯი — პეიჯის ქალიშვილი
- მისის ფორდი
- მისის პეიჯი
- სერ ჰიუ ევანზი — უელსელი მღვდელი
- კაიუსი — ფრანგი ექიმი
- სასტუმრო "წვივსაკრავის" პატრონი
- ბარდოლფი, პისტოლი, ნიმი — ფოლსტაფის ამფსონები
- რობინი — ფოლსტაფის ფარეში
- სიმპლი — სლენდერის მსახური
- რაგბი — კაიუსის მსახური
- მისის კუიკლი — კაიუსის მსახური
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ შექსპირი — თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. III, ნიკო ყიასაშვილის საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით