ფილიპა ინგლისელი
ფილიპა ინგლისელი | |
---|---|
დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 ოქტომბერი, 1406 |
მმართ. დასასრული: | 5 იანვარი, 1430 |
წინამორბედი: |
ჰელვიგ შლეზვიგელი(დანიაში) მარგარიტა დანიელი(ნორვეგიაში) რიჩარდის შვერინელი (შვედეთში) |
მემკვიდრე: | დოროთეა ბრანდენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ივნისი, 1394 |
დაბ. ადგილი: | კემბრიჯი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 5 იანვარი, 1430, (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლინჩეპინგი, შვედეთი |
მეუღლე: | ერიკ VII, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე |
დინასტია: | ლანკასტერები |
მამა: | ჰენრი IV, ინგლისის მეფე |
დედა: | მერი დე ბოჰუნი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფილიპა ინგლისელი (ინგლ. Philippa of England, დან. Philippa af England, ნორვ. Filippa av England, შვედ. Filippa av England; დ. 4 ივნისი, 1394 — გ. 5 იანვარი, 1430) — ლანკასტერთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ისა და მისი პირველი ცოლის, მერი ბოუნის ნაბოლარა შვილი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი 1406-30 წლებში როგორც ერიკ VII-ის მეუღლე. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის რეგენტი 1423-25 წლებში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპა დაიბადა 1394 წლის 4 ივნისს კემბრიჯში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი IV-ისა და მისი პირველი ცოლის, მერი ბოუნის ნაბოლარა შვილი. დედამისი 1399 წელს, ანუ ჯერ კიდევ მანამდე გარდაიცვალა, სანამ ჰენრი ტახტზე ავიდოდა. ფილიპას სახელი მამიდამისის, პორტუგალიის დედოფალ ფილიპა ლანკასტერის პატივსაცემად დაარქვეს, რომელსაც თავის მხრივ სახელი ბებიამისის, ინგლისის დედოფალ ფილიპა ენოელის პატივსაცემად ერქვა. 1403 წელს იგი დაესწრო მამამისის მეორე ქორწინებას ნავარის პრინცესასა და ბრეტანის ჰერცოგის ქვრივ ჟანა ნავარელზე. ამის შემდეგ იგი უინძორის სასახლეში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1401 წლიდან ჰენრი IV იწყებს მოლაპარაკებებს დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალ მარგრეტე I-თან, რათა საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირე გაიჩინოს და შექმნას ჩრდილოური ალიანსი კალმარის უნიასთან. მათ გადაწყვიტეს, რომ ალიანსის შესაქმნელად უნდა დაექორწინებინათ ფილიპა და მარგრეტეს დისწული, ანუ ტახტის მემკვიდრე ერიკ პომერანიელი. ამას გარდა, ზემოთ ხსენებული ალიანსის გასამყარებლად საჭირო იყო მეორე დინასტიური ქორწინებაც, რომლის მიხედვითაც ფილიპას ძმა, უელსის პრინცი (შემდგომში მეფე ჰენრი V) დაინიშნა ერიკის დაზე, პრინცესა კათარინა პომერანიელზე. 1405 წელს სკანდინავიური ელჩობა ჩავიდა ინგლისში, რათა ფილიპა დანიაში ჩაეყვანათ. 1405 წლის 26 ნოემბერს ფილიპა ერიკზე მარიონეტულად დაქორწინდა ვესტმინსტერში, სადაც ერიკს შვედი დიდგვაროვანი — ტიურ ბენგტსსონი განასახიერებდა. ამავე წლის 8 დეკემბრიდან, ფილიპა უკვე დედოფლად იწოდებოდა, რის შემდეგაც ელჩებმა მისი გამგზავრებისთვის დაიწყეს მზადება.
ფილიპამ ინგლისი 1406 წლის აგვისტოში დატოვა თავის ამალასთან ერთად. იგი თავის ინგლისელ დიდებულებთან ერთად სექტემბერში ჩავიდა დანიის ქალაქ ჰელსინბორგში, სადაც მას ერიკი და მარგრეტე დახვდნენ. ერიკისა და ფილიპას ქორწილი 1406 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა ლუნის კათედრალში. როგორც ცნობილია, ფილიპა ევროპის ისტორიაში პირველი პრინცესა იყო, რომელიც თავის ქორწილში თეთრი აბრეშუმის კაბით მივიდა, რაც სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა. საქორწინო ცერემონიას მოჰყვა მისი დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფლად კორონაცია. საზეიმო ღონისძიებები ნოემბრამდე გაგრძელდა, რა დროსაც ფილიპას, როგორც დედოფალს სამივე სამეფოს დიდებულებმა შეჰფიცეს ერთგულება.
დედოფალი და რეგენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორწინების პირველი სამი წლის განმავლობაში, დედოფალი ფილიპა და მეფე ერიკი კალმარის ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, შვედეთში. ფილიპას გადაეცა საკუთარი სამეფო კარი, რომელსაც ქალბატონი კატარინა კნუდსდოტერი ხელმძღვანელობდა, რომელიც თვით წმინდა ბრიჯიტ შვედის შვილიშვილი და წარსულში დედოფალ მარგრეტეს სეფექალი იყო.
1409 წელს დედოფალ მარგრეტეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც წყვილი დანიაში გადასახლდა, სადაც 1412 წელს, მარგრეტეს გარდაცვალების შემდეგ ერიკი ერთპიროვნული მმართველი გახდა. ამის შემდეგ წყვილი დანიაში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ფილიპა შვედეთს ხშირად სტუმრობდა და შვედურ არისტოკრატიასთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ეს ადგილები მას ქორწინების პირველ, ბედნიერ წლებს აგონებდა.
შვედეთში იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ვადსტენას სააბატოთი. აღსანიშნავია, რომ დედოფალი შვედეთში ვიზიტისას ყოველთვის ამ სააბატოში რჩებოდა. მის ინგლისურ ანტურაჟში შედიოდა ჰენრი ფიცჰიუგი, რომელიც მასსა და ინგლისს შორის გადებული ხიდი იყო. აღსანიშნავია, რომ ფილიპას დავალებით ჰენრიმ 1415 წელს ინგლისში ოთხი დანგრევის პირას მყოფი დედათა მონასტერი აღადგინა. 1421 წელს მან ვადსტენას სააბატოს დიდძალი სიმდიდრე შესწირა, რის სანაცვლოდაც მან აქ მცხოვრებ მონაზვნებს მისთვის და მისი ოჯახისთვის ლოცვა სთხოვა. 1422 წელს დააარსა წმ. კნუდის სააბატო, 1425 წელს კი აღადგინა წმ. ანას სააბატო.
წინამორბედთაგან განსხვავებით, დედოფალი ფილიპა აქტიურად ერეოდა პოლიტიკასა და სახელმწიფო საქმეებში. 1416 წელს, მისი გავლენით ერიკმა თავის მემკვიდრედ თავისი ნათესავი, პომერანიის ჰერცოგი ბოგისლავ IX გამოაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მათ შვილები არ ეყოლებოდათ. 1420 წელს მეფემ გამოსცა ახალი სამემკვიდრო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, მისი დაღუპვის შემდეგ, თუკი ფილიპა ცოცხალი იქნებოდა, ტახტი დედოფალს დარჩებოდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ავიდოდა ტახტზე ბოგისლავი. ამასთან, ერიკმა თავის საყვარელ მეუღლეს შვედეთში უზარმაზარი მიწები გადასცა, რომლებშიც მოიაზრებოდა: ნერკე, უფლანდი, სტოკჰოლმი, კოპინგი, ტალიე, ვასტერასი, არბოგა, შნავრინგი, სიაალანდი და ა.შ.
ერიკს ფილიპასადმი დიდი ნდობა ჰქონდა. ორივე ერთმანეთისადმი ნდობითა და თანამშრომლობის გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი. როგორც მემატიანეები აღნიშნავენ, ზოგიერთ საკითხში ფილიპა უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე ერიკი. შვედეთში დედოფლისათვის უზარმაზარი მიწების გამოყოფა, ფილიპას ინტერესში შედიოდა, რომელიც ამის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ჩადიოდა შვედეთში, მაგრამ ერიკი დანიას თითქმის არასდროს ტოვებდა. იგი შვედეთში იმდენად ხშირად ჩადიოდა, რომ ფაქტობრივად მისი დე-ფაქტო მმართველი გახდა, რაც 1420-იანი წლებიდან უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა. 1422 წელს ვადსტენაში დიდებულთა საბჭოს შეკრება მოაწყო, სადაც არსებული დავები განიხილეს. ხშირად ერიკი პირდაპირ მას ავალებდა შვედეთის საქმეების მოგვარებას, 1425 წლიდან კი გადასახადების აკრეფვის პრივილეგიაც მისცა.
1423-25 წლებში, როდესაც ერიკი იერუსალიმში მოსალოცად იყო წასული, კალმარის უნიას დედოფალი ფილიპა მართავდა რეგენტის სტატუსით. ამ პერიოდში იგი კალმარის უნიას კოპენჰაგენიდან განაგებდა. 1424 წელს დედოფალმა ჰანზას კავშირთან ურთიერთობების დალაგება მოისურვა. ამ მიზნით, 1425 წელს მან სტოკჰოლმში დიდებულთა საბჭო მოიწვია და ჰანზას კავშირთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, მაგრამ სწორედ ამ დროს დაბრუნდა ერიკი, რომელმაც მოლაპარაკებები შეაჩერა.
1426 წელს ფილიპა და ერიკი შვედეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ დიდებულთა საბჭოს დახმარებით ჰანზას ომი გამოუცხადეს, რითაც დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰანზა-დანიის ომები (1426-1435). 1427 წელს ომი დანიისთვის საზარალოდ შემოტრიალდა, რა დროსაც ერიკმა თავისი ცოლი შვედეთში გაგზავნა, შვედი დიდებულების კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რადგანაც მან იცოდა, რომ ფილიპას შვედებში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
1427 წელს ფილიპა უკან, დანიაში დაბრუნდა, სადაც გაცხარებული ომის გამო მომდევნო სამი წლის მანძილზე დარჩა. 1428 წელს დანიისა და სრულიად კალმარის უნიის დედაქალაქს — კოპენჰაგენს ჰანზელებმა შემოარტყეს ალყა, რა დროსაც მეფე ერიკმა დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი, თუმცა დედოფალი ფილიპა დარჩა და მისი დაცვა დაიწყო. ფილიპა ინგლისელი გაცხარებით ებრძოდა ჰანზელებს, ორგანიზებას უწევდა დანიელთა ჯარს და ზოგჯერ თავადაც გამოდიოდა ბრძოლაში. იმ ფაქტმა, რომ დედოფალი მეფეზე მამაცი აღმოჩნდა, სამუდამოდ მიწასთან გაასწორა ერიკის ავტორიტეტი. საბოლოოდ ფილიპამ გაიმარჯვა და ჰანზელებმა კოპენჰაგენს ალყა მოხსნეს.
წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ, ფილიპა შვედეთში გაემგზავრა, სადაც იგი ოფიციალურად მიიწვია ერიკმა. მეფემ იგი კვლავ შვედი დიდებულების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჩაიყვანა, სადაც მისი ბოლო მოქმედების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვერ იტანდნენ ერიკს. შვედეთში ჩასული ფილიპა შვედი დიდებულების დელეგაციას შეხვდა და ჩვეულებისამებრ, ვადსტენას სააბატოში დაბინავდა. აქ ჩამოსვლიდან მალევე, დედოფალი დაავადდა. როგორც ჩანს, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე დედოფალს ქრონიკული და უცნობი დაავადება ტანჯავდა, რომელმაც ამჯერადაც იჩინა თავი. იგი ამ დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა 1430 წლის 5 იანვარს, 35 წლის ასაკში, უშვილოდ. მისი ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ვადსტენას სააბატოს გადაეცა. ფილიპას გარდაცვალების შემდეგ, ერიკმა მალევე იქორწინა მის სეფექალ სესილიაზე, რომელსაც იგი ფარულად ეტრფოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Marie-Louse Flemberg in Filippa, Engelsk prinsessa – nordisk unionsdrottning ISBN 978-91-7359-072-3 p 350
- Terje Bratberg. "Filippa Av England, Dronning". Norsk biografisk leksikon. Retrieved May 25, 2016.
- Dansk biografisk Lexikon / III. Bind. Brandt – Clavus
- Filippa, urn:sbl:14127, Svenskt biografiskt lexikon (art av Gottfrid Carlsson), hämtad 2016-09-07.
- Helge Salvesen. "Filippa av England". Store norske leksikon. Retrieved May 25, 2016.
- Godfather's Picture Book (Hans Christian Andersen)
- Armitage-Smith, Sydney (1905). John of Gaunt: King of Castile and Leon, Duke of Aquitaine and Lancaster, Earl of Derby, Lincoln, and Leicester, Seneschal of England. Charles Scribner's Sons. p. 77. Retrieved 17 May 2018.
- Cokayne, G.E.; Gibbs, Vicary; Doubleday, H.A.; White, Geoffrey H.; Warrand and, Duncan; de Walden, Howard, eds. (2000). The Complete Peerage of England, Scotland, Ireland, Great Britain and the United Kingdom, Extant, Extinct or Dormant. II (new ed.). Gloucester, U.K.: Alan Sutton Publishing. p. 70.
- Wikisource Tout, Thomas Frederick (1911). "Edward III" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. 8 (11th ed.). Cambridge University Press.
- Wikisource Chisholm, Hugh, ed. (1911). "Philippa of Hainaut" . Encyclopædia Britannica. 21 (11th ed.). Cambridge University Press.
- Weir, Alison (1999). Britain's Royal Families: The Complete Genealogy. London: The Bodley Head. p. 84. ISBN 9780099539735.
- Lars-Olof Larsson (2006) Kalmarunionens tid Kalmarunionens tid : Från drottning Margareta till Kristian II (Bokförlaget Prisma) ISBN 978-91-518-3165-7
- Anne J. Duggan (2008) Queens and queenship in medieval Europe (Boydell Press) ISBN 978-08-511-5881-5
|
|
|