ფრიტაუნი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრიტაუნი Freetown | |||
| |||
ქვეყანა | სიერა-ლეონე | ||
კოორდინატები | 8°30′00″ ჩ. გ. 13°13′00″ დ. გ. / 8.50000° ჩ. გ. 13.21667° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | Yvonne Aki-Sawyerr[1] | ||
დაარსდა | 1787 | ||
ფართობი | 357 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 26 მ | ||
მოსახლეობა | 820.000 კაცი (2008) | ||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||
ფრიტაუნი (ინგლ. Freetown) — სიერა-ლეონეს დედაქალაქი. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ნავსადგურსა და უმსხვილეს ქალაქს. მდებარეობს სიერა-ლეონეს კლდოვან ნახევარკუნძულზე, ზღვის დონიდან 26 მ სიმაღლეზე. ფრიტაუნი სიერა-ლეონეს მთავარი ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ეკონომიკა უმეტესწილად ეფუძნება საკუთარ ნავსადგურს — უკავია მდინარე სიერა-ლეონეს შესართავისპირა რაიონი და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესსა და ღრმა წყლის ბუნებრივ ნავსადგურს. 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ფრიტაუნის მოსახლეობა შეადგენდა 820.000 ადამიანს.[2]
მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. იგი ქვეყანაში არსებული ყველა ეთნიკური ჯგუფების მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელია. ქალაქის მთავარ მოსახლეობას შეადგენს სიერა-ლეონეს კრიოლის ხალხი, რომლებიც დღეისათვის რაოდენობის მიხედვით უმცირესობაში არიან. ისინი ფრიტაუნში XVIII–XIX საუკუნეებში დასახლდნენ. ისევე როგორც მთლიანად სიერა-ლეონესთვის, კრიო ენა დედაქალაქისთვისაც არის საქალაქო კომუნიკაციის მთავარი საშუალება და ამჟამად წარმოადგენს ქალაქის მთავარ, ძირითად სასაუბრო ენას.
ფრიტაუნში განლაგებულია დასავლეთი აფრიკის უძველესი უნივერსიტეტი — ფურა-ბეის კოლეჯი, რომელიც დაარსდა 1827 წელს. უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიერა-ლეონეს კოლონიური ეპოქის ისტორიაში, აგრეთვე დასავლეთ აფრიკის ხალხის ინგლისურენოვანი განათლების საკითხშიც.
ქალაქში მდებარეობს ქვეყნის პარლამენტი, სიერა-ლეონეს უზენაესი სასამართლო და საშტატო სახლი — ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, აქვეა წარმოდგენილი სამინისტროს შენობა (მთავრობის დეპარტამენტი) და ყველა არსებული უცხოეთის საელჩოები.
ფრიტაუნი სიერა-ლეონეს 6 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია. ქალაქს უშუალოდ მართავს საარჩევნო საბჭო, რომელსაც ქალაქის მერი უდგას სათავეში. ამასთანავე მერი ადგილობრივი მმართველობის პასუხისმგებელიცაა.
ფრიტაუნი დაარსდა 1792 წელს ინგლისელების მიერ. 1808–1961 წლებში იყო ინგლისის კოლონია სიერა-ლეონეს ადმინისტრაციული ცენტრი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1961 წლის აპრილიდან დამოუკიდებელი სიერა-ლეონეს დედაქალაქი.
ტურიზმი სუსტად არის განვითარებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი სახეობებია: მიკროავტობუსი და ტაქსი. არის მეჩეთი და ეკლესიები, ეროვნული მუზეუმი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს.
ფრიტაუნი გაშენებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჰავა ეკვატორული მუსონურია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24°C, აპრილის 27°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 3630 მმ წელიწადში. ქალაქის სიახლოვეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრიტაუნი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Sierra Leone National Tourist Board დაარქივებული 2010-01-14 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yvonne Aki-Sawyerr is the First Female Mayor in Sierra Leone Since 1980 — 2018.
- ↑ World Gazetteer: [1], 7. Februar 2008
|