ყინულოვანი ფარი
ყინულოვანი ფარი, აგრეთვე ცნობილი როგორც კონტინენტური მყინვარი[1] — სქელი და ვრცელი საფარული მყინვარი, რომელსაც ახასიათებს მნიშვნელოვანი სისქე (1000 მ-ზე მეტი) და დიდი ფართობი (50 ათ. კმ²-ზე მეტი).[2] შედარებით მცირე ზომის ვრცელი მყინვარი კლასიფიცირებულია როგორც ყინულქუდი.[3]
ამჟამად, არსებობს მხოლოდ ორი ყინულოვანი ფარი: ანტარქტიდის და გრენლანდიის. გრენლანდიის ყინულოვანი ფარის ყინულის სისქე 3,4 კმ აღწევს, ხოლო ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ყინულის სისქე 4,7 კმ-მდეა.[4] ყინულის ფარისებრი ფორმა და მოძრაობის მიმართულება არ არის დამოკიდებული ფსკერის რელიეფზე. ცენტრალური, ყველაზე უფრო ამაღლებული ნაწილიდან (კვების არე) ყინული პერიფერიისაკენ რადიალურად განედინება და წარმოქმნის შელფურ მყინვარებს ან აისბერგებს.
უკანასკნელ მყინვარულ ეპოქაში ლავრენტის ყინულოვანი ფარი ფარავდა ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილს, პატაგონიის ყინულოვანი ფარი სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილს, ხოლო სკანდინავიის ყინულოვანი ფარი ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს. გამყინვარების რამდენიმე ცენტრის ყინულების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საფარული მყინვარი შეიძლება განხილული იყოს არა როგორც ყინულოვანი ფარი, არამედ როგორც ვალკეული ფორმა — მყინვარული საფარი.[5]
უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმის დროს გრენლანდიის, ლავრენტისა და ევრაზიის ყინულოვანი ფარები და მოტივტივე შელფური მყინვარები გაერთიანდნენ გიგანტურ პანარქტიკულ ძველმყინვარულ საფარში, რომლის მოცულობა 50 მლნ. კმ³ შეადგენდა.[6]
განასხვავებენ მიწისზედა ანუ საკუთრივ კონტინენტური და ზღვის ანუ კონტინენტურ-კუნძულოვანი ტიპის ყინულოვან ფარებს. პირველი ტიპის ყინულოვანი ფარის წინა კიდე ხმელეთზეა გაწოლილი და ზღვიურ ნაწილებს მოკლებულია, ხოლო მეორე ტიპის ყინულოვანი ფარის კიდეები ზღვას აწყდება.[7] ყინულოვანი ფარის დინამიკა აღწერს ყინულოვანი ფარის მოძრაობას.[8]
ყინულოვანი ფარი დიდი მასის წყალობით სიღრმეში ასობით მეტრზე ჭყლეტს ლითოსფეროს ქვედა რაიონებს; ყინულოვანი ფარების სიმძიმის გამო გრენლანდიის ზოგიერთი ნაწილი, ზღვის დონიდან 300 მ-ით, ხოლო ანტარქტიდის ზოგიერთი რაიონი 2500 მ-ით დაბლა მდებარეობს. დათბობისას ყინულოვანი ფარის ნაწილები კარგავენ კავშირს კვების ცენტრებთან.[9]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ American Meteorological Society, Glossary of Meteorology
- ↑ Glossary of Important Terms in Glacial Geology
- ↑ Benn, Douglas; Evans, David (1998). Glaciers and Glaciation. London: Arnold
- ↑ Евгений Подольский. Ледяные миры
- ↑ Ледник покровный — статья из Геологического словаря. М.: Недра, 1978
- ↑ Ледниковый период // Журнал «Вокруг Света» № 4 (2751) | Апрель 2003.
- ↑ Гернет Е. С. Ледяные лишаи. — М: Наука, 1981. — 144 с.
- ↑ Ice Sheet Dynamics – Geophysical Fluid Dynamics Laboratory
- ↑ Ice - British Antarctic Survey