ჩენ კაიგე
ჩენ კაიგე | |
---|---|
ჩენ კაიგე ტოკიოს 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო, 1952 პეკინი, ჩინეთი |
ალმა-მატერი | პეკინის კინოაკადემია |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1980-დღემდე |
ჩენ კაიგე (ჩინ.: 陈凯歌; დ. 12 აგვისტო, 1952) — ჩინელი კინორეჟისორი, რომელიც ჩინური კინოს „მეხუთე თაობის“ წამყვან ფიგურად მიიჩნევა.[1] მისი ფილმები ვიზუალური ენითა და ეპიკური თხრობით გამოირჩევა.[2] 1993 წელს მან კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო მიიღო.[3]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩენ კაიგე პეკინში ფუჯოური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. კულტურული რევოლუციის პერიოდში იგი წითელ გვარდიას შეუერთდა. ჩენის მამა სახელგანთქმული რეჟისორი იყო.[1] როგორც წითელი გვარდიის ბევრმა სხვა ახალგაზრდა წევრმა, კაიგემ საკუთარი მამა უარყო, რაც მალევე ძალიან ინანა. ჩენის ცხოვრების ამ პერიოდმა დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით შემდეგ ფილმებზე: „მშვიდობით, საყვარელო“, რომელშიც კულტურული რევოლუციაა აღწერილი და „ერთად“, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.[4] კულტურული რევოლუციის დამთავრებისთანავე, 1978 წელს, ჩენი პეკინის კინოაკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც 1982 წელს, როგორც „მეხუთე თაობის“ კინორეჟისორმა დაამთავრა.
სარეჟისორო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინოაკადემიის დასრულების შემდეგ ჩენმა კურსელთან და მეგობართან, ჩან იმოუსთან ერთად გუანსის კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა.[1] 1984 წელს მან პირველი ფილმი „ყვითელი დედამიწა“ გადაიღო, რომელიც ჩინური კინოს მეხუთე თაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად მიიჩნევა. ფილმის ძლიერმა ვიზუალურმა ენამ და რევოლუციურმა თხრობის სტილმა დიდი გავლენა მოახდინა ჩინელი მაყურებლის მიერ კინონამუშევრის აღქმის ხასიათზე.[1] რეჟისორის მომდევნო ფილმები იყო „დიდი სამოთხე“ (1986) და „ბავშვების მეფე“ (1987). 1987 წელს ჩენს აზიის კულტურული საბჭოს გრანტი მიენიჭა. ამავე წელს იგი ნიუ-იორკის კინოსკოლაში მოწვეული მეცნიერის სტატუსით ასწავლიდა.[5] 1989 წელს ჩენმა ინგლისური ბენდის Duran Duran-ის სიმღერისთვის „Do You Believe In Shame“ მუსიკალური ვიდეო გადაიღო.[6] მომდევნო წელს რეჟისორი ბერლინის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო.[7]
დასავლურ სამყაროში ჩენის ყველაზე გახმაურებული ფილმია 1993 წლის „მშვიდობით, საყვარელო“, რომელიც ოსკარის ორი ნომინაციის და კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელია.[3] ფილმი, რომელიც ლილიან ლის 1985 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, XX საუკუნის ჩინეთში მომხდარი ცვლილებების ფონზე პეკინის ოპერის ვარსკვლავების შესახებ მოგვითხრობს.
1999 წელს ჩენმა ეპიკური ფილმი „იმპერატორი და მკვლელი“ გადაიღო, რომელიც ლეგენდარული იმპერატორის, ცინ შიხუანდის შესახებ მოგვითხრობს.
რეჟისორმა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინგლისურენოვანი ფილმი 2002 წელს გადაიღო, ესაა თრილერი სახელწოდებით „მომკალი ნაზად“, რომელშიც მთავარ როლებს ჰიტერ გრეჰამი და ჯოზეფ ფიენესი თამაშობენ. ფილმმა კრიტიკოსებისგან ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო. იმავე წელს ჩენმა მომდენო ფილმი „ერთად“ გადაიღო, რომელიც მევიოლინე ბიჭისა და მისი მამის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 2005 წელს რეჟისორმა საბრძოლო ხელოვნების შესახებ ფენტეზის ჟანრის ფილმი სახელწოდებით „დაპირება“ გადაიღო, რომელიც კომერციული მიზნების გამო, კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, მისი წინა ნამუშევრებისგან სტილისტურად რადიკალურად განსხვავდება.[6]
2006 წელს, მოსკოვის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩენმა მიიღო ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის.[8]
ჩენს რამდენიმე ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორისაა ბერნანდო ბერტოლუჩის „უკანასკნელი იმპერატორი“ და თავისივე ფილმები: „იმპერატორი და მკვლელი“ და „ერთად“.
ჩენის 2012 წლის ფილმი „ქსელში გახლართული“ ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის გრძელ სიაში მოხვდა.[9]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩენის პირველი ცოლი სუნ ძიალინი იყო, რომელიც რეჟისორმა პეკინის კინოქარხანაში მუშაობის პერიოდში, 1975-1978 წლებში გაიცნო. წყვილი 1983 წელს დაქორწინდა. ჩენმა მოგვიანებით ცოლად ჰონგ ჰუანგი შეირთო. მისი მამა დიპლომატი ჭანგ ჰანჭი იყო, რომელიც მაო ძედუნთან მთარგმნელად მუშაობდა. თავად ჰონგს ნიუ-იორკში ვასარის კოლეჯი აქვს დამთავრებული და ამჟამად ჩინეთის მედია ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. 1990-იანი წლების დასაწყისში წყვილი განქორწინდა, რის შემდეგაც ჩენი ნი პინგთან ერთად ცხოვრობდა.[10][11] 1996 წელს რეჟისორმა ცოლად მსახიობი ჩენ ჰონგი შეირთო.[12]
ჩენი აშშ-ს მწვანე ბარათის მფლობელია.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chen Kaige კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Chen Kaige — AllMovie
- Chen Kaige: "Freedom Above All Else"
- Chen Kaige -- Star of Chinese Fifth-Generation Cinema Directors
- Chen Kaige — ჰონგ-კონგის კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Berry, Michael (2002). "Chen Kaige: Historical Revolution and Cinematic Rebellion" in Speaking in Images: Interviews with Contemporary Chinese Filmmakers. Columbia University Press, p. 83. ISBN 0-231-13331-6. Google Book Search. Retrieved 2008-09-10
- ↑ (7 January 1994) FILM / Critical Round-up independent.co.uk
- ↑ 3.0 3.1 CHEN Kaige. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-11-07.
- ↑ Klady, Leonard. (2003-05-31) Interview - Chen Kaige. Movie City News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-01. ციტირების თარიღი: 2007-04-23.
- ↑ The filmmakers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30.
- ↑ 6.0 6.1 Doughton, K. L.. (2007-02-03) The Color of Forbidden Fruit: Chen Kaige lights up the screen with The Promise. MovieMaker Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2008-08-25.
- ↑ Berlinale: 1989 Juries. berlinale.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-15. ციტირების თარიღი: 2011-03-09.
- ↑ 28th Moscow International Film Festival (2006). MIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-21.
- ↑ „Caught in the Web Competes for Academy Awards“. Chinese Films. 29 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2012. ციტირების თარიღი: 29 September 2012.
- ↑ „Director Banks on New Film for Box-office Success“. China Daily. December 16, 2005.
- ↑ Mak Mun San (May 21, 2007). „8 questions with... Hung Huang“. AsiaOne. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2011. ციტირების თარიღი: May 24, 2009.
- ↑ Chen Hong, behind Chen Kaige´s illustrious cinematic career. CCTV International (December 8, 2008).
- ↑ 陈凯歌曾陷国籍门:绿卡VS入籍应区分 Chinese. ციტირების თარიღი: 20 March 2017.