შინაარსზე გადასვლა

ძეძვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძეძვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ლათინური სახელი
Paliurus

ძეძვი (ლათ. Paliurus) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქებია. 6 სახეობა ძირითადად აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.

საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — ჩვეულებრივი ძეძვი (ლათ. Paliurus spina-christi), რომელიც 3 მ-მდე სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. იშვიათად 8 მ-მდე იზრდება. აქვს მომწვანო-მოყვითალო იღლიურ მტევნებად შეკრებილი ყვავილები, ტყავისებრი, არშიაშემოვლებული, მუქი ყვითელი ან მურა-მეწამული ნაყოფი.

იზრდება მშრალ, თიხნარ, ღორღიან და ქვიან ადგილებზე მთისწინეთში. ვრცელდება ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. გვხვდება შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარში. ხშირად გაუვალ რაყას ქმნის.

დეკორატიული ბუჩქია. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მის მკვრივ მერქანს კი — სახარატო საქმეში. ნაყოფი და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ხალხურ მედიცინაში შარდმდენ საშუალებად ხმარობენ.